რონდელის ბლოგი

აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო

2021 / 05 / 14

დავით ნატროშვილი,  კონტრიბუტორი, საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების მაგისტრი, კავკასიის უნივერსიტეტი
 

2021 წლის 9 აპრილს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა, რომელიც 18 სააგენტოს საქმიანობას უწევს კოორდინაციას (ე.წ. Intelligence Community), საფრთხეების შეფასების წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 27-გვერდიან დოკუმენტში  ასახულია უსაფრთხოების ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც, შესაძლოა, აშშ მომდევნო 1 წლის მანძილზე დადგეს.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ეს საფრთხეები  არა მხოლოდ  აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება, არამედ – ზოგადად ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობას, რომლის შენარჩუნების მთავარი გარანტი დღეს ამერიკაა.

ეჭვს გარეშეა, რომ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესუსტება დოკუმენტში წარმოდგენილი ნეგატიური ტენდენციების გაძლიერების ფონზე, უარყოფითად აისახება ყველა იმ აქტორზე, ვისთვისაც დღეს მოქმედი საერთაშორისო ინსტიტუტები, ლიბერალური წესები და ნორმები დაცულობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს, მათ შორის, ისეთ ქვეყნებზეც, რომლებმაც სწორედ აღნიშნული წესრიგის პირობებში მოიპოვეს და ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას. 

ამ კუთხით თუ შევხედავთ, ეროვნული დაზვერვის სამსახურის საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ბევრ ისეთ საკითხს აღმოვაჩენთ, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც აქტუალურია. გარდა იმისა, რომ ეს საფრთხეები მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს მთავარი მხარდამჭერის, მისი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის წინააღმდეგ და საერთაშორისო სისტემაში მისი გავლენის შესუსტებას ემსახურება, ისინი ასევე მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევენ უსაფრთხოების გარემოში, რომელიც პერსპექტივაში შესაძლოა ისეთი ფორმით ჩამოყალიბდეს, რომ გაართულოს ჩვენი ეროვნული მიზნების და ამოცანების რეალიზება.

 

საფრთხეები და გამოწვევები 2021 წელს

დაზვერვის დოკუმენტში წარმოდგენილი საფრთხეების სპექტრი ფართოა და მოიცავს საფრთხეების როგორც ტრადიციულ, ისე არატრადიციულ ფორმებს, დაწყებული დღევანდელი მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმებით და მათი რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკით, გაგრძელებული ტრანსნაციონალური გამოწვევებით და დამთავრებული  რეგიონალური არასტაბილურობით და კონფლიქტებით.

 

ჩინეთი

დაზვერვის ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკისთვის და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის ნომერ პირველ გამოწვევას დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და გლობალური ძალაუფლებისაკენ მისი სწრაფვა წარმოადგენს. ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდას ვაშინგტონი აწყდება როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ დონეზე.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წელს ჩინეთი კვლავ გააგრძელებს რეგიონში ძალის დემონსტრირებას იმისთვის, რომ მეზობლებს საკუთარი უპირატესობა აგრძნობინოს. ამ პოლიტიკის შედეგად, ჩინეთის სამეზობლოში შესაძლოა დაძაბულობის ახალი კერები გაჩნდეს ან უკვე არსებული გაძლიერდეს.

რეგიონალურ და გლობალურ დონეზე გავლენების გაზრდისთვის, სამხედრო-დიპლომატიური ბერკეტების გარდა, ჩინეთს არსენალში აგრეთვე  აქვს ე.წ. „ვაქცინის დიპლომატია“ და „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა“, რომელიც ხელს უწყობს ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების ზრდას საზღვარგარეთ. ჩინეთის მომძლავრება სულ უფრო და უფრო ხელშესახები ხდება ასევე კოსმოსსა და კიბერტექნოლოგიების სფეროში, რომელსაც ეს უკანასკნელი აქტიურად იყენებს ქვეყნის შიგნით და გარეთ იდეოლოგიური კონტროლისთვის და ტექნოლოგიებზე დამყარებული ავტორიტარიზმის გასაძლიერებლად. საგულისხმოა, რომ ჩინეთი აქტიურად ცდილობს ადამიანის უფლებების სფეროში ახალი საერთაშორისო ნორმების დამკვიდრებას, რომლის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, „სახელმწიფო ინტერესის” (Raison d’État) სახელით, ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამართლება.

