რონდელის ბლოგი

ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები

2020 / 12 / 23

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
 

2020 წლის 17 დეკემბერს გაიმართა ვლ. პუტინის რიგით მე-16 ყოველწლიური პრეს-კონფერენცია, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა შეკითხვებს კოვიდ-19-თან ბრძოლის, ეკონომიკის, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე. იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ ამ ღონისძიების მნიშვნელობა და პუტინის გზავნილები, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დიდი ყოველწლიური პრეს-კონფერენცია წარმოადგენს პუტინის პიარის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი წინასწარ დაწერილი სცენარით ტარდება და კონკრეტულ ჩარჩოებში თავსდება, როგორც წესი. 

პიარის თვალსაზრისით, ასეთ პრეს-კონფერენციას აქვს შემდეგი დანიშნულება: დაანახოს ამომრჩეველს, რომ პუტინი ყველა მიმდინარე მოვლენის საქმის კურსშია და სრულად აკონტროლებს სიტუაციას. წელს ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დაემატა. კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე პუტინი საჯაროდ ნაკლებად აქტიური იყო თითქმის მთელი წლის განმავლობაში. ამავე დროს, ბოლო ხანებში, ელექტრონული მასმედიის სხვადასხვა საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, პუტინს პრეს-კონფერენციაზე უნდა ეჩვენებინა, რომ იგი კვლავ ჩვეულ „ფორმაშია“.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ გამოდგა წლევანდელი პრეს-კონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი. იგი 4 საათი და 30 წუთი გაგრძელდა და რეკორდულ მაჩვენებელს სულ 10 წუთით ჩამორჩა. ამავე დროს, თავისი ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობას პუტინმა, რომელსაც ოქტომბერში 68 წელი შეუსრულდა, მაშინაც გაუსვა ხაზი, როდესაც კოვიდ-19-ის აცრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ასეთი აცრები ჯერჯერობით მისი ასაკის ადამიანებისთვის განკუთვნილი არ არის და ამ მიზეზის გამო მას აცრა ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, ალბათ გასაგებია, რომ პუტინის პასუხებით ან პრეს-კონფერენციის ხანგრძლივობით რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე მსჯელობა გულუბრყვილობა იქნებოდა, ამიტომ შევეცდებით ქვემოთ უფრო არსებით საკითხებზე ვიმსჯელოთ.

პრეს-კონფერენციის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო რუსეთისთვის კოვიდ-19-თან და მისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება. აქ პუტინის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ რუსეთმა ეს სხვა ქვეყნებზე უკეთ მოახერხა. ამ თემაზე ჩვენთვის ალბათ ყველაზე საყურადღებოა, რომ რუსეთი ცდილობს საკუთარი იმიჯი გაიუმჯობესოს საერთაშორისო საზოგადოებაში. ეს საკითხი იყო მისთვის პრიორიტეტული პანდემიის გავრცელებისთანავე, როდესაც რუსული პროპაგანდა ცდილობდა წარმოეჩინა ისე, თითქოს დასავლეთი უძლური იყო პანდემიის წინაშე, რუსეთი კი მას დახმარებას უწევდა.

ამჯერად კი რუსული პროპაგანდა ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას რუსული ვაქცინის ეფექტიანობაში. ამ საქმეში წარმატების მისაღწევად რუსეთს, როგორც ჩანს, ავტორიტეტული საერთაშორისო პარტნიორები სჭირდება, რადგან მის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია. სწორედ ამიტომ პუტინმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ბოლო პერიოდში თითქოს იცვლება რუსული ვაქცინის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება და ინგლისურ-შვედური კომპანია AstraZeneca ამ საკითხში რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.  

თავისთავად ცხადია, რომ საქართველოსთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული ის გზავნილებია, რომლებიც საგარეო პოლიტიკას ეხებოდა. თუმცა, ვიდრე ამაზე გადავალთ, მანამდე უნდა ვახსენოთ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის თემაზე დასმულ შეკითხვაზე პუტინის პასუხი, რომელსაც როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური  განზომილება აქვს. კერძოდ, პუტინის განცხადებით, 14 დეკემბერს გამოქვეყნებული  The Insider-ის, Bellingcat-ისა და CNN-ის ერთობლივი გამოძიება, რომელშიც დასახელებულია ნავალნის მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურების „საინფორმაციო ოპერაციაა“. მასთან, რუსული მხარისთვის ცნობილია, რომ ნავალნის აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად, იგი უნდა იყოს კიდეც რუსეთის სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხება მოწამვლას, პუტინის სიტყვებით, თუ ნავალნის მოწამვლა მართლა უნდოდათ, ამ საქმეს ალბათ ბოლომდე მიიყვანდნენ  (Если бы уж хотели, наверное, довели бы до конца).

საინტერესოა, რომ 21 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექსეი ნავალნიმ თავად დაურეკა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერს, რომელსაც, ზემოხსენებული გამოძიების თანახმად, მის მოწამვლაში ედებოდა ბრალი. ნავალნიმ მას საკუთარი თავი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწედ წარუდგინა და მოსთხოვა განემარტა, თუ რატომ ვერ ჩაიარა წარმატებით „მოწამვლის ოპერაციამ“. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა მას უპასუხა, რომ ნავალნის სიცოცხლე თვითმფრინავის პილოტმა გადაარჩინა, რომელმაც მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ტომსკი-მოსკოვის რეისით მგზავრობისას რუსი ოპოზიციონერი შეუძლოდ გახდა, ომსკის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა, სადაც ნავალნის სათანადო პირველადი დახმარება სასწრაფოს ეკიპაჟმა აღმოუჩინა.

