რონდელის ბლოგი

საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში

2020 / 08 / 06

ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
 

COVID-19-ის პანდემიამ სერიოზული ზეგავლენა იქონია როგორც ცალკეული ადამიანების ცხოვრებაზე, ისე მსოფლიო ეკონომიკაზე, რის გამოც მთელი რიგი საკითხებისა ახლებურად არის გასააზრებელი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გლობალიზაციის პრობლემა. კერძოდ კი, COVID-19-ის პანდემია ხომ არ გამოიწვევს გლობალიზაციის, როგორც ასეთის, დასრულებას, სრულად და საბოლოოდ ხომ არ ჩაანაცვლებს გლობალიზაციას დეგლობალიზაცია, რომელიც იზოლაციონიზმით უნდა დასრულდეს.

მიუხედავად გრიპის პანდემიის მოახლოებული საფრთხის შესახებ სპეციალისტების გაფრთხილებისა, სამწუხაროდ, ეს არ იქნა მხედველობაში მიღებული, რამაც COVID-19-ის ფართომასშტაბიანი გავრცელება გამოიწვია.

თავის მხრივ, COVID-19-ის პანდემიამ კარგად წარმოაჩინა თანამედროვე გლობალიზაციის სუსტი მხარეები: ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ ყველას დაანახა, რომ გლობალურ ინსტიტუციებსა და, უწინარეს ყოვლისა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რეალურად არ აღმოაჩნდათ სწრაფი რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები. შედეგად, თითოეულმა სახელმწიფომ პანდემიის წინააღმდეგ დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება, რამაც შექმნა და გააძლიერა იმის განცდა, რომ საქმე გვაქვს დეგლობალიზაციის პროცესთან.

ამრიგად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, COVID-19-ის პანდემია ბევრმა „გლობალიზაციის კრიზისად“ აღიქვა. შესაბამისად, ლოგიკურია ვიკითხოთ: დეგლობალიზაცის პროცესი მართლაც შესაძლებალია თუ არა? და თუ შესაძლებელია, მაშინ რამდენადაა ეს მიზანშეწონილი?

უწინარეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გლობალიზაცია ობიექტური პროცესია. ამის საილუსტრაციო ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ნარკობიზნესი, რომელსაც პრაქტიკულად ებრძვიან როგორც ცალკეული სახელმწიფოები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზნესის ამ არალეგალურმა სახეობამ უკვე დიდი ხანია გლობალური ხასიათი მიიღო. გლობალიზაციის კონტექსტში არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერნეტი, ენერგეტიკა, იარაღით ვაჭრობა, აშშ დოლარის გავრცელება და სხვ. დღეს კი მწვავე გლობალურ პრობლემად უკვე COVID-19-ის გავრცელება იქცა.

რა თქმა უნდა, დეგლობალიზაცია სავსებით შესაძლებელია. ამისათვის კი ამა თუ იმ სახელმწიფომ სავსებით შეგნებულად მეტ-ნაკლებად იზოლაციონისტური პოლიტიკა უნდა გაატაროს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში ეს უარყოფითად აისახება არა მარტო ეკონომიკურ ზრდაზე, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით სფეროებზეც.

მაშასადამე, დეგლობალიზაცია, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გაართულებს იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც აწუხებს კაცობრიობას.

ჩემი აზრით, თანამედროვე მსოფლიოში უმთავრესად ადგილი აქვს ე.წ. „იძულებით დეგლობალიზაციას“, რაც იმითაა განპირობებული, რომ COVID-19-ის მასობრივი გავრცელება იყო მოულოდნელი და სწრაფი და არავინ აღმოჩნდა ამ პრობლემის წინააღმდეგ სამოქმედოდ მზად. ამიტომ ყველა სახელმწიფო მეტ-ნაკლებად იზოლირებულად მოქმედებდა.

მაგრამ თავად პრობლემის გლობალური ხასიათის გამო იზოლაციონიზმის პირობებში პანდემიის დაძლევა უბრალოდ წარმოუდგენელია - აუცილებელია გლობალური მასშტაბის კოორდინირებული მოქმედება.

უფრო მეტიც, ყველა ის ქვეყანა, რომელიც შეეწინააღმდეგება თავისუფალ ვაჭრობას, ეკონომიკურად უფრო მეტად იქნება დაზარალებული. საბოლოოდ კი, მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობით შეძლებენ ქვეყნები მეტ-ნაკლებად წარმატებით გამოიყენონ საკუთარი შედარებითი უპირატესობა და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგები ამით შეამსუბუქონ.

ამავდროულად, აუცილებლად ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დეგლობალიზაციის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო და პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდა, სავარაუდოდ, იქნება მეტ-ნაკლებად „ტრენდული“ გარკვეული დროის განმავლობაში და ამ ვითარებაში აუცილებელია ქვეყნები მაქსიმალურად მოემზადონ განახლებული გლობალიზაციის თვისებრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად.

ამასთან, შეცდომა იქნება, თუ ქვეყნები ყურად არ იღებენ დეგლობალიზაციისათვის დამახასიათებელ რეალიებს, როცა ეროვნული ავტონომიურობის გაღრმავების ფონზე ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი სულ უფრო მეტად გაძლიერდება.

