რონდელის ბლოგი
მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
ლევან ასათიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (2004-2009)
ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა (11 ოლქში განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს), თუმცა უკვე გამოქვეყნებული მონაცემებით, კონსერვატორები 219 მანდატს მიიღებენ 290-კაციან მეჯლისში, ე.წ. „რეფორმისტემა“ მხოლოდ 20 მანდატი მოიპოვეს, გამარჯვებულებს შორის 35 დამოუკიდებელი კანდიდატია, ხოლო თითო მანდატი კი ტრადიციულად რელიგიურ უმცირესობებს - ზოროასტრებს, სომეხ ქრისტიანებსა და ებრაელებს ერგოთ.
თეირანში ყველაზე მეტი ხმა მიიღო ქალაქის ყოფილმა მერმა და 2013 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა. სწორედ მას მოიაზრებენ ირანელი ექსპერტები მეჯლისის დღევანდელი სპიკერის - ალი ლარიჯანის შემცვლელად. 2000-2005 წლებში ყალიბაფი იყო ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდგომ, წლების განმავლობაში - რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების სარდალი. ყალიბაფს საინტერესო ჰობი აქვს - თავისი პირველი პროფესია რომ არ დაივიწყოს, ზოგჯერ თვითმფრინავის (სამოქალაქო „ბოინგს“) შტურვალს მიუჯდება ხოლმე.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის წლევანდელი არჩევნები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ჩატარდა და უკიდურესად გამწვავებულ საგარეო და საშინაო პრობლემებს დაემთხვა, რაც აუცილებლად აისახებოდა მეჯლისს დეპუტატთა პოლიტიკურ ორიენტაციასა და ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის შემდგომი კურსის ჩამოყალიბებაზე.
ბოლოდროინდელი საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების გართულება ირანსა და დასავლეთს შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებიდან (Joint Comprehensive Plan of Action -JCPOA-ე.წ. „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა“) გასვლასა და აშშ-ის მხრიდან ირანის მიმართ მკაცრი ეკონომიკური სანქციების ხელახალ დაწესებას მოჰყვა. ამან მძიმე დარტყმა მიაყენა როგორც ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისა და მის მთავრობას, რომლის ყველაზე დიდ დამსახურებად სწორედ დასავლეთთან მიღწეული ზემოხსენებული შეთანხმება მიიჩნეოდა, ისე ირანის ეკონომიკას, რომელიც ძირითადად ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ მოგებაზეა დამოკიდებული. შედეგად, ქვეყანაში მალევე გამწვავდა სოციალური მდგომარეობა - ირანული ვალუტის, რიალის, სერიოზულ დევალვაციას პირველადი მოხმარების საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ირანის სტატისტიკურმა სამსახურმა ქვეყნის ეკონომიკურ მონაცემთა გამოქვეყნება შეწყვიტა.
აშშ თავის დასავლელ მოკავშირეებსაც უბიძგებდა ანალოგიური ქმედებებისაკენ, რასაც ევროკავშირის ქვეყნები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ - მათ ალტერნატიული, კომპრომისული გზების ძიება დაიწყეს 5+1 ფორმატის ბირთვული შეთანხმების გადარჩენისა და ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების შესანარჩუნებლად.
ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან კომპრომისების მიღწევის მექანიზმების შემუშავების გაჯანჯლებას ირანმა დემონსტრაციულად უპასუხა ბირთვული შეთანხმებიდან (JCPOA) ეტაპობრივი გასვლით, რაც გამოიხატა ურანის გამდიდრების პროგრამის ნაწილობრივი აღდგენით. ირანმა შეტყობინება გაუგზავნა შეთანხმების ხელმომწერ გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთსა და რუსეთს, რომ იგი აჩერებს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, კერძოდ, უარს ამბობს დაიცვას ურანისა და მძიმე წყლის რეზერვების ლიმიტი.
ბირთვული მოლაპარაკებებში ჩართული ირანელი დიპლომატების განმარტებით, მათი საპასუხო ქმედებები გამოიწვია საერთაშორისო ხელშეკრულებიდან (JCPOA) ერთ-ერთი მხარის - აშშ-ის გასვლამ. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყო ის შემთხვევაც, თუკი რომელიმე მხარე დაარღვევდა შეთანხმების პირობებს.
აშშ-ის ამ ნაბიჯებს თავისი ლოგიკა ჰქონდა - ეკონომიკური სანქციების გაუქმებით და დასავლურ ბანკებში ყადაღამოხსნილი ასობით მილიონი ირანული ნავთობდოლარებით ყველაზე მეტად ისარგებლა ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ და მისი სპეცრაზმის - „ყოდსის“ ხელმძღვანელობამ. ირანის სამხედრო გააქტიურებამ სირია-ერაყის მიმართულებით კიდევ უფრო გაართულა ურთიერთობები აშშ-სთან, ზოგ ევროპულ ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი, ისრაელსა და თურქეთთან. რუსეთმა, კიდევ ერთმა მოთამაშემ ახლო აღმოსავლეთში, კარგად გამოიყენა ეს წინააღმდეგობები და უფრო გაიმყარა თავისი პოზიციები როგორც სირიაში, ისე რეგიონში.
