რონდელის ბლოგი

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში

2021 / 06 / 10

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
 

ბოლო ხანებში რადიოსა და მედიის სხვა საშუალებებში ხშირად ისმის ასეთი პოპულისტური ბუნების მკაცრი განცხადებები: „არ გაბედონ და ნატოში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე არ შევიდნენ! ამას ქართველი ერი არ დაუშვებს!“. ასეთი რიტორიკა ახასიათებს რამდენიმე პოლიტიკური ძალისა და მოძრაობის წარმომადგენლებს, რომელთაც კრებსითად „პრორუსულ ძალებს“ უწოდებენ. ამ სულისკვეთებას, სამწუხაროდ, მხარს უჭერს საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელთა უმეტესობაც, შესაძლოა, სულაც არ აცნობიერებდეს ამ ლოზუნგების პრორუსულ არსს.  

აღსანიშნავია, რომ  შესაბამისი ტერიტორიული დათქმის გამოყენებით ნატოში შესვლის იდეა და მის გარშემო ატეხილი აურზაური მხოლოდ ნატოს თემით არ შემოიფარგლება. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები მოსახლეობას ამ საკითხს საკმარისად არ განუმარტავენ. გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიური მიდგომა  მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითაც გავრცელდება და ამიტომ მთავრობისა და მთლიანად საზოგადოების ამოცანაა, მოსახლეობას ფუნდამენტურად აუხსნას და განუმარტოს ამ პრინციპის (რომელზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ) სარგებელი.   

ნატოში „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე“ გაწევრიანების იდეა არახალია. ის პირველად რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა ექსპერტმა ლუკ კოფიმ გამოთქვა. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ასევე ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა გენერალმა ბენ ხოჯესმა მხარი ღიად დაუჭირეს მას.  ეს იდეა, ჩემი აზრით, იდეალური და ჩვენთვის საუკეთესო, ასევე შედარებით უსაფრთხო გამოსავალია იმ ჩიხიდან, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილის ოკუპაციამ შეგვიყვანა და რომელიც ნატოში ჩვენს გაწევრიანებას წინ ეღობება. ამაში დასარწმუნებლად იმის გახსენებაც კმარა, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თავისი უარი საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე სწორედ ასე განმარტა - როგორ უნდა მივიღოთ ნატოში ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია მესამე ძალის მიერ?

ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სათანადოდ არ აუხსნეს მოსახლეობას და აუცილებელია მკაფიო განმარტებებით რაც შეიძლება მალე შევზღუდოთ სივრცე ამ საკითხზე სხვადასხვა სახის სპეკულაციისათვის. ეს განსაკუთრებით იმიტომაც არის აუცილებელი, რომ პრობლემა, შესაძლოა, მალე ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებასაც შეეხოს და კიდევ უფრო აგრესიული სპეკულაციების საგანი გახდეს.
 

შევეცდები რამდენიმე მკაფიო არგუმენტის მოყვანას.

  • „ნატოში შესვლა“ არ ნიშნავს სადღაც, რაღაც სხვა სახელმწიფოში გადაბარგებას და იმ ნაწილის, რომელიც თითქოსდა „დავტოვეთ“, მოკვეთას და გადაგდებას. ნატოში შესვლა გულისხმობს ხელშეკრულების დადებას იმ ქვეყნებთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ კოლექტიურად დაიცვან ერთმანეთი მესამე ქვეყნებისგან შესაძლო აგრესიის შემთხვევაში. რეალურად, ეს აქტი გულისხმობს ვაშინგტონის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ურთიერთვალდებულების აღებას იმაზე, რომ თუ ნატოს წევრ ქვეყანას ვინმე თავს დაესხმება, ერთად დაიცვან იგი. ასეთი აქტი არ დააკნინებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ჩვენს ლეგიტიმურ უფლებებს. არანაირი საერთშორისო სტატუს-კვო არ შეიცვლება და ორივე რეგიონი დარჩება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ, მესამე ძალის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად.
     
  • თუ საქართველოს რომელიმე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ვერ ხორციელდება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი, გასაგებია, რომ ხელშეკრულების მონაწილე სხვა ხელმომწერებს ვერ/არ უნდა მოვახვიოთ თავს ჩვენი ნატოში გაწევრიანებამდე დიდი ხნით ადრე გაჩენილი პრობლემები, არ მოვთხოვოთ ჩაერთონ კონფლიქტში იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს. ასეთი მიდგომის რეალიზების ერთადერთ საშუალებად კი ხელშეკრულებაზე დათქმის გაკეთება გვესახება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ სანამ საქართველო არ აღადგენს კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებზე, ნატოს სხვა წევრი ქვეყნები არ იქნებიან ვალდებული განიხილონ ეს ტერიტორიები კოლექტიური თავდაცვის (მე-5 მუხლის არეალი) ობიექტად.  ასეთ პირობებში, თუ ჩვენ შევუტევთ რუსულ სამხედრო ძალებს, მაგალითად, აფხაზეთში, ნატოს სხვა წევრი ქვეყნები არ იქნებიან ვალდებული, რომ ჩვენთან ერთად იომონ. მაგრამ თუ აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის (ან ნებისმიერი სხვა) მიმართულების გამოყენებით რუსეთი ან სხვა სახელმწიფო შემოიჭრება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს ნატოს 30 (ან იმ დროისთვის მეტი) წევრი სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება, რაც აგრესორს ძალზე ძვირი დაუჯდება.
     
  • ნატოსგან დაცული საქართველო ამოისუნთქებს, გახდება მიმზიდველი ინვესტიციებისთვის, გაიზრდება მისი საერთაშორისო პრესტიჟი და რეგიონის სხვა დიდ და მცირე სახელმწიფოებს გაუჭირდებათ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა. ეს სწრაფი განვითარების, სტაბილური დემოკრატიისა და სხვა მრავალი სიკეთის მომტანი იქნება.

საინტერესო ფაქტია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ნატოსთან ხელშეკრულებაში შესაძლო დათქმის იდეას ამდენი აურზაური მოჰყვა, როცა არავის აუტეხავს „განგაში“ იმაზე, თუ რა მოელის იმავე რეგიონებს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში. ჩვენ ხომ 2024 წელს ვაპირებთ ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადის შეტანას?  ნუთუ, იმავე პოპულისტურად მოაზროვნე საზოგადოებას ჰგონია, რომ თუ ჩვენი საკითხი დადებითად გადაწყდება და გაწევრიანების მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არ მოგვიწევს ანალოგიური ტიპის დათქმის გაკეთება? რომ გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულება არ დააკონკრეტებს გამომდინარე ვალდებულებების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არგავრცელების საკითხს?

რეალურად ასე მოხდება ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაშიც. და ამის მაგალითია უკვე არსებული დათქმა ჩვენსა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებაში. კერძოდ, მუხლში 429 ნათქვამია, რომ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის დებულებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ამ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენს“. პოპულისტების ლოგიკით (რა თქმა უნდა, მცდარი), ჩვენ 2014 წელს უკვე გვიღიარებია მათი საქართველოდან გამოყოფა.   

საერთაშორისო  პრეცედენტიც არსებობს, რომელიც ცხადყოფს, რომ ასეთი სახის დათქმის არსებობა სრულიად მოსალოდნელი და ბუნებრივია ანალოგიური შეთანხმებების გაფორმებისას.  მაგალითად, კვიპროსის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების (2003 წ.) მე-10 ოქმი აზუსტებს შეთანხმების დებულებების იმ ტერიტორიებთან მიმართება/გამოყენებას, რომლებიც კვიპროსის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება და რომელთა რეინტეგრირების შესახებ (იგულისხმება კვიპროსის ე.წ. თურქული ნაწილი) გაეროს ეგიდით წარმოებულმა მოლაპარაკებებმა საკმარისი შედეგი ვერ გამოიღო.  კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმება ამ ოქმის შესაბამისად დაწესებულ მხარეთა ვალდებულებებსა და უფლებებს დროებით არ ავრცელებს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე. აღნიშნული ოქმით კვიპროსის თურქული ნაწილის „ჩამოშორება“ დანარჩენისგან არავის უცდია და არც არავის მოსვლია თავში (იქ, კვიპროსში), რომ გაეპროტესტებინა ამ სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის თითქოსდა ფარულად ცნობის აქტი. პირიქით, მას შემდეგ კუნძულის გაერთიანების მოლაპარაკებები და პროცესი კიდევ უფრო მშვიდობიანად წარიმართა, წინ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ პროგრესი ხელშესახებია და მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლება ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად აღდგენილია. 

თუ ნატოს პრეცედენტებს დავუბრუნდებით, ასევე გავიხსენოთ, რომ 1955 წელს ნატოში მხოლოდ დასავლეთ გერმანია გაწევრიანდა, მაგრამ ამის გამო ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან არავის უცნია აღმოსავლეთ გერმანიის დამოუკიდებლობა. ასევე კარგად ვიცით, თუ რა შედეგით დასრულდა ორი გერმანიის არსებობის ისტორიული პროცესი.        

თუ საქმე ევროკავშირში გაწევრიანების შეთანხმების მოლაპარაკებებამდე მივა, საქართველოს მიმართაც ანალოგიური მოდგომა იქნება უეჭველად გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებასაც, ვინც შეეცდება თითქოსდა ევროკავშირში შესვლით „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის“ თემით სპეკულირებას. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფართო საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომ მოსახლეობამ სათანადოდ გაიგოს საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გარკვეული ტერიტორიების დათქმის შედეგად დროებით „ამოღების“ პრინციპი.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.