რონდელის ბლოგი

რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?

2019 / 12 / 30

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ბოლო წლებში საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის შექმნის იდეა. ამან, მათი შეფასებით, ხელი უნდა შეუწყოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთულესი პრობლემების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას. პირველად ამ თემაზე 2017 წლის დეკემბერში საჯაროდ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილაპარაკა. კერძოდ, მან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში პირადად ჩართვის მზადყოფნა გამოხატა, რაც პრინციპში სრულიად ახალი ფორმატის ჩამოყალიბების ტოლფასი იქნებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი იმავე თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა კომენტარი, რომელშიც მან საქართველოსთვის ნორმანდიის ფორმატის მსგავსი ფორმატის შექმნა მიზანშეწონილად მიიჩნია.

რუსეთთან  დიალოგის ახალი ფორმატის ჩამოყალიბების იდეას ცალსახად უარყოფითად ვერ შევაფასებთ. თეორიულად, მან შეიძლება მოიტანოს დადებითი შედეგები საქართველოსთვის.

ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ, სამწუხაროდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებულ ე.წ. კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთმა ადეკვატურად არ უპასუხა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სამწუხაროდ, სწორედ ბოლო წლებში მოხდა გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ტრაგიკული შემთხვევები. თანაც, ამ ადამიანების მკვლელები დღემდე „დემონსტრატიულად“ არ არიან დასჯილები.

გარდა ამისა, რეგულარულად ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, საოკუპაციო ხაზის გადმოწევა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. გაძლიერებულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა და უკიდურესად იზღუდება მათი უფლებები.

ა.წ. სექტემბრის ბოლოს, 2008 წლის შემდეგ პირველად, გაეროს შტაბბინაში გამართულ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას რუსეთის მხრიდან იმედის მომცემი რეაქცია არ მოჰყოლია. მოსკოვმა თითქმის ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არც ერთ ფორმატში არ აპირებს ოკუპაციის თემის განხილვას, მაგრამ ქართული მხარისგან დიალოგის გაგრძელების მოლოდინი მაინც აქვს.           

ახლა ყურადღება საქართველოს საკმაოდ მძიმე რეალობიდან სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე გადავიტანოთ. მათ შორის, პირველ რიგში, ვისაუბროთ უკრაინაზე, რომელიც უკვე წლების განმავლობაში, სწორედ ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში, უშედეგოდ ცდილობს რუსეთთან არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებას.

ა.წ. დეკემბრის დასაწყისში, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა. თავად ეს სამწლიანი პაუზაც არ მეტყველებს ნორმანდიის ფორმატის ეფექტიანობაზე და სიტუაციის სიმძიმეს ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ შეხვედრაზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო სუფევდა.  

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოეწერა ხელი მინსკის მემორანდუმსა და პროტოკოლს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო,  ახლა უკვე ამ შეთანხმებების შესრულების წინააღმდეგია. ან არადა, სწორედ ამ შეთანხმებების განხორციელება დგას ნორმანდიის ფორმატის დღის წესრიგში.

როგორც ჩანს, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიც, სულ მცირე, ძალზე დიდი სიფრთხილით ეკიდება ზემოხსენებული შეთანხმებების შესრულებას. ამის მიზეზი საკმაოდ მარტივია. ექსპერტთა შეფასებით, უკრაინა, მინსკის პროტოკოლის შესრულების შემთხვევაში, საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

გარდა იმისა, რომ ნორმანდიის ფორმატმა ვერ შეძლო მოენახა კონფლიქტის დარეგულირების  პოლიტიკური მექანიზმი, კვლავ რთულია მდგომარეობა ფრონტის ხაზზე. ნორმანდიის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, 9-15 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე დაიღუპა ოთხი და დაიჭრა შვიდი უკრაინელი სამხედრო. უკრაინელების ცნობით, რუსული ჰიბრიდული ძალები მთელი კვირის მანძილზე ყოველდღიურად ისროდნენ.                   