„ყოდსის“ გენერალი სოლეიმანი თავისი სპეცრაზმით, ლიბანური „ჰეზბოლას“ და ერაყული შიიტური მილიციის ძალებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ზეობისა (2011-2016 წლები) და მათი ლიდერ ალ ბაღდადის მიერ ერაყ-სირიის ტერიტორიაზე სუნიტურ/არაბულ ხალიფატის ჩამოყალიბების (იმ დროისთვის საკმაოდ რეალური) მცდელობის დროს ყველაზე სერიოზულ სამხედრო წინააღმდეგობას უწევდა ხალიფატს. იმ პერიოდში ირანელების ინტერესები ამერიკის ინტერესებს დაემთხვა, გენერალი სოლეიმანიც საკმაოდ ეფექტურად თანამშრომლობდა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებთან. იგი ყველაზე გავლენიან სამხედრო მეთაურად ჩამოყალიბდა რეგიონში და დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც თავის სამშობლოში, ისე ერაყსა (ქურთების რეფერენდუმის შედეგების გადაწყვეტის საკითხში) და სირიაში.
„ისლამური სახელმწიფოს“ (ხალიფატის) დასუსტებისა და ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან ნაწილობრივი გაყვანის შემდეგ სირიაში ბაშარ ასადის ალავიტური რეჟიმის გადასარჩენად მებრძოლი გენერალი ამ მიზნით რუსეთთან თანამშრომლობაზე წავიდა, რამაც, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მის შემდგომ ქმედებებში. ჩამოუყალიბებელი და სუსტი მთავრობის პირობებში, ირანისა და პირადად გენერალ სოლეიმანის გავლენა ერაყში იმდენად დიდი იყო, რომ ამან იქაური შიიტების (აიათოლა სადრის მიმდევრები) გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ქ. ნაჯაფში, სადაც შიიტთა წმინდა ადგილი - იმამ ალის საფლავია, ირანულ საკონსულოზე ერაყელთა შეტევა მოჰყვა. გენერალი სოლეიმანი შეეცადა ერაყელთა აგრესია რეგიონში ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ მიემართა. ამის შედეგი იყო უკვე ეგზალტირებული ბრბოს აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა. სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმას კი, რაც სოლეიმანის მოკავშირე ძალებმა ერაყის ტერიტორიიდან განახორციელეს, პრეზიდენტ ტრამპის მკვეთრი რეაქცია და გენერლის ფიზიკური ლიკვიდაცია მოჰყვა.
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მიერ ეროვნულ გმირად შერაცხული გენერლის დასაფლავებას მსხვერპლი ახლდა - მგლოვიარე ხალხმა ერთმანეთი გადათელა. ამ ტრაგედიას დაემატა სოციალური პრობლემების გამო (ბენზინის ფასების ზრდის გასაპროტესტებლად) ქუჩებში გამოსული მოსახლეობის დაპირისპირება პოლიციასთან. თავიდან გამოსვლები კონსერვატიული წრეების მიერ პრეზიდენტ რუჰანის რეფორმისტული მთავრობის წინააღმდეგ წაქეზებულ კომპანიას უფრო ჰგავდა, თუმცა სულ უფრო მზარდი მასობრივი გამოსვლების დროს სოციალური ლოზუნგები რეჟიმის, ანუ თვით „ისლამური რესპუბლიკის“ სისტემისა და მისი ლიდერის - აიათოლა ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებმა შეცვალა.
მრავალათასიან მიტინგებს თეირანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში რეჟიმი დაუპირისპირდა თავისი არცთუ მცირე რაოდენობის მომხრეების კონტრგამოსვლებით, რაც შემდგომ საპროტესტოდ გამოსული მომიტინგეების, ე.წ. „ბასიჯის“ (რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული ნახევრად შეიარაღებული მოხალისეთა რაზმები) წევრებთან შეტაკებებში გადაიზარდა. სხვადასხვა მონაცემით, ამ შეტაკებებს რამდენიმე ასეულიდან 1500 კაცამდე შეეწირა.
მალე ქვეყანაში ახალი სკანდალი აგორდა: ირანის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფის სარაკეტო შეტევის შედეგად ჩამოვარდა თეირანის აეროპორტიდან ახლად აფრენილი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის მგზავრებიც უკრაინის, კანადისა და ირანის მოქალაქეები (ძირითადად სტუდენტები) იყვნენ. ირანული მხარე რამდენიმე დღე დუმდა და არ ამხელდა, რომ კატასტროფა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეცდომა იყო.
