X

რონდელის ბლოგი

„დობერმანი“ მინისტრად: ინალ არძინბას პერსპექტივები და გამოწვევები

2021 / 11 / 25

მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
 

2021 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სეპარატისტული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა დანიშნა. ინალს ახალი თანამდებობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მიულოცა. არძინბას აფხაზურ პოლიტიკაში მოსვლაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, „მინისტრად“ შესაძლო დანიშვნაზე კი ბოლოს ზაფხულში გავრცელდა ხმები და, ამდენად, ეს ამბავი არავისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი. რას შეიძლება ნიშნავდეს აფხაზურ პოლიტიკაში „დობერმანის“ (ინალს ზედმეტსახელი მისი მუშაობის საკმაოდ მკაცრი სტილის გამო რუსეთში კოლეგებმა შეარქვეს) გამოჩენა, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში საქმიანობს.
 

ვინ არის ინალ არძინბა

კარგი „ოჯახის შვილი“

ინალი, რომელიც 1990 წელს სოხუმში დაიბადა, კარგი ოჯახისშვილობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. მამამისი ბათუ არძინბა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე და „ლეონის ორდენის“ კავალერია. იგი აფხაზეთის პირველი „პრეზიდენტის“ ნათესავია. დედამისი მანანა ტარბა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმია. ინალის ბიძა სალიბეი (აკა) არძინბა ასევე ცნობილი პიროვნება იყო: ომის ვეტერანთა მოძრაობის „ამცახარას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე და ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, აფხაზეთის გმირი. იგი 2003 წელს მოსკოვში მოკლეს.

რუსული განათლება

ინალმა სკოლა სოხუმში დაამთავრა, თუმცა მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, რუსეთის მთავრობის მიერ აფხაზებისთვის გამოყოფილი კვოტების საფუძველზე სწავლა მოსკოვში, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ეკონომიკისა და მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტზე, გააგრძელა, რომელიც 2012 წელს დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გამოსცა წიგნი - „აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკა“.

მიღწევები

2012 წელს ინალ აძინბა რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვაშინგტონში გამართულ „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე, 2013 წელს კი - „ახალგაზრდული ოციანის“ სამიტზე სანქტ-პეტერბურგსა და „ახალგაზრდული რვიანის“ სამიტზე ლონდონში. სანქტ-პეტერბურგის სამიტზე საბოლოო დეკლარაცია მან პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარუდგინა. 2014 წელს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალგაზრდა ლიდერების“ რეიტინგის სათავეში მოხვდა. 2017 წელს პუტინმა რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი მიანიჭა.


ინალ არძიბნა და ვლადიმერ პუტინი

პროფესიული კარიერა

2012 წელს ინალმა მუშაობა რუსეთის უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „როსგოსტრახში“, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში კომპანიის პრეზიდენტის თანაშემწის პოზიციაზე, დაიწყო. 2014 წლიდან კი მისი კარიერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკავშირდება. იგი გარკვეული პერიოდი დსთ-ის წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში მუშაობდა და რუსული პოლიტიკის გავლენიანი ფიგურის, ვლადისლავ სურკოვის, მარჯვენა ხელი იყო. სურკოვთან მუშაობის პერიოდში მას უკრაინის რეგიონების დესტაბილიზაციის პროექტების კურატორობა ევალებოდა. უკრაინას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული. 2016 წლის მარტში ე.წ. „ბესარაბიის პროექტის“ (პროექტი ოდესის ოლქში ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შექმნას ითვალისწინებდა) განხორციელებაში ინალი საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადანაშაულა.

2018 წლის ბოლოს მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვება მოუწია და რუსეთის პატრიარქ კირილთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

 

მზადება აფხაზური პოლიტიკისთვის

ჯერ კიდევ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში ინალმა აფხაზეთში პროექტების განხორციელება დაიწყო. პროექტების შინაარსი ინალის პოლიტიკურ ამბიციებზე ირიბად მიანიშნებდა. 2017 წელს მისი მხარდაჭერით საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ დაფუძნდა. 2020 წელს, ინალის ინიციატივით, სოციალური პლატფორმის - „აფხაზეთის მომავალი“ ბაზაზე ჩატარდა კონკურსი „აფხაზეთის სიამაყე“, რომლის მიზანიც ახალგაზრდა ლიდერების გამოკვეთა იყო. კონკურსში გამარჯვებული აფხაზი ახალგაზრდების რუსეთის საჯარო უწყებებში სტაჟირება ინალის რუსული კავშირების წყალობით მოხერხდა.

