რონდელის ბლოგი

რუსული გაზის მონოპოლიის დასასრული ბალკანეთზე

2021 / 02 / 12

გივი ბარამიძე, ანალიტიკოსი 

 

2021 წლის დასაწყისში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის ბაზარზე სამი მოვლენა მოხდა, რასაც გრძელვადიანი გავლენა ექნება „გაზპრომის“ ბიზნესზე რეგიონში და მთლიანობაში ევროკავშირის ბაზარზე. რუსულმა მასმედიამ მხოლოდ ერთი მათგანი გააშუქა ფართოდ: 1 იანვარს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა საზეიმოდ გასცა ნებართვა რუსული გაზის მიწოდებაზე თავის ქვეყანაში, ახალი მარშრუტით - ბულგარეთის გავლით ბალკანეთის ნაკადის მეშვეობით, რაც გახდა თურქული ნაკადის გაზსადენის მეორე ხაზის გაგრძელება.

ამასთან, რამდენიმე საათით ადრე, გასული წლის ბოლო დღეს, ბულგარეთმა დაიწყო აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის მიღება ტრანსადრიატიკული გაზსადენით (TAP), რომლის მშენებლობა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი 1 იანვარს საბერძნეთის საზღვარზე, სოფელ კულატაში მდებარე კომპრესორების სადგურს ესტუმრა, სადაც განაცხადა: „დღეიდან - სრული დივერსიფიკაცია!“ ამრიგად, მან არსებითად გამოაცხადა „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება ბულგარეთის ბაზარზე.

მესამე საახალწლო ღონისძიება იყო ხორვატიის კუნძულ კრკზე გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) მიმღები ახალი მცურავი ტერმინალის კომერციულ ექსპლუატაციაში მიღება. რეგაზიფიკატორმა გემმა ამერიკული ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერი მიიღო და ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემაში საწვავის გადატუმბვა დაიწყო, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ სისტემასთან. ასე რომ, ხორვატიას, რომელსაც აქამდე საწვავს ექსკლუზიურად, ფაქტობრივად, მხოლოდ „გაზპრომი“ აწვდიდა, ახლა შეეძლება არა მხოლოდ მომწოდებლების დივერსიფიკაცია, არამედ გაზის ექსპორტიორის როლის შესრულება, მაგალითად, უნგრეთსა და უკრაინაში.

„გაზპრომის“ ვებგვერდის თანახმად, 2019 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე რუსული გაზის უდიდესი მყიდველები იყვნენ ხორვატია (2.82 მილიარდი კუბური მეტრი), საბერძნეთი (2.41 მილიარდი კუბური მეტრი) და ბულგარეთი (2.39 მილიარდი კუბური მეტრი). სერბეთი (2.13 მილიარდი კუბური მეტრი) რეგიონში მეოთხე ადგილზეა.

ახლა უკვე კომერციულ ექსპლუატაციაში შესული ხორვატიული „გათხევადებული ბუნებრივი აირის“ ტერმინალის საპროექტო სიმძლავრე 2.6 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. ამრიგად, ხორვატიამ ფაქტობრივად ერთ დღეში შეიძინა თეორიული შესაძლებლობა თითქმის მთლიანად დაეტოვებინა „გაზპრომის“ მომსახურება. სრულად ამის გაკეთება ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ რუსეთში შეძენილი გაზის მოცულობა შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსულ კომპანიას ამიერიდან გაზრდილ კონკურენციასთან მოუწევს გამკლავება ხორვატიაში და ეს აუცილებლად იმოქმედებს ფასებზე. უფრო მეტიც, საჭირო იქნება კონკურენცია არა მხოლოდ თავად ხორვატიის ბაზარზე. კუნძულ კრკის მახლობლად „გათხევადებული ბუნებრივი აირის“ ტერმინალის წარმოების მნიშვნელოვანი ან თუნდაც უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გადის. მოსალოდნელია, რომ უნგრეთი გახდება მთავარი მყიდველი, თუმცა პოტენციურ მომხმარებლებში უკრაინაც არის დასახელებული.

