X

რონდელის ბლოგი

თალიბანი 2.0 ქაბულში: გამოწვევები და მოლოდინი რეგიონის ქვეყნებში

2021 / 09 / 07

ალექსი პეტრიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
 

მაშ ასე, 20-წლიანი პაუზის შემდეგ თალიბანი ქაბულში დაბრუნდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ სერიოზულ შოკშია, თუ რაოდენ სწრაფად შეძლო თალიბანმა ავღანეთის არმიის დამარცხება, ლეგიტიმური ხელისუფლების განდევნა და, პრაქტიკულად, მთელი ავღანეთის ტერიტორიაზე (ფანჯშირის ხეობაში ჯერ კიდევ გამაგრებულია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი და ლეგენდარული აჰმად შაჰ მასუდის შვილი აჰმად მასუდი, რომლებიც არ აღიარებენ თალიბანს და მედგარ წინააღმდეგობასაც უწევენ თალიბანის მრავალრიცხოვან ძალებს ხეობის მისადგომებთან) კონტროლის დამყარება.

ყველაზე მწვავედ და ინტენსიურად, რა თქმა უნდა, განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ვადების 11 სექტემბრიდან 31 აგვისტოზე გადმოწევის თაობაზე, ხოლო უშუალოდ ჯარების, ამერიკის მოქალაქეების და ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციის ბოლო ფაზა სერიოზული კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქაოსი, პანიკა და ემოციურად უმძიმესი კადრები ქაბულის აეროპორტიდან კიდევ ბევრჯერ შეგვხვდება მსოფლიოს წამყვანი გამოცემების პირველ გვერდებზე და სოციალურ ქსელებში, მაგრამ ტერორისტული დაჯგუფება აისის-ხორასანის მიერ განხორციელებული ტერაქტი, რომელმაც 13 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, შეიძლება ითქვას, იყო ყველაზე მძიმე დარტყმა როგორც მოქმედი ადმინისტრაციისთვის, ისე, ზოგადად, ავღანეთში 20-წლიანი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციისთვის.

აშშ-ს პარტნიორებთან ურთიერთობებზე, უფრო მეტად კი მის საშინაო პოლიტიკაზე  გავლენას ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესის ბოლო ფაზა აუცილებლად იქონიებს (წლების მანძილზე აშშ ამცირებდა თავის კონტინგენტს და 20-წლიანი ომის ბოლო ეტაპზე აშშ-ს მხოლოდ 2500 სამხედრო ჰყავდა ავღანეთში). როგორც აღვნიშნეთ, ავღანეთში მყოფი ათასობით ამერიკელი კონტრაქტორის და 2 ათეული წლის მანძილზე ამერიკელებთან და კოალიციასთან მომუშავე ავღანელი თარჯიმნების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განსაკუთრებით პრობლემური გამოდგა. ათეულობით ამერიკელი და ათასობით ავღანელი ჯერ კიდევ რჩება ავღანეთში. თუმცა, ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ მას აქვს თალიბებთან შეთანხმება ამ ადამიანების ქვეყნიდან შეუფერხებლად გასვლის თაობაზე.

ასეა თუ ისე, აშშ-ს, ნატოს და ზოგადად დემოკრატიული თანამეგობრობის 20-წლიანი ყოფნა ავღანეთში დასრულებულია, დასავლური საელჩოები და საკონსულოები ავღანეთიდან ევაკუირებულია და ახლა მიდის აქტიური მსჯელობა, როგორ გააგრძელონ ურთიერთობა ავღანეთის ახალ თალიბურ მმართველობასთან, რომელიც ამ დრომდე აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. როგორც ჩანს, ჯერჯერობით არც აშშ და არც მისი დასავლელი პარტნიორები არ ჩქარობენ თალიბანის აღიარებას და არიან დაკვირვების რეჟიმში. უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები და დიპლომატები აკეთებენ განცხადებებს, რომ დააკვირდებიან თალიბანის მმართველობას. ისინი მოელიან, რომ თალიბანი დაიცავს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებს, არ შეავიწროებს ავღანელ ქალებს, არ შეუშლის ავღანელ ბავშვებს განათლების მიღებაში და ხელს შეუწყობს ინკლუზიური მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელშიც კაცებთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ქალებიც. ნეტარ არიან მორწმუნენი! მით უმეტეს, რომ თალიბანის პირველმა გადაწყვეტილებებმა ქალების მთავრობაში არშეყვანის, სკოლაში გოგონებისთვის შეზღუდვების კვლავ დაწესების, შარიათის კანონებით გადაწყვეტილების მიღების, მუსიკის აკრძალვის და ა.შ., პრაქტიკულად დაასამარა მათი იმედი, რომელსაც ღიად გამოხატავდნენ  ოფიციალურ განცხადებებში.

