X

რონდელის ბლოგი

რა ცვლილებები მოხდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის ნარატივებში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე

2022 / 03 / 10

გიორგი ბილანიშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

რუსული პროპაგანდა უდავოდ წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, რადგან იგი ამზადებს რუსეთის ფედერაციაში და ასევე მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივ აზრს და აყალიბებს რუსეთის აგრესიული მიზნების შესაბამისად. დღევანდელი გადასახედიდან უკვე ალბათ ბევრს აღარ ეპარება ეჭვი, რომ სწორედ პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტები, შესაბამისი ნარატივების გავრცელებისა და გამყარების გამო, არიან იმ გაუგონარი დანაშაულისა და აგრესიის სრულფასოვანი თანამონაწილეები, რასაც პუტინის რეჟიმი უკრაინაში სჩადის.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე, ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გადაცემაზე დაკვირვების შედეგად შეგვეფასებინა, რა ცვლილებები შევიდა პუტინის რეჟიმის პროპაგანდაში და რაზე მეტყველებს ისინი. ამ თვალსაზრისით, დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება უკვე მიიქცია 8 მარტს გავრცელებულმა ვიდეორგოლმა, რომელშიც პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის - ვლადიმერ სალავიოვის YouTube არხის დილის სტუმარი იაკოვ კედმი საუბრობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების წარუმატებლობაზე. ეს პასაჟი იმით არის საინტერესო, რომ იაკოვ კედმი როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ისე მას შემდეგ უპირობოდ ამტკიცებდა რუსეთის არმიის უძლეველობას, თავად პუტინის კი ხოტბას ასხამდა.

შესაბამისად, მისი „გარდასახვა“ საგულისხმოა, მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კედმიმ სკეპტიკური შეფასებები გააკეთა არა რომელიმე სატელევიზიო პროპაგანდისტულ talk show-ში, რომელიც ეთერში ე.წ. Prime Time-ში გადის, არამედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, YouTube არხზე, თანაც - დილის საათებში. თუმცა, თუ მის ამ შეფასებას ჩავსვამთ prime time-ის talk show-ებში გაჟღერებული ახალი ან განახლებული ნარატივების საერთო კონტექსტში, მაშინ უფრო სრულფასოვანი სურათის დანახვას შევძლებთ.

 

პუტინის რეჟიმის ძირითად პროპაგანდისტულ ნარატივებში უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ შესული ცვლილებები         

  1. პროპაგანდაში თანდათანობით გაქრა აქცენტი ტერმინზე „დენაციფიკაცია“, რომელიც, დემილიტარიზაციასთან ერთად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ამოცანად დასახა. როგორც ჩანს, ამ სრულიად გაუგებარი და, უფრო მეტიც, მიზანმიმართულად დანაშაულებრივი ტერმინის ახსნა და გამართლება, თუნდაც რუსეთის პროპაგანდით ზომბირებული მოსახლეობისთვის, პუტინის რეჟიმის კარგად გამართულ პროპაგანდისტულ მანქანასაც კი არ შეუძლია.
  2. გაქრა ნარატივი, უკრაინაში თითქოსდა მხოლოდ წერტილოვანი, ზეზუსტი დარტყმების განხორციელების თაობაზე. სამაგიეროდ,  გაჩნდა მყარი ნარატივი რუსეთის ფედერაციის გრძელვადიანი ომისთვის მზადყოფნის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში არსებულ მიდგომას, როცა აქცენტი სწრაფ სამხედრო წარმატებაზე კეთდებოდა;
  3. გაჩნდა მყარი ნარატივი, რომ რუსეთს უკრაინაში დასავლეთი ებრძვის, რომელიც უკვე დიდი ხანია ამზადებდა მის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას, უბრალოდ, მოსკოვმა მოახერხა და დაასწრო;
  4. გამოიკვეთა გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც ბრალს სდებენ არასათანადო ზომების მიღებაში - ერთგვარ საბოტაჟში რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასეთია ჯერჯერობით აღმასრულებელი ხელისუფლების მიღმა მდგომი ცენტრალური ბანკი და ანტიმონოპოლიური სამსახური;
  5. გაჩნდა სუსტი ნარატივი სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში, მათ მართვასა და  დაგეგმვაში ჩავარდნის თაობაზე, რაზეც, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, talk show-ს განსხვავებულ ფორმატში იაკოვ კედმიმ პირდაპირი ტექსტით ილაპარაკა.

შეფასება: პუტინის რეჟიმის პროპაგანდაში შესული არცერთი ზემოხსენებული ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ არ მეტყველებს. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება მივიჩნიოთ რუსეთის ელიტაში კრიზისის პირველად ინდიკატორად.

პროპაგანდისტული ნარატივების ცვლილებასთან ერთად, საერთო სურათის გასააზრებლად, მათ შორის, საქართველოში პრორუსული აქტორების გააქტიურების კონტექსტში, ქვემოთ  ასევე მიმოვიხილავთ რეჟიმის პროპაგანდის ძირითად ნარატივებს რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით. ამ მიმოხილვის გაცნობისას გასათვალისწინებელია, რომ პროპაგანდისტული ნარატივები არ ასახავენ რეალობას და მათი აბსოლუტური უმეტესობა შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე.

