რონდელის ბლოგი

ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება და მისი პოტენციური შედეგები რეგიონისთვის

2021 / 06 / 25

მარიამ მიქიაშვილი, რონდელის ფონდი

 

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ბევრი ვერ იწინასწარმეტყველებდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არათუ სახალხო ამბოხს აირიდებდა თავიდან, არამედ დემოკრატიულ არჩევნებში, თუნდაც სწორად გათვლილი საარჩევნო კამპანიის შედეგადაც კი, ხმათა თითქმის 54%-ს აიღებდა. რამ განაპირობა ეს შედეგი და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

2018 წელს სომხეთის რევოლუციის შედეგად, ხელისუფლებას ჩამოშორდა სერჟ სარგსიანი და მასთან ერთად ე.წ. „ყარაბაღის კლანი“, რომელიც ქვეყანას 20 წელი მართავდა. „ძველი რეჟიმი“ წარმოადგენდა ტიპურ პოსტსაბჭოთა კორუმპირებულ, ავტორიტარულ ელიტას, წარმოშობით ყარაბაღელი ლიდერებით. რობერტ ქოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტიც იყო, ხოლო სერჟ სარგსიანი ყარაბაღის თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ნიკოლ ფაშინიანმა მოახერხა ხალხის გაერთიანება და ხელისუფლებაში ეკონომიკური პროგრესის, სასამართლოს რეფორმისა და კორუფციის აღმოფხვრის დაპირებით მოვიდა. არაერთი წარმატების პარალელურად, ფაშინიანი ერიდებოდა სწრაფ მოქმედებებს, რაშიც შეცდომების დაშვებისა და კანონის გვერდის ავლის საფრთხეს ხედავდა. რეფორმებს მოწყურებული ელექტორატის ნაწილში ამან იმედგაცრუებაც გამოიწვია. ფაშინიანი, თავად ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტპატიმარი, დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ თვითონაც და მისი მთავრობაც მედიისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყვნენ. ფაშინიანის მმართველობის პერიოდში მედია უფრო მრავალფეროვანიც გახდა. ამას ისიც განაპირობებდა, რომ რეჟიმის ცვლილების შემდეგ მედიარესურსების დიდი ნაწილი „ძველი ელიტების“ ხელში დარჩა. ამის გამო ფაშინიანი ლოიალური მედიის ნაკლებობასაც კი განიცდიდა. თუმცა პოპულარობით შეგულიანებულ პრემიერ-მინისტრს ეს ნაკლებად ადარდებდა და მოსახლეობას სოციალური მედიის საშუალებით პირადად ეკონტაქტებოდა.

ფოტოს ავტორი: დანიელ ფალიანი

საყურადღებოა, რომ მედია ფაშინიანს მუდმივად ადანაშაულებდა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის „ჩაბარების“ განზრახვაში. თუმცა როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა ფაშინიანს ყარაბაღის მიმართ, მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა აზერბაიჯანთან რაიმე სერიოზული დათმობა მაშინ, როდესაც სომხები გამარჯვებულ და საკმაოდ თავდაჯერებულ პოზიციაში იყვნენ. აზერბაიჯანთან მომავალ წარუმატებელ ომს მოსახლეობაში ცოტა თუ წარმოიდგენდა. მოწინააღმდეგეთა მხრიდან დეზინფორმაციისა და პოპულარობის დაკარგვის მუდმივი შიშის ფონზე, პრემიერ-მინისტრს ყარაბაღთან მიმართებით საკმაოდ პარადოქსული პოლიტიკა ჰქონდა: იგი მიიჩნევდა, რომ კონფლიქტის გადაჭრის ნებისმიერი სცენარი მისაღები უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანელებისთვისაც. ასევე, ფაშინიანის აზრით, სომხეთს, პირველ რიგში, უშუალოდ საკუთარი ინტერესებისთვის უნდა მიეხედა და მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობის მაგივრად არ უნდა ელაპარაკა. თუმცა სომხეთისა და ყარაბაღის გამიჯვნის მცდელობა აისახა იმაში, რომ მან მოლაპარაკებების მაგიდასთან დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ცალკე წარმომადგენლობის არსებობა ისურვა, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელი იყო. ამის პარალელურად კი, ქალაქ შუშაში ვიზიტის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ არცახი (ყარაბაღის სომხური სახელი) სომხეთია, შემდეგ კი ხალხთან ერთად ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანების აღმნიშვნელ ტერმინს - „მიაცუმ“-ს სკანდირებდა. სხვა მრავალ დეტალს შორის აღსანიშნავია ისიც, რომ ფაშინიანმა, ფაქტობრივად, უარი თქვა ეუთოს მიერ შემუშავებული მადრიდის პრინციპებით მოქმედებაზე, რაც 2007 წლიდან ყარაბაღის მოლაპარაკებების საფუძველს წარმოადგენდა.