 

რუსეთი

კიდევ ერთი რევიზიონისტი სახელმწიფო, რომელიც არსებული საერთაშორისო წესრიგის გადასინჯვას ესწრაფვის, რუსეთია. იგი ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც გლობალური დღის წესრიგის შემოქმედმა და მულტიპოლარული მსოფლიოს ერთ-ერთმა მთავარმა მოთამაშემ. ამ მიზნის მისაღწევად, დოკუმენტის ავტორების თანახმად, რუსეთი 2021 წელს ტაქტიკათა ნაირსახეობას გამოიყენებს – ეცდება, შეარყიოს აშშ-ის გავლენა მსოფლიოში, დაამკვიდროს ახალი საერთაშორისო ნორმები, შეიძინოს ახალი მოკავშირეები, გათიშოს დასავლეთის ქვეყნები და დაასუსტოს დასავლური კავშირები. მოსკოვი ეცდება, ვაშინგტონთან მიაღწიოს შეთანხმებას შიდა საქმეებში ჩაურევლების და გავლენის სფეროების აღიარების შესახებ, განსაკუთრებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.  

რეგიონალურ და გლობალურ დონეზე საკუთარი პოზიციების გაძლიერების მიზნით  რუსეთი ეცდება გამოიყენოს გავლენის ოპერაციები, დაზვერვა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მოხალისეები, მკვლელობები, იარაღით ვაჭრობა, ენერგორესურსებით მანიპულაცია და სხვ. აღნიშნულ ქმედებების არეალს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა, სადაც მოსკოვი ესწრაფვის, წარმოჩინდეს, როგორც შეუცვლელი მედიატორი (სირია, ლიბია), ლათინური ამერიკა, სადაც იარაღით ვაჭრობის გზით და ენერგოშეთანხმებებით ცდილობს შეღწევას, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია, სადაც, დოკუმენტის ავტორების შეფასებით, რუსეთს საკუთარი გავლენის გასაზრდელად ხელსაყრელი პოზიციები აქვს, განსაკუთრებით, კავკასიაში, ბელარუსსა და უკრაინაში.

კიდევ ერთი მიმართულება, სადაც რუსეთი ამერიკისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, არის დაზვერვა. დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი აქტიურად იყენებს დაზვერვის სამსახურებს და გავლენის სხვადასხვა მექანიზმს იმისთვის, რომ განხეთქილება შეიტანოს დასავლელ მოკავშირეებში, შეინარჩუნოს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე და გაზარდოს საკუთარი გავლენა მსოფლიოში ამერიკის პოზიციების შესუსტების ხარჯზე.

 

ირანი და ჩრდილოეთი კორეა

დაზვერვის დოკუმენტში ასევე საუბარია ირანის და ჩრდილოეთ კორეის, როგორც რეგიონალური საფრთხეების შესახებ. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ირანი და ჩრდ. კორეა კვლავ ეცდებიან, პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით შეარყიონ ამერიკის გავლენა, მათ შორის, ამერიკის მოკავშირეებზე სამხედრო მუქარის და მიმდინარე კონფლიქტებში ანტიამერიკული პოზიციების დაჭერის გზით. ორივე ქვეყანა, განსაკუთრებით კი ირანი, ეცდება გამოიყენოს კიბერტექნოლოგიები და სადაზვერვო საშუალებები იმისთვის, რომ დააზიანოს ამერიკის და მისი მოკავშირეების კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვაშინგტონში.

განსხვავებით ირანისგან, ჩრდილოეთი კორეა ამერიკისა და მისი მოკავშირეებისათვის დამატებით მნიშვნელოვან ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩრდ. კორეის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მისი სახელმწიფოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მთავარი გარანტი ბირთვული შეიარაღებაა და არ წყვეტს შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების განვითარებაზე მუშაობას.

