RONDELI BLOG
იუნკრები
ავტორი: მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი
იუნკერი გერმანული სიტყვაა და თავისი თავდაპირველი შინაარსით ახალგაზრდა ბატონს ნიშნავს, თუმცა შემდგომში მან ეს მნიშვნელობა დაკარგა და იუნკერი ეწოდებოდა სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა მსმენელს, რომელიც ოფიცერი უნდა გამხდარიყო.
საქართველოში სიტყვა იუნკერის გაგონებისას მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგებიან 18-20 წლის ახალგაზრდები, ქართული სამხედრო სკოლის მსმენელები, რომლებმაც საოცარი თავდადებისა და გმირობის მაგალითები აჩვენეს 1921 წლის თებერვალში თბილისის დასაცავად მიმდინარე ბრძოლებში.
დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცერთა კადრების აღზრდას. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეარსებინა ქართული სამხედრო სკოლა. სამხედრო სკოლამ პირველი მსმენელები 1919 წლის სექტემბრის დასაწყისში მიიღო. სკოლა განთავსდა იმჟამინდელ პლეხანოვის ქუჩაზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი). მას გადაეცა ის შენობები და ტერიტორია, სადაც მანამდე, რუსეთის იმპერიის არსებობის დროს, ტფილისის სამხედრო სასწავლებელი იყო (დღეს ამ ადგილას საქართველოს თავდაცვის აკადემიაა). სკოლა აღიჭურვა შესაბამისი მატერიალური ბაზითაც. თუმცა იყო გარკვეული სირთულეებიც, არ იყო სათანადო დონისა და რაოდენობის სახელმძღვანელოები.
სკოლის უფროსად დაინიშნა გენერალი გიორგი კვინიტაძე. მისი თანაშემწე იყო პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე . იუნკერთა გუნდის ხელმძღვანელობა ჩაიბარა ნესტორ გარდაფხაძემ , ხოლო საარტილერიო და საკავალერიო განყოფილების მეთაურები გახდნენ კაპიტანი ქარუმიძე და კაპიტანი სულხანიშვილი. ლექციებს კითხულობდნენ ძალიან ცნობილი პიროვნებები: გენერალი კვინიტაძე , გენერალი ანდრონიკაშვილი , ცნობილი მეცნიერი გენერალი ანდრეა ბენაშვილი , მწერალი ვასილ ბარნოვი და სხვ.
სკოლაში მოხვედრა ძალიან ძნელი იყო, რადგან მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა სკოლის შესაძლებლობას. საუკეთესო ახალგაზრდები ცდილობდნენ სკოლის მსმენელები გამხდარიყვნენ და მხოლოდ საგანგებო შერჩევის შემდეგ ახერხებდნენ ამას. კრიტერიუმი იყო ერთი _ რამდენად შეეძლო ახალგაზრდას წარმატებული ოფიცერი გამხდარიყო.
იუნკრების ფორმა იყო „ქართული ხალათი და თუშური ქუდი ეროვნული ფერების (იგულისხმება სახელმწიფო დროშის ფერები) ყაითნებმოვლებული, წითელკიდურიანი სამხრეულები ინიციალებით `სკ~ _ სკოლა და ზამთარში _ ბოხოხი“.