მანამდე კი აშშ-მ გაყინა ავღანეთის კუთვნილი 9 მილიარდი დოლარი, რომელიც ამერიკულ ბანკებშია განთავსებული, აკრძალა ავღანეთში ფულის გადაგზავნა და შეაჩერა ფინანსური დახმარების ყველა პროექტი, რომელიც ამ დრომდე ხორციელდებოდა. მხოლოდ ავღანეთის უსაფრთხოებაზე  ყოველწლიურად 1.5 მილიარდი დოლარი იყო განსაზღვრული. ცხადია, აშშ არ იქნება ერთადერთი, ვინც ამგვარ ზომებს გაატარებს თალიბანის ხელისუფლების წინააღმდეგ. შედეგად, 40-მილიონიან ავღანეთს, რომელიც მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებაზე, სერიოზულად გაუჭირდება ფინანსური თვალსაზრისით. შედეგად, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ნარკოტიკის არალეგალური ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების ხვედრითი წილი ავღანურ ეკონომიკაში, გაიზრდება იარაღის და ადამიანების ტრეფიკინგის მასშტაბები და ბოლო, მაგრამ არა უმნიშვნელო -  თალიბანის შიგნით არსებული შეიარაღებული დაჯგუფებები აუცილებლად დაიწყებენ ფიქრს მეზობელ ქვეყნებში საკუთარი გავლენების გავრცელებასა და პოზიციების განმტკიცებაზე.

ასე რომ, რაც არ უნდა აქტუალური იყოს აშშ-სა და ევროპისთვის ავღანეთიდან მომავალი ახალი საფრთხეები, როგორც თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის თვალსაზრისით, ისე ავღანეთში მოქმედი ისლამური სახელმწიფოსა და ალ-კაიდას გაძლიერებით, ყველაზე მეტი საფიქრალი და სამუშაო ახლა სწორედ მეზობელ სახელმწიფოებს აქვთ.

მეზობლებთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ თითოეულ მათგანს, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, ჰქონდა წინასწარი თადარიგი დაჭერილი თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით. როდესაც თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ახალ ურთიერთობებზეა საუბარი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განიხილება პაკისტანი, რომელმაც პრაქტიკულად 2001 წლიდან, როდესაც დაიწყო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, ქაბულიდან ხელისუფლების გაქცევამდე ორმაგი თამაში ითამაშა თალიბანთან მიმართებით. საექსპერტო წრეებში თალიბანის ქაბულში დაბრუნებას პაკისტანის არანაკლებ გამარჯვებად მიიჩნევენ, ვიდრე თავად თალიბანისას. მართალია, ერთ დროს პაკისტანი ითვლებოდა აშშ-ს მთავარ დასაყრდენად და პარტნიორად თალიბანის, აისისის და ალ-კაიდას წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ღია საიდუმლოა, რომ პარალელურად პაკისტანის უსაფრთხოების სამსახური I.S.I. აქტიურად მუშაობდა თალიბანთან, უზრუნველყოფდა ფინანსურად, ეხმარებოდა ადამიანური რესურსით და აძლევდა პაკისტანის ტერიტორიაზე თალიბებს თავშესაფარს ძალების მოსაკრებად და იარების მოსაშუშებლად. პაკისტანს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და ახლა მით უმეტეს აქვს თალიბანის ყველაზე გავლენიან ლიდერებთან. მათ შორის არის, პირველ რიგში, ხალილ ჰაქანი, რომელიც მოიაზრება თალიბანის ხელისუფლების უსაფრთხოების ხელმძღვანელად. ის, შეიძლება ითქვას, პაკისტანის პროტეჟე და მისი მთავარი საყრდენია თალიბანის ხელმძღვანელობაში. ჰაქანი ხშირად სტუმრობდა პაკისტანის სპეც.სამსახურების ოფისებს სხვადასხვა ქალაქში და ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია პაკისტანის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. თალიბანის ლიდერი აბდულ ღანი ბარადარი პაკისტანური პასპორტით ჩადიოდა კატარში მოლაპარაკებებზე, ჩინეთში საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრაზე და ა.შ.

პაკისტანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაცივება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2011 წელს ამერიკელებმა პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მოკლეს უსამა ბინ ლადენი. ოპერაცია პაკისტანის სპეც.სამსახურებთან შეთანხმების გარეშე ჩატარდა, რამაც  პაკისტანის ხელისუფლების უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მართალია, პაკისტანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში აშშ განაგრძობს მასთან თანამშრომლობას, კერძოდ, ენერგეტიკის დეპარტამენტი უწევს დახმარებას პაკისტანს ბირთვული იარაღისა და გახლეჩადი მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, მაგრამ, სხვა მხრივ, პაკისტანის აშშ-სთან ურთიერთობებს ძალიან რთულია უწოდო პარტნიორული და სამოკავშირო.