ფოტო: AFP
დაღუპული ირანელი სტუდენტების დასაფლავება მძლავრ საპროტესტო გამოსვლებში გადაიზარდა. ამას წინასაარჩევნოდ რეჟიმისა და მის ლიდერ ხამენეის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მანამდე არნახული კრიტიკაც ახლდა, რამაც რეჟიმის უპრეცედენტო მობილიზაცია გამოიწვია. არჩევნებზე პასუხისმგებელმა „ზედამხედველობის საბჭომ“, 93 წლის უხუცესი აიათოლა ჯანათის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მიზეზით, მრავალ მოქმედ დეპუტატსა და რეფორმისტების ფრთის სხვა მომხრეებს უარი უთხრა საარჩევნო სიებში რეგისტრაციაზე.
ამ ფონზე ჩატარებულ არჩევნებს დაემთხვა ქვეყანაში ჩინეთიდან შემოტანილი კორონავირუსის სწრაფი გავრცელება, დაავადებულთა ლეტალური შემთხვევების ზრდა, განსაკუთრებით, ირანის რელიგიურ ცენტრში, წმინდა ქალაქ ყუმში, რასაც ქვეყნის ხელისუფლება გულმოდგინედ მალავდა. სოცქსელებში გახმაურებულმა ციფრებმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და ამან გავლენა იქონია არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ კორონოვირუსის გამოჩენამდე, თეირანში ჩატარებული კვლების მიხედვით, გამოკითხულთა (43 000 გამოკითხული) 81% არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას.
ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი არჩევნების მიმდინარეობისას ორჯერ გამოვიდა სამთავრობო ტელევიზიით და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. საარჩევნო კომისიამ, თავის მხრივ, სარჩევნო ოლქების მუშაობის ვადა ორჯერ, ორ-ორი საათით გააგრძელა. დღის ბოლოს სამთავრობო ტელევიზიები აჩვენებდნენ მეჩეთებში განლაგებულ საარჩევნო ოლქებთან მათ დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ხმის მიცემის მსურველთა რიგების კადრებს...
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმ ფონის გათვალისწინებით, რაც არჩევნებს ახლდა, ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი აუცილებლად შეიცვლება. დასავლეთთან ბირთვული შეთანხმების ფაქტობრივმა ჩაშლამ, ამერიკის მიერ ეკონომიკური სანქციების აღდგენამ, გენერალ სოლეიმანის მკვლელობამ ხელ-ფეხი გაუხსნა რეჟიმს, რომ განთავისუფლდეს ე.წ. რეფორმისტთა გუნდის გავლენებისაგან მეჯლისში.
შედეგად, მეჯლისის დეპუტატობა უკვე გაინაღდა ირანის ყოფილი ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტის - აჰმადი ნეჟადის კაბინეტის ათობით წევრმა თუ პროვინციის გუბერნატორმა. როგორც ირანული პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, ახლადარჩეულ მეჯლისში, იმ ზომიერ პოლიტიკოსთა და დამოუკიდებელ კანდიდატთა მცირე ნაწილისაც, რომელიც მოხვდება პარლამენტში, თავისი შეხედულებების გადახედვა და ერთგვარი გადაჯგუფება მოუწევს.
პრეზიდენტ რუჰანის მწვავე კრიტიკის მოსმენა უხდებოდა დათხოვილ მეჯლისში. ბევრად მეტი კრიტიკა ელოდება უკვე ახლადარჩეულ პარლამენტში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო დროს რამდენჯერმე გაჟღერდა ჭორი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ, შესაძლებელია „მკაცრი ხაზის“ გამტარებელმა ახლადარჩეულმა დეპუტატებმა ოფიციალურად წამოაყენონ მისი იმპიჩმენტის საკითხი.
სავარაუდოა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი ასეთ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. კონსერვატორებს რუჰანი დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში „განტევების ვაცად“ უფრო „გამოადგებათ“.
იმისთვის, რომ პოლიტიკური სახე შეინარჩუნოს, პრეზიდენტ რუჰანის მოუწევს მკვეთრი ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადასვლა, რაც ძალზე შეზღუდავს დასავლეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებს დღევანდელი თუ მომავალი, ალბათ უკვე კონსერვატორი, პრეზიდენტის მმართველობის ვადებში.
თემატური პოსტები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
- რატომ დაიძაბა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- მოლაპარაკებები ვენაში ე.წ. ბირთვულ შეთანხმებაზე: ვინ დარჩება მოგებული?!
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- რას ნიშნავს გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია?
- სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი სიტუაცია, მხარეთა ინტერესები და საფრთხეები
- ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები