რონდელის ბლოგი
პოლიტიკური კულტურის გაკვეთილები გერმანულად: რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებიდან
ერეკლე იანტბელიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ევროპის კოლეჯის მაგისტრანტი
შესავალი
2021 წლის 26 სექტემბერს გერმანიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი არა მხოლოდ გერმანიისათვის, არამედ სრულიად ევროპული ერთიანობისათვის. ანგელა მერკელის თითქმის 16- წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საზოგადოება, ერთი მხრივ, კრიტიკულადაა განწყობილი მომავალში ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, მოუთმენლად ელის მყისიერ ცვლილებებს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ველზე. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო საგრძნობი უპირატესობის მოპოვება. მათი ბედ-იღბალი დამოკიდებულია იდეოლოგიურ კომპრომისსა და პოლიტიკურ კონსენსუსზე.
არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მცირედი უპირატესობა ხვდა წილად გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD), რომელმაც მოახერხა ამომრჩეველთა ხმების 25.7%-ის მოპოვება. მისმა მთავარმა კონკურენტმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ქრისტიან-დემოკრატების ალიანსმა (CDU/CSU) შეძლო ამომრჩეველთა ხმების 24.1%-ის მოპოვება, რაც 8.9%-ით ნაკლებია 2017 წლის ფედერალური არჩევნების შედეგებთან შედარებით. გარდამტეხი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა მწვანეთა პარტიის (Greens) მიერ ხმათა 14.8%-ის მიღება და თავად ის ფაქტი, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა დამაჯერებლად გაიმარჯვა თითქმის ყველა დიდ გერმანულ ქალაქში. ასევე ეჭვგარეშეა ისიც, რომ ფედერაციული მთავრობის ჩამოყალიბების პროცესში ძალიან დიდი გავლენა ექნებათ თავისუფალ დემოკრატებს (FDP), რომელთაც შეძლეს ამომრჩეველთა ხმების 11.5%-ის მოპოვება ქვეყნის მასშტაბით. სხვა პოლიტიკური ერთეულებიდან ასევე უნდა აღინიშნოს ულტრამემარჯვენე (AfD) და ულტრამემარცხენე (Die Linke) პარტიების შედეგებიც, რომელთა მხარდაჭერა 2017 წლის შედეგებთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. მათგან პირველს მოსახლეობის მხოლოდ 10.3%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მეორეს კი მოსახლეობის მხარდაჭერის 4.9% ხვდა წილად.
არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ითქვას, რომ გერმანიის პოლიტიკური რეალობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც ხაზს უსვამს, ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესების კომპლექსურობას, ხოლო მეორე მხრივ, საარჩევნო გარემოს სიჯანსაღეს. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში მყოფმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ, შეითვისოს პოლიტიკური კულტურის ის ასპექტები, რაც თან ახლდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საარჩევნო პროცესს. ეს შეიძლება გაკვეთილად აღიქვას როგორც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, ისე ქართველმა ამომრჩეველმაც. კერძოდ კი, უნდა გამოვყოთ სამი ძირითადი ასპექტი:
1. პოლიტიკური ცენტრის გაძლიერება და პოლარიზაციის შემცირება
ამ არჩევნების გათვალისწინებით გერმანია აღმოჩნდა მისაბაძი მაგალითი მსოფლიოს უამრავი სახელმწიფოსათვის, გამორჩეულად კი – ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის. მაშინ, როდესაც ევროპის მასშტაბით დაწყებულია საზოგადოების პოლარიზაცია ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ბანაკებად, გერმანიის შემთხვევაში პოლიტიკური რადიკალიზმისკენ სვლა მკვეთრად შემცირდა და უპირატესობა მიენიჭა ცვლილებების არა რეაქციულ, არამედ ევოლუციურ განხორციელებას.
ქართულ სინამდვილეში 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლიტიკური ცენტრი სრულიად მოშლილია და ზღვარი გადის ორპარტიულ მიკუთვნებულობაზე, სადაც აქცენტი კეთდება არა პოლიტიკურ ხედვებსა და პროგრამებზე, არამედ მოწინააღმდეგეთა სტიგმატიზაციით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაზე. მაშასადამე, მინიმუმამდეა დაყვანილი კომპრომისისა და კონსენსუსის შესაძლებლობა პარტიებს შორის, რაც პოლიტიკური კრიზისის წინაპირობის საფუძველს ქმნის.
2. ძლიერი პოლიტიკური პარტიები და სუსტი პოლიტიკური ფიგურები
ანგელა მერკელის, როგორც გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის შესახებ ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს, თუმცა არავინ უარყოფს, რომ იგი XXI საუკუნის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სოციალური, გეოპოლიტიკური და დიპლომატიური პროცესების თანამონაწილე და, უფრო მეტიც, ამ პროცესების წარმმართავი იყო. ამ ეტაპზე ძალიან ცოტას თუ აქვს იმის მოლოდინი, რომ ახალი კანცლერი იქნება ისეთივე გავლენიანი, როგორც მერკელი იყო. მიუხედავად ამისა, გერმანელი ამომრჩევლისათვის აპრიორი არჩევანი გადის პოლიტიკურ პარტიებზე, მათ ხედვებსა და პროგრამებზე. შეიძლება ითქვას, რომ გერმანელებისათვის პოლიტიკური პროცესების პერსონიფიკაცია მეორეხარისხოვანია. ანგელა მერკელის მაგალითი ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკურმა ფიგურამ 15-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში შეძლო მოეპოვებინა, როგორც საკუთარი გუნდის, ისე ელექტორატის მხარდაჭერა. თუმცა, ალბათ ძალიან ცოტამ თუ იცოდა მერკელის შესახებ 2005 წელს, როდესაც ის პირველად აირჩიეს გერმანიის კანცლერად. აქედან გამომდინარე, გერმანული პოლიტიკური კულტურა იმითაა გამორჩეული, რომ არ ხდება კონკრეტული ადამიანების გაიდეალება, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ მწარე ისტორიული გამოცდილებით, გასული საუკუნის 30-იან წლებში რომ მიიღო სახელმწიფომ.