ალექსანდრე ჩხეიძე ასე იხსენებდა იუნკერთა პირველ გამოჩენას თბილისის ქუჩებში: „ქალაქის მცხოვრებნი მართალია დაშორებულნი არიან სამხედრო საქმეს, მაგრამ ჯარისკაცის ჯარისკაცისაგან გარჩევის უნარი იმათაც შესწევთ. 1914 წლის შემდეგ აღარ ენახათ ნამდვილი სანიმუშო ჯარისკაცი და როდესაც ერთ მშვენიერ ღვინობისთვის დღეს ჩვენი ხელიდან ქალაქში 90 იუნკერი გამოვიდა, შთაბეჭდილება იყო სრული! ქალაქში ყველამ შეამჩნია რაღაც სამხედრო ნაწილი, რომელიც მეტად ირჩევა სხვა სამხედრო ნაწილებისაგან. ოფიცრებმა შეამჩნიეს ვიღაც მხედრები, რომლებიც სალამს ასე ბეჯითად, სწრაფად და სანიმუშოდ იძლევიან. ყოველი მათგანი, ამ მოვლენით გაკვირვებული, იძულებული იყო შეჩერებულიყო, თვალი გაედევნებინა და გულში გაეფიქრა, კი მაგრამ, ვინ არიან ესენი? ჩვენ იუნკრებს მიაქციეს ყურადღება, აგრეთვე საფრანგეთისა და ინგლისის სამხედრო წარმომადგენლებმა. ყველა დაინტერესებული იყო, ყველა კითხულობდა: ვინ არიან? ვინ არიან? და იღებდნენ პასუხს: ესენი ქართული სამხედრო სკოლის იუნკრები გახლავან! ქართული ჯარის სილამაზე და სიამაყე! ლაშქრის მომავალი ფუძე და ქვაკუთხედი. მართლაც და შეხედულება წარმოსადეგი ჰქონდათ: ინტელიგენტური სახე, ტანი სარო, გვერდზე გადაწეული თუშური ქუდი ეროვნული ფერების ყაითნებით მოვლებული. ყველაფერი ეს ჰარმონიულად შეხმატკბილებული მოალერსე თვალებს იპყრობდა“.
1920 წლის აპრილის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა აზერბაიჯანში და აზერბაიჯანის დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. გაჩნდა საფრთხე, რომ აზერბაიჯანის შემდეგ საბჭოთა რუსეთის ჯარები საქართველოშიც შემოიჭრებოდნენ. მთავრობამ თავდაცვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება დაიწყო. მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი კვინიტაძე. მისი ადგილი სკოლაში პოლკოვნიკმა ჩხეიძემ დაიკავა.
2 მაისს, გამთენიისას, სამხედრო სკოლაზე თავდასხმა მოხდა. ბოლშევიკთა ათკაციანი კარგად შეიარაღებული და მომზადებული ჯგუფი სკოლის ეზოში შეიპარა, გუშაგები განაიარაღა და მძინარე იუნკერთა ნაწილი დაატყვევა. რამდენიმე გუშაგმა შეძლო დასხლტომოდა თავდამსხმელებს, ერთ-ერთი პოლკოვნიკ ჩხეიძის ოთახისკენ გაიქცა (ოფიცრებიც სკოლის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ) და ყოველივე შეატყობინა. კარაბინით შეიარაღებული პოლკოვნიკი ჩხეიძე გუშაგთან ერთად ყაზარმებისკენ გაემართა. ამავე დროს ქალაქიდან თავის ბინაში, რომელიც ასევე სკოლის ტერიტორიაზე იყო, ბრუნდებოდა გენერალი კვინიტაძე. სამორიგეო ოთახიდან ხმაური შემოესმა და იქითკენ გაემართა. თუმცა ოთახამდე ვერ მიაღწია, რადგან თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა კვინიტაძის მიმართულებით ისროლა. გენერალმა სროლითვე უპასუხა. ხმაურსა და სროლაზე სკოლის იმ მსმენელებსაც გამოეღვიძათ, რომელთა ყაზარმები მოშორებით იდგა და სადაც ბოლშევიკები არ იყვნენ. გაიმართა გაცხარებული სროლა, რომლის დროსაც რამდენიმე იუნკერი დაიჭრა. ერთი მათგანი, მაყაშვილი, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდამსხმელ ბოლშევიკთაგან ნაწილი დახოცეს, ნაწილიც დაატყვევეს. ერთი-ორმა მიმალვა მოახერხა. დილით სკოლაში მოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე , სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი და სკოლის მთელ შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს.
სამხედრო სკოლაზე თავდასხმა ბოლშევიკთა მიერ ჩაფიქრებული დიდი გეგმის ნაწილი იყო. ეს გეგმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დამხობასა და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ითვალისწინებდა. სამხედრო სკოლის ოფიცრებმა და მსმენელებმა ამ გეგმის ერთი ნაწილი ჩაშალეს, თუმცა გეგმის მეორე და მთავარი ნაწილი განხორციელდა _ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში საბჭოთა წითელი არმიის ნაწილები შემოიჭრნენ. ქართული შეიარაღებული ძალები ბრძოლაში ჩაებნენ. მათ შეძლეს მოწინააღმდეგის მოგერიება და საზღვარს იქით განდევნა.
