რონდელის ბლოგი

პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა

2022 / 02 / 15

ეკა ჯავახიშვილი, ანალიტიკოსი

 

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზების პარალელურად, რუსეთი და ჩინეთი „ულიმიტო თანამშრომლობის“ დეკლარირებით დაუპირისპირდნენ დასავლეთს. XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 4 თებერვალს გაიხსნა, მსოფლიოსთვის პოლიტიკური გზავნილების მთავარ არენად იქცა. ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას საზღვრები არ აქვს და არ არსებობს თანამშრომლობის „აკრძალული“ სფეროები. მხარეებმა მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა გამოხატეს „ერთმანეთის ძირეული ინტერესების დაცვის საქმეში“.

რუსულ-ჩინური „ერთობის“ დემონსტრირების ფონზე მსოფლიო დაძაბული ელის, მიიღებს თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ინტერვენციის გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილია, მოსკოვს 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, ბელარუსში სამხედრო სწავლებებს მართავს, დონბასში სეპარატისტული ძალები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სულ უფრო ხშირად არღვევენ და ომის დაწყების საფრთხე უკიდურეს ნიშნულზე ნარჩუნდება. აშშ-მ და დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვი არაერთგზის გააფრთხილეს, უკრაინაზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, მოსალოდნელი ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხისა და „მძიმე შედეგების“ თაობაზე. კრემლი დასავლეთს უკრაინაში შეჭრის საფრთხის გაზვიადებაში ადანაშაულებს. თუმცა, რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო მობილიზება არ გამორიცხავს მოვლენების საომარი სცენარით განვითარების შესაძლებლობას. არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა მოსკოვმა ოლიმპიადის დასრულებამდე დაიწყოს ომი. 

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქვეყანა მხოლოდ ორჯერ დატოვა და პანიკური სიფრთხილის მიუხედავად, რასაც იგი უცხოელ ლიდერებთან შეხვედრისას იჩენს, ჩინეთში მაინც ჩავიდა. სი ძინ პინისთვის კი პუტინთან გამართული შეხვედრა იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველი პირისპირ ურთიერთობა უცხოელ ლიდერთან. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ პუტინი და სი ძინ პინი უკვე 38-ედ შეხვდნენ ერთმანეთს.

 

ერთობლივი განცხადების ძირითადი გზავნილები

რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი დეკლარაცია განმსჭვალულია ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მისწრაფებებით, სადაც რუსეთისა და ჩინეთის მთავარი ინტერესები გლობალურად იქნება  დაფასებული. მხარეები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ შეეწინააღმდეგონ აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების ინტერესების დომინაციას. რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი „ახალი ტიპის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა“ აღემატება „ცივი ომისდროინდელ“ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს. ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას არ აქვს საზღვრები და არ არსებობს თანამშრომლობის აკრძალული სფეროები.

გზავნილები დემოკრატიის შესახებ:  განცხადებაში ფართოდ არის განხილული რუსეთისა და ჩინეთის გადაწყვეტილება, ერთად იმუშაონ ახალი საერთაშორისო წესრიგის შესაქმნელად, რომელიც დაეფუძნება ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ მათ წარმოდგენას. რუსეთისა და ჩინეთისთვის მიუღებელია დემოკრატიული ღირებულებების შელახვისა და ადამიანის უფლებების არასათანადოდ დაცვის თაობაზე მათი მისამართით დასავლეთის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა. უფრო მეტიც, პუტინი და სი ძინ პინი აკრიტიკებენ „ცალკეული სახელმწიფოებს“ გლობალური ჰეგემონიის დამყარებისა და დემოკრატიის საკუთარი სტანდარტების დაწესების მცდელობის გამო. ისინი აცხადებენ, რომ ხალხს უფლება აქვს თავად განსაჯოს, არის თუ არა მათი სახელმწიფო დემოკრატიული. მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ პარტნიორთან, „ნამდვილი დემოკრატიის“ ხელშეწყობის მიზნით.  

უსაფრთხოების გამოწვევები: ერთობლივ განცხადებაში მხარეები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების მიმართ. ისინი ადასტურებენ მტკიცე ურთიერთმხარდაჭერას ფუნდამენტური ინტერესების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. რუსეთი და ჩინეთი მზად არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ გარე ძალების ჩარევას სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში და „ფერადი რევოლუციების“ მიმართ კატეგორიულ მიუღებლობას აფიქსირებენ.

მხარეები ღიად ეწინააღმდეგებიან NATO-ს გაფართოებას და ალიანსს მოუწოდებენ, შეწყვიტოს „ცივი ომის იდეოლოგიის მიდგომები". მოსკოვი და პეკინი ასევე უკმაყოფილებას გამოხატავენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის „სამმხრივი უსაფრთხოების პარტნიორობის“ (AUKUS) მიმართ და აცხადებენ, რომ ეს რეგიონში შეიარაღების შეჯიბრის საშიშროებას ზრდის. რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ის გეგმებთან დაკავშირებით, გლობალური სარაკეტო თავდაცვის განვითარებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მისი ელემენტების განლაგების შესახებ.  