აფხაზეთში 2020 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ ინალმა ღიად განაცხადა, რომ „არჩევნების“ შემდეგ ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას გეგმავდა (ამ ეტაპზე ასეთი პარტია არ არის დაფუძნებული). მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში დიდი ხანია ეჭვობდნენ ინალის პოლიტიკური ამბიციების შესახებ, ეს მისი პირველი საჯარო განცხადება იყო აფხაზურ პოლიტიკაში მონაწილეობაზე. მაშინვე ითქვა, რომ სოციალური პლატფორმის მხარდაჭერით, 2022 წლის „საპარლამენტო არჩევნებისთვის“ კვალიფიციური იურისტებისა და დარგის სპეციალისტების მომზადება დაიწყებოდა. ინალის „გამინისტრება“, სავარაუდოდ, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს ამ გეგმებში.

 

რას უნდა მოველოდეთ

„რუსეთის კაცი“ აფხაზეთში

ინალის წინამორბედი დაურ კოვე „საგარეო საქმეთა მინისტრი“ იყო ჯერ კიდევ რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობის“ დროიდან. 2020 წლის იანვარში ხაჯიმბას „პრეზიდენტობიდან“ გადადგომის შემდეგ კოვემ შეინარჩუნა თანამდებობა, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის წყალობით. კოვეს თავის საქმიანობაში არ ჰქონია შესამჩნევი შეცდომები, რაზეც მიუთითებს ისიც, რომ ბჟანია მის დასაქმებას ისევ ხელისუფლებაში, „უშიშროების საბჭოს მდივნის“ მოადგილედ აპირებს.

ინალის დანიშვნა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ რუსეთი აფხაზურ პოლიტიკაში საკუთარი „ხალხის“ დაწინაურებას ცდილობს, რომლებიც უფრო შეძლებენ რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტა პრორუსულად არის განწყობილი და მათში ანტირუსული სენტიმენტები არ შეიმჩნევა, „ადგილობრივი“ კადრები რუსეთთან ურთიერთობაში ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტას აფერხებენ; მაგ., რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა, აფხაზეთში უცხო ქვეყნის (რუსეთის) მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის უფლების მინიჭება, ენერგოსექტორის ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისება. ადგილობრივი „პოლიტიკური ელიტა“ ფიქრობს, რომ ამ სფეროებში რუსეთის მოთხოვნების შესრულება აფხაზების გავლენას აფხაზეთში შეასუსტებს, რუსეთის შეძლებული მოქალაქეებისა (მათ შორის - ეთნიკურად ქართველი) და კომპანიების ხარჯზე. მოსკოვის ხედვით კი, როგორც ჩანს, რუსეთთან ინტეგრაციის ტემპის დაჩქარებას და აფხაზებისთვის მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას სწორედ ინალის მსგავსი კადრი შეძლებს.


ინალ არძიბნა და რუსეთის პატრიარქი კირილე I

ინალის ამბიციები - რა იქნება შემდეგი თანამდებობა

ინალი ამბიციური კაცია. აფხაზეთიდან ბევრი, მით უმეტეს ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ვერ მოიწონებს თავს რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან მსგავსი კავშირებით და პუტინთან ნაცნობობით. ინალს რუსეთის პოლიტიკაში კარიერის გაკეთების შესაძლებლობაც ჰქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, მან არჩევანი მაინც აფხაზეთზე შეაჩერა. არჩევანის გაკეთებაში შესაძლოა მას რუსი „მეგობრებიც“ დაეხმარნენ. მისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ნამდვილად არ არის ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრობა“ და მას უფრო ამბიციური გეგმები უნდა ჰქონდეს. 2022 წელს აფხაზეთში „საპარლამენტო არჩევნებია“. ინალმა შარშან განაცხადა, რომ იგი პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა და ამისთვის ახალგაზრდა კადრებს მოიზიდავდა. პარტია ჯერ არ არსებობს, თუმცა არძინბა, სავარაუდოდ, შეეცდება სახელისუფლო სტრუქტურებსა და, პირველ რიგში, „საგარეო საქმეთა სამინისტროში“ თავისი ხალხის დანიშვნას შეუწყოს ხელი, რომლებიც შემდეგ მისი პოლიტიკური გუნდის წევრები გახდებიან.

