X

რონდელის ბლოგი

რა გავლენას მოახდენს მერკელის პოლიტიკიდან წასვლა ევროკავშირის პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლოს მიმართ?

2021 / 12 / 10

სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
 

გერმანია-რუსეთის ურთიერთობები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა რუსეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაში. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ათ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, 20-ჯერ ეწვია მოსკოვს  დიპლომატიური ვიზიტით და ევროპის მთავარი წარმომადგენელი გახდა კრემლში. თავისი პოლიტიკური წონის წყალობით, მერკელმა  დიდი გავლენა მოახდინა  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზეც. მიუხედავად ამისა, 67 წლის ლიდერმა, რომელსაც 16 წლის განმავლობაში ეკავა კანცლერის პოსტი, ახლახან დატოვა პოლიტიკური სარბიელი.

მერკელის ადგილი დაიკავა სოციალ-დემოკრატმა ოლაფ შოლცმა. მისმა  პარტიამ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში მერკელის ქრისტიან-დემოკრატების კავშირს მცირე სხვაობით გაუსწრო (სოციალ-დემოკრატებმა არჩევნებში მოიპოვეს 25.8 პროცენტი, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა 24.1 პროცენტი). მწვანეთა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა კი, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს. დღეს გერმანიას ახალი კოალიციური მთავრობა ჰყავს, რომელსაც  კანცლერი ოლაფ შოლცი უძღვება. მას შემდეგ, რაც ევროპის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ლიდერმა, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულა  რუსეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, პოლიტიკური არენა დატოვა, შესაძლოა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გერმანიის ახალი მთავრობის გავლენის ინტენსივობაც საგრძნობლად შეიცვალოს.

 

მერკელის პრაგმატული ორაზროვნება

ტრადიციული გერმანული „ოსტპოლიტიკა“ (აღმოსავლეთის პოლიტიკა) რუსეთს ყოველთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავდა. გასული წლების განმავლობაში, მერკელის მმართველობის დროს, გერმანია-რუსეთის ურთიერთობები ნათელ წერტილად მოჩანდა რუსეთსა და დასავლეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე. ამ თანამშრომლობამ დიდი გავლენა მოახდინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე რუსეთისა და აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების მიმართ. მერკელის პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს ეფუძნებოდა, 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგაც კი არ განუცდია ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური უსაფრთხოების პრობლემებს (რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის პოლიტიკური რეპრესია და ყირიმის ანექსია) ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა, გერმანიის კანცლერი განაგრძობდა მოსკოვთან დიალოგს და  კრემლთან კვლავ „შერჩევითი ურთიერთობების“ პოლიტიკას აწარმოებდა.

ამავდროულად, მერკელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის საკითხის მოგვარების თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით, ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, რომელიც მან საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში დაპირისპირების დასრულების მიზნით ჩამოაყალიბა. თუმცა იმის გამო, რომ მერკელის მცდელობები და მოსკოვის ინტერესები თანხვედრაში არ იყო, გერმანიის კანცლერმა  რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი და ზეწოლაც კი მოახდინა, რომ ეს სანქციები მინსკის შეთანხმების შესრულებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მერკელმა აქტიურად იმოქმედა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებულ სიტუაციაშიც. იგი პირადად იყო ჩართული რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბერლინში მკურნალობის საკითხის გადაწყვეტაში.

მიუხედავად ამისა,  ეკონომიკური ინტერესების გამო, გერმანია კვლავ პრაგმატულად უდგებოდა რუსეთთან ურთიერთობას და მოსკოვთან დიპლომატიური მიმოსვლაც გააძლიერა. მერკელის მმართველობის დროს, ბერლინმა სცადა მრავალმხრივი კონფლიქტების ორმხრივი დიალოგით მოგვარება და რუსეთთან თანხვედრის წერტილების გამონახვას დაჟინებით ცდილობდა. ანგელა მერკელი, მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტისას, კვლავ შეეცადა, ევროკავშირ-რუსეთს და გერმანია-რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საერთო ენა გამოენახა. ის ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მოსკოვთან გამწვავებული ურთიერთობების პირობებში შეძლო კომუნიკაციის პირდაპირი არხის შენარჩუნება.

20 აგვისტოს, კრემლში შეხვედრის დროს,  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თაიგულს გადასცემს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს  (წყარო: ამერიკის ხმა)

ბერლინის დამოკიდებულება მოსკოვთან ყოველთვის განსაზღვრავდა  რუსეთისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას. გერმანიამ აქტიურად შეუწყო ხელი ევროკავშირის პოლიტიკის ევოლუციას რუსეთთან მიმართებაში. შედეგად, 2016 წელს ევროპის საბჭომ რუსეთთან ურთიერთობის ხუთი პრინციპი შეიმუშავა. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე მკაცრი რეაგირება მოეხდინათ და ჰიბრიდული ომი შეეკავებინათ. თუმცა ევროპის საბჭო იმაზეც შეჯერდა, რომ  მოსკოვთან კვლავ  „შერჩევითი თანამშრომლობის“ პრაქტიკას გააგრძელებდა. აღსანიშნავია, რომ მერკელის საგარეო პოლიტიკის მსგავსად, ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობის ხუთი პრინციპი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინტერესებსაც მოიცავს და რუსეთის საზიანო ქმედებების მიმართ მედეგობის გასაზრდელად, წინა პლანზე აყენებს  აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის დახმარების საჭიროებას. ეს პრინციპები ევროკავშირის პოლიტიკის სამი პოსტულატის „უკუგდების, შეკავებისა და თანამშრომლობის“ მიხედვითაა შედგენილი და  ბერლინის მიერ რუსეთისა და უკრაინის მიმართ შემუშავებულ პრაგმატულ, თუმცა ორაზროვან პოლიტიკას ეხმიანება.

