X

რონდელის ბლოგი

რამზან კადიროვის რეჟიმის ახალი სამიზნეები

2021 / 12 / 30

ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

2021 წლის 15 სექტემბერს რამზან კადიროვმა გამოხატა თავისი გაბრაზება ახმედ ზაკაევის - ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის (შემდგომში: იჩქერია) ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციიდან ჩეჩნეთის გამოყოფის აქტიური მომხრის მიმართ. კადიროვის გამოსვლა იყო პასუხი ზაკაევის კრიტიკულ განცხადებაზე კადიროვის მამის - ახმატ კადიროვის შესახებ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად რუსეთის მიერ რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დანიშნა. კადიროვმა ზაკაევს შეუთვალა: „მამაჩემის სახელი ერთხელაც რომ ახსენო, ნახავ, რა დაგემართება. შედეგების მიუხედავად, ცოცხლად დაგწვავ ცეცხლში“. მოგვიანებით, ზაკაევის ნათესავები ჩეჩნეთში, კადიროვის უსაფრთხოების აპარატის დაშინებულები, იძულებული გახდნენ გამოექვეყნებინათ ვიდეო, სადაც აკრიტიკებდნენ და გმობდნენ ზაკაევს. რამდენიმე კვირის შემდეგ ზაკაევის წარმომადგენელმა გერმანიაში, ყოფილმა მებრძოლმა ქალმა რუბათი მიცაევამ კადიროვს ვიდეომიმართვაში სთხოვა, ჩეჩნეთში დაბრუნების ნება დაერთო. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, საკმაოდ აგრესიულ ზომებს იყენებს იჩქერიის აქტიური მხარდამჭერების წინააღმდეგ.

პირველი და მეორე ჩეჩნური ომების დროს ჩეჩნური წინააღმდეგობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იჩქერიის დროშით ებრძოდა. ამიტომაც მიიჩნევდა რუსეთის ხელისუფლება იჩქერიას მნიშვნელოვან სამხედრო მოწინააღმდეგედ. ჩეჩნეთის ამბოხებულ სეკულარულ და ისლამურ ფრაქციებს შორის განხეთქილების მიუხედავად, ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის კონცეფცია 2007 წლამდე უცვლელი დარჩა. 2007 წელს ჩეჩენი მებრძოლების ლიდერმა და იჩქერიის პრეზიდენტმა დოკუ უმაროვმა გააუქმა იჩქერია და გამოაცხადა იმარატ კავკაზის შექმნა - მრავალეთნიკური ჯიჰადური ორგანიზაციის, რომლის მიზანია შარიათის კანონებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა ჩრდილოეთ კავკასიაში, შავ და კასპიის ზღვებს შორის. უმაროვის გადაწყვეტილებამ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის განხეთქილება გამოიწვია. ბოლო დრომდე კადიროვის რეჟიმს რუსულ უშიშროების სამსახურებთან ერთად ძირითადად მიზანში სწორედ ჩეჩენი ჯიჰადისტები და მათი მხარდამჭერები ჰყავდა ამოღებული, ხოლო იჩქერიის მხარდამჭერებს, როგორც წესი, უგულებელყოფდნენ. 2010-იანი წლების ბოლოს კადიროვს ჰქონდა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა, შეერიგებინა ევროპაში მყოფი იჩქერიის მაღალი რანგის მხარდამჭერები და დაებრუნებინა ისინი ჩეჩნეთში. განსხვავება იყო რიტორიკაშიც. მაშინ, როცა კადიროვი და მისი მედია ჯიჰადისტების ძირითადად დეჰუმანიზაციას ახდენდნენ და მათ შეიტანებად (ეშმაკებად) მოიხსენიებდნენ, იჩქერიის მომხრეები ძირითადად ძველმოდურებად და გულუბრყვილოებად იყვნენ წარმოჩენილი. დღესდღეობით იჩქერიის მომხრეები წარმოადგენენ რამდენიმე კონკურენტულ ჯგუფს, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან იჩქერიისა და ემიგრაციაში მყოფი ხელისუფლების კანონიერი მემკვიდრეები.

