რონდელის ბლოგი

ბელარუსი ერთი წლის შემდეგ: დასუსტებული რეჟიმი რუსული „დაცვის“ ქვეშ

2021 / 10 / 18

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
 

მხოლოდ ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა და ქვეყანა კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში ლუკაშენკას რეჟიმი გამუდმებით ავიწროებდა და იჭერდა ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს (დღეისათვის ციხეში სასჯელს იხდის 715 აქტივისტი). რეპრესიული მანქანა ამოქმედდა სპორტსმენ კრისცინა ციმანოუსკაიას წინააღმდეგაც. კერძოდ, ბელარუსის მთავრობა შეეცადა ტოკიოდან ძალდატანებით დაებრუნებინა სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების დროს გააკრიტიკა ბელარუსის ეროვნული გუნდის მართვის სტილი მისი ისეთ სპორტულ ღონისძიებაზე დარეგისტრირების გამო, რომელშიც მონაწილეობას არ გეგმავდა.  როგორც ჩანს, ლუკაშენკა დიდ საფრთხედ აღიქვამს მთავრობის ან სულაც ქვეყნის სპორტის სექტორის მენეჯმენტის კრიტიკას და მზადაა  დასაჯოს ყველა, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს.

საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლისა და დისიდენტი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცების გამო ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს მინსკს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია ლუკაშენკას რეჟიმზე. მეტიც, ბელარუსი კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთს და ივნისში აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივიდანაც კი გადაწყვიტა გასვლა.

 

დაუცველი დიქტატურა

2020 წლის აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და ხმების 80 პროცენტი მიისაკუთრა, გაყალბებულად მიიჩნიეს როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე. არჩევნებში ლუკაშენკა დაამარცხა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 37 წლის ყოფილმა მასწავლებელმა, რომელმაც თავისი კანდიდატურა ქმრის, სიარჰეი ციხანოუსკის, დაკავებისა და მისი კანდიდატურის დაბლოკვის შემდეგ წარადგინა. ლუკაშენკას მე-6 ვადით არჩევას ბელარუსში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. მათ აღსაკვეთად მთავრობამ ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა. საერთო ჯამში, დემონსტრაციების დროს 35 000 ადამიანზე მეტი დააკავეს.  აღსანიშნავია, რომ მთავრობამ მალევე წამოიწყო მასობრივი რეპრესიები ოპოზიციისა და მედიის წინააღმდეგაც.

ლუკაშენკამ პირობა დადო, რომ სწრაფად „გაწმენდდა“ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მან ბოროტმოქმედებად და უცხოეთის აგენტებად შერაცხა. მართლაც, ხელისუფლებამ დააპატიმრა და დასაჯა ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები. ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ლიეტუვაში გაქცეულიყო, სადაც ბელარუსში დამყარებული რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების ხელშეწყობის საერთაშორისო კამპანია წამოიწყო. ამ კამპანიის მთავარი მიზანი ბელარუსის დაქსაქსული ოპოზიციისთვის დახმარების მოძიება და ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება იყო. თავდაპირველად, ევროკავშირმა და აშშ-მა თავი შეიკავეს მასშტაბური სანქციების დაწესებისაგან და ბელარუსის მთავრობის წევრების ინდივიდუალური სანქცირებით შემოიფარგლნენ.

რუკა 1. დასავლური ავიახაზების მიერ ბელარუსის საჰაერო სვრცის იზოლაცია (წყარო: BBC)

