რონდელის ბლოგი

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - რატომ უნდა აღიარონ „ასოცირებული ტრიო“?

2021 / 12 / 13

თეონა ლავრელაშვილი, პროექტის მენეჯერი, ევროპული პარტიის მონიტორი ბრიუსელში

რამუნას სტანიონი, ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის პოლიტიკური მრჩეველი

 

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 15 დეკემბრისათვის ჩაინიშნა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს არის პირველი სამიტი, რომელშიც ლიდერები ფიზიკურად იღებენ მონაწილეობას. როგორც თავად ევროკავშირი აღნიშნავს, სამიტი მხარს დაუჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პოსტ-2020 დღის წესრიგს და ახალ ელემენტებს შეიტანს პროგრამის მისიაში. მართლაც, ევროკავშირს მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს მეზობლებისათვის, მაგალითად, 2.3 მილიარდი ღირებულების ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლის პოტენციალი მოიცავს დამატებით 17 მილიარდი ევროს მობილიზაციას საჯარო და კერძო ინვესტიციების სახით, ასევე გათვალისწინებულია ზრდა უსაფრთხოების სფეროში. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას გრძელვადიანი ხედვა აკლია, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს „ასოცირებული სამეულის“ ბედზეც.

მიუხედავად ევროკავშირის ცნობილი (ავადსახსენებელი?) „გაფართოებით დაღლის“ სინდრომისა, რომელმაც ბევრს  გაუჩინა თავსატეხი, უპირველეს ყოვლისა კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმედიანად შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას და გამოხატავენ ურყევ ნებას, გახდნენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. შთაგონებული ამ საერთო იდეით და ასევე,  ევროკავშირთან პირისპირ მოლაპარაკების წონის გასაზრდელად ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 17 მაისს კიევში ხელი მოაწერეს მემორანდუმს „ასოცირებული სამეულის“ შექმნის შესახებ, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ კი მიიღეს სამმხრივი დეკლარაცია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თანდასწრებით. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი ე. წ. „ასოცირებული სამეულის“ პროცესს, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, უკრაინამა და მოლდოვამ ვალდებულება აიღეს, ეთანამშრომლათ საკუთარ ქვეყნებში „მშვიდობიანი, დემოკრატიული და წარმატებული ევროპული მომავლის“ შექმნის საქმეში. შესაძლოა ითქვას, ამ ინიციატივის ირგვლივ გამოხმაურებების ნაწილი საიმედო აღმოჩნდა, ნაწილი - შერეული.  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ამ ფორმატს მიესალმნენ, ევროპის პარლამენტმაც გამოხატა მხარდაჭერა - საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საკმაოდ გულითადი შეხვედრა გაუმართა „ასოცირებული სამეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს. ახლახან უკვე ამ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები შეხვდნენ ევროკავშირის ინსტიტუტების პრეზიდენტებს „ასოცირებული სამეულის“ ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ნაწილი, მაგალითად, DG NEAR (ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოს გაფართოების დირექტორატი) გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს, რადგან ეს ინიციატივა, მათი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფრაგმენტაციას მოახდენს და პროგრამას მულტილატერალიზმის ელემენტებს ჩამოაცლის. არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომ ინიციატივას შესწევს უნარი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გაუჩინოს გეოპოლიტიკური პერსპექტივები და ხელი შეუწყოს რეფორმების პროცესების გაცოცხლებას.

საბედნიეროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ რთულდება იმ განსხვავებების უგულებელყოფა, რაც ასე მომწიფდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ცალსახაა, რომ ნაწილს სურს უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში, ხოლო ნაწილი სტატუს-კვოს შენარჩუნებით კმაყოფილდება. შესაბამისად, არა მხოლოდ სავარაუდოა, არამედ აუცილებელიც, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა ოფიციალურად აღიაროს „ასოცირებული სამეულის ფორმატი. ამ მიზნით კი ასოცირებული სამეულის ქვეყნებს გაბედული ინიციატივის უნარის გამომჟღავნება მართებთ, რათა მოხდეს ამ ფორმატის განვითარების ხედვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. სწორედ ამგვარი ხედვის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველია ევროპარლამენტის ევრონესტის ასამბლეის თავმჯდომარის - ანდრიუს კუბილიუსის და მისი პოლიტიკური მრჩევლის - რამუნას სტანიონისის ბოლო დროს გამოქვეყნებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც ავტორები გამოთქვამენ აზრს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას სჭირდება განახლება, რაც შეიძლება დაეფუძნოს რომანო პროდის  „სიახლოვის პოლიტიკის“ იდეას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „ყველაფერი, გარდა ინსტიტუტებისა“. გამოვყოფთ 3 ძირითად იდეას:
 