ამ ფონზე, პუტინის წინაშე პიარის ანტიპიარად გადაქცევის საფრთხე შეიქმნა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მასმედიის საინფორმაციო სივრცეს საკმაოდ მყარად აკონტროლებს და, შესაბამისად, ამ საფრთხის რეალიზაციის რისკების შემცირების მექანიზმები აქვს.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, აქ რუსეთის ხელისუფლების პოზიციები გაცილებით სუსტია. თუმცა, სოციალური ქსელები, მხოლოდ ახალგაზრდა თაობაშია პოპულარული და ჯერჯერობით მისი სერიოზული გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, არც სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩანს და არც რუსეთში ჩატარებული არჩვენების შედეგებში. პერსპექტივაში კი, რუსეთის ხელისუფლება სოციალურ ქსელებს მისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ განიხილავს და სერიოზულად არის შეშფოთებული ე.წ. გაჯეტებზე დამოკიდებული ახალი თაობით, რადგან შიშობს, რომ საზოგადოებრივი აზრის კონტროლის ხელისუფლების ხელთ არსებული მექანიზმები მათთან მიმართებაში არაეფექტიანია.   

რაც შეეხება უშუალოდ საგრეო-პოლიტიკურ საკითხებს, მართალია, მათ პუტინის ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე ნაკლები ყურადღება დაეთმო, მაგრამ რამდენიმე საყურადღებო მომენტი მაინც თვალშისაცემია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ჟურნალისტებიდან მხოლოდ ორს მიეცა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა. აქედან პირველს, BBC-ის ჟურნალისტს, პუტინმა იმდენად ხისტი პასუხი გასცა, რომ მან ცოტა ხანში დატოვა კიდეც პერს-კონფერენცია, რითაც სავარაუდოდ, საკუთარი პროტესტი გამოხატა. მერე კი, ისლანდიელი ჟურნალისტი იყო, რომლმაც საკუთარი კეთილგანწყობა პირადად პუტინის და ზოგადად რუსეთის მიმართ ღიად და დიდი მონდომებით დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ ეს ისლანდიელი ჟურნალისტი მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით ცნობილმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვია. როგორც ამ გადაცემაში გაირკვა, ეს ისლანდიელი ჟურნალისტი უკვე 30 წელია, რაც რუსეთში ცხოვრობს და, რაც მთავარია, იგი თანამშრომლობს პუტინის მზარეულის მეტსახელით ცნობილი ევგენი პრიგოჟინის საინფორმაციო სააგენტოსთან (RIA FAN news - https://riafan.ru). თავად პრიგოჟინი ცნობილია იმით, რომ იგი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია, რომელმაც საკმაოდ დიდი ქონება მოიხვეჭა. ამავე დროს, მას სანქციები აქვს. დადებული აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო და, რაც მთავარია, მის სახელს უკავშირებენ რუსულ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“, რომელიც სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

საქართველო პუტინს პრეს-კონფერენციაზე არ უხსენებია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მან ისაუბრა მოლდოვაზე, ბელარუსსა და ყირგიზეთზე და სამივე ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სიტუაციის დესტაბილიზაციაში ტრადიციულად დასავლეთი დაადანაშაულა.

ყარაბაღზე საუბრისას პუტინი ცდილობდა ერთგვარი ბალანსი დაეცვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. თუმცა, გაკვრით მაინც ახსენა, რომ ყარაბაღის სტატუსი მომავალში უნდა განისაზღვროს, ხოლო თავად ყარაბაღის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზად 1988 წლის სუმგაითის ცნობილი მოვლენები დაასახელა, რითაც ირიბად სომხური მხარისთვის მისაღები პოზიცია დააფიქსირა.

უკრაინაზე საუბრისას პუტინმა კატეგორიული ტონით მოითხოვა მინსკის შეთანხმების შესრულება კიევის მხრიდან.  აქ მას უკვე დასავლეთი აღარ გაუკრიტიკებია, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში „ნორმანდიის ფორმატის“ მონაწილე საფრანგეთისა და გერმანიის გაღიზიანებას მოერიდა.

რაც მთავარია, პუტინმა პირდაპირი ტექსტით განაცხადა, რომ რუსეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ე.წ. დონბასის მხარდაჭერას (რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიები), რაც სახიფათო გზავნილია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.

დონბასზე ასეთი ღია გზავნილი შემთხვევითი არ არის, რადგან, როგორც ჩანს, მოსკოვში ახალი გეგმა მუშავდება. ბოლო პერიოდში რუსი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის გარშემო ახალი გაერთიანების შექმნაზე, რომელშიც, მათი აზრით, აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც უნდა შევიდნენ.

ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 12 ნოემბერს, ვლ. პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების თაობაზე პროგრამის დამტკიცება  მოჰყვა, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ღიად დაიწყო საუბარი რუსეთთან ახალი „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის გეგმაზე.

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ მხარეს უწინ რუსეთთან ინტეგრაციის თაობაზე უარყოფითი პოზიცია ქონდა. რაც შეეხება, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს აქ მოსკოვს დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან მისი ლიდერები უკვე დიდი ხანია რუსეთთან ნებისმიერი ფორმით ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.