X

რონდელის ბლოგი

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი

2020 / 07 / 04

დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი 
 

2020 წლის გადმოსახედიდან ცხადად ჩანს, რომ ახლო მომავალში მსოფლიოში არ იქნება მარტივი ვითარება. ბოლო კრიზისამდეც გასაგები იყო, რომ გეოპოლიტიკური პაექრობა საერთაშორისო ცხოვრების ისეთივე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორიც ადამიანთა ცივილიზაციის ყველა წინა ეპოქაში იყო. პანდემიამ და მისმა თანმდევმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ რეალობას დამატებით გაუსვა ხაზი. თუ ისტორიიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, ეს კრიზისი არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებებს დამატებით გაამძაფრებს. მსოფლიო ახლა სახიფათოა და, ალბათ, კიდევ უფრო სახიფათო გახდება.

ასეთ დროს საერთაშორისო პარტნიორები დამატებით მნიშვნელობას იძენენ. მომდევნო თვეებსა და წლებში საქართველოს, მისი მრავალი სტრატეგიული და პოლიტიკური გამოწვევით, დასჭირდება ყველანაირი დახმარება, რასაც კი მას მისი უცხოელი მეგობრები და პარტნიორები აღმოუჩენენ. ამ უკანასკნელთა შორის ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამერიკას აქვს საქართველოსთვის დახმარების გაწევის უნარისა და, თავად ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ამის ნების კომბინაცია.

რუსეთის მუდმივი აგრესია და საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემები სახიფათო ნაზავია. არაფორმალური მმართველობა საქართველოში და ყველაფერი, რაც ამას თან მოსდევს, წარმოშობს პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს, და ასევე სხვა სუსტ წერტილებს, რომლებიც შეიძლება ამ ქვეყნის მტრებმა გამოიყენონ. ასეთი რამ ცუდი იქნებოდა ყველა შემთხვევაში, ხოლო საქართველოს დამორჩილების მოსკოვის დაუოკებელ სურვილთან კომბინაციაში ეს ძალიან სერიოზულ ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შეიძლება გახდეს გადამწყვეტი მომენტი მისი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ბედისთვის.

ამასთან, არსებობს უფრო ფართო სურათიც. გლობალურად, დემოკრატიასა და თავისუფლებას სერიოზული ძალები ემტერებიან, მათ შორის, ჩინეთისა და რუსეთის მსგავსი დიდი სახელმწიფოები. მომდევნო წლების ისტორიის განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ჭიდილი ამ ძალებსა და თავისუფალ სამყაროს შორის. ტექნოლოგიურმა წინსვლამ, რომელმაც ასე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, და მომავალში მას კიდევ უფრო მეტად შეცვლის, ამ ჭიდილის ფსონები უკიდურესად მაღალი გახადა. მე-20 საუკუნის კომუნისტები და ნაცისტები ძალიან კმაყოფილი იქნებოდნენ დამორჩილებულ საზოგადოებებზე ისეთი ტოტალური კონტროლი რომ ჰქონოდათ, როგორიც შესაძლებელია დღევანდელი ტექნოლოგიების მეშვეობით. მათ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, მაგრამ თანამედროვე ტირანიებს აქვთ. რეჟიმის გადარჩენის მიზნით ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. ამის ცხად მაგალითს დღეს უკვე  გვიჩვენებს ჩინეთი.

უინსტონ ჩერჩილის გაფრთხილება იმ საშინელებებზე, რაც „მანკიერი მეცნიერების ნათებამ“ [„lights of perverted science“] შეიძლება მოიტანოს, არასდროს ყოფილა ისეთი რელევანტური, როგორიც დღესაა. ანტიუტოპიებმა შეიძლება დატოვონ სამეცნიერო ფანტასტიკის სამყარო და ჩვენს ნამდვილ ცხოვრებაში შემოაბიჯონ. ასეთ დროს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარჩეს სწორ მხარეს იმ გეოპოლიტიკური გაყოფისა, რომელიც დღეს მსოფლიოს თავისუფალ და არათავისუფალ ნაწილებს შორის ყალიბდება. მე-20 საუკუნეში საქართველომ ეს სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ჩვენს ეპოქაში ამ წარუმატებლობის გამეორება ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა.