სწორედ დეგლობალიზაციის პირობებშია ახლებურად გასააზრებელი მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტა, განსაკუთრებით კი ისეთის, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება. ამ პრობლემის სიმწვავეს ხაზს უსვამს თუნდაც რუსეთის გადაწყვეტილება საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეეჩერებინა ხორბლის ექსპორტი. თავის მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მიწოდების შემცირება გამოიწვევს მასზე ფასების ზრდას და ეს მთლიანობაში ყველაზე მძიმედ იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთათვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს რუსული ხორბლის იმპორტს. ამ ქვეყნების რიცხვს კი საქართველოც განეკუთვნება.

მაშასადამე, საქართველოსთვის აუცილებელია თანამედროვე დეგლობალიზაციის თავისებურებების გათვალისწინება. ასე, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მქონე საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს სოფლად, ხოლო აგრარული სექტორის ხვედრითი წონა მთლიან სამამულო პროდუქტში 8 პროცენტზე ნაკლებია, თანაც იმ პირობებში, როცა ქვეყნის მრეწველობის სექტორი, სამწუხაროდ, განუვითარებელია. ასე რომ, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ სასურსათო უსაფრთხოების მოგვარებაა ადგილობრივი აგრარული წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით კი აუცილებლადაა გამოსაყენებელი ის გარემოება, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, რასაც პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდებში ღირებულებათა ჯაჭვებისა და მიწოდებათა ჯაჭვების დივერსიფიკაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ექნება. ამ კონტექსტში ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ სავსებით რეალურია საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აშშ-სთანაც ჰქონდეს, რაც საქართველოს ეკონომიკას განვითარების ახალ პერსპექტივებს გაუხსნის.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გააზრება, თუ როგორ უნდა იყოს დანახული საქართველოს ევროპული არჩევანი პოსტპანდემიურ პერიოდში. უწინარეს ყოვლისა კი, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის მიზანია თუ მიზნის მიღწევის საშუალება? და თუ ის მიზნის მიღწევის საშუალებაა, მაშინ მიზანი რა უნდა იყოს?

ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერ გაერთიანებაში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს მიზანი, ის განხილული უნდა იყოს, როგორც ბევრად უფრო მასშტაბური მიზნის მიღწევის საშუალება. კერძოდ, საქართველოს მიზანია იყოს ევროპული სახელმწიფო. სხვა სიტყვებით, იმაში, რომ საქართველო მართლაც ევროპული სახელმწიფო გახდა, ყველა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელიც, უნდა იყოს სრულად დარწმუნებული. ის, რომ, მაგალითად, შევეიცარია ან ისლანდია არ არის ევროკავშირის წევრი, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოების ევროპულობაში შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს. სწორედ ასეთ მდგომარეობას უნდა მიაღწიოს საქართველომაც. ამისათვის კი აუცილებელია საქართველოში ევროპული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სტანდარტების დამკვიდრება. ეს კი შესაძლებელია ევროკავშირის სახელმწიფოებში არსებული დემოკრატიული ტრადიციების, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ევროპული სტილის საბაზრო ეკონომიკისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის გადმოღებით ქართულ რეალობაში. მაშასადამე, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო რეფორმების გატარება.

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გასავლელი გზა ფაქტობრივად არის საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზა. ხოლო საკითხი იმის შესახებ, საბოლოოდ გაწევრიანდება თუ არა საქართველო ევროკავშირში, ამ ვითარებაში უმთავრესად ტექნიკურ ხასიათს მიიღებს და დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ თავად ევროკავშირი იმ დროისთვის განვითარების რა საფეხურზე იქნება.

ფაქტია, რომ ევროკავშირი დღეს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც ბრექსიტით „დამძიმებულს“ COVID-19-ის პანდემიაც დაემატა, რასაც ის, როგორც ყველა, მოუმზადებელი შეხვდა. იმავდროულად, შესაბამისად, COVID-19-ის პანდემიამ ევროკავშირი სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა - საჭიროა შექმნას კრიზისების მართვის ძლიერი მექანიზმი. ამ კონტექსტში ნამდვილად ოპტიმისტურად უნდა შეფასდეს ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს შვიდწლიან ბიუჯეტთან და კორონავირუსით მიყენებული ზარალის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა თანამედროვე კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ საქართველოს მიერ COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ მიღწეული წარმატებების შედეგად საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომლებთანაც დაკავშირებითაც ევროკავშირმა საზღვრების გახსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

გარდა იმისა, რომ საქართველოს მიზანია გახდეს ევროპული ტიპის სახელმწიფო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, რათა რუსეთიდან მომავალი საფრთხეები მინიმუმამდე შეამციროს. ამ თვალსაზრისითაც, ევროკავშირის წევრობა ასევე შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რუსეთისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნების ქმედითი საშუალება.

რუსეთისგან დამოუკიდებლობის შენარჩუნების განსაკუთრებით ძლიერ მექანიზმად კი, როგორც  კარგადაა ცნობილი, ნატოს წევრობაა, მიუხედევად იმისა, რომ თავად ნატო დადგა საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე, მის წევრ-სახლემწიფოებს შორის ურთიერთობებში არსებული სირთულეების გამო.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ გახდეს რუსეთისგან დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო და ამის შესაძლებლობას არც პანდემიური დეგლობალიზაციის დღეისათვის გამოკვეთილი ტენდენცია გამორიცხავს.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.