შესაბამისად, ამ გადასახედიდან საუბარი ნორმანდიის ოთხეულის ფორმატის ეფექტიანობაზე უკრაინისთვის, სამწუხაროდ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

თუ ჩვენს ყურადღებას უკრაინიდან ბელარუსზე გადავიტანთ, ვნახავთ იმას, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაცია ორმხრივ ფორმატებს უშუალოდ მის მოკავშირეებთან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბელარუსი ალბათ რუსეთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია. თავად  ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ორი ქვეყნის პარტნიორობა არა მხოლოდ სავაჭრო და საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს, არამედ შექმნილია „ერთიანი სივრცეები თავდაცვასა და სპეცსამსახურების ერთობლივი საქმიანობისთვისაც“.

ამ გარემოების მიუხედავად, 2019 წლის დასაწყისიდან საექსპერტო შეფასებებსა და სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საჯარო დოკუმენტებში საუბარი იყო იმაზე, რომ მოსკოვი გააძლიერებდა ზეწოლას მინსკზე ბელარუსის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ინტეგრაციის მიზნით.

მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა, რომ ეს მოლოდინი საფუძვლიანი იყო. როგორც ჩანს, მთელი წლის განმავლობაში ბელარუსზე  ზეწოლა ჯერ კიდევ 1999 წლის ბოლოს ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე ხორციელდებოდა, რამაც პიკს წლის ბოლოს მიაღწია.

ამ ფონზე, ბელარუსი აშკარად ცდილობს საკუთარი სუვერენიტეტი დაიცვას. ა.წ. 7 დეკემბერს ქ. სოჭში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის ლიდერების შეხვედრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციისთვის საგზაო რუკაზე შეთანხმება იყო. ეს შეხვედრა არცთუ შედეგიანი გამოდგა. სოჭში გამგზავრებამდე პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ისინი არასოდეს განიხილავდნენ იმას, რომ ბელორუსი სხვა რომელიმე ქვეყნის, მათ შორის, თუნდაც მოძმე რუსეთის ნაწილი გახდეს და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებენ“.

ამ შეხვედრის დასრულებიდან მალევე, ა.წ. 9 დეკემბერს, ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ოლეგ ბელკონევმა განაცხადა, რომ ოფიციალური მინსკი ნატოსთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის მზად არის. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ასეთი წვრთნები მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით შეიძლება გაიმართოს, რომ ბელარუსი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია. მეორე ნაწილის მიუხედავად, ამ განცხადების  პოლიტიკური დატვირთვა მაინც გასაგებია.

ბელარუსის პოზიცია კიდევ უფრო მკაფიო გახდა მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ ბელარუსის სუვერენიტეტის დარღვევის შესაძლო მცდელობა გამოიწვევს რუსეთის კონფლიქტს დასავლეთთან, კერძოდ კი ნატოსთან.

როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან ანექსიის საფრთხის შიში საკმაოდ საფუძვლიანია. რამდენად საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ ბელარუსი ამ საფრთხეს მხოლოდ რუსეთთან ორმხრივი ან მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით აიცილებს, ამაზე პასუხის გაცემაც პრინციპში საკმაოდ მარტივია. მით უმეტეს, რომ ბელარუსის რუსეთთან დიალოგის და პარტნიორობის შედეგები, როგორც ჩანს უკვე სახეზეა.

სამწუხაროდ, არც დრო და არც პოლიტიკური კონტექსტი არ გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის დაწყება პოზიტიურ შედეგებს მოგვიტანს.

თუკი საქართველოს ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს ასეთი დიალოგის დაწყებას, მაშინ ეს მხოლოდ იმით არ უნდა გამართლდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. თავიდანვე მკაფიოდ უნდა ითქვას, თუ კონკრეტულად რა  შედეგებს ველით ამ დიალოგიდან და როდის. ასეთ შემთხვევაში, რუსეთთან რაიმე პოზიტიურის მიღწევის ალბათობა, მართალია, არ გაიზრდება, მაგრამ ის მაინც გახდება გასაგები, თუ კონკრეტულად რაზე იღებს ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.