ინალის სამიზნე უდავოდ არის აფხაზეთის „პრეზიდენტის“ სავარძელი, თუმცა ამისთვის მას ჯერ არ აქვს შესაფერისი ასაკი. „პრემიერმინისტრობა“ ინალისთვის იდეალური კარიერული ნახტომი იქნებოდა „საპრეზიდენტო“ ასაკის მიღწევამდე. ამჟამად აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრი“ აფხაზური პოლიტიკის ვეტერანი ალექსანდრ ანქვაბია, რომელსაც რუსეთში არ სწყალობენ. 2014 წელს ანქვაბს „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან გადადგომა შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს რუსეთის შუამავლობით  მოუწია.

ინალის ქართული პოლიტიკა

აფხაზური პოლიტიკის ძველი გვარდია (მათ შორის - ასლან ბჟანია, „უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა) თბილისთან ურთიერთობისთვის ახალი პლატფორმის (ჟენევის დისკუსიების გარდა) შექმნას დასაშვებად მიიჩნევენ. თუმცა, მათგან განსხვავებით, რადიკალური პოზიცია აქვთ ახალი თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის ინალსაც, რომელიც  საქართველოსთან დიალოგის წინაპირობად აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მიიჩნევს. მიმდინარე წლის თებერვალში ინალმა „აფსნიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა აფხაზეთის მიმართ უფრო იეზუიტური სტრატეგიის გატარებას ცდილობს, 1990-იანი წლების დასაწყისის ძალისმიერი მეთოდებისგან განსხვავებით“. მისი თქმით, „ქართველები ცდილობენ აჩვენონ, რომ საქართველოში არის ხარისხიანი მედიცინა, სოციალური სტანდარტები და უსაფრთხოება, რაც  ნიშნავს, რომ მათთან ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მათ გარეშე. ქართველები ცდილობენ მიგვანიშნონ - ჩვენი სახლი უკეთესია, დაბრუნდით ჩვენთან. თუმცა ჩვენ ჩვენი სახლი გვაქვს და ჩვენვე უნდა გავაკეთოთ რემონტი ჩვენს სახლში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კედლები დაინგრევა და სახურავი პირდაპირ თავზე დაგვეცემა“. ინალის შეფასებით, აშშ-ში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ვაშინგტონი ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ამ მხრივ საქართველოს შანსები გაზრდილია.

 

ინალის პრიორიტეტები

ინალმა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ განცხადებები 19 ნოემბერს „აფხაზეთის ტელევიზიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მან რუსეთთან ურთიერთობის ყოველმხრივი  გაღრმავება დაასახელა. მისი შეფასებით, „მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის 200-ზე მეტი შეთანხმებაა ხელმოწერილი და ურთიერთობები ძალიან მყარ ფუნდამენტზეა დაფუძნებული, ამ მიმართულებით კიდევ არის გასაკეთებელი“.

პრიორიტეტად დასახელდა რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარება და ამ რეგიონებიდან ინვესტიციების მოზიდვა. ინალის საქმიანობაში პრიორიტეტი იქნება კავშირების გაფართოება იმ ქვეყნებთან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ასევე იმ ქვეყნებთან მუშაობა, რომლებსაც აფხაზეთი არ ჰყავთ აღიარებული. ამისთვის, ინალის აზრით, საჭიროა „სწორი საინფორმაციო ფონის“ შექმნა.

