რონდელის ბლოგი

რა მოიპოვა რუსეთმა ყარაბაღში

2020 / 11 / 16

დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ყარაბაღის მეორე ომი 2020 წლის 9 ნოემბრის გვიან ღამეს დასრულდა. ზავი ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით გაფორმდა. ომების უმეტესობის მსგავსად, ეს გეოპოლიტიკურად გადამწყვეტი მოვლენა იყო. აზერბაიჯანმა დაკარგული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი დაიბრუნა: ზოგი - ბრძოლებით, ზოგიც - ზავის პირობების თანახმად. თურქეთმა სამხრეთ კავკასიის მოვლენებში საკუთარი ჩართულობა და გავლენა გაზარდა. კიდევ ერთი ძალა, რომელმაც გაზარდა თავისი გავლენა ამ რეგიონში, ალბათ, თურქეთზე მეტადაც, რუსეთია.

მოსკოვის მონაწილეობით დადებული ზავის გარანტორებად ყარაბაღში რუსი ჯარისკაცები ჩავიდნენ. ისინი ყარაბაღისკენ დაიძრნენ დაუყონებლივ, 9-10 ნოემბრის ღამესვე. ამ რუსულ ძალებში მე-15 მექანიზებული ბრიგადის (როშჩინსკი, სამარის ოლქი) დაახლოებით 2000 ჯარისკაცი შედის. ხსენებული ბრიგადა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მე-2 არმიის ნაწილია. რუსებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ მისიაში ისინი ასევე გამოიყენებენ საარმიო ავიაციასა და დრონებს. მათ ისიც თქვეს, რომ მისიაში ჩართულ „პრაქტიკულად ყველა“ სამხედროს სირიაში სამსახურის გამოცდილება აქვს.

რუსები განლაგდნენ პოსტებზე სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილი ყარაბაღის სხვადასხვა ნაწილში. ისინი ექვემდებარებიან ორ ადგილობრივ სამეთაურო შტაბს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის „პასუხისმგებლობის ზონებს“ უხელმძღვანელებს. რუსული სამხედრო პოლიცია ადგილზე რეგულარულ პატრულირებას განახორციელებს. ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი რუსული ჯარის კონტროლის ქვეშ იქნება. რუსები ყარაბაღში, სულ მცირე, 5 წელი უნდა დარჩნენ, თუმცა, სინამდვილეში - განუსაზღვრელი ვადით, თუკი 5-წლიანი ვადის ბოლოს ერთ-ერთი მხარე მათ გასვლას არ მოითხოვს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2020 წ. 15 ნოემბრის რუკა, სადაც ნაჩვენებია რუსი სამხედროების პოსტები და შტაბები

სამხრეთ კავკასიაში აქამდეც იმყოფებოდა ათასობით რუსი ჯარისკაცი, რომელიც სამ მექანიზებულ ბრიგადასა და სხვა ძალებს შეადგენდა – საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონსა და სომხეთში. ახლა, თავის ტერიტორიაზე რუსული ჯარის ყოლაში, სამხრეთ კავკასიის დანარჩენ ორ ქვეყანას აზერბაიჯანიც შეუერთდა. ეს რუსეთს ახალ ბერკეტებს აძლევს როგორც აზერბაიჯანზე, ისე სომხეთზე გავლენისათვის.

ამიერიდან მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა ყარაბაღის ერთ ნაწილში ბაქოს კონტროლის გარეთ მყოფი სომხური ანკლავი. ყარაბაღის მეორე ომამდე სომხებს მიაჩნდათ, რომ მათ შეეძლოთ აზერბაიჯანელთა შეტევის მოგერიება - როგორც თავისი სამხედრო შესაძლებლობების, ისე მომზადებული თავდაცვითი პოზიციებისა და რეგიონის მთიანი რელიეფის წყალობით. ახლა ისინი ვეღარ დაეყრდნობიან ამ ფაქტორებიდან ვერცერთს. მათ არა მხოლოდ აზერბაიჯანთან ომი წააგეს, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაკარგეს ყველა ის გეოგრაფიული ბუფერი, რომელიც აქამდე ყარაბაღის ეთნიკურად სომხური ნაწილის დასაცავად ეკავათ. მეტიც, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ამჟამად ყარაბაღის ეთნიკურად სომხური მთავარი ქალაქისა და ადმინისტრაციული ცენტრის - სტეფანაკერტის/ხანკენდის შესასვლელთან დგანან. ამასთან, სომხეთთან ერთადერთი დამაკავშირებელი ხაზია ლაჩინის ვიწრო დერეფანი. ამ დერეფანის ორივე მხარეს კი ტერიტორიას აზერბაიჯანი აკონტროლებს ან, ზავის თანახმად, მალე გააკონტროლებს.