არცერთი დიდი სახელმწიფო ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე არ ყოფილა თავისუფალი მცდარი, არასწორი ნაბიჯებისგან, როდესაც ის საერთაშორისო არენაზე მოქმედებდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც შეერთებული შტატებია. მაგრამ ამერიკის ჯამური როლი მსოფლიო ისტორიაში დღეისთვის ძალიან პოზიტიურია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ იმათი გამარჯვება, ვინც ამერიკას მსოფლიო პირველობას ეცილებოდა, ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ექნებოდა როგორც იმ ხალხებისთვის, რომელთა დამორჩილებასაც ისინი ცდილობდნენ, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ამერიკა ებრძოდა იმპერიული გერმანიის ევროპულ და იმპერიული იაპონიის აზიურ ჰეგემონიას. მან კრიტიკული როლი ითამაშა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში და არ დაუშვა საბჭოთა კავშირის მიერ იმ ტოტალიტარულ საშინელებათა მთელ მსოფლიოში გავრცელება, რომელთა მსხვერპლი, სხვებთან ერთად, საქართველოც გახდა.

ამერიკის ეს როლი დღესაც გრძელდება, რადგან მის გარდა ძალიან ცოტა რამ დგას ჩინეთსა და მსოფლიო პირველობას შორის.  ამერიკა ასევე მთავარი წინაღობაა სხვა იმპერიული მტაცებლების - რუსეთისა და ირანის - ექსპანსიონისტური ამბიციებისთვის.  იმ ადამიანებმა, რომლებმაც 1776 წლის 4 ივლისს აშშ-ის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, დიდი სიკეთე გაუკეთეს არა მხოლოდ საკუთარ თანამემამულეებს მათივე ეპოქაში, არამედ ბევრად მეტ ადამიანს - მსოფლიოს მრავალ ნაწილსა და შემდგომ ეპოქებში.

ქართველ ხალხს სჭირდება და უნდა თავისი უცხოელი მეგობრების დახმარება, რათა შეინარჩუნოს და გააძლიეროს დემოკრატიული მმართველობა იმ პოლიტიკურად ძალიან რთულ მომენტში, რომელიც ახლა საქართველოშია. მას ასევე სურს და სჭირდება თავისუფალ სამყაროში საქართველოს ადგილის გრძელვადიანი უზრუნველყოფა გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამისთვის კი უკიდურესად მნიშვნელოვანია ახლო პარტნიორობა აშშ-თან, ამერიკული დახმარება და მხარდაჭერა.

თავის მხრივ, ამერიკის პრაგმატულ ინტერესებში შედის საქართველოს დახმარება, რომ მან თავისუფლების შენარჩუნება შეძლოს. ფიზიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის რეალიებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა – ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც  მას ასე დაჟინებით უტევს რუსეთი. მოსკოვი რომ საქართველოში გაბატონდეს, აზერბაიჯანი დაკარგავს კავშირს თურქეთთან და დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში, სრული გეოპოლიტიკური იზოლაციის გამო, მას გაუჭირდებოდა რუსული იმპერიული გავლენის სფეროს გარეთ დარჩენა. საქართველოს დაცემა ასევე გამოიწვევდა რუსულ კონტროლს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანზე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს, და ამ ფუნქციით არის რუსეთსა და ირანის ტერიტორიაზე გამავალი გზების კონკურენტი. ცენტრალური აზია დაკარგავდა ერთადერთ პოტენციურ გასასვლელს დასავლეთისკენ. ამის გარდა, რუსეთი შეძლებდა სომხეთზე თავისი გავლენის ბოლომდე კონსოლიდირებას.

ჯამში, საქართველოს დამორჩილება მოსკოვს მისცემდა მთელ სამხრეთ კავკასიაზე კონტროლს, ამის ყველა სტრატეგიული შედეგის თანხლებით. რუსული იმპერიალიზმისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება იქნებოდა და ამავე დროს დააზიანებდა შეერთებული შტატების ინტერესებს, სხვებთან ერთად. სახელმწიფოებმა, მათ შორის დემოკრატიებმა, თავისი საერთაშორისო ქმედებების უმეტესი ნაწილი საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უნდა დააფუძნონ. მრავალი წლის მანძილზე ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა სწორედ იმას გვიჩვენებს, რომ ქართული სუვერენიტეტისა და დემოკრატიის გადარჩენა ბევრ ამერიკელს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებს, საკუთარი ქვეყნის ინტერესად მიაჩნია.

არსებობს სინერგია ქართველების მიერ თავისი სუვერენიტეტისათვის ბრძოლას, ამერიკის პრაგმატულ ინტერესსა და, ზოგადად, თავისუფლებისა და დემოკრატიის საქმეს შორის. შემდგომი და კიდევ უფრო ახლო პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის გამართლებულია როგორც რაციონალური გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, ისე იმ იდეალებით, რომლებზეც აგებულია დღევანდელი თავისუფალი სამყარო.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.