ინალის შეფასებით, საერთაშორისო მდგომარეობა, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში, დაძაბულია, რასაც ხელს უწყობს აშშ-ის, უკრაინის და საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ინალის თქმით, ასევე პრიორიტეტია საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება და ნორმალური ურთიერთობების განვითარება, ძალის არგამოყენებაზე ორმხრივი შეთანხმების გაფორმება. მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ერთადერთ მრავალმხრივ ფორმატად რჩება, სადაც წარმომადგენელია აფხაზეთი.

 

რა ფაქტორები შეუწყობს ხელს ინალის წარმატებას

ინალი, როგორც იტყვიან, „კარგი ოჯახის შვილია“, მისი გვარი - არძინბა და აფხაზეთის პირველ დე ფაქტო პრეზიდენტთან ნათესაობა გარკვეულ უპირატესობას აძლევს მას კარიერული წარმატებისთვის. ინალს კარგი განათლება აქვს მიღებული რუსეთში და აფხაზი პოლიტიკოსებიდან შესაძლოა ყველაზე კარგი კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. რუსული კავშირები მას ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებაშიც დაეხმარება. ის, ვინც მოსკოვში „საქმეების დალაგებას“ შეძლებს, საკუთარ პოლიტიკურ წონასაც გაზრდის.

 

რა ფაქტორები შეუშლის ხელს ინალის წარმატებას

ინალის „საპრეზიდენტო“ ამბიციებზე აფხაზეთში ყველა ლაპარაკობს. თუმცა, ამ მხრივ რამდენიმე შემაფერხებელი ფაქტორია. პირველი ფორმალური საკითხია და იგი ინალის ასაკს უკავშირდება. იგი მხოლოდ 31 წლისაა, აფხაზური „კონსტიტუციით“ კი, პრეზიდენტი 35 წლის უნდა იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნები 2025 წელს დაგეგმილ დროს ჩატარდება, ინალი ჯერ კიდევ არ იქნება „საპრეზიდენტო“ ასაკისა. ამიტომაც, მას რამდენიმე წელი მოცდა მოუწევს, მანამდე კი შეიძლება აფხაზურ პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვალოს.

„საპრეზიდენტო“ მარათონში ინალის კონკურენტი შეიძლება იყოს ასევე ახალგაზრდა ადგურ არძინბა, რომელიც რაულ ხაჯიმბას „მთავრობაში“ „ეკონომიკის მინისტრი“ იყო და 2020 წელს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ასლან ბჟანიასთან მეტოქეობისას დამარცხდა. არძინბა ოპოზიციურ ფლანგზე აქტიურობს და ოპოზიციური ფრონტიდან „პრეზიდენტობისთვის“ ბრძოლას აპირებს.

ინალისთვის მთავარ პრობლემად შეიძლება იქცეს შიდა აფხაზური პოლიტიკის თავისებურებების  ნაკლებად ცოდნა და აფხაზური საზოგადოების განწყობები. აფხაზეთში მოსახლეობის პოლიტიკურ მხარდაჭერას ხშირად განსაზღვრავს ნათესაური კავშირები და გეოგრაფიული წარმოშობა და მხოლოდ კარგი გვარიშვილობა, თუნდაც გვარად არძინბა იყო, საკმარისი არ არის. არც რუსეთის მხარდაჭერაა წარმატების გარანტია. 2004 წელს, როდესაც რუსეთი და პირადად ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერდა რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტობას“, აფხაზების უმრავლესობამ მხარი მის კონკურენტს - სერგეი ბაღაფშს დაუჭირა. შემდგომში, არც ალექსანდრე ანქვაბი მოსწონდათ რუსეთში, მაგრამ ანქვაბმა მაინც მოახერხა „გაპრეზიდენტება“.

 

დასკვნის მაგივრად

ინალ არძინბას „საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშვნა არ არის უბრალო საკადრო ცვლილება, რომელიც შეუმჩნეველი შეიძლება დარჩეს. მისი აფხაზურ პოლიტიკაში გამოჩენა და შემდგომი გააქტიურება, დიდი ალბათობით, დიდი ცვლილებების გამომწვევი გახდება, რაც უახლოეს პერიოდში შეცვლის როგორც აფხაზეთის შიდა პოლიტიკაში ძალთა ბალანსს, ასევე საგარეო პოლიტიკაში - რუსეთთან ინტეგრაციის ტემპებსა და მასშტაბებს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.