თუმცა მაისში, როდესაც დისიდენტი ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის დასაკავებლად ბელარუსის მთავრობამ მინსკში იძულებით დასვა  ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, დასავლეთი იძულებული გახდა მინსკის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიეღო. ამ შემთხვევას დასავლეთში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ყაჩაღობა უწოდეს, ხოლო ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეთანხმდნენ მიზანმიმართული სანქციების დაწესებაზე, რომლებიც ბელარუსის შემოსავლების მთავარ წყაროებს, ფინანსურ ტრანზაქციებს, და კალიუმისა და ნავთობპროდუქტების ინდუსტრიას დაარტყამდა. ამასთანავე, ევროკავშირმა ბელარუსის ავიახაზებს აუკრძალა მის საჰაერო სივრცეში შესვლა, ევროკავშირის ბანკებს კი მოუწოდა მინსკისთვის ახალი საინვესტიციო სესხების გაცემა შეეწყვიტა. აშშ-მა  ევროკავშირთან კოორდინირებით სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო და იმ პირებზე გაავრცელა, რომლებიც ლუკაშენკას რეჟიმთან, ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციასთან ასოცირდებიან.

დასავლეთის მწვავე რეაქციის შემდეგ, ლუკაშენკას ადმინისტრაცია ძალაუფლების შენარჩუნებას უფრო მეტად ცდილობს. ფაქტორები, რომლებსაც რეჟიმი ითვალისწინებდა დასავლეთთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, სანქციების დაწესების შემდეგ სრულიად გაქრა. საბოლოოდ, მინსკს ლუკაშენკას გადადგომის გარდა, არანაირი ბერკეტი აღარ შერჩა დასავლეთთან ხელახალი გარიგებისათვის. აქედან გამომდინარე, რეჟიმი, რომელსაც ხშირად „ევროპის ბოლო დიქტატურად“ მოიხსენიებენ, „უიმედოდაა“ დარჩენილი და სჯის არა მხოლოდ მის პირდაპირ მოწინააღმდეგეებს, არამედ უპარტიო სპორტსმენებსაც. მათ შორისაა კრისცინა ციმანოუსკაია, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის მიმართ გამოთქვა უკმაყოფილება.

დაუცველობის შეგრძნება იმდენად ღრმადაა ფესვგადგმული ბელარუსის მთავრობაში, რომ მინსკმა საკუთარი ოპონენტების დასასჯელად საერთაშორისო სამართლის დარღვევაც კი გარისკა. ლუკაშენკას რეჟიმმა თითქმის სრულად დაკარგა სახალხო მხარდაჭერა, მას აღარ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა და ამიტომაც ირჩევს რეპრესიებს. ერთადერთი აქტორი, რომელსაც შეუძლია და სურს  ბელარუსის დახმარება გაუწიოს, არის კრემლი, რომელიც ცდილობს ეს სიტუაცია საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად  გამოიყენოს. 

 

ყველა გზა მოსკოვში მიდის

დასავლეთის მიერ ბელარუსისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ქვეყანამ აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივა დატოვა. ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა მხოლოდ თავისი უახლოესი მოკავშირის, რუსეთის ფედერაციის დახმარებას ეყრდნობა. ცხადია, ლუკაშენკას რეჟიმის დასავლეთისგან  იზოლირებამ ბელარუსი კიდევ უფრო დააახლოვა  მოსკოვთან. რუსეთი კი 2020 წლის საპროტესტო აქციების დაწყების პერიოდიდან მოყოლებული, გამუდმებით ცდილობს მინსკზე გავლენის გაზრდას. კრემლმა ბელარუსს 1.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო და სავაჭრო კავშირების გაფართოების სურვილიც გამოთქვა. რუსეთის დახმარებამ ლუკაშენკას რეჟიმის შენარჩუნებაში უდიდესი როლი ითამაშა, რის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის  „ბატონყმობის“ მსგავსი ურთიერთობა  ჩამოყალიბდა. ეს კი მოსკოვს ხელს აძლევს, რათა ბელარუსთან ინტეგრაცია გააღრმაოს და რეგიონში საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა გააფართოოს. ამ გზით მოსკოვი უკეთ შეძლებს შეეწინააღმდეგოს თავისი „განსაკუთრებული ინტერესების“ რეგიონში „დასავლეთის შემოჭრას“. მეტიც, კრემლი უპირატესობას ანიჭებს ბელარუსის სტაბილურ, ფერადი რევოლუციების მიმართ მტრულად განწყობილ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც მისი გავლენის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

