X

რონდელის ბლოგი

მოლდოვას გაზის კრიზისი-რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი

2021 / 11 / 10

ეთერ გლურჯიძე,  კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დილომატიის სკოლისა და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი



მოლდოვის ენერგოკრიზისი - რუსეთის კიდევ ერთი პოლიტიკური შანტაჟი

30 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების დადება. უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული პატარა ქვეყანა, 2.6 მილიონი მოსახლეობით, დიდი ხანია ექსკლუზიურად რუსეთიდან იღებს ბუნებრივ აირს. თუმცა, სექტემბერში, გაზპრომთან ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, რუსულმა კომპანიამ მოლდოვას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე ფასი 250 აშშ დოლარიდან 800 აშშ დოლარამდე გაუზარდა. ასეთი მაღალი ფასის გადახდას კი მოლდოვა ვერ შეძლებდა. მოსკოვის ოფიციალური მიზეზი ბაზარზე „ბუნებრივი აირის მზარდი ფასები“ და მოლდოვასა და გაზპრომს შორის დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლა იყო.

ოქტომბერში მოლდოვა იმედოვნებდა წინა ხელშეკრულების გახანგრძლივებას, მაგრამ მხარეებმა ეს ვერ შეძლეს, რადგან მოსკოვი აცხადებდა, რომ მოლდოვას გაზპრომის 709 აშშ დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა. კომპანიამ კიშინეუ გააფრთხილა კიდეც, რომ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოლდოვას შეუჩერდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რაც მოლდოველებს დიდ გაურკვევლობაში ჩააგდებდა ცივი ზამთრის მოლოდინში.

 

პოლიტიკური შანტაჟი

მოლდოვის ენერგოკრიზისი დაემთხვა რუსეთსა და მის მოკავშირე ბელარუსს შორის ენერგოგარიგებას დაბალ ტარიფზე. ნოემბრის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვთან ევროპულ ბაზართან შედარებით 7-10-ჯერ უფრო ნაკლებ ფასზე მორიგება შეძლო. ამავდროულად, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმაც განაცხადა, რომ ის „მომგებიან ფასებს“ მოელის მოსკოვისგან, მიუხედავად ბუნებრივი აირის გაზრდილი ფასებისა. მაშინ, როდესაც კრემლი გულუხვ ფასდაკლებებს სთავაზობს მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ცხადია, მოსკოვის ზეწოლას მოლდოვაზე, ძირითადად, პოლიტიკური მოტივი აქვს.

მოლდოვას ამჟამად მართავს პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური მთავრობა. სანდუმ 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში პრორუს კანდიდატ იგორ დოდონის წინააღმდეგ გაიმარჯვა, რის შემდეგაც ქვეყნის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მთავარ მიზნად დაისახა მოლდოვის ევროკავშირთან ინტეგრაცია. თებერვალში მისმა რეფორმისტულმა პარტიამ „მოქმედება და სოლიდარობა“ იგორ დოდონის სოციალისტური პარტია დაამარცხა და უმრავლესობა მოიპოვა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში, რამაც ისევ გააღიზიანა კრემლი. 2016-2020 წლებში, დოდონის მმართველობის დროს, რუსეთს კიშინეუსთვის არასდროს უთქვამს უარი გაზის შეღავათიან ფასებზე. მას შემდეგ კი, რაც ახალმა მთავრობამ ცხადად დაიწყო „უალტერნატივო“ ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა, რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის იაფად შეთავაზება.