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების იურიდიული გარანტიების ფორმირების შესახებ. თავის მხრივ, რუსული მხარე ადასტურებს „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის ერთგულებას, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და ეწინააღმდეგება ტაივანის დამოუკიდებლობას ნებისმიერი ფორმით.

თანამშრომლობის სფეროები: მოსკოვი და პეკინი ჩინეთის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივისა და რუსეთის „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ თანამშრომლობის გზით სხვადასხვა სფეროში კავშირების გამყარებაზე, არქტიკის განვითარებაზე, ასევე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალისხმევაზე. ისინი მხარს უჭერენ BRICS-ის ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და მიზნად ისახავენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაძლიერებას. მხარეებს სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში. მოსკოვისა და პეკინისთვის მიუღებელია „ცალმხრივი სანქციების პოლიტიკა“, აგრეთვე ექსპორტის კონტროლის პოლიტიკის ბოროტად გამოყენება.

 

ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე აქცენტირება

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ევროპა რუსეთს პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებით ემუქრებიან. ამ ფონზე, ჩინეთში რუსეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რუსეთ-ჩინეთს შორის 117.5 მლრდ. დოლარის ღირებულების ახალი ნავთობ-გაზის შეთანხმებები გაფორმდა. ეს ერთგვარი სიგნალია დასავლეთისთვის, რომ კრემლს ენერგოექსპორტის დივერსიფიცირებით პოტენციური ეკონომიკური ზიანის მინიმიზება შეუძლია. პუტინს სურს ხაზი გაუსვას, რომ მხოლოდ ევროპაში გაზის ექსპორტზე არ არის დამოკიდებული რუსეთის სამომავლო პერსპექტივები.   

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთის კრიტიკის საპირწონედ, პუტინმა დასავლური ბაზრის ალტერნატივის ძიებაში ჩინეთს მიაშურა. მაშინ სი ძინ პინმა პუტინს საკუთარი მხარდაჭერა 400 მლრდ. დოლარის ღირებულების 30-წლიანი გაზის ხელშეკრულების ხელმოწერით დაუდასტურა, მიუხედავად იმისა, რომ პეკინს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არ უღიარებია.

ამჯერად, უკრაინასთან დაძაბული ვითარების ფონზე, რუსულ „როსნეფტსა“ და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას (CNPC) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, ყაზახეთის გავლით ჩინეთისთვის 100 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდების თაობაზე 10 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ „როსნეფტი“ ჩინეთში ნავთობის წამყვანი ექსპორტიორია, რომელიც ყოველწლიურად უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობსაჭიროების 7%-ის დაფარვას.

ვიზიტის ფარგლებში, „გაზპრომმა“ და ჩინეთის ეროვნულმა ნავთობკორპორაციამ (CNPC) ასევე ხელი მოაწერეს გრძელვადიან ხელშეკრულებას „შორეული აღმოსავლეთის“ მარშრუტით ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ. შეთანხმების თანახმად, „გაზპრომი“ წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრით მეტ გაზს მიაწვდის ჩინეთს და ყოველწლიურად 38-დან 48 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის მიწოდებულ მოცულობას. ეს მოცულობა დიდია, თუმცა ბუნებრივი გაზის იმ რაოდენობასთან შედარებით, რომელსაც რუსეთი ევროპაში აგზავნის, სოლიდურად არ გამოიყურება. შედარებისთვის, 2021 წელს რუსეთმა ჩინეთში 16,5 მლრდ. კუბური მეტრის, ევროპაში კი - დაახლოებით 180 მლრდ. კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა.

 

ჩინეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის პოტენციურ კონფლიქტთან მიმართებაში

საგულისხმოა, რომ რუსეთ-ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში უკრაინა საერთოდ არ არის ნახსენები და დღეისათვის არსებულ კრიზისში ამ დეკლარაციას რუსეთის პოზიციები არ გაუძლიერებია. ეს შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ჩინეთს არ სურს ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს რუსულ ამბიციებს უკრაინასთან მიმართებით. უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჩაღება ჩინეთის ინტერესებს მხოლოდ დააზარალებს. პეკინს საკმაოდ ფართო სავაჭრო კავშირები აქვს უკრაინასთან „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ფარგლებში და ევროპაში სტაბილურობის შენარჩუნება მისი ამბიციური პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი პირობაა. პეკინისთვის მისაღები არ იქნება, თუ რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო ჩინელი ინვესტორები დაზარალდებიან და დამატებითი ეკონომიკური ზიანი მიადგება ქვეყანას. ამასობაში, თავად მოსკოვი სასწორზე დებს იმდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ თუ სამხედრო რესურსს, რომ მას ჩინეთთან ალიანსი პოტენციურ დანაკარგებს ვერ დაუბალანსებს.  

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.