რონდელის ბლოგი

არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები

2021 / 06 / 30

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

ეთერ გლურჯიძე,  კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დილომატიის სკოლისა და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
 

არქტიკის რეგიონი, გლობალური დათბობის შედეგად, თანდათან ხდება რესურსებისა და გავლენის მოპოვების მიზნით ახალი დაპირისპირების სივრცე. პოლარული ყინულის დნობამ ეს გეოგრაფიულად განცალკევებული რეგიონი გაცილებით ხელმისაწვდომი  გახადა. ქვეყნებმა, კერძოდ, ჩინეთმა და რუსეთმა, მიზნად დაისახეს მანამდე მიუწვდომელი ენერგორესურსებისა და პოტენციური სატრანსპორტო გზების ათვისება. რუსეთმა უკვე დაიწყო არქტიკის ეკონომიკური და საბრძოლო მიზნებისთვის ტერიტორიის აქტიურად ათვისება, ხოლო ჩინეთის მთავრობამ საკუთარი თავი „არქტიკის მახლობელ“ სახელმწიფოდ გამოაცხადა ახალი  პოლარული სავაჭრო „აბრეშუმის გზის“ შესაქმნელად. რუსეთისა და ჩინეთის არქტიკულმა ამბიციებმა თანდათან მიიპყრო დასავლეთის ყურადღებაც და 2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელის ნატოს სამიტზე არქტიკა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო. ალიანსი შეთანხმდა კლიმატთან დაკავშირებულ გრძელვადიან სამოქმედო გეგმაზე რეგიონში ნატოსთვის საფრთხის მქონე მეტოქეობის შესამცირებლად. თუმცა არქტიკაში ბეიჯინგისა და კრემლის გავლენა დღითიდღე იზრდება და რეგიონში რუსული და ჩინური მზარდი საფრთხეების შესაკავებლად დასავლეთს სჭირდება სწრაფი ქმედება და თანამიმდევრული სტრატეგიის შემუშავება.

 

ახალი შესაძლებლობა კრემლისთვის

რუსეთი არქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სამხედრო ძალის მქონე სახელმწიფოა. კრემლი პრეტენზიას აცხადებს რეგიონის ყველაზე დიდ ნაწილზე, რადგან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს დაახლოებით 50%-ს აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი რეგიონს ყოველთვის მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროდ განიხილავდა. არქტიკის რეგიონში თანამშრომლობის საფუძველზე 1996 წელს შეიქმნა არქტიკის საბჭო, რომელშიც გაერთიანდნენ აშშ, რუსეთი, დანია, კანადა, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი. საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს სრულად გამორიცხავდა და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ქვეყნების თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად. საბჭოს სამუშაო მოიცავდა გარემოს დაცვისა და სამეცნიერო კვლევის საკითხებს. თუმცა, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, კრემლმა არქტიკული გეგმები დიადი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვების საკუთარ ამბიციებს მოარგო და რეგიონში სამხედრო და ეკონომიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. 2014 წელს პუტინის ადმინისტრაციამ განაახლა არქტიკის რეგიონის ეროვნული სტრატეგია 2035 წლამდე ვადით. დოკუმენტში პრიორიტეტი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რუსული ინტერესების დაცვას მიენიჭა, რითაც მანამდე არსებული თანამშრომლობის ურთიერთობებს გარკვეული ჩრდილი მიადგა. მეტიც, კრემლმა შეიმუშავა ახალი რიტორიკა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ინტერესები, ვითომ რეგიონში დასავლური გავლენის „შეჭრით“, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, არქტიკის რეგიონი, რომელიც ერთ დროს „მშვიდობის ზონად“ ითვლებოდა, თანდათანობით მოსკოვის დიადი სახელმწიფოს სტატუსის მოპოვების გეგმის ნაწილად და, შესაბამისად, დაპირისპირების ახალ ნიადაგად გარდაიქმნა.

 

რუკა 1. არქტიკის რეგიონის მილიტარიზაცია (წყარო: UpNorth)

რუსეთი, ენერგორესურსების თვალსაზრისით, არქტიკის რეგიონზე ძლიერ არის დამოკიდებული, რადგან მოპოვებული ბუნებრივი აირის დაახლოებით 80% და ნავთობის 17% ამ რეგიონზე მოდის. კრემლის წინასწარი გათვლებით, აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების პოტენციური ეკონომიკური სარგებელი 30 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. სწორედ ამიტომ რუსეთი, საკუთარი ინტერესების დასაცავად, აქტიურად განაგრძობს რეგიონში სამხედრო მობილიზებას. მისი მიზანი არა მხოლოდ თავდაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების გაზრდაა, არამედ ნატოსთან შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში - საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის ახალი ტერიტორიების ათვისება.

ჩრდილოეთში ყინულის დნობასთან ერთად, რეგიონში რუსეთმა უკვე გააფართოვა საკუთარი გავლენა. მისი სამხედრო აქტივობები კოლის ნახევარკუნძულიდან იმართება, სადაც რუსეთის ყველაზე დაწინაურებული საჰაერო და საზღვაო ბაზები და, ასევე, ბირთვული იარაღია თავმოყრილი. მილიტარიზებული ნახევარკუნძული ესაზღვრება არქტიკასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონს. ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მდებარეობა ტერიტორიას მოსკოვის უსაფრთხოების ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებს. გარდა სამხედრო აქტივობებისა, რუსეთი დაინტერესებულია ინფრასტრუქტურული პროექტებით, ბუნებრივი რესურსებითა და ჩრდილოეთის საზღვაო გზების განვითარებით. რუსული სამხედრო დანაყოფები განლაგებულია რუსეთის ჩრდილოყინულოვანი ოკეანის სანაპიროს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილებში, რაც კრემლს ეხმარება, რომ რეგიონში გაზარდოს საზღვაო მიმოსვლა და სამხედრო მზადყოფნა.

