რონდელის ბლოგი

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება

2020 / 12 / 17

ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი


საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება არ არის უშუალოდ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული, რადგანაც მისი გაუფასურება პანდემიასთან შედარებით ბევრად ადრე დაიწყო. ლარის გაუფასურებას საფუძვლად ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, მმართველობითი და პოლიტიკური ფაქტორები ედო. COVID-19-ის პანდემიის პირობებში კი ლარის სტაბილურობის შენარჩუნების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა.

ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის გადასაწყვეტია მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ამოცანები, რომელთა ნაწილიც განხილულია წინამდებარე წერილში.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისას პრიორიტეტული ხასიათი მოკლევადიან ღონისძიებებს აქვთ, რადგან უშუალოდ ამ კრიზისის პირობებში აუცილებელია მაქსიმალურად შეინარჩუნოს ლარის მიმართ ნდობა როგორც ბიზნესმა, ისე მოსახლეობამ.

ლარის შემოღებამდე და მისი შემოღების შემდეგ, პერიოდულად, თავს იჩენდა და დღესაც გაისმის მოსაზრება, რომ უარი უნდა ვთქვათ ლარზე, როგორც ერთადერთ კანონიერ საგადასახდელო საშუალებაზე, და ქვეყანა გადავიყვანოთ მულტისავალუტო სისტემაზე, როცა თითოეული სუბიექტი თავად აირჩევს, თუ რომელი ვალუტის გამოყენება სურს. ამ შემთხვევაში, ზიანი მიადგება არა მარტო საქართველოს ეკონომიკურ სუვერენიტეტს, არამედ ქვეყანა გადაიქცევა ვალუტის გადამცვლელ ერთ დიდ ჯიხურად, რადგან ბიზნესისთვის ყველაზე პრიორიტეტული გახდება მულტისავალუტო გაცვლითი ოპერაციების განხორციელება.

ასევე პერიოდულად გაისმის მოსაზრებები, რომ ლარის ნაცვლად მიმოქცევაში კონვერტირებადი უცხოური ვალუტა უნდა იყოს გამოყენებული, ან ეროვნული ბანკის ნაცვლად შემოღებული უნდა იყოს „სავალუტო ფარი“, როცა ლარი კონვერტირებად უცხოურ ვალუტაზე ფიქსირებული გაცვლითი კურსით იქნება მიბმული. ეს ორივე მიდგომა გამართლებული რომც იყოს, მაინც განუხორციელებელია, რადგან საქართველოს ეკონომიკას არ შესწევს უნარი თავად მოახდინოს სათანადო რაოდენობის უცხოური ვალუტის გენერირება. ამის დასტურია ის, რომ იმპორტი თითქმის 3-ჯერ აღემატება ექსპორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ექსპორტიდან მიღებულ 1 აშშ დოლარზე კარგავს თითქმის 3 აშშ დოლარს იმპორტის განსახორციელებლად. თუ ქვეყნის ეკონომიკას არ შესწევს უნარი მოახდინოს კონვერტირებადი უცხოური ვალუტის სათანადო რაოდენობით გენერირება, ამ ქვეყანას არ ეყოფა ეს ვალუტა, რომ ის გამოიყენოს საგადამხდელო საშუალებად, ან შეინარჩუნოს მისი ფიქსირებული გაცვლითი კურსი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში.

მოკლევადიან პერსპექტივაში მიზანშეწონილად მიგვაჩნია ლარის თავისუფალი მცურავი კურსიდან მოხდეს გადასვლა მის მართვად მცურავ კურსზე, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით პრაქტიკულად 2020 წლის მარტიდან (ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო კორონავირუსის ეპიდემია) მოყოლებული, არცთუ წარმატებით, მაგრამ მაინც ახორციელებს.

იმავდროულად მონეტარულ პოლიტიკაში ეროვნულმა ბანკმა ასევე უარი უნდა თქვას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, რადგან ის იმპორტამოკიდებულ ქვეყნებში, როგორც ამას ნობელის პრემიის ლაურეატი ჯოზეფ სტიგლიცი აღნიშნავს, უბრალოდ არ მუშაობს. საყურადღებოა, რომ მსგავსი მოსაზრება დაფიქსირებული აქვთ სხვა ცნობილ ეკონომისტებსაც.

სწორედ იმის გამო, რომ საქართველო იმპორტამოკიდებული ქვეყანაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმფლაციის მაჩვენებელს, რომელიც ასახავს სამომხმარებლო კალათის იმ ნაწილის ფასების ცვლილებას, რომელიც შედგენილია მხოლოდ იმპორტული საქონლისა და მომსახურების მიხედვით.

აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკი გადავიდეს ინფლაციის კომპლექსური თარგეთირების რეჟიმზე, როცა მიზნობრივი არის არა ერთი, არამედ ორი მაჩვენებელი - ინფლაცია და იმფლაცია. ამ შემთხვევაში იმფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის საჭირო იქნება ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაცვლითი კურსის სათანადო რეგულირება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მარტო დღეს, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, არამედ ასევე პრიორიტეტული იქნება პოსტკრიზისულ პერიოდშიც.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს აშკარად იჩინა თავი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ლარიზაციის მასშტაბური ღონისძიებების უარყოფითმა მხარეებმა. კერძოდ, იმპორტდამოკიდებულ საქართველოში ეროვნულ ვალუტაზე ხელოვნურად გაზრდილმა მოთხოვნამ საქართველოს ეროვნული ბანკი აიძულა კომერციული ბანკებისთვის ასევე გაეზარდა გაცემული რეფინანსირების სესხების ოდენობა. ამან კი, შესაბამისად, გამოიწვია მიმოქცევაში ფულის მასის (M2) გაზრდა. მიზანშეწონილია, რომ თუნდაც პანდემიის განმავლობაში შეჩერდეს ლარიზაციის ღონისძიებები, ხოლო პოსტკრიზისულ პერიოდში ლარში გასაცემი სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკი უწყვეტ რეჟიმში იყოს ჩართული ბლუმბერგის სისტემით ვალუტის ვაჭრობის ოპერაციებში და გაყიდოს ან იყიდოს კონვერტირებადი უცხოური ვალუტა არა წინასწარ გაცხადებული რაოდენობით, არამედ იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება გაცვლითი კურსის დინამიკაში ნახტომების გამორიცხვისათვის.