პაკისტანს თავისი ინტერესები აქვს ავღანეთში თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის თვალსაზრისით. ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი მისთვის ინდოეთის ავღანეთში ყოფნის შესუსტება და გავლენების მოპოვების აღკვეთაა. ამიტომაც იყო, როდესაც დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად ინდოეთმაც მიიღო გადაწყვეტილება საელჩოს დახურვის თაობაზე, პაკისტანი ზეიმობდა, როგორც კიდევ ერთ გამარჯვებას თავის ისტორიულ მოწინააღმდეგეზე.

პაკისტანს ასევე აქვს ამბიცია, იყოს თალიბანის მოკავშირე და შუამავალი საერთაშორისო არენაზე. კერძოდ, მისი როლი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩინეთსა და თალიბანის მმართველობას შორის ურთიერთობების აწყობასა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაში და ნამდვილად აქვს ინტერესი ავღანეთთან მიმართებით. სხვების მსგავსად, ჩინეთიც ასევე დაუფარავად ზეიმობს აშშ-ს გასვლას ავღანეთიდან, მაგრამ ჩინეთი სულაც არ აპირებს შეავსოს ამერიკელების გასვლით შექმნილი ვაკუუმი ავღანეთში. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის მოსვლას ჩინეთი პოზიტიური სიგნალებით შეხვდა, პეკინში ასევე სერიოზულად განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც ახლავს თალიბების გამარჯვებას. მათ შორის პირველი არის, რა თქმა უნდა, ისლამური რადიკალიზმი მის ტერიტორიაზე, კერძოდ, სინძიანის ავტონომიურ რეგიონში გავრცელების საშიშროება. ექსტრემისტული განწყობები ჩინეთის მუსლიმებით დასახლებულ რეგიონებში შეიძლება მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, თუ თალიბანი ვერ გააკონტროლებს მის ტერიტორიაზე სხვადასხვა შეიარაღებულ და ტერორისტულ ორგანიზაციებს. ჩინეთს ასევე სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები იმისათვის, რომ ავღანეთში განახორციელოს ინვესტიციები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში და ჩაერთოს ავღანეთში არსებული მინერალური რესურსების, განსაკუთრებით, ლითიუმის მოპოვებით სამუშაოებში. ჩინელებს ჯერ კიდევ მძიმედ ახსოვთ, როგორ დახვრიტეს ტერორისტებმა ავღანეთში ჩინელი კონტრაქტორები. ასე რომ, პაკისტანს, რომელსაც, როგორც თავად პაკისტანელები ამბობენ, ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, როგორც ზედა და ქვედა ტუჩებს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლიც ითამაშოს და, ცხადია, დიდი სარგებელიც მიიღოს.

უფრო რთულად არის საქმე ირანთან მიმართებით. ირანის შიიტურ ხელისუფლებას არცთუ ისე დიდი ხნის წინ ძალიან სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა სუნიტურ თალიბანის მოძრაობასთან. 26 წლის წინ მაზარი შარიფში დახვრეტილი 11 ირანელი დიპლომატი და 1 ჟურნალისტის ტრაგიკული ისტორია ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ ირანელებს, რამაც ირანი თალიბების წინააღმდეგ თითქმის ომის მდგომარეობამდეც კი მიიყვანა, მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ვითარება შეიცვალა. ირანის ხელისუფლებამ გახსნა თალიბანთან საკომუნიკაციო არხები და საგრძნობლად შეარბილა ტონი თალიბანთან მიმართებით. უფრო მეტიც, ირანის აწ უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ქაბულის დაცემამდე დაახლოებით 1 თვით ადრე უმასპინძლა თალიბანის მაღალი რანგის დელეგაციას, ხოლო ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ფაქტობრივად მიესალმა თალიბანის გამარჯვებას და, ცხადია, აშშ-ს ავღანეთიდან გასვლას. თავისი მჭიდრო კავშირები აქვს ირანის ისლამურ რევოლუციურ მცველთა კორპუსის საგარეო დანაყოფების ალ-ქუდსის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ისმაილ ხანს თალიბანთან. ის წლების მანძილზე აგროვებდა ავღანეთში ეთნიკურად ხაზარ შია მუსლიმ მებრძოლებს სირიაში საომრად. ამის გამო  აშშ და ავღანეთი ხშირად ადანაშაულებდნენ ირანს თალიბანთან თანამშრომლობაში.

