X

რონდელის ბლოგი

ვინ მოიგო და ვინ წააგო ყარაბაღის ომით

2020 / 11 / 24

შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

10 ნოემბრის  სამშვიდობო შეთანხმებაზე ჯერ მელანი შემშრალიც არ იყო, რომ საექსპერტო წრეებში ცხელი დებატები გაჩაღდა იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ომის გრძელვადიანი შედეგები. ვინ იქნებოდნენ წაგებულები და ვინ – მოგებულები.

ამ კითხვის ერთი ნაწილი ძალიან მარტივი ჩანს. დამარცხდა სომხეთი, რომელმაც დათმო მიმდებარე შვიდი რაიონი და თავად ყარაბაღის ნაწილი, ქალაქი შუშით, და გაიმარჯვა აზერბაიჯანმა, რომელმაც, შესაბამისად, ეს ტერიტორიები მიიღო.

დამარცხდა დასავლეთიც, რადგანაც ცხადად გამოჩნდა, რომ მისი გავლენა რეგიონზე მინიმალურია. ფორმალურად, აშშ და საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან (რუსეთთან ერთად), მაგრამ მათ მოწოდებებს ომის შეწყვეტის შესახებ არანაირი გავლენა კონფლიქტის მსვლელობაზე არ მოუხდენიათ, ისევე, როგორც ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას. საფრანგეთი, საერთოდაც გასცდა შუამავლის როლს და აშკარად პროსომხური პოზიცია დაიჭირა, თუმცა – უშედეგოდ.

დარჩა თურქეთი და რუსეთი. ექსპერტთა უმეტესობა მიემხრო იმ აზრს, რომ რადგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთში შედგა და შეთანხმების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან, რუსეთიც გამარჯვებულია და შესაბამისად, თურქეთმა ვერ მიიღო ის დივიდენდი, რასაც ელოდა.

რუსეთს აქვს ორი უკანონო სამხედრო ბაზა საქართველოში, ერთი ბაზა - სომხეთში, გიუმრიში, და ახლა, ამ ახალი შეთანხმებით, ამას ემატება 2000 სამშვიდობო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და ეს 2000 სამშვიდობო მას მისცემს საშუალებას, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მოახდინოს მხარეების მანიპულირება. ერთი მხრივ, სომხეთი ფაქტობრივად, მხოლოდ რუსი სამხედროების იმედად შეიძლება იყოს, როდესაც საქმე ყარაბაღის შენარჩუნებული ნაწილის დაცვას ეხება. რაც შეეხება აზერბაიჯანს, პრეზიდენტმა პუტინმა თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა იმაზე, როგორ დაისაჯა საქართველო რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის გამო, რასაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მოჰყვა (ცხადია, ეს მოვლენათა პუტინისეული ვერსიაა, რომელიც ძალზე შორსაა სიმართლისგან, მაგრამ, როგორც გაფრთხილება ალიევისათვის, ძალზე საინტერესოა). თავის მხრივ, თურქეთი სამშვიდობო შეთანხმებაში ნახსენებიც კი არ არის და თურქული სამშვიდობო კონტინგენტი უშუალოდ კონფლიქტის ზონაში, როგორც ჩანს, მხოლოდ მონიტორინგის ცენტრში რამდენიმე ოფიცრით იქნება წარმოდგენილი. (საუბარია იმაზეც, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესაძლოა თურქული სამხედრო კონტინგენტიც განთავსდეს, თუმცა საერთო სურათს ეს არ შეცვლის).

რაც შეეხება რუსეთის პასიურობას კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ამას მიმომხილველთა ერთი ნაწილი სომხეთის რეფორმისტულად განწყობილი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დასჯის სურვილით ხსნის, მეორე ნაწილი კი იმით, რომ რუსეთმა ჩათვალა, რომ სომხეთი ასეც და ისეც ჯიბეში უზის და აზერბაიჯანის გულის მოგებაც გადაწყვიტა. ამ მოსაზრების თანახმად, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის აქტიურობამ კონფლიქტის ფინალურ ეტაპზე გადაწონა მისი პასიურობა დასაწყისში.

ანუ მოიგო რუსეთმა და წააგო (ან ვერ მოიგო) თურქეთმა?

არსებობს, სულ მცირე, სამი გარემოება, რომელიც ამ მოსაზრების სიმტკიცეს ეჭვქვეშ აყენებს.