ომში დამარცხების შემდეგ „ძველ რეჟიმს“ მიეცა შესაძლებლობა, ხალხი ფაშინიანის ღალატში დაერწმუნებინა. ეს კი, მათი მტკიცებით, დიდწილად ფაშინიანის მთავრობის „სოროსისტობის“ ბრალი იყო. არჩევნებში 21%-ით მეორე ადგილზე გასული ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი ირწმუნებოდა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას თუნდაც დიპლომატიით მოახერხებდა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მისი მმართველობის პირობებში ყარაბაღის ომი საერთოდ არ მოხდებოდა. უნდა ითქვას, რომ ამაში ქოჩარიანი ალბათ მართალიც კი არის. სომხეთში კორუმპირებულ, ავტორიტარულ რეჟიმს რუსეთი საქმეს ამდენად არ გაუფუჭებდა. ამიტომ ომი ან საერთოდ არ დაიწყებოდა, ან რუსეთი უფრო მეტად შეეცდებოდა საკუთარი სტრატეგიული მოკავშირის დახმარებას. მიუხედავად იმისა, რომ გაპრემიერებისთანავე ფაშინიანმა თავისი ძველი პროევროპული რიტორიკა შეცვალა და სომხეთის რუსეთის გავლენის ქვეშ არსებულ სტატუს-კვოს რაციონალურად მოერგო, რუსეთისთვის სომხეთის დემოკრატიზაციის ნებისმიერი მცდელობა ქვეყნის ვესტერნიზაციის უდიდეს საფრთხეს შეიცავდა. შესაბამისად, მოსკოვს ნამდვილად არ ეწყინებოდა ომის შემდეგ ერევანში დემოკრატიული ხელისუფლების ცვლილება. ეს ვითარება საკმაოდ წააგავს რუსეთის განზრახვებს 2008 წელს საქართველოსთან ომის პირობებში.

შექმნილმა ვითარებამ სომხეთში დასაბამი მისცა „ზიზღის პოლიტიკას“. უამრავმა ადამიანმა ხმა მისცა მას, ვინც, უბრალოდ, უფრო ნაკლებად ეზიზღება. ამისი გათვალისწინებით, პირადად ფაშიანიანის პოზიციები სამომავლოდ საკმაოდ მყიფე შეიძლება იყოს, თუკი გამოჩნდება ვინმე ქმედუნარიანი ალტერნატიული რეფორმისტული ძალა და მისი ერთადერთი პოტენციური შემცვლელი ისევ მასობრივად საძულველი „ძველი რეჟიმი“ არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთში მოვლენები საქართველოს სცენარით არ განვითარდეს, სადაც რეფორმისტების მიმართ დაგროვილი შიში, ზიზღი და მათი მუდმივი დემონიზაცია სტაგნაციის მრავალწლიან პერიოდში გადაიზარდა. ფაშინიანის შედარებით ფრთხილი და ნელი სტილი შესაძლოა ამისი გარანტიც კი იყოს, თუმცა ეს გულისხმობს რეფორმებში საყოველთაო იმედგაცრუების რისკსაც. საბედნიეროდ, ფაშინიანის მხრიდან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება აქარწყლებს იმ შიშს, რომ იგი მომავალში ღიად პრორუსული ძალების ნებაზე დამოკიდებული იქნებოდა. მას შეუძლია ქვეყნის მართვა განმტკიცებული ლეგიტიმაციით, უფრო მხნედ გააგრძელოს.