აუცილებელია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა თითქმის უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდეს საზოგადოებასთან, კომერციულ ბანკებსა და დანარჩენ ბიზნესთან საჯარო კომუნიკაციას, რომლის მიზანიც იქნება სავალუტო ბაზრის „დამშვიდება“.

საშუალოვადიან პერიოდში კი აუცილებლია ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რის შედეგადაც ქვეყნის სამომხმარებლო კალათაში სამამულო წარმოების პროდუქციის ხვედრითი წილი დღეს არსებული 20 პროცენტიდან გაიზრდება იმპორტული წარმოების პროდუქციის არსებული დონის (დღეს ის 80 პროცენტია) შემცირების ხარჯზე.

ამ მიზნით უნდა გაიზარდოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსება. ამ პროგრამამ კი უნდა დააფინანსოს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის რეალური სექტორი და არა - მომსახურების სფეროს ფირმები. პროგრამის სახელწოდებიდან გამომდინარე, ის ფოკუსირებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმოებაზე და არა - დასვენებაზე (პროგრამას ეწოდება „აწარმოე საქართველოში“  და არა „დაასვენე საქართველოში“). ამ პროგრამამ ყველა დიდ დასახლებასთან უნდა შექმნას საწარმოები (მაგალითად, აგრარული პროდუქტების გადამამუშავებელი ფაბრიკა-ქარხნები).

არ უნდა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობაც, რომ მთავრობამ გაიღოს სახელმწიფო ინვესტიციები ამა თუ იმ საწარმოს შესაქმნელად და შემდეგ კი განახორციელოს მისი პრივატიზაცია.

გრძელვადიან პერიოდში აუცილებელია ისეთი საექსპორტო საქონლის წარმოების დაწყება, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობის დამატებულ ღირებულებას, რადგანაც ამ საქონლის ექსპორტი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს გამოიწვევს როგორც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, ისე მთლიანი სამამულო პროდუქტის მოცულობათა ნახტომისებურ ზრდას. ამის მიღწევა კი მხოლოდ ქვეყნის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადაყვანის გზითაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობა დაუბრუნდეს ქუთაისში ელექტრომობილების ჩინური ტექნოლოგიით წარმოების დაწყების ინიციატივის განხილვასა და რეალიზაციას. აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე დაფუძნებული სხვა მსგავსი პროექტების განხორციელების სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა.

გასააქტიურებელია მთავრობის საქმიანობა იმ უცხოურ პოტენციურ ინვესტორებთან, რომლებიც პანდემიის გამოჩინეთიდან გატანილი საწარმოებისთვის ახალ ადგილებს ეძებენ. ამ მხრივ საქართველომ უნდა გამოიყენოს ევროკავშირთან და ჩინეთთან უკვე არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ასევე გასათვალისწინებელია ის საკმაოდ რეალისტური პერსპექტივაც, რომლის თანახმადაც, მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში შესაძლებელია მსგავსი ხელშეკრულება გაფორმდეს აშშ-თანაც.

ეკონომიკის ზემოხსენებულ მოდელზე გადასასვლელად ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს განათლება და მეცნიერება (და არა მარტო განათლება, როგორც ეს დღესაა, სამწუხაროდ), რადგანაც მეცნიერების შექმნილი ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები შეიცავენ ყველაზე მაღალ დამატებულ ღირებულებას. მეცნიერების ხელშეწყობა, სულ ცოტა, იმისთვისაცაა საჭირო, რომ ქვეყანაში მასწავლებლის მასწავლებელი იყოს მაღალი დონის.

აუცილებელია, რომ მეცნიერის შრომა გახდეს პრესტიჟული, რაც შესაძლებლობას მისცემს ნიჭიერ ახალგაზრდებს კარიერული განვითარება ეძებონ არა მარტო ბიზნესსა და საჯარო სამსახურში, არამედ მეცნიერებაშიც. ამისთვის კი საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც უნდა უზრუნველყოს მეცნიერთა შრომის ანაზღაურების ადეკვატური მატება და მათი სამუშაო პირობების არსებითი გაუმჯობესება. საქართველოს მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, დოქტორანტურაში (საწყის ეტაპზე, ხოლო შემდეგ - მაგისტრატურაში და ბოლოს - ბაკალავრიატშიც) სწავლის არა მარტო სრული საბიუჯეტო დაფინანსება, არამედ სათანადო დონის სტიპენდიითაც უზრუნველყოფა, რათა მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდას არ დასჭირდეს დამატებითი სამუშაოს ძებნა.

არსებითად გასაუმჯობესებელია პროფესიული განათლება, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთთანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებში დასაქმება. ამ შემთხვევაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საზღვარგარეთიდან მაღალკვალიფიციური მუშახელის ჩამოყვანა.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ქმნის ახალ შესაძლებლობებს და მათი ჯეროვნად არგამოყენება ყოვლად გაუმართლებელი შეცდომა იქნება.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.