X

რონდელის ბლოგი

რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან

2021 / 06 / 12

გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 
 

2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში ჩატარდება ნატოს სახელმწიფოს მეთაურების 31-ე სამიტი. წლებია ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრები დიდ ინტერესს იწვევს საქართველოში, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ამგვარად უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანადაა აღიარებული.

უკვე აშკარაა, რომ საქართველო ბრიუსელის შეხვედრისგან ბევრს არაფერს უნდა ელოდოს. ამის პირველი ნიშანი, ალბათ, ის იყო, რომ ამჯერად საქართველო სამიტზე არც კი მიუწვევიათ.

მიუხედავად მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისა, დღეს ნატოს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანების და თუნდაც  გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (მაპი) მინიჭებაზე უფრო მეტი სკეპტიციზმია, ვიდრე 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტისას იყო, როცა საქართველოს (და უკრაინას) უარი უთხრეს მაპზე, რომელიც, მრავალი ექსპერტის აზრით, ქვეყანას დამსახურებული ჰქონდა. ბუქარესტის სამიტის დროს გერმანიის მიერ მაპის დაბლოკვის არგუმენტაცია სულ რამდენიმე თვეში გამოაშკარავდა, როგორც იმთავითვე მცდარი. კანცლერ ანგელა მერკელის პოზიცია ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭება გამოიწვევდა რუსეთის აგრესიული ქმედებების პროვოცირებას. მალე კი გამოაშკარავდა, რომ სწორედ იმან, რასაც მაშინ გერმანია რუსეთის მიმართ კონსტრუქციულობის გამოხატულებად მიიჩნევდა, საქართველოს წინააღმდეგ  პუტინის რეჟიმის სამხედრო აგრესიის პროვოცირება გამოიწვია, რადგან რუსეთი, როცა უთმობენ, ამას აღიქვამს არა კეთილ ნებად, არამედ - სისუსტის ნიშნად.

შესაძლოა, მაშინ ბერლინში, პარიზსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში წინასწარ არ სცოდნოდათ, რომ დათმობის პოლიტიკა რუსეთს აგრესიისკენ უბიძგებდა, თუმცა ეს მათი სტრატეგიული ანალიზის ხარვეზებზე მიუთითებს. მაგალითად, საქართველოში კარგად გვესმოდა, რომ კოსოვოს აღიარების შემდეგ და საქართველოს დაუცველად დატოვების შემთხვევაში რუსეთი მოქმედებაზე გადავიდოდა. მართალია, მაპი არ წარმოადგენს დაცვის მექანიზმს, მაგრამ მისი არმიცემა საქართველოსთვის რუსეთმა ნატოს სისუსტედ აღიქვა და ივარაუდა, რომ მის აგრესიაზე საქართველოს საკითხზე გაყოფილი ალიანსისგან ნაკლებად იყო მოსალოდნელი ადეკვატური რეაქცია.

შემდგომ მოვლენებს ყველაფერი ბევრად უფრო აშკარა უნდა გაეხადა. ამის მიუხედავად, 2008 წლის რუსული აგრესიიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ, ასევე კეთილი ნების გამოსახატად, მოსკოვს გაუარესებული ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დასაწყებად „გადატვირთვა“ შესთავაზა. რუსეთმა, უკვე ჩვეულებრივ, საკუთარი აგრესიის დაუსჯელად დატოვება მორიგ სისუსტედ და შესაძლებლობად აღიქვა და 2014 წელს მისი აგრესიის მსხვერპლი უკვე უკრაინა გახდა. 

მოკლედ, რუსეთმა ყველანაირად აჩვენა, რომ ის არაა დაინტერესებული დასავლეთთან ურთიერთობების გამოსწორებით მაშინაც კი, როცა მისგან ცალმხრივ დათმობებს იღებს. ამის მიზეზი თავად რუსეთის პოლიტიკური სისტემის თავისებურებებშია, რომელთა გამო ხელისუფლება  ვერ ფუნქციონირებს, თუ მას ძალაუფლების მონოპოლია არ აქვს (ეგრეთ წოდებული ძალაუფლების ვერტიკალი). ამას კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, რუსეთის მოსახლეობის წარმოდგენაში გარე მტრის და რეალურად არარსებული საფრთხის დამკვიდრება სჭირდება, რასაც პუტინის ხელისუფლება წლების განმავლობაში მეთოდურად აკეთებს. 

უნდა ითქვას, რომ თუ 2021 წლის ნატოს სამიტი საქართველოსთვის ფუჭად ჩაივლის, ამის მიზეზების ნაწილი ჩვენს თავშიც უნდა ვეძიოთ. ნატოში ჩვენი გაწევრიანების მომხრეებს სკეპტიკოსების დასარწმუნებლად ძლიერი არგუმენტები სჭირდებათ. ამისთვის საქართველოს უნდა შეეძლოს დასავლელი პარტნიორების დაინტერესება ჩვენი გეოპოლიტიკური ფასეულობით, მაგალითად, ჩვენი უნარით, დავაკავშიროთ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონები. ასევე, საქართველოს განსჯიან მისი დემოკრატიული რეპუტაციის მიხედვით, თუმცა არსებობს პრეცედენტებიც, როცა ალიანსში დემოკრატიის იდეალისგან საკმაოდ შორს მდგომი ქვეყნებიც მიუღიათ (რაც სწორედ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით მოხდა).

სამწუხაროდ, ბრიუსელის სამიტის წინ საქართველოს არც ერთ ამ სფეროში განსაკუთრებული მიღწევებით არ  შეუძლია თავის მოწონება. ის ფასეულობა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით შეიძინა, მსოფლიო ეკონომიკაში ნავთობის როლის შემცირებასთან ერთად ნაკლებად აქტუალური ხდება, ხოლო უდიდესი პოტენციალი, რომელიც მის რეგიონულ სატრანსპორტო ფუნქციას უკავშირდება, არარეალიზებული რჩება. ამისთვის საკმარისია  სტრატეგიული მნიშვნელობის ანაკლიის პორტის პროექტის ფიასკოს გახსენება, რასაც თან ერთვის საქართველოს რკინიგზის (ბოლო დრომდე  რეგიონული გადაზიდვების მონოპოლისტის) განუხრელი დეგრადირება, თან მაშინ, როცა გასულ წლებში აზერბაიჯანმაც და ყაზახეთმაც კასპიის ზღვაზე მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა განავითარეს. სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანში, რომელსაც შეეძლო ჩვენთვის საერთაშორისო სტრატეგიული ფასეულობა  შეეძინა, საქართველო სუსტ რგოლად ყალიბდება. 

2012 წელს ხელისუფლების დემოკრატიული გზით გამოცვლის შემდეგ ჩვენს პარტნიორებს ჰქონდათ გარკვეული მოლოდინი, რომ საქართველო შეძლებდა დემოკრატიის ხარისხის გაზრდას, პირველ რიგში, კანონის უზენაესობის სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორებით. მაშინ ხომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ თემად სწორედ ადამიანის უფლებები და „სამართლიანობის აღდგენა“ აქცია, თუმცა დასავლეთში შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რეიტინგი ჩამოქვეითდა (ახლა უკვე სამხრეთ კავკასიაშიც კი აღარ ვართ ლიდერის პოზიციაზე). მეტიც, წელს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საგანგებო ვიზიტის მიზანი არა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა, არამედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლობა ქვეყნის ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. ამ საკითხს (რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი დაქვეითებულია და საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურ დევნას ეწევა) საქართველოსთვის მაპის შეთავაზების საწინააღმდეგოდ ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ცნობილი ანალიტიკოსი ჰენრიკ ლარსენი სრულიად კონკრეტულად ახსენებს (სტატიის სათაური მეტყველია: „რატომ არ უნდა მისცეს ნატომ საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“.

ეჭვი არ მეპარება, რომ მრავალი პოლიტიკოსი თუ მათი მრჩეველი დასავლეთის არაერთ ქვეყანაში ისედაც არ იყო განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღსავსე საქართველოს გამო ახალი რისკების გაწევისა და პარალელურად რუსეთთან საკუთარი ფინანსური ინტერესების დაზიანების პერსპექტივის გამო. მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა მათ რეალური საბაბიც აქვთ, რომ საკუთარი პოზიცია უეჭველი არგუმენტებით გაამყარონ.  როგორც ზემოთ აღვნიშნე, დემოკრატიის დეფიციტის მიუხედავად, ნატოში ქვეყნების გაწევრიანების პრეცედენტები არსებობს, ასევე - გერმანიისა, რომელიც 1955 წელს თავის აღმოსავლეთ ნაწილს ვერ აკონტროლებდა და არც მის დამოუკიდებლობას აღიარებდა. მაშინ დემოკრატიის ხარვეზები ამ ქვეყნების გეოპოლიტიკურმა ფასეულობამ გააწონასწორა. საქართველოს კი, დემოკრატიული უკუსვლის სანაცვლოდ, დღეს ბევრი არაფერი აქვს საჩვენებელი - როგორც უკვე ვახსენე, საკუთარი გეოპოლიტიკური (და გეოეკონომიკური) ფასეულობა მან თავადვე შეგნებულად და მიზანმიმართულად დაიყვანა მინიმუმამდე. ამგვარი პოლიტიკა „შეგნებული“ იმიტომ მგონია, რომ „პატარა სოფლის“ კონცეფცია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო „დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების საგანი“, დღევანდელი ხელისუფლების ლიდერებს თავიდანვე სამოქმედო გეგმად ჰქონდათ გამოცხადებული. სამწუხაროდ, ამ გეგმის შესრულება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ საქართველო აქტიურად აღარ ეცდებოდა რეგიონული როლის შესრულებას, რადგან ამით დასავლეთისთვის (და თავისი უშუალო მეზობლებისთვის) უფრო ფასეული იქნებოდა.

ჩემი აზრით, დასკვნა განსაკუთრებით დამაიმედებელი არ არის: იმ დროს, როცა ნატოში ჩვენი გაწევრიანების მთავარ მომხრეებს და მოკავშირეებს უნდა ვამარაგებდეთ მტკიცე არგუმენტებით, თუ რატომ იმსახურებს საქართველო მაპს და საბოლოო ჯამში - ნატოში გაწევრიანებას, ჩვენ არაერთი ხელმოსაჭიდი საბაბი მივეცით ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს. შედეგად, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ნატოს ბრიუსელის სამიტი საქართველოს არაფერ ღირებულს არ მოუტანს.   

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.