უნგრეთი ძალიან მნიშვნელოვანი გაყიდვების ბაზარია „გაზპრომისთვის“. 2019 წელს რუსულმა კომპანიამ ამ ქვეყანას 11.26 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიჰყიდა. რუსეთი გეგმავს უნგრეთიდან გაზის გატანას ავსტრიაში, სადაც რუსეთის ექსპორტისთვის გადამწყვეტი - ბაუმგარტენის გაზსადენი (Gas Hub Baumgarten) მდებარეობს. აქ უნდა წავიდეს გაზის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლის გადატუმბვასაც რუსეთი აპირებს თურქული ნაკადის მეორე ხაზით, რომელიც განკუთვნილია ევროპისთვის. მისი მოცულობა 15.75 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში.

კუნძულ კრკთან გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალის მოცულობა სრულად არის დაჯავშნილი შემდეგი სამი წლის განმავლობაში, 80% იჯარით აღებულია 2027 წლამდე და დაახლოებით 50% - 2035 წლამდე, რაც პროექტის ეფექტურობაზე მეტყველებს. „გაზპრომის“ ეს კონკურენტი გრძელვადიანი გეგმით გამოჩნდა და აშკარად მოთხოვნადია, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ რეგაზიფიცირებული გათხევადებული გაზი ზოგადად უფრო ძვირია, ვიდრე მილსადენის გაზი. ათასი კუბური მეტრი გათხევადებული გაზის სრული კაპიტალური ხარჯი მილსადენის აირზე საშუალოდ 30-35 პროცენტით მაღალია.
 

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ სრულად ამოქმედდა

თუ გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალის კომერციული ფუნქციონირების დაწყება ხორვატიაში „გაზპრომის“ მონოპოლიური პოზიციის დაკარგვას და უნგრეთში კონკურენციის გაძლიერებას  ნიშნავს, მაშინ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებით რუსულმა მიმწოდებელმა დაკარგა მონოპოლიური პოზიცია ბულგარეთში და ამიერიდან გაზრდილი კონკურენციით მოუწევს ფუნქციონირება საბერძნეთში და იტალიაში. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში რუსულ კომპანიას ბრძოლა მოუწევს არა კატარის, ალჟირის ან აშშ-ის „გათხევადებულ ბუნებრივ აირთან“, არამედ უფრო მომგებიან აზერბაიჯანულ მილსადენის გაზთან.

„სამხრეთის გაზის დერეფანი“ ორი მილსადენის სისტემაა. ერთია „ტრანსანატოლიური მილსადენი“ (TANAP), რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წელს. ამ მილსადენით აზერბაიჯანული ლურჯი საწვავი, საქართველოს გავლით, თურქეთის მთელ ტერიტორიას მიეწოდება საბერძნეთის საზღვრამდე. თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე „ტრანსანატოლიური მილსადენი“ (TANAP) უერთდება „ტრანსადრიატიკულ გაზსადენს“ (TAP), რომელიც უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული გაზსადენი გადის საბერძნეთის და ალბანეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი - ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და იტალიაში სრულდება.

„ტრანსადრიატიკული მილსადენის“ სიმძლავრეა 10 მილიარდი კუბური მეტი წელიწადში, საიდანაც 8 მილიარდი კუბური მეტრი განკუთვნილია აზერბაიჯანული გაზის მთავარი მყიდველისთვის ევროკავშირში, იტალიისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში იტალია „გაზპრომისთვის“ მეორე მნიშვნელოვანი ბაზარია გერმანიის შემდეგ. 2019 წელს რუსულმა კომპანიამ იტალიას 22.1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. თეორიულად, „ტრანსადრიატიკული მილსადენის“ ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ რუსეთიდან ბუნებრივ აირზე მოთხოვნა შესაძლოა დაახლოებით მესამედით შემცირდეს.

