რონდელის ბლოგი

აშშ-რუსეთის ურთიერთობები და უკრაინის საკითხი

2022 / 01 / 13

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს ილაპარაკოს ულტიმატუმის ენით, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი დათმობები დასავლეთის მხრიდან. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ასევე ცხადია, რომ პროგრამა მაქსიმუმი არ შეცვლილა და როგორც უწინ, ამჯერადაც მის მიზანს წარმოადგენს, რომ დასავლეთმა  უკრაინის და რუსეთის ფედერაციის სხვა მეზობელი ქვეყნები მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ზონად აღიარონ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მოსკოვი ხისტად მოქმედებს. თუმცა, ამჯერად მოსკოვი თავის ქმედებებში ბევრად უფრო რადიკალური ჩანს, რაც, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელების მუქარაში გამოიხატება. მოსაზრება რუსეთის რადიკალიზმის თაობაზე კიდევ უფრო გაამყარა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გასული წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნებულმა ორი დოკუმენტის პროექტმა - ხელშეკრულება აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე და შეთანხმება უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან.

ეს დოკუმენტები ერთმანეთის მსგავსია და ითვალისწინებს ისეთ პირობებს, რომელზე შეთანხმებასაც, დასავლეთზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად რუსეთშიც კი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. თუმცა, ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ ამ დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ დამატებითი არგუმენტი მიეცა რუსულ პროპაგანდას რუსეთის ფედერაციის „ძლევამოსილების“ თაობაზე მითის გაძლიერებისთვის.

საკუთარი არგუმენტის გამყარებას რუსული პროპაგანდა იმით ცდილობს, რომ ზემოხსენებული ორი დოკუმენტი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ მოკლე ხანში გამოქვეყნდა. ამ შეხვედრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა მკაფიოდ ისაუბრა იმ სანქციებზე, რომლებსაც აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოიღებდა, უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში. შესაბამისად, ისე გამოჩნდა, რომ აშშ-ის მხრიდან ახალი უპრეცედენტო მასშტაბის სანქციების მიუხედავად, რუსეთმა მაინც გააგრძელა ულტიმატუმის ენით საუბარი დასავლეთთან.

რუსული მხარის ნარატივი იმანაც განამტკიცა, რომ აშშ-მ არ განაცხადა უარი განეხილა მოსკოვის მიერ შემუშავებული ზემოხსენებული ხელშეკრულება უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. პირიქით, იგი დაეთანხმა დიალოგის დაწყებას და, შესაბამისად, ჩაინიშნა შეხვედრა ჟენევაში, რომელიც ა.წ. 9 და 10 იანვარს გაიმართა კიდეც.
 

აშშ-ის პოზიცია   

აშშ-მ თავიდანვე ღიად დააფიქსირა, რომ მისთვის მიუღებელი იყო მოსკოვის მიერ შემუშავებული ხელშეკრულების პროექტში ასახული საკითხების უმეტესობა, მაგრამ დიალოგის გაგრძელება რუსეთთან მაინც მიზანშეწონილად მიიჩნია. ამასთან, ჟენევაში შეხვედრის წინ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდა იმ სანქციებზე, რომლებსაც  ვაშინგტონი მოკავშირეებთან ერთად მოსკოვის წინააღმდეგ შემოიღებს, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის განხორციელების შემთხვევაში.

სანქციებში ნახსენები იყო:

  • რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება;
  • რუსული მაღალტექნოლოგიური (გამანადგურებლები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, კოსმოსური სისტემები) შეიარაღების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების მიღება; 
  • შეზღუდვები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და კვანტური გამოთვლები;
  • რუსეთის შეყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც ყველაზე მკაცრი საექსპორტო შეზღუდვებია დაწესებული.

ამ ახალმა მონაცემებმა, რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების თაობაზე მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების უპრეცედენტო მასშტაბები. უშუალოდ ჟენევაში შეხვედრის წინ ამ ინფორმაციის გავრცელება, სავარაუდოდ, შემთხვევით არ მომხდარა. ამით აშშ-ის მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს კომპრომისის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ჟენევაში შეხვედრამდე აშშ-ის მხარე ესაუბრა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს: მათ შორის, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას, ხოლო სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რუსეთთან მოლაპარაკების საკითხში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ვენდი შერმანი კი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

ეს საუბრები მიზნად ისახავდა კოორდინაციას, პოზიციების შეჯერებას, აშშ-ის მხრიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე მხარდაჭერის დემონსტრირებას. ასევე ხაზს უსვამდა იმასაც, რომ აშშ მყარად დაიცავდა მის მიერვე წინასწარ გაცხადებულ პრინციპს  - “nothing about you without you”, რაც გამორიცხავს ორმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთთან რომელიმე ქვეყნის ინტერესის ხარჯზე შეთანხმებას.