კადიროვის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, საინტერესოა, რამ აიძულა ის შეეცვალა დამოკიდებულება იჩქერიისა და მისი მხარდამჭერების მიმართ და ისინი მთავარ სამიზნეებად ექცია? არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც ხელი შეუწყო ამ პროცესს. პირველ რიგში, კადიროვის რეჟიმს სასიცოცხლოდ სჭირდება გარეშე მტერი. ვინაიდან ჩეჩნეთში ყველა ჯიჰადური ჯგუფი (იმარატ კავკაზი, ISIS) ან განადგურდა, ან გადავიდა სირიის კონფლიქტში,  ჯიჰადის ქმედითი ჯამაატები ჩეჩნეთში აღარ არსებობს. შედეგად, უნდა მოხდეს ჯიჰადისტების სხვა გარეშე მტრით ჩანაცვლება. მეორეც, ჩეჩენი ბლოგერების, უმეტეს შემთხვევაში იჩქერიის მომხრეების, გააქტიურებასაც შეეძლო კადიროვის გაბრაზება გამოეწვია. გამოჩენილი ჩეჩენი ბლოგერები, მაგალითად, როგორიცაა თუმსო აბდურახმანოვი, ადიდებენ დამოუკიდებელი იჩქერიის იდეას და იზიარებენ სკეპტიციზმს იმარატ კავკაზის კონცეფციისა და ჯიჰადით სახელმწიფოს მშენებლობის სხვა პროექტების მიმართ. მესამე, იმარატ კავკაზის და ISIS-ის რუსულენოვანი ფრაქციის ჩამოშლის შემდეგ მათი ბევრი ყოფილი თანამოაზრე დღესდღეობით თავს იჩქერიას უკავშირებს, რათა თავიდან აიცილონ ტერორისტების ან რადიკალების იარლიყი. შესაბამისად, ისინი კვლავ კადიროვის სასტიკ მოწინააღმდეგეებად რჩებიან. დაბოლოს, სირიის კონფლიქტისგან განსხვავებით, უკრაინის დონბასის რეგიონში გადანაცვლებული ჩეჩნური დაჯგუფებები დონბასში პრორუსული სეპარატისტული ჯგუფების წინააღმდეგ იჩქერიის სიმბოლოებს იყენებენ და ეს იწვევს არა მხოლოდ კადიროვის რეჟიმის, არამედ რუსეთის ხელისუფლების შეშფოთებასაც.

იჩქერიის აქტიური მხარდამჭერების წინააღმდეგ კადიროვის ტაქტიკა შეიძლება მოიცავდეს მათი ჩეჩნეთში მცხოვრები ნათესავების მიზანმიმართულ დაშინებას, მუქარას, მკვლელობასაც კი და  ჩეჩნური სოციალური მედიის ანგარიშების კონტროლს, ასევე ე.წ. ტროლებისა და მარიონეტული ბლოგერების აქტიურ გამოყენებას. თუმცა, კადიროვს, სავარაუდოდ, სირთულეები შეექმნება დამოუკიდებელი იჩქერიის კონცეფციასთან დაპირისპირების თვალსაზრისით. მაშინ, როცა ISIS-ი და იმარაკავკაზი ჩეჩნებს ჩეჩნეთში და მის ფარგლებს გარეთ ფართოდ არ აქვთ მიღებული, კადიროვი ადვილად შეძლებს ნებისმიერი სახის ჯიჰადზე დაფუძნებული სახელმწიფო მშენებლობის პროექტების დემონიზაციასა და დისკრედიტაციას. ამის საპირისპიროდ, იჩქერიას მნიშვნელოვანი სიმბოლური როლი აქვს ჩეჩენი ხალხის თანამედროვე ისტორიაში და რჩება ჩეჩნური ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პირველ მცდელობად. გარდა ამისა, რუსეთის წინააღმდეგ ორ ომში ჩეჩნების მთელი თაობა იჩქერიის დროშის ქვეშ იბრძოდა, მათ შორის, კადიროვის მამა, აჰმად კადიროვი, მოწინააღმდეგე მხარეს გადასვლამდე.

დასასრულს, იჩქერიის კონცეფციას აქვს პოტენციალი, კონკურენცია გაუწიოს კადიროვის პოლიტიკურ იდეოლოგიას და დაიპყროს ჩეჩნების გული და გონება. ფართომასშტაბიანი შევიწროების მიუხედავად, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის იდეა კვლავ პოპულარულია რიგით ჩეჩნებში. აქედან გამომდინარე, კადიროვი დამატებით ძალისხმევას დახარჯავს იჩქერიის კონცეფციის დეჰუმანიზაციისა და მისი აქტიური მხარდამჭერების დაშინებისათვის.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.