  • ევროკავშირის ტრიოს პროცესი და მისი დღის წესრიგი - ასოცირებული სამეულის დღის წესრიგი უნდა იმართებოდეს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ „ბერლინის პროცესის“ მსგავსად, რაც მოხდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის, დაიწყოს  ე.წ. „ტრიოს პროცესი“. ტრიო პროცესს წარუძღვეს პრეზიდიუმი, რომელიც როტაციის პრინციპით იმუშავებს. იგი პასუხისმგებელი იქნება ასოცირებული სამეულის პროგრესის შეფასებასა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე. ევროკავშირის ინსტიტუტებმა კი უნდა დაიწყონ რეგულარული  რეპორტების შედგენა იმ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც გამოყენებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.
  • ასოცირებული სამეულის თანდათანობითი ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე - ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომისთვის ტრიოს დღის წესრიგით გაიწეროს კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად გამოვიყენოთ კლასტერული EEA ტიპის შუალედური მოდელი. ამ გზით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება შესაძლებელია ტრიოს საგზაო რუკის მეშვეობით. EEA-ის (ევროკავშირის ეკონომიკური არეა) მოდელს იგივე სამართლებრივი საფუძვლები აქვს, რაც ასოცირების ხელშეკრულებებს.
  • ასოცირებული სამეულის ინსტიტუციური მონაწილეობის გაზრდა - ცხადია, საჭიროა ევროკავშირის მეტი ჩართულობა, როგორც პოლიტიკური, ისე ინსტიტუციური თვალსაზრისით. ასოცირებული სამეულის დღის წესრიგის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ევროკავშირთან „ფიზიკური დაკავშირების“ სტრატეგია, რათა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ამ ქვეყნებს გაუჩნდეთ წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. მსგავსი პროექტები შეიძლება განხორციელდეს ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტული სია ყოველწლიურად უნდა გადაიხედოს. ამ პროცესის დაჩქარება შესაძლებელია „ასოცირებული ტრიოს“ ინფრასტრუქტურის ჩარჩოს (ATIF) დახმარებით, რომლის სამდივნო უნდა განთავსდეს ევროკომისიაში (DG NEAR). გარდა ამისა, რეფორმების გასაძლიერებლად უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფი (SGUA) უნდა მოიცავდეს ასოცირებული ტრიოს დანარჩენ 2 ქვეყანასაც.

ეს არის საკმაოდ ამბიციური ნაბიჯები, რომელთა გადადგმა სავსებით შესაძლებელია. იმისათვის, რომ ეს იდეები (ან მათი ნაწილი)  რეალობად იქცეს, საჭიროა უფრო სისტემური ფიქრი და მსჯელობა, რათა შემუშავდეს შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა „ასოცირებული სამეულის“ ირგვლივ. ეს ინიციატივა  წარმატებული ვერ იქნება, თუკი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ადგილობრივი აქტორების, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ანალიტიკოსების და პოლიტიკური პირების ძალისხმევა არ ჩაიდო. შესაბამისად, ურიგო არ იქნებოდა გვეფიქრა „ასოცირებული სამეულის“ მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც შევლენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები და ანალიტიკოსები სამი ქვეყნიდან და ასევე ევროკავშირიდან.

ასევე ურიგო არ იქნება გვემსჯელა, თუ როგორ გავზარდოთ ევროპის პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. . ვფიქრობთ, ევროპარტიებმა უკეთ უნდა შეძლონ განვითარება/შექმნა შიდა პარტიული პლატფორმებისა, რომელთა მეშვეობით, ერთი მხრივ, მხარს დაუჭერენ „ასოცირებული სამეულის“ იდეას ევროპის დონეზე, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობენ კონსტრუქციული დიალოგის განვითარებას თავიანთი პარტნიორი პარტიების ჩართულობით საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში.

ამ მოცემულობაში, როდესაც ასოცირებული სამეულის ქვეყნებს არა აქვთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა, ტრიოს პროცესი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ახალი მომენტი, რომელსაც ხელი უნდა ჩავჭიდოთ, რომ შევძლოთ რეფორმების გაგრძელება. ნათელია, რომ ეს მოითხოვს პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტორების ძალისხმევის კონსოლიდაციას და, უპირველეს ყოვლისა, მკაფიო პოლიტიკურ ნებას, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და მათმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას. სწორედ ამიტომ 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტი წარმოადგენს ერთგვარ გარდამტეხი მომენტს, რომ ან აღიარონ ეს იდეა და მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის ახალი ხედვის დამკვიდრება, ან გაგრძელდეს პროცესი “business as usual”. ეს უკანასკნელი კი  მხოლოდ ძირს გამოუთხრის ევროკავშირის ტრანსფორმაციის ძალას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მეტიც შეარყევს  მის გეოპოლიტიკურ სანდოობას.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.