სურათი 1. ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო სანკ-პეტერბურგში, რუსეთი (წყარო: Ap news)

მინსკისთვის კი რუსეთი ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია, რომელიც მმართველ ავტორიტარულ რეჟიმს უკვე 27 წელია ეხმარება. მიუხედავად ასეთი „ახლო მეგობრობისა“, ვლადიმერ პუტინსა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას ყოველთვის ჰქონდათ განსხვავებული ინტერესები. მაგალითად, ბელარუსი არასდროს ყოფილა დაინტერესებული „რუსული სამყაროს“ წევრობით, ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას და მოსკოვს ეწინააღმდეგებოდა კიდეც – ლუკაშენკამ საჯაროდ უთხრა უარი რუსეთს  უკრაინასთან კონფლიქტში მხარდაჭერაზე და „პრორუსული ელემენტებიც“ კი გაათავისუფლა ქვეყნის უსაფრთხოების აპარატიდან. ბელარუსის რუსეთთან დამოკიდებულება სიმბოლურად  ბელარუსის გერბის დიზაინში შეტანილ ცვლილებებშიც გამოიხატა. გერბის ახალ ვერსიაზე დასავლეთი უფროა წარმოჩენილი, ვიდრე რუსეთი და ევრაზია. 2014-2015 წლებში, პრეზიდენტმა ლუკაშენკამ სურვილი გამოთქვა რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტში მედიატორი გამხდარიყო, რასაც  მინსკის მოლაპარაკებები მოჰყვა.

ლუკაშენკასთვის დახმარების გაწევა რუსეთის უანგარო ჟესტი არ ყოფილა. დასავლეთისგან იზოლირებული მინსკისთვის ერთადერთი არჩევანი რუსულ ორბიტაზე ყოფნა და კრემლის წესებით თამაშია. ივნისის სოჭის სამიტზე ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსის ეროვნული ავიახაზები (Belavia) ფრენებს დაიწყებდა ყირიმში. ეს განცხადება ბევრი ექსპერტისთვის იმის მანიშნებელია, რომ მინსკი მზადაა დაეთანხმოს  რუსეთის მიერ განხორციელებულ ყირიმის არასამართლებრივ ანექსიას, რასაც ადრე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ბელარუსში მოვლენების მსგავსი სცენარის განვითარებით შეშინებული  ლუკაშენკა. თუმცა, დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია და 30 ივნისს ლუკაშენკამ განაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა რუსული სამხედრო ძალები თავად მოიწვიოს ქვეყანაში. 9 სექტემბერს, როდესაც რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები, წელს უკვე მეხუთედ, შეხვდნენ ერთმანეთს, ლუკაშენკამ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილი გამოთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ მინსკი რუსეთის ძლიერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გავლენას განიცდის, ბელარუს ბელადს მოსკოვთან დაპირისპირება მრავალ საკითხზე აქვს, მათ შორის, რუსეთთან ღრმა პოლიტიკური კავშირის თაობაზე. რუსეთი ცდილობს თავის სასარგებლოდ გადაწყვიტოს ეს საკითხი, რისთვისაც მან ბელარუსის საშინაო პოლიტიკაზეც უნდა გააძლიეროს გავლენა. ამ მიმართულებით კრემლმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და  აქცენტი გააკეთა ბელარუსის პოლიტიკური სისტემის „მოდერნიზებაზე“. შედეგად, ბელარუსის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება – პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების ხარჯზე გაიზარდა ქვეყნის პარლამენტის უფლებები. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკას რეჟიმისთვის ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გარანტორი მოსკოვია, ეს უკანასკნელი შესაძლოა, რეჟიმის დასარულის მიზეზიც გახდეს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კრემლი აქტიურად ცდილობს ბელარუსის შიდა პოლიტიკურ ველზე პრორუსული პარტიების გაძლიერებას, რათა შემდეგ მათი საშუალებით მოიშოროს ლუკაშენკა, თუ ის კრემლის მოლოდინებს არ გაამართლებს.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.