რუსეთის პოლიტიკური მოტივაცია აშკარაა და მოლდოვის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე მოსკოვს ხელს აძლევს მოლაპარაკებებში. მაშინ, როდესაც მოლდოვის ეროვნული გაზის კომპანიის - მოლდოვაგაზის - 50 პროცენტი გაზპრომს ეკუთვნის, მოლდოვას თითქმის არ გააჩნია ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყარო. ამავდროულად, ქვეყნის ელექტროენერგიის დაახლოებით 80 პროცენტი გამომუშავდება რუსეთის კუთვნილი სადგურიდან, რომელიც სეპარატისტულ ტრანსნისტრიაში მდებარეობს. ჩამოთვლილი ფაქტორები მოლდოვის ენერგოუსაფრთხოებაზე რუსეთის ბერკეტებს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

რუსეთის დომინირება ევროპის გაზსადენების ქსელზე (წყარო: Southfront)

კრემლის წარმომადგენლებმა მრავალჯერ უარყვეს, რომ მოლდოვის წინააღმდეგ პოლიტიკურ წნეხს იყენებდნენ და აღნიშნეს, რომ ქვეყანასთან ახალი შეთანხმება „ექსკლუზიურად კომერციული“ მიზეზების გამო ვერ დაიდო. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ მოსკოვი საკუთარ ენერგოექსპორტს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. რუსეთმა ადრეც არაერთხელ სცადა ენერგიის „პოლიტიკური შანტაჟისთვის“ გამოყენება და ამის მრავალი მაგალითიც არსებობს. მაგალითად, 2014 წელს მოსკოვმა კიევს 2013 წლის უკრაინა-რუსეთის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ბუნებრივ აირზე ფასდაკლება შეუჩერა და მიზეზად ქვეყნის ვალი დაასახელა.

მოლდოვის ენერგოკრიზისით კრემლს შესაძლოა სურდა მოლდოვის ენერგიის მესამე პაკეტის რეფორმების შეფერხება  და ქვეყნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძირის გამოთხრა. მოლდოვის პარლამენტის წევრმა დუმიტრუ ალაიბამ აღნიშნა, რომ მოსკოვმა კიშინეუს იაფი ბუნებრივი აირის მისაღებად „თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმა“ მოსთხოვა.  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელსაც ევროკავშირმა და მოლდოვამ 2014 წელს მოაწერეს ხელი, მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოებაში დიდ როლს თამაშობს. ამის შედეგად, დღეისათვის მოლდოვის ექსპორტის 70 პროცენტი, რომელიც მოიცავს ელექტროდანადგარებსა და ღვინოს, ევროკავშირის ბაზარზე იგზავნება.

მოლდოვის მთავრობაზე ზეწოლით მოსკოვს შესაძლოა ასევე ეცადა პროევროპული მთავრობის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილების გაზრდა. ეს ხელს მისცემდა არჩევნებში დამარცხებულ პრორუსულ პარტიებს მოლდოველების თვალში ცუდად წარმოეჩინათ ენერგოკრიზისის საქმეში  მთავრობის წარუმატებლობა და ამით  პოლიტიკური დივიდენდები მიეღოთ.

დავითი ცდილობს გოლიათთან შებრძოლებას

გაზპრომის მხრიდან გაზრდილი ზეწოლისა და კომპრომისის არჩევანის წინაშე მდგარი მოლდოვის მთავრობა ეცადა  გადაჭრის შესაძლო გზების მოძიებას, რადგან დილემა, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა, უკიდურესად რთული იყო როგორც პოლიტიკურად და სოციალურად, ისე ეკონომიკურად. მიუხედავად მოლდოვის პოზიციისა, რომ ეს არ არის არჩევანი იაფ გაზსა და ბრიუსელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს შორის, გაზპრომმა განაცხადა, რომ კიშინეუს შეუძლია უკეთესი ენერგოგარიგების მიღწევა, ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკის დათმობის სანაცვლოდ. ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების შემდეგ მაია სანდუმ კავშირს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

რუმინეთი, უკრაინა და პოლონეთი პირველები იყვნენ, ვინც მოლდოვის პროდასავლურ მთავრობას დახმარების ხელი გაუწოდა. 25 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე მოლდოვამ პოლონური ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია (PGNiG) აირჩია. კომპანია, სავარაუდოდ, ერთ მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწოდებს მოლდოვას. მოლდოვის მხრიდან ეს ნაბიჯი სიმბოლურია. მაშინ, როცა მოლდოვა დიდწილად რუსეთის ენერგიაზეა დამოკიდებული, დამოუკიდებელი მოლდოვის ისტორიაში ეს არის " გაზის ალტერნატიული წყაროს" შესყიდვის პირველი შემთხვევა.