ამ ახალი სტრატეგიული კონფიგურაციით, ომის განახლების შემთხვევაში, სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილი ყარაბაღის ნაწილის დაცვა სრულიად შეუძლებელია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც  აზერბაიჯანს არ შეეძლება უბრალოდ აიღოს მთელი ეს ტერიტორია, იქნება იქ რუსული ჯარის ყოფნა. ყარაბაღის კონფლიქტის თვალსაზრისით, სომხეთმა სტრატეგიული ავტონომია დაკარგა.

შანტაჟი რუსული დიპლომატიური არსენალის სტანდარტული ნაწილია. რუსები მას აუცილებლად მიმართავენ, თუ სომხეთი მათი ნების აღსრულებისას იყოყმანებს ნებისმიერ სერიოზულ გეოპოლიტიკურ საკითხში. არ დაგვემორჩილებით და ყარაბაღში დარჩენილი სომხებისთვის ვითარება გაუარესდება. გააგრძელებთ ამ დაუმორჩილებლობას და შეიძლება მთელი ყარაბაღი სამუდამოდ დაკარგოთ. ეს არის ის ახალი რეალობა, რომლის გათვალისწინება ერევანს რუსეთთან ურთიერთობისას მოუწევს. კრემლს დიდად არ მოსწონს ნიკოლ ფაშინიანი და მისი ხელისუფლება. შესაძლოა, მას გახარებოდა, ფაშინიანი ომში მარცხით გამოწვეული პოლიტიკური არეულობის შედეგად ძალაუფლებას თუ დაკარგავდა. ამასთან, ფაშინიანი ინარჩუნებს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას და, ამ ეტაპზე მაინც, შეიძლება ხელისუფლებაში დარჩეს. ასე რომც მოხდეს, ფაშინიანსაც მოუწევს გაითვალისწინოს ეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც მოსკოვმა სომხეთის ქცევაზე გავლენის მოსახდენად მოიპოვა.

ყარაბაღის ახალი სტრატეგიული რეალობა. წყარო: Asia Times

აზერბაიჯანს ასევე დახვდება ახალი ვითარების მისთვის უსიამოვნო ასპექტები. მან ომი მოიგო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მას შეეძლება აზერბაიჯანული მოსახლეობის დაბრუნება იმ ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, საიდანაც ის განიდევნა 1990-იანი წლების დასაწყისში, ყარაბაღის პირველი ომის დროს - უდავო ტრიუმფი ბაქოსთვის. მაგრამ ამავე დროს, ყარაბაღში განთავსებულმა რუსულმა ჯარმა მოსკოვს შეიძლება ახალი შესაძლებლობები მისცეს აზერბაიჯანზე გავლენის განსახორციელებლად.

აზერბაიჯანს არ ექნება საქმე მხოლოდ ყარაბაღში მყოფ 2000 რუს ჯარისკაცთან. ამ კონტინგენტს რუსეთისა და მისი სამხედრო მანქანის სრული მხარდაჭერა ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაქო ვერ გაბედავს რუსების მიერ ადგილზე დაწესებული წითელი ხაზების დარღვევას. იმ ტოტალური ადგილობრივი სტრატეგიული უპირატესობის მიუხედავად, რომელიც აზერბაიჯანმა სამხედრო გამარჯვებითა და ზავის პირობებით მოიპოვა, სომხური კონტროლის ქვეშ დარჩენილი ყარაბაღის ნაწილი სინამდვილეში ბაქოსთვის მიუწვდომელი იქნება, რუსების იქ ყოფნის გამო.