მთავარსარდალი, გენერალი კვინიტაძე კონტრშეტევის განხორციელებას, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლასა და მოწინააღმდეგის განადგურებას გეგმავდა. 16 მაისს სკოლამ ბრძანება მიიღო ფრონტის ხაზზე წასულიყო. 17 მაისს სკოლა უკვე სადახლოში იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე ჩვენს მარჯვენა ფრთაზე შექმნილი დიდი სამხედრო შენაერთის უფროსად დაინიშნა. მის დაქვემდებარებაში, გარდა სამხედრო სკოლისა, იყო რეგულარული არმიის რამდენიმე ქვედანაყოფი, სამი საარტილერიო ბატარეა და ორი საკავალერიო ესკადრონი. ყველაფერი მზად იყო შეტევისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ საბჭოთა აზერბაიჯანთან ზავის დადება ამჯობინა და ომი შეწყდა.
სკოლა კვლავ თბილისში დაბრუნდა. მაგრამ მცირე დროის შემდეგ სამშობლოს ისევ დასჭირდა იუნკერთა დახმარება. ლაგოდეხში დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფი ბოლშევიკი აგიტატორების გავლენის ქვეშ მოექცა და ამბოხება განიზრახა. მთავარსარდალმა მეამბოხეთა განიარაღება სამხედრო სკოლას დაავალა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კარგად მომზადებულ და ერთგულ სამხედრო შენაერთს. სკოლა ლაგოდეხში გაემგზავრა. მას უნდა დახმარებოდა სასაზღვრო დაცვის ერთი რაზმი და რეგულარული არმიის ერთი შენაერთი. საბედნიეროდ, საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე არ მისულა. ალყაშემორტყმულმა მეამბოხეებმა იარაღი დაყარეს. სამხედრო სკოლა კვლავ თბილისში დაბრუნდა და ცხოვრების ჩვეულ განაწესს დაუბრუნდა.
1920 წლის სექტემბერში სამხედრო სკოლამ მსმენელთა ახალი შევსება მიიღო. ამასობაში სულ უფრო იძაბებოდა ვითარება სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა სომხეთში. ცხადი იყო, რომ მალე საქართველოს ჯერიც დადგებოდა.
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს სომხეთის მხრიდან საქართველოს თავს დაესხა წითელი არმიისა და საბჭოთა სომხეთის ნაწილები. 16 თებერვალს წითელი არმიის ძირითადმა ქვედანაყოფებმა უკვე აზერბაიჯანის მხრიდანაც შემოუტიეს საქართველოს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და თბილისისკენ დაიწყეს უკან დახევა. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მთავარსარდლად კვლავ გენერალი კვინიტაძე დაინიშნა.
სკოლის უფროსი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გახდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი თბილისის დაცვის მარჯვენა ფრთის (კოჯორი-ტაბახმელა) ხელმძღვანელად დაინიშნა, სკოლის უფროსობა პოლკოვნიკ ჩხეიძეს დაევალა.
სამხედრო სკოლამ 1921 წლის 17 თებერვალს დილის 5 საათზე მიიღო ბრძანება ტაბახმელაში პოზიციების დაკავების შესახებ. 12 საათზე სკოლა დაიძრა და 17 საათზე ტაბახმელაში იყო. იმავე 17 თებერვალს, როგორც ამას ალექსანდრე ჩხეიძე წერს, ის დაინიშნა სკოლის უფროსად, რადგან გენერალი ანდრონიკაშვილი მარჯვენა ფრთის ფრონტის სარდალი გახდა. ეს ფრონტი თელეთის ქედზე მდებარე ტრიგონომეტრიულ პუნქტ № 430,2-დან იწყებოდა და კოჯორში თავდებოდა. სკოლის შემადგენლობა და შეიარაღება შემდეგი იყო: 136 იუნკერი, 15 არტილერისტი, საინჟინრო დარგის 10 სპეციალისტი, 5 ცხენოსანი, 350 ნაცვალი (ჯარისკაცი, რომელიც უნტეროფიცერი უნდა გახდეს), ორ-ორი სამთო და საველე ზარბაზანი, ტყვიამფრქვევები.