უკრაინის მილსადენის ოპერატორმა (GTSOU), რომელიც კარგად იცნობს რუსეთის მანიპულაციის მექანიზმებსა და ენერგოპოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტია, სოლიდარობის ნიშნად მოლდოვას 15 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გაუგზავნა. როგორც GTSOU-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სერგი მაკოგონმა განაცხადა, უკრაინამ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოცადა რუსეთთან „ენერგეტიკული განქორწინება“ და  მოლდოვისთვის სტაბილური მარშრუტის შესათავაზებლად მზადყოფნა გამოთქვა, რათა სრულად დაკმაყოფილდეს მოლდოვას ენერგომოთხოვნა.

ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მოლდოვა ცდილობს ენერგეტიკული იმპორტის დივერსიფიკაციას. მეზობელი რუმინეთის დახმარებით 2015 წელს აშენდა ახალი გაზსადენი. თუმცა, კრიზისის დროს ეს შესაძლებლობა შეზღუდული იყო, რადგან მილსადენი მხოლოდ მცირე ნაწილებს ამარაგებს, რაც მოიცავს მოლდოვის სამხრეთ საზღვარზე მდებარე ქალაქ უნგენს.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიტა (მარცხნივ) ხვდება ევროკომისიის ხელმძღვანელს ურსულა ფონ დერ ლაიენს (მარჯვნივ) ბრიუსელში 27 ოქტომბერს (წყარო: რადიო თავისუფლება ევროპა)

27 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონ ევროს მისცემს ბუნებრივი აირის შესაძენად. კომისიის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დამატებითი ფინანსური დახმარება შესაძლოა კიდევ იყოს საჭირო. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა იყო დროული, ორგანიზაციამ მაინც ვერ შეძლო ბუნებრივ აირზე მოლდოვას მზარდი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. შესაბამისად, გაურკვევლობაში მყოფ პროდასავლურ მოლდოვას 30 ოქტომბერს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გაზპრომთან კიდევ ერთხელ მოეწერა ხელი გაზის ხუთწლიან ხელშეკრულებაზე. 1 ნოემბერს გაზპრომმა განაცხადა, რომ „მოლდოვასთან კომერციული მოლაპარაკებები ორმხრივად მომგებიანი პირობებით დასრულდა“.

როგორც ჩანს, ევროკავშირი, რომელიც თავად ებრძვის ენერგეტიკულ კრიზისს, უძლურია შეამციროს რუსეთის ზეწოლა. აშშ-საც კი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა Nord Stream 2 მილსადენის მშენებლობას, რუსეთს კი სანქციების დაწესებას დაჰპირდა, თუ ის ევროპის წინააღმდეგ გაზს პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებდა, ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.

სინამდვილეში, ენერგეტიკული კრიზისი მოლდოვაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ძლიერია ბერკეტი, რომელიც რუსეთმა წლების განმავლობაში მოიპოვა და რომელსაც იგი იყენებს პროდასავლური მთავრობების დისკრედიტაციისა და დემოკრატიულ ორბიტაზე გადასული ქვეყნების დასასჯელად. შედარებისთვის, ბელორუსმა, როგორც მოსკოვის ნამდვილმა „მეგობარმა“, ახლახან რუსეთისგან გაზი ბევრად უფრო იაფი ტარიფით მიიღო, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებმა.

მოლდოვის ენერგოკრიზისი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის უნდა გახდეს ბიძგი, რათა სამომავლოდ უფრო დიდი მედეგობა გამოიჩინონ. ამ მხრივ, შეიძლება მისაბაძი მაგალითი იყოს უკრაინის „ენერგეტიკული განქორწინება“ რუსეთთან. ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს მოლდოვას ბუნებრივი გაზის მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და მხარი უნდა დაუჭიროს ალტერნატიული ენერგიის პროექტების განხორციელებას.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.