უკვე 2021 წელს, „ტრანსადრიატიკული მილსადენიდან“ 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი საბერძნეთში, ხოლო 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ბულგარეთში უნდა წავიდეს. იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წელს თითოეულმა ქვეყანამ რუსული „გაზპრომისგან“ დაახლოებით 2.4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, ამ ორ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება შეიძლება დაახლოებით 40-45 პროცენტით შემცირდეს. ასევე, მაგალითად, თბილი ზამთრის ან ანტიეპიდემიოლოგიური ჩაკეტვების გამო საწვავის დაბალი მოხმარების შემთხვევაში, რუსული გაზის მიწოდების მაჩვენებელი შეიძლება 50 პროცენტითაც დაეცეს.

ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ მილსადენებს ევროპის ენერგეტიკული დივერსიფიკაციისთვის და შესაბამისად რუსული გაზის მონოპოლიის დასრულებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 2026 წლისთვის ტრანსანატოლიური მილსადენის დატვირთვა წლიურად 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ტრანსადრიატიკული მილსადენის კი 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე იგეგმება. მსგავსი გამტარუნარიანობის შემთხვევაში, იტალიაში, ბულგარეთსა და საბერძნეთში რუსული გაზის მოთხოვნა, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გაანალიზებაც. მიმდინარე წლის 21 იანვარს, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ორი კასპიისპირა ქვეყანა წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლის და განავითარებს. ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს. ამ სტრატეგიული ხაზის ამუშავებამ ევროპაში რუსული გაზის საჭიროება შესაძლოა მთლიანად  ეჭვქვეშ დააყენოს.

ამავდროულად, სერბეთი აშკარად სარგებლობს ფინანსურად მარშრუტისა და სატრანზიტო გადასახადების განაკვეთის ცვლილებებით, რადგან მისთვის ათასი კუბური მეტრი რუსული გაზის ფასი 240-დან 155 დოლარამდე შემცირდა. ეს კი რუსული გაზის კონკურენტუნარიანობას ზრდის. ამავე დროს, რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ჯერ კიდევ არ გადაუჭრია  კრემლის მიერ მისთვის დასმული სტრატეგიული ამოცანა - სრულად შეწყვიტოს გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით.
 

უთანხმოება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ირგვლივ

ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მონოპოლიური მდგომარეობის შესუსტების პარალელურად, ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტით იგეგმება, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით ბუნებრივი აირის მიწოდებას გერმანიისთვის ითვალისწინებს. ევროპაში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს დაბრკოლებას აშშ-ის სანქციები უქმნის.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, პროექტს ეწინააღმდეგებოდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მასშტაბის წინააღმდეგობაზე იქნება საუბარი მისი პრეზიდენტობის დროს. ერთი რამ მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი ისევ იქნება პროექტის წინააღმდეგი. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის მიხედვით, „გაზპრომი“ გამტარუნარიანობის მხოლოდ 50 პროცენტით გამოყენებას შეძლებს. „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ 90 პროცენტი უკვე დასრულებულია, თუმცა მისი მშენებლობა გასულ წელს, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების გამო, შეჩერდა. რუსულმა კომპანიამ საქმიანობა დამოუკიდებლად განაგრძო და რუსულმა ხომალდმა „ფორტუნამ“, აშშ-ის სანქციების მიუხედავად, დანიის წყლებში მილების ჩალაგება დაიწყო.

არსებული მდგომარეობის საფუძველზე, ბალკანეთში რუსულ გაზს კონკურენციული პირობები ექნება, რაც კონტინენტის ამ ნაწილში რუსული გავლენის შესუსტებასაც ნიშნავს. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სანქციები შედეგს გამოიღებს, ევროპაში რუსული ბერკეტის მუშაობას ძირეული შესუსტება ემუქრება. თუმცა, რუსულ პროექტს ბევრი მომხრე ჰყავს თავად ევროპაში, რაც, ამ ეტაპზე, მცირე სივრცეს ტოვებს საბოლოო დასკვნებისთვის. 

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.