რონდელის ბლოგი

შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები

2021 / 03 / 01

ოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

თერ გლურჯიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დიპლომატიის სკოლის სტუდენტი და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 


2020 წლის 30 დეკემბერს ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს, სინ ძინპინგს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ ვირტუალურ პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირმა ჩინეთთან ოფიციალურად გააფორმა ყოვლისმომცველი საინვესტიციო ხელშეკრულება. ევროპარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება დაგეგმილია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში.

ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულება უნდა გახდეს მამოძრავებელი ძალა ამ ორ აქტორს შორის ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. შეთანხმება მოიცავს საკითხებს, როგორებიცაა ბაზრის ხელმისაწვდომობა და ინვესტიციების დაცვა. მას შეუძლია ევროპულ ინვესტიციას გზა გაუხსნას   მსოფლიოს რიგით მეორე უდიდეს ეკონომიკასთან, რაც შექმნის სამუშაო ადგილს როგორც ევროკავშირში, ისე ჩინეთში. ხელშეკრულებაზე  მოლაპარაკებები დაიწყო 2013 წელს და მოიცვა 30-ზე მეტი ეტაპი. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება, ერთი შეხედვით, ეკონომიკურად სარგებლის მომტანია, თან ახლავს რამდენიმე გამოწვევაც. გამოწვევები ძირითადად უკავშირდება ჩინეთში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს, რომლებსაც შეუძლია შეასუსტოს ევროკავშირის მიმართ ნდობა და ძირი გამოუთხაროს მის ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს.

სურათი 1. ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერების ვირტუალური კონფერენცია საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ (წყარო: ჩინეთის გლობალური ტელევიზიის ქსელი)

 

ადამიანის უფლებების გამოწვევების მივიწყება ეკონომიკური სარგებლისათვის

როგორც ევროკავშირის პრესსამსახურმა განაცხადა ვირტუალური კონფერენციის შემდეგ, ჩინეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი საინვესტიციო შეთანხმება მიზნად ისახავს „მონაწილეთა შორის ღირებულებებზე დაფუძნებულ საინვესტიციო ურთიერთობებს“. ჩინეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, და რომ აღარაფერი ვთქვათ დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის არარსებობაზე, ევროკავშირის  ხელშეკრულების დადებაზე მიღებული გადაწყვეტილება ზედმეტად ოპტიმისტურია. მას შეუძლია  ადამიანის უფლებებთან მიმართებით ევროკავშირის ინსტიტუციონალური სანდოობის შემცირება. 

ჩინეთი არ არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) იძულებითი შრომის შესახებ კონვენციის წევრი და კრძალავს ქვეყანაში დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირების არსებობას. ჩინეთის დასავლეთი რეგიონი – სინძიანი სპეციალური იძულებითი სამუშაო ბანაკებითაა ცნობილი. ეთნიკური უმცირესობების მილიონობით წარმომადგენელს, უიღურებსა და ტიბეტელებს, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში  იძულებით უწევთ დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება. ისინი მუშაობენ ინდუსტრიულ კომპანიებში, ბამბის პლანტაციებში ან მშენებლობაზე და მათთვის არ არის უზრუნველყოფილი არც ჯანმრთელობის დაზღვევა და არც უსაფრთხოების აღჭურვილობა. ზოგიერთ მათგანს გზავნიან საზღვარგარეთ, მათ შორის ევროკავშირშიც, ძირითადად, მანქანათმშენებელ კომპანიებში სამუშაოდ.

მაშინ, როდესაც აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა სრულიად აკრძალეს ჩინეთში ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ბამბა და იძულებითი შრომის შედეგად მიღებული სხვა სახის საქონელი, ევროკავშირს არანაირი ამკრძალავი ზომები არ მიუღია. მეტიც, ჩინეთ-ევროკავშირის შეთანხმება მიზნად არ ისახავს ჩინეთის ევროკავშირში სამუშაოდ გაგზავნილი  მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას. მიუხედავად ევროკომისიის განცხადებისა, რომ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთი „საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ძირითად კონვენციაზე მოაწერს ხელს“, არ არსებობს არანაირი დათქმული ვადა ჩინეთის მთავრობის მიერ კონვენციის რატიფიცირებისთვის. ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის ანგელა მერკელი, ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირს ჩინეთთან  „ხელსაყრელ ბალანსს“ შეუქმნის. სინამდვილეში, ის შეიძლება გახდეს  ევროკავშირის ღირებულებების ეკონომიკური სარგებლის მიზნით „სასწორზე შემოგდება“. ჩინური კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ არა ადგილობრივ, არამედ  ჩინელ მუშახელს. აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის  დასაქმების ახალი შესაძლებლობები შეიქმნება, საკმაოდ დაბალია. მსგავს პრობლემას ვაწყდებით აზიისა და აფრიკის ქვეყნებშიც, სადაც ჩინურმა ინვესტიციამ  სამუშაო ადგილების რაოდენობა კი არ გაზარდა, არამედ შექმნა ეგრეთ წოდებული „დე ფაქტო ანკლავები“ ჩინელი მუშახელისთვის. 

შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ინტერესებსა და მის ღირებულებებს და ორგანიზაციისთვის უზრუნველყოფს ჩინეთში „იძულებითი შრომის აღმოსაფხვრელად საჭირო ბერკეტს“. ამის მიუხედავად, საეჭვოა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია დათანხმდება შრომითი უფლებების რეფორმირებას ან დამოუკიდებელი პროფკავშირების არსებობას. ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერა კომუნისტური რეჟიმისთვის წარმოადგენს ლეგიტიმაციას, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს მასობრივი რეპრესიები ეთნიკური უმცირესობებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამას შეიძლება ჰქონდეს ე.წ. გადაღვრის ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა შეიძლება „დაჯილდოვდეს“ ხელსაყრელი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებით. საინვესტიციო შეთანხმება თელავს იმ დემოკრატიულ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი უჭერს მხარს და მოცემულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეასუსტოს მისი საერთაშორისო სანდოობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ეს ჩინეთის მთავრობამ შეიძლება აღიქვას ეთნიკური უიღურებისა და ტიბეტელების იძულებით მუშაობაზე „თვალის დახუჭვად“. 

 

ესაძლო გავლენა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე

30 დეკემბრის შეთანხმების მიუხედავად, ევროკავშირს საინვესტიციო ხელშეკრულება ჯერ არ აქვს რატიფიცირებული. წევრ ქვეყნებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩინეთში არსებული შრომითი უფლებების გამოწვევებთან დაკავშირებით. შეთანხმებამ კი შესაძლოა კიდევ უფრო შეასუსტოს ორგანიზაციის  ერთიანობა, განსაკუთრებით – ბრექსიტის შემდეგ. ასევე, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რომლის გაღრმავებას ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში  ბევრი მოელის, შეიძლება რეალურად გარკვეული სირთულეების წინაშე დადგეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, მათ შორის, ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით.  შეთანხმება, რომელიც სწორედ ბაიდენის არჩევნებამდე გაფორმდა,  შესაძლოა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისთვის გამოწვევა აღმოჩნდეს. ბევრს მიაჩნია, რომ შეთანხმება უკავშირდება ევროკავშირის ლიდერების იმედგაცრუებას, რაც განპირობებული იყო აშშ-ჩინეთის „პირველი ფაზის“ სავაჭრო გარიგებით. ევროკავშირისთვის ჩინეთთან დადებული შეთანხმება შეიძლება იყოს აშშ-სთან გათანაბრების მცდელობა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვის ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამით შესაძლოა ხელი შეეშალოს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან მიმართებით. ამრიგად, შეთანხმების დადებისთვის შეირჩა შესაფერისი მომენტი. პირველ რიგში, ეს იყო აშშ-ის ადმინისტრაციაში გარდამავალი პერიოდი და მეორე მხრივ, ევროკავშირის საბჭოს გერმანიის პრეზიდენტობა, რომელიც ემხრობოდა ამ შეთანხმებას. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება შეიძლება ხანმოკლე იყოს, იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი არ შეასრულებს დანაპირებს. ამასთანავე, მერკელის მანდატის შემდეგ გერმანია შეიძლება უფრო კრიტიკული რიტორიკით შემოიფარგლოს ჩინეთის მთავრობის მიმართ. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების პოზიციებიც ჩინეთთან მიმართებით უფრო სკეპტიკური ხდება, განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის შემდეგ.

ევროკავშირს ჩინეთის მიმართ აქვს მრავალმხრივი პოლიტიკა და მას ერთდროულად განიხილავს, როგორც პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ მეტოქეს. ეს მიდგომა ბადებს კითხვას, შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა. პრაქტიკულად, რთულია ვაჭრობისა და ინვესტიციების (ჩინეთი, როგორც პარტნიორი), უსაფრთხოებისა და ფასეულობების (ჩინეთი, როგორც სისტემური მეტოქე) განცალკევება. შესაბამისად, ევროკავშირის შესაძლებლობები, გაუმკლავდეს ჩინეთს ერთიანი თანამიმდევრული მიდგომით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი აშშ-სთან თანამშრომლობით პეკინის მიმართ  სამომავლო პოლიტიკის გადახედვას საჭიროებს. ტრამპის „დიპლომატიური ვანდალიზმისგან“ განსხვავებით, ბაიდენმა მოკავშირეები მრგვალ მაგიდასთან უნდა მიიწვიოს, რათა  ჩინეთის მიმართ ერთობლივი მიდგომა შემუშავდეს. ამრიგად, ჩინეთ-ევროკავშირის შეთანხმებას აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან მკაფიო მოწოდებები უნდა მოჰყვეს ჩინეთის საკითხთან დაკავშირებული თანამშრომლობის შესახებ. ამგვარად, ევროკავშირისა და აშშ-ის გაერთიანებულ ძალებს მეტი ბერკეტი ექნებათ ჩინეთის მიმართ. თანამოაზრე ქვეყნების მრავალმხრივმა თანამშრომლობამ კი შეიძლება კატალიზატორის როლი შეასრულოს ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.