 

ტრანსნაციონალური საფრთხეები

დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ასევე ტრანსნაციონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომლებსაც თავიანთი მასშტაბებიდან გამომდინარე შეუძლიათ შეცვალონ საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი.

ნომერ პირველ ტრანსნაციონალურ საფრთხედ დასახელებულია კოვიდ-19-ის პანდემია, რომელიც ხასიათდება შორს მიმავალი შედეგებით და გარდა უშუალოდ ჯანდაცვის სფეროში წარმოქმნილი პრობლემებისა, ასევე აჩენს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას დიდ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც, პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, ერთმანეთს უპირატესობის მოპოვებასა და გავლენების გაზრდაში ეჯიბრებიან.

ცალკეულ ქვეყნებში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები წარმოქმნის და აღრმავებს უკვე არსებულ არასტაბილურობას. ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება დადგეს ფინანსური და ჰუმანიტარული კრიზისების წინაშე, რაც, თავის მხრივ, ზრდის მიგრაციის, ხელისუფლების ჩამოშლის და შიდა კონფლიქტების რისკებს. პანდემია გავლენას ახდენს ასევე უსაფრთხოების დღის წესრიგსა და პრიორიტეტებზე. თავდაცვის სფეროში დანახარჯების შემცირება უარყოფითად აისახება გაეროს სამშვიდობო ოპერაციებზე, კონტრტერორისტულ ღონისძიებებზე და სხვ. რაც, დოკუმენტის ავტორების თანახმად, სამომავლოდ გაართულებს კონფლიქტების მართვას.

სხვა ტრანსნაციონალური საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან აღსანიშნავია კლიმატური ცვლილებები, ორგანიზებული დანაშაული, მიგრაციები, გლობალური ტერორიზმი და კიბერტექნოლოგიების განვითარება ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ, რომლებიც თავის თავში შეიცავს სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ადამიანთა მასობრივი  გადაადგილების, დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების გაღრმავების, ექსტრემიზმის აღზევების და შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტების, ასევე მოსახლეობაზე კონტროლის გამკაცრების რისკებს.

 

რეგიონალური არასტაბილურობა

აშშ-ის და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 2021 წლის მანძილზე კვლავაც იქნება შეიარაღებული კონფლიქტები. ქვეყნის შიგნით დაპირისპირების და სამოქალაქო ომების მიზეზი შესაძლოა გახდეს ბრძოლა ძალაუფლებისა და რესურსებისთვის, ეთნიკური და იდეოლოგიური შუღლი, ხოლო ქვეყნებს შორის კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა იყოს სასაზღვრო დავები, მაგალითად, როგორც გასულ წელს ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ეს კი სამხედრო კონფრონტაციის მაღალ რისკს შეიცავს. აღნიშნული საფრთხის გეოგრაფიული არეალი ფართოა და ფაქტობრივად მთელ მსოფლიოს მოიცავს: ავღანეთი, ინდოეთი-პაკისტანი, ახლო აღმოსავლეთი, ერაყი, ლიბია, სირია, აზია, ლათინური ამერიკა და აფრიკა.

შეჯამების სახით ვიტყვით, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის 2021 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი საქართველოსთვის, სულ მცირე, ორ საყურადღებო მომენტს შეიცავს:

პირველი - საერთაშორისო სისტემაში მისი მთავარი მოკავშირის – აშშ-ის გავლენის შესუსტება ნეგატიურად აისახება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა არაღიარების პოლიტიკა, დეოკუპაცია, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.

მეორე – ლიბერალური წესრიგის რღვევა და საერთაშორისო სისტემაში ავტორიტარული სახელმწიფოების გავლენის ზრდა სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეცვლის უსაფრთხოების გარემოს, რაც ბევრ სახელმწიფოს, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ეგზისტენციური გამოწვევების წინაშე დააყენებს.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.