„სკოლას არ ჰქონდა სალაშქრო ნივთები. არც თბილი ტანსაცმელი, არც თბილი წინდები. იუნკრები იყვნენ თხელ ფარაჯებში და ჯარისკაცები _ ნაბდის ფარაჯებში“. ღამით ყინვა 8-9 გრადუსს აღწევდა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ მებრძოლები. ერთ-ერთი მათგანი, იუნკერი ნიკოლოზ მათიკაშვილი, იგონებდა: „ბრძოლის პირობები კი იუნკრებს ადვილი არა ჰქონდათ, ჯერ ერთი, ეს 20-23 წლის გამოუშუშავი ახალგაზრდები დაკაცებული და ომისათვის მომზადებული არ იყვნენ. არც ტანსაცმელი გააჩნდათ ამინდის შესაფერისი, საზაფხულო სამოსელზე თხელი, სითბოს მოკლებული ხელოვნური იტალიური ქსოვილისაგან შეკერილი პალტოები გვეცვა. ჩვენს ტანსაცმელში ერთი ღერი მატყლიც არ ერია. დღისით სანგრებში ყოფნისას ტანსაცმელი წყლით იჟღინთებოდა, ღამით ფიცრებად იყინებოდა და იარაღის მოხმარებასა და მოძრაობას გვიძნელებდა, ოღონდ გულში იმდენი ძალა შეგვწევდა, რომ ამ სიძნელეებისათვის ანგარიში არ გაგვეწია და მტრის ყოველ მოძრაობას დროზე და შესაფერად შევხვედროდით“.
პირველი შეტაკება მტერთან სამხედრო სკოლას 19 თებერვალს მოუწია. საბჭოთა მე-11 არმიის სარდლობას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ დღეს თბილისი აეღო. დილის 8 საათზე მტერი სოფლების _ ვაშლოვანისა და კუმისის წინ გამოჩნდა და ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებით დაიძრა. ტაბახმელას, სამხედრო სკოლასთან ერთად, მე-10 ათასეულის მეომრებიც იცავდნენ. ეს სამხედრო ნაწილი სკოლის დასახმარებლად პოზიციებზე 18 თებერვალს საღამოს მივიდა. ტაბახმელას პოზიციებიდან მაიორმა ბახუტაშვილმა მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა და დაფანტა. ცოტა ხანში მოწინააღმდეგის ცხენოსანი რაზმი გამოჩნდა. ქართველმა არტილერისტებმა ამჯერად მათი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. მოწინააღმდეგეს ძალიან დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა და ნელ-ნელა წინ მიიწევდა. 12 საათისათვის მათ უკვე უშუალოდ ტაბახმელის პოზიციებს შეუტიეს. N1 სანგრიდან ლეიტენანტ ერისთავის მეთაურობით გახსნილმა ტყვიამფრქვევების ცეცხლმა მოწინააღმდეგე შეაყოვნა. პარალელურად მიმდინარეობდა მტრის შეტევა კოჯრის მიმართულებითაც. აქ მყოფმა მე-4 ათასეულის ნაწილებმა მოწინააღმდეგის შემოტევას ვერ გაუძლეს და მამადავითის მიმართულებით უკან დაიხიეს. კოჯრის დაკავების შემდეგ ბოლშევიკები წავკისისა და ტაბახმელის მიმართულებით დაეშვნენ. ამ დროს დაახლოებით 13:30 საათი იყო. ტაბახმელის პოზიციებზე მყოფი ქართული ნაწილების ალყაში მოქცევის საშიშროება გაჩნდა და გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს ტაბახმელის დატოვება და ბრძოლით მამადავითისაკენ დახევა უბრძანა.