ცხადია, ზემოაღნიშნული არ ნიშნავს, რომ ირანი დაუყოვნებლივ შეუდგება თალიბებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას და როგორც აღვნიშნეთ, ირანში უფრო მეტად შიშით და უნდობლობით უყურებენ თალიბანს. კერძოდ, მათ აქვთ ავღანეთიდან ტერორიზმის და ტრეფიკინგის გაძლიერების შიში, მაგრამ არის ასევე ძალიან კონკრეტული და პრაგმატული ინტერესები თალიბანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.  საქმე ისაა, რომ აშშ-ს მხრიდან ირანის მიმართ სანქციების მაქსიმალური წნეხის მოქმედების პირობებში, ირანის სავაჭრო ურთიერთობებმა ავღანეთთან გარკვეული მნიშვნელობა შეიძინა. საკმარისია იმ ფაქტის ხსენება, რომ ირანსა და ავღანეთს შორის არანავთობპროდუქტებით ვაჭრობა ყოველწლიურად შეადგენდა 2 მილიარდ დოლარს. ასევე მნიშვნელოვანი იყო ავღანეთიდან ამერიკული დოლარის შემოდინება, რომელიც ყოველდღიურად 5 მილიონს აღემატებოდა. დაბოლოს, ირანს სერიოზული გეგმები ჰქონდა რეგიონული სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელშიც ავღანეთიც მოიაზრებოდა. ავღანეთსა და ირანს შორის სარკინიგზო გზის პროექტიც კი განხორციელდა, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ დასრულდა. თალიბანის საერთაშორისო იზოლაციამ ამ ინტერესების რეალიზებას შესაძლოა სერიოზული პრობლემა შეუქმნას. კერძოდ, ძალიან მალე საგრძნობლად დაიკლებს სავალუტო შემოდინება ავღანეთიდან ირანში. მყარი ვალუტის ნაკლებობა აუცილებლად იმოქმედებს ავღანეთში ინფლაციის ზრდაზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ირანიდან არანავთობროდუქტების შესყიდვის მოცულობაზე. ასევე, თალიბანის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების მიღებაზე საუბარი ძალიან რთული იქნება. ამდენად, რომ შევაჯამოთ, ირანში მაინც უფრო სიფრთხილით, გარკვეულწილად შიშით და უნდობლობით უყურებენ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლას და რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.

თუ ვინმეს შეიძლება აღელვებდეს თალიბანის ქაბულში დაბრუნება, ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნები. უნდა ითქვას, რომ ტაჯიკეთიუზბეკეთი და თურქმენეთი ასევე სერიოზულად ემზადებოდნენ თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. სხვების მსგავსად, ოფიციალურ ტაშკენტს და აშხაბადს ღიად ჰქონდათ გაცხადებული თალიბანის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და კონტაქტების დამყარების შესახებ. თუმცა, ამავდროულად ისინი აქტიურად ამაგრებდნენ ავღანეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე უსაფრთხოების ძალებს. უზბეკეთმა მავთულხლართებიც გააბა, მასში დენიც გაატარა და დამატებით საზღვრის მონაკვეთებიც დანაღმა. უზბეკეთთან შედარებით, თურქმენეთისთვის საზღვრის გაკონტროლება უფრო რთულია, მაგრამ ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა ტაჯიკეთის წინაშე დგას, რომელსაც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს ავღანეთთან. ზოგადად, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი ყველაზე სერიოზულად აღიქვამს თალიბანს, როგორც გამოწვევას მისი უსაფრთხოებისთვის. დავიწყოთ იქიდან, რომ ავღანეთის მოსახლეობის 20%-ზე მეტს ეთნიკური ტაჯიკები წარმოადგენენ. გარდა ამისა, თუ არ ჩავთვლით ყირგიზეთს, ტაჯიკეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე სუსტია ეკონომიკურადაც და სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისითაც. ასე რომ, როგორც დევნილების ნაკადის გაზრდის, ისე რადიკალური განწყობების, ტერორიზმის საფრთხის მატების და ნარკოტრეფიკინგის მასშტაბების გაფართოების კუთხით, ტაჯიკეთს ყველაზე მეტი საფუძველი აქვს ნერვიულობისთვის. თუმცა, თუ თალიბანი შეიცვალა, როგორც თავად ამტკიცებენ თალიბები, 20 წლის განმავლობაში ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც შეიცვლებოდა ვითარება. ამასთან, ავღანეთში ექსტრემისტული განწყობების გაძლიერება ცენტრალური აზიის ლიდერებმა შეიძლება საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვისაც გამოიყენონ, რაც აქამდეც არაერთხელ მომხდარა ამ ქვეყნებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორიც, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთობების ხაზითაც სერიოზულ სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფს უზბეკეთისა და, განსაკუთრებით, ტაჯიკეთისთვის. ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწყის ეტაპზე მაინც თალიბანი შეეცდება თავი წარმოაჩინოს, როგორც პარტნიორმა, რომელთანაც  თანამშრომლობა შეიძლება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე მისი ჭეშმარიტი სახის გამოვლინება და მეზობელ სახელმწიფოებში გააქტიურება მოსალოდნელი არ უნდა იყოს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.