 

ჩინეთის პოლარული ამბიციები

მაშინ, როდესაც არქტიკაში რუსეთის საქმიანობამ დიდი ყურადღება მიიპყრო, ჩინეთმაც განაგრძო საკუთარი აქტიკული ამბიციების გამომჟღავნება და განვითარების გრძელვადიანი გეგმები დასახა. არქტიკის მუდმივად მზარდმა გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სიცოცხლისუნარიანობამ, რასაც ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებამაც, ბეიჯინგს არქტიკის პოლიტიკის შემუშავებისკენ უბიძგა. ამრიგად, 2013 წელს ჩინეთმა არქტიკის საბჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა, რამაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა რეგიონში საკუთარი გავლენა გაეფართოებინა. ჩინეთი არქტიკას საკუთარი უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან რეგიონად მიიჩნევს, რადგან ის ჩინეთისთვის აუცილებელი მექანიზმია გლობალური და სრულუფლებიანი საზღვაო სუპერსახელმწიფოს სტატუსის გასამყარებლად.

არქტიკა გეოპოლიტიკური შესაძლებლობაა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ალტერნატიულ სავაჭრო მარშრუტებს და სარგებლის მომტანია ჩინური „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მომავალი განვითარებისათვის. პოლარული წყლების ათვისება ჩინეთს ევროპასა და ამერიკასთან დამატებითი მარშრუტებით უკეთესად დააკავშირებს. ამჟამინდელ სავაჭრო მარშრუტებთან შედარებით, პოლარული საზღვაო გზა ბეიჯინგისთვის უსაფრთხო ალტერნატივაა. მაგალითად, მალაკის სრუტე, რომელიც საზღვაო აბრეშუმის გზის ერთ-ერთი კვანძია, მეკობრეობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო მსოფლიოში ყველაზე საშიშ საზღვაო მარშრუტად მიიჩნევა. გარდა ამისა, პოლარული აბრეშუმის გზა 40%-ით შეამოკლებს მანძილს ჩინეთიდან ევროპამდე და მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებსაც. ამრიგად, ბეიჯინგისთვის ჩრდილოეთის საზღვაო გზის ათვისება ძალიან სასარგებლო იქნებოდა.

 

რუკა 2: პოლარული და მალაკა-სუეცის საზღვაო აბრეშუმის გზები (წყარო: The Times)

2018 წელს ჩინეთმა არქტიკის რეგიონში საკუთარი შორსმჭვრეტელი ამბიციები  ოფიციალური „თეთრი დოკუმენტით“ გამოამჟღავნა. მიუხედავად არქტიკული წრიდან მოშორებული მდებარეობისა, ბეიჯინგმა თავი „არქტიკასთან მახლობელ“ სახელმწიფოდ გამოაცხადა და პოლარული აბრეშუმის გზის ეკონომიკური გეგმაც წამოიწყო.  ჩინეთის მთავრობის აზრით, არქტიკაში ცვლილებები პირდაპირ გავლენას ახდენს ბეიჯინგის ინტერესებზე, თუმცა ბეიჯინგს კვლავ უჭირს არქტიკაში სამხედრო ბაზის შექმნა. ის ცდილობს  ორმხრივი მექანიზმები გამოიყენოს რეგიონში საკუთარი როლის ლეგიტიმაციისა და ეკონომიკური ბერკეტების მოსაპოვებლად. ამრიგად, პოლარული აბრეშუმის გზა, ახალი საზღვაო გზებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით, ჩინეთს გავლენის გაზრდის საშუალებას მისცემს. საკუთარი მიზნის მისაღწევად ბეიჯინგი უკვე აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს რეგიონში და, გარდა რუსეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობისა, მან შეძლო გრენლანდიის, ისლანდიისა და ფინეთის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტორი გამხდარიყო.

არქტიკაში რუსეთის მზარდი გავლენა, ჩინეთის საზღვაო ძალების გამოჩენა და პირველი ყინულმტეხების მშენებლობა დასავლეთში ბევრ კითხვას აჩენს რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და შესაძლო კონფლიქტების პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით. არქტიკაში უსაფრთხოების ასეთი დინამიკა დასავლელ მოკავშირეებს შორის კამათის საგანი არაერთხელ გამხდარა. აშშ ყველაზე მეტადაა დაინტერესებული რეგიონში რუსეთის აგრესიის დემონსტრირებისა და ჩინეთის „მშვიდობიანი აღზევების“ შეკავებით. პოლარული ყინულის დნობა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეუქცევადი მოვლენაა, ახლო მომავალში მაინც. ამის გამო ნატომ რეგიონისთვის უნდა შეიმუშაოს თანამიმდევრული სტრატეგია, რომელიც მიზნად დაისახავს არა მხოლოდ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებას, არამედ მტრულად განწყობილი აქტორების მზარდი გავლენის შემცირებას.

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.