თუკი მომავალში, ნებისმიერი მიზეზით, რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდება, მოსკოვს შეეძლება სომხებისთვის და ყარაბაღში მათი ტერიტორიული მიზნებისთვის აქტიური მხარდაჭერის განახლება. ეს სწორედ იმ ტიპის თამაშია, რომელიც რუსებს კარგად გამოსდით, რისი დემონსტრირებაც მათ არაერთხელ მოუხდენიათ.  მათ ასევე შეეძლებათ სამხედრო ინციდენტების ორგანიზება და სომხების წაქეზება, იმოქმედონ კონტროლის ხაზზე მყოფი აზერბაიჯანელი სამხედროების წინააღმდეგ, შესაძლოა, მათ შორის, ქალაქ შუშაშიც. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანი დაბრუნებულ მიწებზე მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებას შეუდგება, ის ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება. აზერბაიჯანელები შეზღუდულები იქნებიან შესაძლო პროვოკაციებზე საპასუხო მოქმედებებში, სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნის გამო. ზავის დადებიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსებმა ბაქოს უკვე მიანიშნეს, რომ მათი ჯარისკაცები ხელუხლებელნი არიან. როდესაც აზერბაიჯანის ელჩმა მოსკოვში, ფოლად ბულბულოღლიმ, აზერბაიჯანელთა მიერ შემთხვევით ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო შვეულმფრენზე თქვა, რომ „ომში ყველაფერი ხდება,“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩი აგრესიულად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვიც ამგვარ მიდგომას რომ იზიარებდეს, მისი პასუხი ამ ინციდენტზე „გამანადგურებელი“ იქნებოდა.

რუსული კონტინგენტი ყარაბაღში არის ის გასაღები, რომლითაც რუსებს შეუძლიათ ნება დართონ ან აუკრძალონ აზერბაიჯანელებსა და სომხებს ერთმანეთის დაზიანება. ცხადია, რომ რუსები ამ კრიტიკულ ბერკეტს ორივე მხარესთან ურთიერთობისას გამოიყენებენ. რუსეთის მიზანი, გააკონტროლოს მისი სამეზობლო, არსად გამქრალა და ეს სამხრეთ კავკასიასაც ეხება.

რუსეთის მიმართ გაღიზიანება, სავარაუდოდ, კონფლიქტის ორივე მხარეს იქნება. მოსკოვმა უარი თქვა მისი მოკავშირე სომხეთის დახმარებაზე, მაშინ, როცა თურქეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი მის მოკავშირე აზერბაიჯანს, რამაც სომხეთის მარცხს ხელი შეუწყო. ამასთან, მართალია, ბაქომ დიდი გამარჯვება მოიპოვა, ამჟამად რუსებმა კონფლიქტი განუსაზღვრელი ვადით გაყინეს და, ასევე განუსაზღვრელი ვადით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თავისი სამხედროები განალაგეს. მას შემდეგ, რაც ახლანდელი ბუნებრივი სიხარული თანდათან მინელდება, აზერბაიჯანელები ახალ ვითარებაში ბევრ ხარვეზს აღმოაჩენენ. თუმცა, ორივე მხრიდან გაღიზიანება ვერ გააუქმებს იმ მკაცრ ფაქტს, რომ  ყარაბაღში ისინი მოსკოვის კეთილ ნებაზე იქნებიან დამოკიდებული.

ირონიულია ის, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ისტორიული შერიგება მოსპობდა ორივეზე გავლენის რუსულ ბერკეტს. სომხებს აღარ დასჭირდებოდათ შფოთვა იმაზე, რომ მათ მოსახლეობას ყარაბაღის დატოვება მოუწევს. აზერბაიჯანელებს აღარ მოუწევდათ რუსეთისგან სეპარატიზმის ხელახალი აქტიური მხარდაჭერის საფრთხის გათვალისწინება. სევდიანია ის, რომ ასეთი შერიგება ახლო მომავალში, ალბათ, არ მოხდება. ამასობაში კი, მოსკოვმა ერევნისა და ბაქოს ქცევაზე ზეგავლენის ახალი გზა მოიპოვა და ამიერიდან ისევ ჰყავს სამხედრო ბაზები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში.

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.