პირველი: თურქეთის მოკავშირემ გაიმარჯვა, ხოლო რუსეთის მოკავშირე დამარცხდა. ჩვენ არ ვიცით, რუსეთმა არ მოინდომა რეგიონში თავისი ყველაზე საიმედო მოკავშირის დახმარება, ვერ შეძლო ამის გაკეთება, სხვა სარგებლის სანაცვლოდ „გაყიდა“ სომხეთი თუ სხვა რამ, მაგრამ ფაქტი ფაქტია და მას ვერ გავექცევით. ის არგუმენტი, რომ რუსეთს მხოლოდ საკუთრივ სომხეთის ტერიტორიის დაცვის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც ყარაბაღზე არ ვრცელდებოდა, საკმაოდ სუსტად ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს რომ გადაეწყვიტა თავისი მოკავშირის დახმარება, ამის საბაბს ადვილად მოძებნიდა.

მეორე არგუმენტი შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ მაინც: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაიყინება. პრეზიდენტმა ალიევმა გამარჯვება იზეიმა, ყარაბაღის სომხურ ნაწილში რუსი სამშვიდობოები შეუშვა და ამით არაორაზროვნად მიანიშნა იმაზე, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია და ახლა მისი მიზანი დაკავებული (გათავისუფლებული) ტერიტორიების კონსოლიდაცია იქნება და არა — ახალი ტერიტორიების დაკავება (გათავისუფლება). სომხეთი, ცხადია, ძალიან უკმაყოფილოა ამ ომის შედეგით, მაგრამ ეს შედეგი ზუსტად ასახავს რეგიონში ახალ სამხედრო ბალანსს: აზერბაიჯანი უფრო ძლიერია, ვიდრე სომხეთი და ეს სომხეთმაც კარგად გაიგო. თანაც, სომხეთს ყველაფერი არ დაუკარგავს, მან საკუთრივ ყარაბაღის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შეინარჩუნა. თუ ბაქოსა და ერევანში ლიდერები საკმარის შორსმჭვრეტელობას გამოიჩენენ,  შესაძლოა ეს ომი გრძელვადიანი შერიგების დასაწყისი აღმოჩნდეს. და თუ ეს ასე მოხდა, რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ამ დაპირისპირების ხარჯზე საზრდოობდა, ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდება.

მესამე და, შესაძლოა, მთავარი არგუმენტი: პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში რუსეთის გავლენა იდგა ძალის გამოყენების მონოპოლიურ უფლებაზე. რუსეთი ინარჩუნებდა ამ ქვეყნებიდან ზოგიერთის ლოიალობას (ბელარუსი, სომხეთი) და ხელს უშლიდა სხვების ინტეგრაციას ნატოში (საქართველო, უკრაინა) იმით, რომ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს აძლევდა სამხედრო ინტერვენციის უფლებას და უზღუდავდა ამგვარ უფლებას ყველა სხვას. 2008-ში საქართველოში და 2014-2016 წლებში უკრაინაში რუსეთმა მოახდინა სამხედრო ინტერვენცია და დასავლეთმა ვერ გაბედა მას სამხედროვე საშუალებებით აღდგომოდა წინ (საქართველოსთვის და უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდება შეზღუდული რაოდენობით ვერ ცვლის სურათს). 2020 წელს, არჩევნების გაყალბებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შემდეგ, დასავლეთმა ვერ გაბედა მეტ-ნაკლებად აქტიური ჩარევა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში, მათ შორის იმიტომაც, რომ არ ჰქონდა ეფექტური ინსტრუმენტი, რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში.

მონოპოლია ძალის გამოყენებაზე დღემდე რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის მთავარ (შეიძლება უფრო შორსაც წავიდეთ და ვთქვათ - ერთ-ერთ შეუცვლელ) ინსტრუმენტად.

ბოლო რამდენიმე კვირაში ეს მონოპოლია დასრულდა. ფორმალურად, თურქეთის არმია, შესაძლოა, არ ჩარეულა კონფლიქტში, მაგრამ თურქულმა სამხედრო დახმარებამ, თურქულმა იარაღმა, აზერბაიჯანული ჯარის თურქულ ყაიდაზე გაწვრთნამ (რომელიც რუსულზე ათწლეულებით უფრო თანამედროვე აღმოჩნდა და ესეც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია) გადაწყვიტა ომის ბედი.

ეს არ ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე ამით აუცილებლად უფრო მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული გახდა, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ტექტონური ცვლილებაა, რომლის შედეგებიც, ბევრად უფრო გრძელვადიანი იქნება, ვიდრე ყარაბაღში თუ მის ირგვლივ ტერიტორიული ცვლილებები.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.