თავისი განცდების შესახებ ალექსანდრე ჩხეიძე წერდა: „ნაპოლეონობა არ იყო საჭირო იმის გამოსარკვევად, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე ბრძანებას ავასრულებდი, იმ საღამოსვე ტფილისი ბოლშევიკების მიერ იქნებოდა დაკავებული... მოზღვავდა მწველი განცდები... წარმოვიდგინე, რომ სამხედრო ისტორიკოსი ტფილისთან ბრძოლის აღწერის დროს დაწერს: კრიტიკულ წუთებში სამხედრო სკოლის რაზმმა დააგდო თავისი პოზიციები და დაიხია მამა-დავითის მთაზე. რის შედეგად ბოლშევიკებმა დაიკავეს ტაბახმელა და აქედან შევარდნენ ტფილისში. არა, ეს არ იქნება ისტორიაში ასე დაწერილი... მომაგონდა სამხედრო ისტორიიდან შემთხვევები, როდესაც ჯარის ნაწილები სწირავდნენ თავს არმიის დასახსნელად“.
პოლკოვნიკი ჩხეიძე ხვდებოდა, რომ მის ხელთ არსებული ძალებით კოჯრის გათავისუფლებას ვერ შეძლებდა. მაგრამ ისიც იცოდა, რომ საჭირო იყო მტრის შეჩერება, სანამ მთავარსარდალი დამატებით ძალებს გამოგზავნიდა. გენერალი კვინიტაძე რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამაში პოლკოვნიკი დარწმუნებული იყო.
პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მაიორ ბახუტაშვილს არტილერიის მობრუნება და მტრისათვის ცეცხლის გახსნა უბრძანა. სარდლობა დროებით ნესტორ გარდაფხაძეს გადააბარა და თავად გენერალ ანდრონიკაშვილთან შტაბში ჩავიდა. გადაწყდა არსებული ძალებით კონტრშეტევის განხორციელება და მტრის შეჩერება. იუნკრები, კაპიტან თოიძისა და მე-10 ათასეულის მებრძოლთა ნაწილი კაპიტან ქარუმიძის მეთაურობით შეტევაზე გადავიდნენ.
„იერიში დაიძრა! ნახევარი გუნდი წავიდა მარჯვინვ, იუნკრები _ მარცხნივ. ნახევარი გუნდის იერიში რამდენადმე დაფარული იყო ბორცვებით, იუნკრები კი უტევდნენ სუფთა თოვლით დაფენილ ღია ადგილზე. დიდებული და ლამაზი სურათი იყო! არც ერთხელ არ დაწოლილან ისე გაიარეს ცეცხლის ქვეშ 1 და 1/2 ვერსი. ეს მორალური დარტყმა ბოლშევიკებისთვის ცეცხლზე ძლიერი იყო! მიუახლოვდნენ 100-120 ნაბიჯზე და გახსნეს ცეცხლი, მაგრამ უბედურება არ გვტოვებდა ჩვენ! მე-10 ათასეულის ნახევარ გუნდში მოკლულ იქნა კაპ. ქარუმიძე; იუნკრების მწყობრში მოჰკლეს კაპ. თოიძე. ნახევარმა გუნდმა დაიწია უკან, მაგრამ შემდეგ გასწორდა და შეჩერდა. ბოლშევიკები გადმოვიდნენ ხიშტით იერიშზე ერთ-მუჭა იუნკრების წინააღმდეგ (სულ იყო 23 იუნკერი). იუნკრებმა დაიწიეს უკან, მოიმარჯვეს ადგილი და შეეგებნენ ცეცხლით! ჩვენმა ზარბაზნებმა გაახშირეს სროლა. ბოლშევიკები გაიქცნენ უკან თავიანთ თოვლის სანგრებში. ჩვენი არტილერიის მარჯვე ცეცხლმა (პირდაპირი დამიზვნით) და გმირულ კონტრ-იერიშის მორალურმა დარტყმამ მტერი ადგილზე მიაჭედა! ჩვენ უკვე გადარჩენილი ვიყავით!“
20 თებერვალს, დილით ადრე, კოჯრის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ქართველთა შეტევის შეჩერების მიზნით მოწინააღმდეგემ ტაბახმელის პოზიციებს შეუტია. გენერალმა ანდრონიკაშვილმა პოლკოვნიკ ჩხეიძეს სკოლის სასწრაფოდ პოზიციებზე დაბრუნება უბრძანა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. N2 და N3 სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის იერიშს ვერ გაუძლეს და უკან დახევა დაიწყეს. სწორედ ამ დროს კაპიტანი შავდია იუნკრებს შეტევაზე წაუძღვა. სანგრები დაიბრუნეს. მოწინააღმდეგემ კიდევ ორჯერ მიიტანა იერიში ტაბახმელაზე, მაგრამ ქართველი მეომრები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ პოზიციებს. იმ დილით სკოლამ მოწინააღმდეგის სამი იერიში მოიგერია.
