X

რონდელის ბლოგი

ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში

2021 / 06 / 22

დავით შატაკიშვილი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი

 

ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთის ფედერაციასა და ევროკავშირს 2015 წლიდან უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი გაუჩნდათ. ეს არის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და ამ შემთხვევაში ერთიანი ევროპის პრინციპი ქვეყანათა განსხვავებულმა პოლიტიკურმა და ფინანსურმა ინტერესებმა გადაფარა. პროექტი, თავისი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავიდანვე აღმოჩნდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში და წლების განმავლობაში იყო მსოფლიო აქტორებს შორის არაერთი სანქციის, კრიტიკისა და დაპირისპირების საბაბი. პროექტის შედეგებს ქვეყნები დღემდე სხვადასხვაგვარად აფასებენ. რუსეთისთვის, ეკონომიკურ მნიშვნელობასთან ერთად, პროექტს აქვს პოლიტიკური დატვირთვაც, ევროპის ერთი ნაწილისთვის - ბერკეტი ევროპაში მოსკოვის გავლენების გაძლიერებისა, ხოლო მეორე მხარე კი მის ეკონომიკურ სარგებელსა და ენერგო ბაზრების დივერსიფიცირებაზე საუბრობს. ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში მესამე ძალად გვევლინება, რომელიც, ერთი მხრივ, ეძებს სტრატეგიულ კავშირებს ევროპაში, თუმცა ამავდროულად არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ მისი მონდომება მსოფლიოს მიაწოდოს საკუთარი თხევადი ბუნებრივი გაზი. პროექტის განხორციელების პროცესში  არაერთხელ შეიცვალა თუ გადაფასდა ქვეყნების პოზიციები. საინტერესოა, რა ეტაპზეა დღეს ეს პროცესები და როგორია საერთაშორისო აქტორების ბოლო პოზიციები, რამდენადაც პროექტის დასრულებას მიმდინარე წლის სექტემბერში ელოდებიან და მისი ობიექტები მომდევნო კვირიდან სატესტო რეჟიმში იწყებენ მუშაობას.

 

კონსტრუქციულობით გამართლებული „ხელის ჩაქნევა“ თუ სტრატეგიული ნაბიჯი?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პროექტს „ჩრდილოეთი ნაკადი 2“, ხაზს უსვამდა რა რუსეთის მზარდ გავლენებსა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის საფრთხეებს. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაზსადენი ოფიციალურ ბერლინსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების საგნად იქცა. გერმანია შტატების მაშინდელ პრეზიდენტს ახირებულ, არაპროგნოზირებად საქციელსა და შურისძიების სურვილში სდებდა ბრალს.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროექტში ჩართულები მოუთმენლად ელოდნენ არჩეული პრეზიდენტის პოზიციას. ჯო ბაიდენი მიმდინარე წლის დასაწყისში აქტიურად განიხილავდა სანქციების საკითხს, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის სანქციებმა აზრი დაკარგა. პრეზიდენტის ბოლო განცხადების მიხედვით,  მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ პროექტის იდეას ჩანასახშივე ეწინააღმდეგებოდა, მიმდინარე ეტაპზე, 95%-ით დასრულებულ პროექტში ჩართული მხარეებისთვის სანქციების აზრს ვეღარ ხედავს. ამასთან, მან ევროპასთან ურთიერთობის გაუარესების საფრთხე დაინახა და პროექტისთვის ხელის შეშლა კონტრპროდუქტიულად შეაფასა. ამ პოზიციის გამო აშშ პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, საკუთარ პარტიაშიც კი. ბაიდენის ეს პოზიცია საეჭვოდ დაემთხვა მის პირველ ევროპულ ტურნეს, რომელიც ივნისში შედგა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა როგორც ევროგაერთიანების ლიდერებთან, ასევე ბრიტანეთის დედოფალთან და პრემიერ-მინისტრთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან და ვლადიმერ პუტინთან. სავარაუდოდ, ბაიდენს იმ ევროპული ურთიერთობების ნორმალიზაციისაკენ აქვს აღებული გეზი, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს საგრძნობლად დაზარალდა. ბაიდენის საბოლოო პოზიციის გამოვლენის შემდეგ არ დააყოვნა რუსეთის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ გამომდინარე ამერიკის სურვილიდან გააუმჯობესოს ურთიერთობები ევროპაში ძირითად პარტნიორებთან, სანქციები მას არახელსაყრელ პოზიციაში ჩააყენებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტიც ზედმეტი გართულებების გარეშე დასრულდება.

 

ამერიკის ენერგოინტერესები ევროპაში

გარდა იმ პოლიტიკური მისწრაფებებისა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპასთან მიმართებით აქვს, მნიშვნელოვანია ერთი ფუნდამენტური საკითხი: ამერიკას აქვს თხევადი ბუნებრივი გაზის საკმაოდ დიდი მარაგი, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ლათინური ამერიკის (ბრაზილია, ჩილე, მექსიკა, არგენტინა და სხვა), ასევე აზიის ქვეყნებში (მათ შორის, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ინდოეთი). მის სურვილს, საგრძნობლად გაეზარდა ექსპორტი ევროპაში, ცუდად დაემთხვა პროექტი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“, რომელშიც ვაშინგტონმა პირდაპირი რისკები დაინახა. 2019 წელს, პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, ევროპას შტატების ენერგეტიკული მდივანი რიკ პერი ეწვია, რათა ევროპა ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის უპირატესობებში დაერწმუნებინა. მან რუსულ გაზს უხარისხოც კი უწოდა და საკუთარი ქვეყნის პროდუქტი გერმანულ ავტომობილებს შეადარა - ძვირი, მაგრამ ხარისხიანი. სწორედ ამავე პერიოდში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი, ევროპაში რუსული ენერგეტიკული ინტერესებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, რომელიც ამერიკული ინვესტიციების ზრდის გზით უნდა მომხდარიყო.

მიუხედავად რიგი წინააღმდეგობებისა, ამერიკა წარმატებით ახერხებს საკუთარი ენერგობაზრების დივერსიფიცირებას და ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროპაში ექსპორტის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში 760%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პოზიციების დათმობის რისკებს ხედავს ვაშინგტონი „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ განხორციელებით, თუმცა შესაძლოა მათ ამ გამოწვევასთან გამკლავების სხვა სტრატეგიაც ჰქონდეთ და ბაიდენის „დათმობაც“ სწორედ ამის წინაპირობა იყოს.

გრაფიკი 1. ამერიკული თხევადი ბუნებრივი გაზის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით (2019-2020)

წყარო: ამერიკის ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტო (EIA)

 

უკიდურეს ინტერესთა კონფლიქტი

პროექტის იდეის გამოთქმისთანავე ევროპის ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ. პროექტის ყველაზე დიდი ლობისტი გერმანია იყო, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე მოკავშირეებისთვის პროექტის ეკონომიკური სარგებლის დამტკიცებას ცდილობდა. მეორე მხრივ, მისი შეჩერება და გადარწმუნება რამდენჯერმე სცადეს და სხვადასხვა კუთხითაც „მიუდგნენ“, თუმცა შედეგი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიღეს. იყო საუბარი რუსული გავლენების გაძლიერებაზე ევროპაში, რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების, როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენებაზე, პროექტის შეუსაბამობაზე ევროპის კლიმატურ პოლიტიკასთან და სხვა. ამასთან, ბოლო დროს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხიც კი გამოიყენეს, რათა პროცესი შეჩერებულიყო და ამგვარად გაეცათ პასუხი რუსეთის ქმედებებისთვის. ევროპის ქვეყნებმა გერმანიას ერთიანი ევროპული სოლიდარობის იდეის ძირის გამოთხრაშიც დასდეს ბრალი, თუმცა ამ უკანასკნელის პოზიცია უპრეცედენტო მასშტაბის პროექტთან დაკავშირებით ურყევი აღმოჩნდა.

პროექტის განხორციელების შედეგებს, უპირველეს ყოვლისა, იგრძნობს უკრაინა, რომელიც ძირითადი ენერგოგამტარის სტატუსს კარგავს. ამასთან ერთად, უმცირდება რუსეთზე გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტიც. გარდა პოლიტიკური გავლენებისა, უკრაინა კარგავს წლიურ 3 მილიარდ დოლარამდე სატრანზიტო შემოსავალს, რაც მისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება. გასული კვირის დასაწყისში კიევს აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია სტუმრობდა. სენატორებმა უკრაინელ კოლეგებს პირობა მისცეს, რომ კიდევ ერთხელ ეცდებიან წინ აღუდგნენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ მშენებლობას, თუმცა რამდენად რეალისტურია 95%-ით დასრულებული 11-მილიარდ დოლარიანი პროექტის შეჩერება, ცოტა რთული წარმოსადგენია.

 

ევროპა შედეგების მოლოდინში

ეჭვგარეშეა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ კონკრეტული შედეგები იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო თვალსაჩინო გახდება. უპირველეს ყოვლისა თამაშგარე პოზიციაში რჩება როგორც უკრაინა, ასევე პოლონურ-ბელარუსული გაზსადენი, რაც რუსეთს ხელს აძლევს გააგრძელოს სამხედრო აგრესია როგორც უკრაინაში, ასევე ბელარუსში, ეს კი ევროპის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს ქმნის. გარდა ამისა, საინტერესოა, რა კუთხით შეიცვლება რუსული პოლიტიკა ევროპაში, როდესაც ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩაიგდებს ხელში მნიშვნელოვან ენერგეტიკულ რესურსს. სავარაუდოა, რომ ადგილი ექნება როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური დივიდენდების მაქსიმალურად მიღების მცდელობას. ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო პოზიციის შემდეგ უნდა ველოდოთ ევროპასთან მიმართებით მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებას. ერთი მხრივ, იგი ეცდება ევროპაში საიმედო საყრდენების მოძიებას, ურთიერთობების ნორმალიზაციასა და გავლენების გაძლიერებას, მეორე მხრივ, აუცილებლად გადადგამს ნაბიჯებს საკუთარი თხევადი ბუნებრივი გაზის სარეალიზაციო არხების შენარჩუნებისათვის და დაიწყებს ახალ ბაზრებზე გასვლისთვის ახალი სტრატეგიების შემუშავებას. საშუალოვადიან პერიოდში უნდა ველოდოთ ნატოს პოლიტიკის გადახედვას ევროპაში და რუსული გავლენების მაქსიმალური შეზღუდვის მცდელობებს, რაც მისი მანიპულაციური ქმედებების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს. გარდა პოლიტიკური შედეგებისა, განსხვავებული იქნება მოცემულობა ფინანსური კუთხითაც. მნიშვნელოვანი ზარალი აქვს უკრაინას მაშინ, როდესაც გერმანია მიიღებს სატრანზიტო შემოსავლებს ბუნებრივი აირის სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსპორტირების სანაცვლოდ. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებს მოუწევთ საკუთარი ენერგოპოლიტიკის გადახედვა და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღება. პროექტის შედეგები დროის გასვლასთან ერთად უფრო ნათელი გახდება, რაც ქვეყნებს პროაქტიული გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგებს. სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული მათი მდგრადობა და სტაბილურობა გარემო პირობებისა და პოტენციური საფრთხეების მიმართ.

თემატური პოსტები

© 2025 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.