 

რას უნდა მოველოდეთ?

მერკელის შემცვლელი ოლაფ შოლცი წინა სამთავრობო კოალიციის წევრი, ვიცეკანცლერი და ფინანსთა მინისტრი იყო. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, შოლცმა აღნიშნა, რომ მერკელის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დიპლომატიურ კრიტიკაზე დაფუძნებული მიდგომიდან დიდად არ გადაუხვევდა. ამავდროულად, შოლცი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრების დარღვევის და ევროპის უსაფრთხოების შერყევის მცდელობებს აკრიტიკებდა და ევროკავშირს რუსეთისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ განახლებული „ოსტპოლიტიკის“ შემუშავებისკენ მოუწოდებდა. სექტემბერში შოლცმა, რომელსაც მაშინ გერმანიის ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა, განაცხადა, რომ რუსეთის მიმართაც იყო საჭირო ახალი სტრატეგიის შემუშავება. შოლცმა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საჭირო „დიალოგის ხიდებსა და არხებზეც“ გააკეთა განცხადება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი „ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებას“ უნდა დათანხმდეს. ამ განცხადებით ნათელი გახდა, რომ რუსეთთან მიმართებაში გერმანიის პოლიტიკა, მერკელის პოლიტიკის მსგავსად, მეტწილად პრაგმატული მიდგომებით იქნება ნაკარნახევი. მეტიც, სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას უძღვება, რუსეთთან ისტორიულად მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა. ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ ვილი ბრანდტის საბჭოთა კავშირთან „დაახლოების პოლიტიკიდან“ იღებს სათავეს.

ამასთანავე, შოლცი მხარს უჭერდა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის პროექტს, რომელიც გერმანიას 55 მილიარდი კუბური მეტრი რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკაში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მწვანეთა პარტია, რომელიც ახალი კოალიციური მთავრობის წევრია, მოსკოვის მიმართ საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი. პარტიის კანდიდატი ანალენა ბაეროკი, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის მშენებლობას მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა, კრემლის დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნეც კი იყო. შესაძლოა, მწვანეებმა  ბერლინის საგარეო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ და ყურადღებას ეკონომიკური ინტერესების ნაცვლად, ადამიანის უფლებებსა და რუსეთის შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე გაამახვილებენ.

ოლაფ შოლცი (მარცხნიდან მეორე) თავისუფალი დემოკრატების, მწვანეებისა და სოციალ-დემოკრატების ლიდერებთან ერთად (წყარო: BBC)

ის, რამაც შეიძლება  შოლცი მისი წინამორბედისგან თვალსაჩინოდ განასხვაოს, არის „აღმოსავლეთის პარტნიორობის განსავითარებლად“ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან ერთად მუშაობის სურვილი. სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებულ გზამკვლევში –„ვცადოთ მეტის მიღწევა: ალიანსი თავისუფლების, სამართლიანობისა და მდგრადობისთვის“ – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს დიდი ყურადღება ეთმობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ „ევროკავშირთან დაახლოება კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული თანამიმდევრული რეფორმების გზით უნდა შეეძლოთ“. ეს ახალი მიდგომა შესაძლოა, ევროინტეგრაციის გზაზე ახალ შესაძლებლობადაც კი იქცეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რომელთაც დემოკრატიული რეფორმების გასაგრძელებლად ახალი სტიმული სჭირდებათ.

შოლცს რუსეთთან და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან ერთდროულად სურს „ხიდების გადება“. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები კვლავ, მეტწილად, პრაგმატიზმზე იქნება დაფუძნებული. ისიც აღსანიშნავია, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შროდერის დროიდან მოყოლებული, გერმანიასა და რუსეთს პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებდათ და ორ ქვეყანას შორის არასდროს გაწყვეტილა დიპლომატიური დიალოგი, მაშინაც კი, როცა პოლიტიკური მოვლენები მათ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ახდენდა.

მერკელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, გერმანია-ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობების საფუძველი, დიდი ალბათობით, მკვეთრად არ შეიცვლება. შოლცს, პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური გაჯანსაღების სირთულეების გათვალისწინებით, სურვილის შემთხვევაშიც კი, გაუჭირდება მერკელისეული საგარეო პოლიტიკისგან გადახვევა. საერთო ჯამში, მოსალოდნელია, რომ ახალი მთავრობა უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის ბალანსს შეინარჩუნებს. ახალ მთავრობასა და მერკელის ადმინისტრაციას შორის განსხვავება კი, ძირითადად, ევროკავშირთან  უფრო ახლო თანამშრომლობასა და რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და შიდა რეპრესიების მიმართ უფრო კრიტიკულ დამოკიდებულებაში გამომჟღავნდება. ამ მიდგომებმა ჯერ კიდევ ანგელა მერკელის დროს დაიწყო ჩამოყალიბება. მთავარ საკითხად რჩება ახალი მთავრობის ღირებულებებისადმი ერთგულება და მისი მზაობა, რომ რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობებზე წინ  დემოკრატია და ადამიანის უფლებები დააყენოს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.