20 თებერვალს მოწინააღმდეგე მთელი ღამე უშედეგოდ უტევდა კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებას და მხოლოდ 21 თებერვალს დილით დაიწყო უკან დახევა. მალე აღარსად ჩანდა მათი ქვეითი ჯარი.
21 თებერვალს ტაბახმელის პოზიციების გასამაგრებლად ამ უბანზე გაიგზავნა მაიორ დიმიტრი ჩრდილელის მთელი საარტილერიო ბატარეა და მაიორ მახარაძის საარტილერიო ბატარეის ნაწილი, ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის მეთაურობით.
22 თებერვალს შედარებითი სიმშვიდე იყო ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებაზე, თუმცა ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ ლეიტენანტები ერისთავი და ანდრონიკაშვილი. პოლკოვნიკმა ჩხეიძემ ტაბახმელაში სანგრებში ერთმანეთში არეულად მდგომი სამხედრო სკოლის, 1-ლი, მე-5, მე-10 ათასეულებისა და გვარდიის ერთი ბატალიონის მებრძოლების შეძლებისდაგვარად მოწესრიგება მოახერხა. საღამოს პოზიციებზე კაპიტანი ყიფიანი ამოვიდა და თან რეზერვიდან მობილიზებული 50-60 ჯარისკაცი მოიყვანა.
23 თებერვალს მოწინააღმდეგემ რამდენიმე იერიში მიიტანა ტაბახმელის პოზიციებზე, მაგრამ ყველა მათგანი მოიგერიეს.
24 თებერვალს მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა. მტერმა ქართველი იუნკრების წინააღმდეგ ბრძოლაში ბაქოს საბჭოთა სამხედრო სკოლის კურსანტები ჩააბა.
იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაციღა იყო დარჩენილი. დიდი იყო დანაკლისი ნაცვალთა შორისაც. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მოწინააღმდეგეს დიდი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, რამაც შედეგი გამოიღო და ნაშუადღევს მტერმა №4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ ისინი პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და თავისთან მყოფ იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა.
აი, როგორ იგონებდა 24 თებერვლის ამბებს იუნკერი, შემდგომში კი საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე : „მტერმა დილიდანვე გახსნა არტილერიის გახშირებული ცეცხლი. მათი ჭურვები მეორე და მესამე სანგრების აღმოსავლეთით სკდებოდა. ამ სანგრებს სკოლის ახლად გაწვეული ჯარისკაცების ორი გუნდი იცავდა, მაგრამ წინა დღეების ბრძოლების დამსწრე და უკვე ნაცადი ჯარისკაცები შეუდრეკლად იდგნენ თავიანთ ადგილზე. გათენებიდან დაღამებამდე სროლა და არტილერიის გრიალი არ შეწყვეტილა, იერიშები და კონტრიერიშები რამდენჯერმე განმეორდა. რუსის ჯარის ნაწილები დაჟინებით ცდილობდნენ ტაბახმელას ხელში ჩაგდებას და ტფილისისაკენ გზის გაკაფვას. ხან ერთ სანგარს, ხან მეორეს გაშმაგებით შემოუტიეს, მაგრამ მოგერიებული იქნენ. საღამო ხანს მტერმა ახალი ძალებით მძლავრი იერიში მიიტანა მეოთხე სანგარზე, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში პირველი ათასეულის ნაწილები იცავდნენ. აქ მტერმა შეძლო ხიშტებით სანგრის აღება, შიგ ჩაიმალა, განაგრძო აღმოსავლეთისაკენ წინსვლა და თავი ამოყო სანგრიდან იმ გორაკის წინ, სადაც გოგი მესხიშვილის ორი სამთო ზარბაზანი იდგა. მტერი გაეშურა ხიშტებით მათ ასაღებად. გოგი მესხიშვილმა სწრაფად შემოიკრიბა მის გარშემო ზარბაზნების მსახური ჯარისკაცები, იძრო ხმალი და მედგრად შეუტია შემოსეულ მტერს, ჩეხავდა მარჯვნივ და მარცხვნივ. ჩვენი პოზიციიდან უმწეოდ შევყურებდით ამ გულშემზარავ სურათს, მიშველება შეუძლებელი იყო ჩვენი ზარბაზნებით ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში. უცებ ვაშას ყიჟინამ მოაღწია ჩვენამდე, ეს იყვნენ უკანასკნელ მაშველად ტაბახმელას ბაღებში შეფარებული იუნკერთა მწყობრები, რომლებიც ეკვეთნენ რუსებს სწორედ იმ წამში“.