უნდა ითქვას, რომ ფაშინიანის ამომრჩეველმა მას ყარაბაღის დაკარგვა კი არ „აპატია“, არამედ ამაში მთავარ დამნაშავედ ისევ ქოჩარიანი და „ძველი რეჟიმი“ მიიჩნია, რომელიც 20 წლის განმავლობაში ქვეყანას და მათ შორის ჯარსაც კორუფციით ხდიდა სულს. ფაშინიანის მხრიდან აზერბაიჯანთან სამშვიდობო ზავის გაფორმება თითქმის მაშინვე გაამართლა სომხეთის გენშტაბმაც, რადგან არმია წლების განმავლობაში ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაში იყო, ვიდრე ეს ხალხს ეგონა. ეს კი ისევ „ძველი რეჟიმის“ მემკვიდრეობიდან გამომდინარეობს. ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს, რომ სომხური საზოგადოება ნაკლებად არის მიმართული რევანშისკენ და ორიენტირებულია ფაშინიანის მიერვე ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, ჩნდება იმედი, რომ ნელ-ნელა აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ ურთიერთობების რეალურ ნორმალიზაციას და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში - თანამშრომლობაც. ეს კი რუსეთის, როგორც კავკასიაში ტრადიციული შუამავლის, იმიჯს ნაკლებად რელევანტურს გახდის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის კონსტრუქციული ქცევაც. სომხეთის მოსახლეობას აღარ უნდა ჰქონდეს საფუძველი, მიიჩნიოს, რომ აზერბაიჯანის არმია სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცოცავ ოკუპაციას ახდენს. თუმცა, სამწუხაროდ აზერბაიჯანის გამარჯვებული მთავრობის მხრიდან კონსტრუქციულობის მზაობას ან სულაც სურვილს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც გარანტირებულად ვერ მივიჩნევთ.

რაც მთავარია, ფაშინიანის გამარჯვება ნიშნავს, რომ სომეხი ხალხის პრიორიტეტია სოციალური პროგრესი, დემოკრატიზაცია და სამართლებრივი სახელმწიფო, რასაც სხვა პოლიტიკური ფიგურა მათ 2021 წლის არჩევნებში ვერ სთავაზობდა. ეს ცნებები პირველ რიგში დასავლეთთან არის ასოცირებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სომხურ საზოგადოებაში ქართულთან შედარებით ტრადიციულად პოლიტიკურად უმნიშვნელოა დასავლეთისა და რუსეთის დიქოტომიური ხედვა და დასავლეთის სრულფასოვანი წევრობისაკენ იდეალისტური სწრაფვა. სხვათა შორის, 2020 წლის ომის შემდეგ სომხურ საზოგადოებას იმედები რუსეთის გარდა დასავლეთშიც გაუცრუვდა. მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული მოლოდინი, რომ ავტორიტარული აზერბაიჯანის მხრიდან დემოკრატიულ სომხეთზე თავდასხმას დასავლეთის მკაცრი რეაგირება მოჰყვებოდა და აზერბაიჯანს, მაგალითად, სანქციები მაინც დაეკისრებოდა. ამან ზოგიერთ სომეხ ექსპერტს უბიძგა, რუსეთის საპირწონედ ქვეყნისთვის არა დასავლეთთან, არამედ ჩინეთთან დაახლოება შეეთავაზებინა.

და მაინც, რაც უფრო დემოკრატიული და სამართლებრივი გახდება სომხეთი, მით უფრო ბუნებრივია მისი გაუცხოება რუსეთისგან და მისი სწრაფვა საზიარო ფასეულობების მქონე ქვეყნებისაკენ. ეს პროცესი დასავლეთის სასარგებლოდ რუსულ გავლენებს წყალს შეუყენებდა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რეგიონში, ამიტომ რუსეთი ისევ ნებისმიერი ხერხით ეცდება, არ დაუშვას სომხეთის დემოკრატიზაცია. თუმცა დემოკრატიული გამოცდილების დაგროვებამ და თაობათა ცვლამ სომხეთს მაინც უნდა უბიძგოს დემოკრატიული მიმართულების შენარჩუნებისკენ. ამით საქართველო ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის გარდა, სამხრეთ კავკასიაში იძენს იდეურ მოკავშირესაც. ეს პოტენციურად ამყარებს საქართველოს, როგორც ორ მეზობელს შორის შუამავლის ავტორიტეტიც. რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცესი არც მარტივია და არც გარანტირებული, მით უმეტეს, თუ სომხეთისა და ნატოს წევრი თურქეთის ურთიერთობებსაც გავითვალისწინებთ, მაგრამ თურქეთსა და სომხეთს შორისაც ყოფილა ურთიერთობათა გაუმჯობესების მცდელობა. იგი დიდწილად ისევ ყარაბაღის კონფლიქტის გამო ვერ განხორციელდა. დაბრკოლებების მიუხედავად, მოვლენათა ასეთ განვითარებას ახლა უფრო აქვს პერსპექტივა, ვიდრე 2021 წლის არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვებამდე ჰქონდა.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.