შედარებისათვის, საქართველოში საარჩევნო პროცესი სრულიად პერსონიფიცირებულია. ამომრჩევლისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია როგორც პარტიათა პოლიტიკური პროგრამები, ისე მათი პოლიტიკური იდეოლოგია. მიუხედავად სახელმწიფოში არსებული მართვის საპარლამენტო სისტემისა, პოლიტიკურ ინდივიდთა როლი საგრძნობლად დიდია და პოლიტიკურ კლიმატს ვერ ქმნიან პარტიული სუბიექტები. აქედან გამომდინარე, საზოგადოების უმრავლესობისათვის ძნელი წარმოსადგენია რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა უშუალოდ შიდასაპარლამენტო დონეზე, რაც მოქალაქეებს უბიძგებს გააკეთონ მათთვის მიუღებელი რადიკალური არჩევანი ორ უკიდურესობას შორის.
ინდივიდებზე დამყარებული პოლიტიკური რეალობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ქვეყნის მომავალს, არამედ პოლიტიკური ველის „გაახალგაზრდავებას“ (გაჯანსაღებას). ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ექმნებათ ეგზისტენციალური კრიზისი, რადგან გაფერმკრთალებულია ზღვარი ინდივიდსა (ლიდერსა) და პოლიტიკურ ჯგუფს შორის.
3. მყარი კონსენსუსი სახელმწიფოს საგარეო ვექტორთან დაკავშირებით
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩევა ღიაობით. პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები არაერთხელ აღმოჩნდნენ ტელევიზიების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების ქარცეცხლში. ამომრჩეველთათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ასპექტია საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე მსჯელობა და ქვეყნის პერსპექტივის ჩვენება საერთაშორისო არენაზე. გერმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკური ბირთვის, საგარეო ვექტორი უმნიშვნელოვანესია ტრანსატლანტიკური ერთიანობისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსი სწრაფი ტემპებით იცვლება.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დებატი გერმანელმა ამომრჩეველმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იხილა „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) სტუდიაში, როდესაც არმინ ლაშეტმა (CDU/CSU), ანალენა ბაერბოკმა (Greens) და ოლაფ შოლცმა (SPD) განიხილეს სახელმწიფოს სამომავლო ხედვა ევროკავშირთან, აშშ-თან, ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებაში. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უსაფრთხოების, თავდაცვისა და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, თითოეულმა კანდიდატმა ღიად გამოხატა მზაობა კიდევ უფრო წინ წაწიოს ევროპული და ევროატლანტიკური ერთიანობის იდეა. უფრო მეტიც, არცერთ კანდიდატს არ ჰქონია ინდიფერენტული დამოკიდებულება და ეჭვი იმის შესახებ, რომ მათი მოწინააღმდეგე გადაუხვევდა სახელმწიფოს საგარეო ინტერესებს და წინ დააყენებდა პარტიულ ან პერსონალურ ხედვებს საარჩევნოდ გარკვეული დივიდენდების მოსაპოვებლად.
სამწუხაროდ, საქართველოში დებატები საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით არის არა კონსენსუსის საგანი, არამედ მთავარი იარაღი მოწინააღმდეგეთა სტიგმატიზაციისათვის. კონკურენტების დადანაშაულება და მათთვის ე.წ. „რუსეთუმის“ იარლიყის მიწებება შეუქცევადი პროცესია საარჩევნო პიარკამპანიის მიმდინარეობისას. პოლიტიკური პარტიები და ლიდერები ხელოვნურად მანიპულირებენ ამომრჩეველთა შეხედულებებით მაშინ, როდესაც არაერთი საზოგადოებრივი კვლევით დასტურდება, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას გამოკითხულთა 76%, ხოლო ნატოში გაწევრიანებას 74% უჭერს მხარს. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური ელიტისთვის არ არსებობს კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს ამომრჩეველთა უმრავლესობას.
დასკვნა
ფედერალურმა არჩევნებმა გერმანიაში ზედმეტი ექსცესებისა და დაძაბულობის გარეშე ჩაიარა, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ამჟამად პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების რთული ეტაპი მიმდინარეობს, სადაც გაირკვევა გერმანიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი მთავრობის კონტინგენტი. პოლიტიკურ ლიდერებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ ოპოზიციაში შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი, მიუხედავად მათი პროცენტული ლეგიტიმაციისა. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს რჩებათ ერთადერთი გზა – მხოლოდ კონსენსუსითა და კომპრომისით მიაღწიონ შეთანხმებას. დიდია იმის მოლოდინი, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა კიდევ ერთ ნათელ მაგალითს მისცემს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს, რომ მოლაპარაკება და თანამშრომლობა „არ ტეხავს!“, უფრო მეტიც, ეს ყოველივე ცივილიზებული და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
თემატური პოსტები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?
- რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნები - რა შეიძლება ითქვას რეჟიმის სტაბილურობაზე
- ევროპა „საზიანო გარიგების“ შედეგების მოლოდინში
- 2020 აფხაზეთში: „არჩევნები“, პანდემია და მეტი ინტეგრაცია რუსეთთან
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- მეჯლისის არჩევნები ირანში - პოლიტიკური წინაპირობები და შედეგები
- პოლიტიკური კრიზისის ანატომია ოკუპირებულ აფხაზეთში
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი
- საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: სარქისიანის პოსტსაარჩევნო გეგმები