ამ ბრძოლის მეორე თვითმხილველი, პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე წერდა: „როდესაც კურსანტები შეეტაკნენ ბატარეაზე ლეიტენანტ მესხიშვილს, მის ზურგთან უკვე გრიალებდა ძლიერი „ვაშა“ იუნკრებისა, რომელნიც მიჰყავდათ მამაც ოფიცრებს, შავდიას, ხოშტარიას და ჩოჩუას. ყველაფერი აირია ... სროლა, ხიშტები, კონდახები, რევოლვერები, ხმლები ... აკეთებდნენ თავის საქმეს. კურსანტები მედგრად შემოხვდნენ იუნკრების დაკვრას, მაგრამ მათი ხუთწვერა ვარსკვლავის ბრწყინვალება დაჩრდილა თეთრი გიორგის ელვარებამ და ჩააქრო. ისინი გაიქცნენ უკან მე-4 სანგრის მიმართულებით. ამ დროს გორაკზე სანგრებთან გამოჩნდა კურსანტების ტყვიამფრქვევი. უკან გაქცეული მტერი ტყვიამფრქვევით შუა გაყოფილი გაიფანტა მარჯვნივ და მარცხნივ და გზა მისცა თავისი იარაღის ძლიერ ცეცხლს. მტრის ტყვიამფრქვევმა დაუშინა იუნკრებს ღია მინდორზე 100-120 ნაბიჯის მანძილიდან. ასეთ სასწრაფო და საბედისწერო წუთებში არჩევანი აღარ იყო! რჩებოდა მხოლოდ ერთი - უნდა აეღოთ ის! მესამე მწყობრი, კაპიტან ჩოჩუას მეთურობით ტყვიამფრქვევისაკენ გაექანა. ჯერ არ მიახლოვებოდნენ, რომ კაპიტანი ჩოჩუა დაეცა დაჭრილი, მაგრამ იუნკრები ასკდებოდნენ წინ. ამბობენ, რომ პირველი წინ მირბოდა ფეხბურთში განთქმული, მუხლსწრაფი შალვა ერისთავი. მივარდნენ და აიღეს ტყვიამფრქვევი. მემიზნე ოფიცერი მოკლულ იქნა ერისთავის ხიშტით, რომელც აგრეთვე თვითონ დაეცა ზედ მტრის ტყვიით განგმირული. სანგრები ისევ ჩვენებმა დაიკავეს. რუსებისა და ქართველი მომავალი ოფიცრების სამკვდრო-სასიცოცხლო შეხვედრა პირველთათვის საუბედუროდ დამთავრდა“.
იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე შეწყვიტეს იერიშები და უკან დაიხიეს.
„ბოლშევიკებმა ყველაფერი გადმოისროლეს ბრძოლაში: გამწარებულად და უშიშრად მოიწევდენ წინ და კვდებოდენ, მაგრამ ყველა მათი მქუხარედ მოვარდნილი ტალღა იმსხვრეოდა ტაბახმელის გმირთა მკერდზე ისე, როგორც ზღვის ტალღები პიტალო კლდეზე. დღე იქცა ისტორიულად, გადამწყვეტ ჭიდილში ჩვენ გავიმარჯვეთ. გამარჯვება იყო სრული“, _ წერდა ალექსანდრე ჩხეიძე ამ დღეზე.