ზემოხსენებული სტრატეგია, რომელიც, რუსეთთან დიალოგის პარალელურად, მის წინააღმდეგ სანქციებით მუქარას და მოკავშირე/პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთო ძალისხმევის მობილიზებას გულისხმობს, ახალი არ არის. იგივე სტრატეგიას ვაშინგტონმა მიმართა გასული საუკუნის 80-იან წლებში, რათა შეეჩერებინა საბჭოთა კავშირის სამხედრო ოპერაცია პოლონეთში, რამაც მაშინ წარმატებით იმუშავა.

ჟენევის შეხვედრის კიდევ ერთი ნიუანსი უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვნად. კერძოდ, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატი არ შექმნილა. ამ შეხვედრით გაგრძელდა სტრატეგიული სტაბილურობის თაობაზე დიალოგი რუსეთთან, რომელიც დაიწყო გასული წლის გასული წლის ივნისში ბაიდენისა და პუტინის სამიტის შემდეგ და ამ დიალოგის ფარგლებში მხარეებს აქამდე უკვე  ორი შეხვედრა  ჰქონდათ ჩატარებული.

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის ვენდი შერმანის მიერ გაკეთებულ კომენტარში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ნატოს გაფართოება, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობა რომელიმე ქვეყანასთან, რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებებისას არსებითი განხილვის საგანი არ გამხდარა. ამავე დროს, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს რუსეთის მიმართ. ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული 100 000-იანი სამხედრო კონტინგენტსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლის ან  რომელიმე ალიანსში გაწევრიანების აკრძალვის უფლება.  

 

უკრაინის საკითხი

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით ეჭვს არ იწვევს და საკმაოდ ხისტი და მკაფიოა, მაინც მაღალი რჩება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელების ალბათობა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

  • მოსკოვი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს. ერთი მხრივ, უკრაინის სამხედრო ძალები ძლიერდება და მეორე მხრივ უკრაინა კიდევ უფრო შორდება რუსეთს. შესაბამისად, მოსკოვი ალბათ თვლის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მას შეუმცირდება შანსი სამხედრო ძალის გამოყენებით უკრაინის გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს;
  • რუსულ პროპაგანდას უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი უკრაინის თემა. ამ თვალსაზრისით, შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს (აჭარბებს კიდეც) იმას, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის წინ. შესაბამისად, პუტინის რეჟიმს გაუჭირდება თავისივე წამოწყებული საომარი რიტორიკის შეჩერება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს შეიძლება მის სისუსტედ აღიქვან. პუტინის რეჟიმის სიმყარე კი დიდწილად ეყრდნობა სიძლიერის (ხშირად მოჩვენებითის) დემონსტრირებას, რაზეც მას უარის თქმა არ სურს;
  • მოსკოვს, ალბათ, მაინც  დასავლეთის ერთიანობის  და მკაცრი სანქციების ბოლომდე არ სჯერა. ამიტომაც მუდმივად ცდილობს უკრაინის სამხედრო პროვოკაციაზე წამოგებას, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. აშშ-ის და მისი მოკავშირეების სისუსტეზე წარმოდგენის შექმნის საფუძველს მოსკოვს, ერთი მხრივ, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე დასავლეთის რეაქცია აძლევს. მაშინ დასავლეთმა არა თუ სანქციები არ დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ორმხრივი ურთიერთობებიც კი იმავე დონეზე შეინარჩუნა. აშშ-ის შემთხვევაში კი, „გადატვირთვის“ პოლიტიკის შედეგად, სულაც გააუმჯობესა კიდეც. მართალია, უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი უკვე სხვაგვარად მოიქცა, მაგრამ მოსკოვი ალბათ მაინც ფიქრობს, რომ იგი წარმატებით გაუმკლავდა დასავლეთის მიერ ამჯერად დაწესებულ სანქციებს;
  • მოსკოვი სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ავღანეთიდან გასვლამ შეარყია აშშ-ის საერთაშორისო პოზიციები და გავლენა. ამას თან ერთვის, დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის, მათ შორის, ტაივანის საკითხის გარშემო. ასეთ ვითარებაში, მოსკოვის გადასახედიდან, ვაშინგტონს გაუჭირდება ეფექტიანად დაუპირისპირდეს რუსეთის მორიგ სამხედრო აგრესიას უკრაინაში.

ზემოხსენებული არგუმენტები  არ გულისხმობს იმას, რომ მოსკოვი მიაღწევს საკუთარ მიზანს, თუკი გადაწყვეტს ახალი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ. შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, ეს იქნება ძალიან მაღალი რისკის შემცველი ავანტიურა, რაც რუსეთის ფედერაციას ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზულ ზიანს მიაყენებს.                     

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.