24 თებერვალს, 20 საათზე, მთავარსარდალმა გენერალმა კვინიტაძემ თბილისის დატოვებისა და უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო. მთავარსარდლის ბრძანების მიღების შემდეგ პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ შეკრიბა სკოლა და გამოიყვანა გზატკეცილზე. გენერალმა ანდრონიკაშვილმა გაატარა თავის წინ რაზმის ყველა ნაწილი და თვითონ წამოვიდა ჯარების უკანასკნელ ჯგუფთან ერთად. 25 თებერვლის დილის 9-10 საათისთვის სამხედრო სკოლამ, გენეარალ ანდრონიკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა შენაერთებთან ერთად, მცხეთას მიაღწია.
19-24 თებერვლის ბრძოლების დროს დაიღუპა 9 იუნკერი : ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. დაიღუპა სამხედრო სკოლის ორი ოფიცერიც: მაიორი არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაიჭრა სამხედრო სკოლის 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე არსებული სამხედრო ტაძრის ეზოში დაკძალეს (დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა დგას).
მთავარსარდლის გადაწყვეტილებით თბილისიდან უკანდახეულ ჯარს მცხეთაში ახალი თავდაცვითი ზღუდე უნდა შეექმნა, მტერი მოეგერიებინა და კონტრშეტევაზე გადასულიყო, მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა.
„პოლკებმა და, განსაკუთრებით, გვარდიამ სრულიად დაჰკარგეს ორგანიზაციული სახე. მცხეთის სადგურზე ხდებოდა რაღაც წარმოუდგენელი რამ! რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და გვარდიელი, უფორმო მასად ქცეული, ვეებერთელა იარმუკას წააგავდა. მთავარსარდლის ცდანი, რომ ჯარი დაწყობილიყო პოზიციებზე, ტფილისის მიმართულებით, განსახორციელებლად შეუძლებელი შეიქმნენ. ორგანიზაციულად მოწყობილი ნაწილები უკვე აღარ არსებობდნენ. მხოლოდ სკოლა და ცხენოსანი პოლკის ორი ათასეული იყო წესრიგში. სხვა ყველაფერი სამხედრო ბრბოს წარმოადგენდა“, _ წერდა ალექსანდრე ჩხეიძე.
თბილისიდან უკანდახევის შემდეგ იუნკრები ფაქტობრივად მთავარსარდლის მატარებელს და თავად გენერალ კვინიტაძეს დარაჯობდნენ. ბათუმში სამხედრო სკოლა კინოს შენობაში განთავსდა. როდესაც 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, დამფუძნებელი კრების წევრთა ნაწილი და ქართველ სამხედროთა ერთი ჯგუფი ემიგრაციაში წავიდა, მათ იუნკრებიც თან გაყვნენ.
ემიგრაციაში 70-მდე იუნკერი წავიდა. მათი უმეტესობა პოლონეთის, ნაწილი კი საბერძნეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლების მსმენელი გახდა. სამხედრო სასწავლებლების დასრულების შემდეგ ქართველმა იუნკრებმა სამხედრო სამსახური ამ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში განაგრძეს. პოლონეთის ჯარში მყოფმა ქართველმა ოფიცრებმა პირნათლად მოიხადეს თავისი მხედრული ვალი ახალი სამშობლოს წინაშე და თავდადებულად იბრძოლეს 1939 წელს პოლონეთისათვის. მათი ნაწილი ამ ბრძოლისას გმირულად დაიღუპა.
ქართველი იუნკრები პოლონეთში
ათწლეულების მანძილზე, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების არსებობის პერიოდში, ყველაფერი კეთდებოდა, რათა იუნკერთა ხსოვნა დავიწყებას მისცემოდა. თუმცა ისტორიამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. საბჭოთა ხელისუფლება დაემხო, ხოლო იუნკერთა სახელი იმ მამულიშვილთა კოჰორტას შეუერთდა, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება შთამომავლებს.
*თავდაპირველად სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში "ჩემი სამყარო" : https://www.gfsis.org/files/my-world/16/iunkerebi_opt.pdf