        

პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ეხება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო იერიშის  წინა პერიოდს

  • უკრაინა ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღს ამზადებდა, რაშიც მას ვაშინგტონი ეხმარებოდა. უკრაინაში ამისთვის ამერიკული ლაბორატორიები უკვე კარგა ხანია არსებობდა. უკრაინა ე.წ. ბინძურ ბომბს უახლოეს მომავალში შექმნიდა;
  • დასავლელმა კურატორებმა ზელენსკის მიუნხენის გამოსვლაში  სპეციალურად ჩაასმევინეს პასაჟი ბირთვული იარაღის თაობაზე, რათა შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება მოეხდინათ; 
  • ვაშინგტონმა რუსეთთან ომში ჩაითრია უკრაინა. დასავლეთმა გამოზარდა ფაშისტები უკრაინაში. მათ არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ამზადებდნენ. ჩვენ, უბრალოდ, დავასწარით, თორემ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება დაგეგმილი ჰქონდა და მის სისრულეში მოყვანას უახლოეს ხანებში აპირებდა.

შეფასება: პროპაგანდისტული ნარატივი თანმხვედრია და იგი დასავლეთის დისკრედიტაციასა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამართლებას ემსახურება. თუმცა, დასავლეთში იგი არ იმუშავებს, ხოლო საკუთარ საზოგადოებაში რუსულმა პროპაგანდამ უკვე კარგა ხანია მოახერხა დასავლეთის ადა უკრაინის „დაუძინებელ მტრად“ და აგრესორად წარმოჩენა. რაც შეეხება საქართველოს, იგი რჩება მოწყვლადი ასეთი პროპაგანდისტული ნარატივის მიმართ, განსაკუთრებით, ადგილობრივი პროპაგანდისტული აქტორების გააქტიურების ფონზე, რომლებიც დასავლეთის მიმართ იმავე გზავნილს იმეორებენ.

  

პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ეხება უკრაინაში ომის მიმდინარეობას

  • სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით ვითარდება. ამ ეტაპზე ყველა საბრძოლო ამოცანა წარმატებით შესრულდა. უკრაინის არმია უკვე მოშლილია. ერთიანი სარდლობა აღარ არსებობს. საველე მეთაურები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. უკრაინელი სამხედროები იარაღს ყრიან და გარბიან;
  • უკრაინაში მხოლოდ ნაცგვარდია იბრძვის, რომელიც ფაქტობრივად ტერორისტული ორგანიზაციაა, რადგან ყველა დაუშვებელ მეთოდს იყენებს. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ და ასევე, რუსეთთან კოლაბორაციონიზმის ბრალდებით ხვრეტენ. არ აძლევენ მათ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენების შესაძლებლობას. იმ ადგილებში, სადაც რუსი სამხედროები შევიდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა მათ სიხარულით ხვდება და პუტინის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს;
  • საბრძოლო მოქმედებების შენელება და მომარაგებაში პრობლემები ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი საომარი მოქმედებისთვის. რუსეთი მალე მოახდენს მობილიზებას, საქმეს სერიოზულად მიუდგება და გაიმარჯვებს. რუსეთის შეიარაღებული ძალები შეავიწროებენ მოწინააღმდეგეს, მოაქცევენ მას ალყასა და ე.წ. ქვაბში (котел), რის შემდეგაც სრულად გაანადგურებენ. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას;
  • მართალია, ჩვენ კოლექტიური დასავლეთი გვიპირისპირდება, მაგრამ რუსეთი მაინც გაიმარჯვებს;
  • დასავლეთი არ აპირებს უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის მხარეს სამხედრო მოქმედებებში, რადგან მას რუსეთის ეშინია. თუ საჭირო გახდა, რუსეთი ატომურ იარაღს გამოიყენებს, რის შესახებაც პუტინმა ადრეც და ახლაც არაერთხელ პირდაპირ განაცხადა;
  • უკრაინის ხელისუფლებას რომც სურდეს დაზავება რუსეთთან, მას ამის საშუალებას დასავლეთი არ მისცემს. ვისაც დიდი კაპიტალი ჰქონდა, მათ უკრაინა, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, უკვე დატოვეს.

შეფასება: პროპაგანდისტული ნარატივი არის წინააღმდეგობრივი და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების საერთო განვითარების ფონზე - არადამაჯერებელი, შესაბამისად - სუსტი.

 

პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ეხება დასავლეთის ზეწოლას რუსეთზე და სანქციების შედეგებს

  • რუსეთი მზად არის გაუძლოს ყველანაირ ზეწოლას და როდესაც ამას დასავლეთში გააცნობიერებენ, ისინი შეცვლიან სანქციების პოლიტიკას;
  • რუსეთის ბაზარზე შემოვუშვებთ ჩვენ მიმართ მეგობრულად განწყობილი ქვეყნების პროდუქციას, რაც კრიზისს აღმოფხვრის; 
  • საბჭოთა კავშირმა წარმატებით მოახერხა არათუ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაძლება, არამედ ეკონომიკურადაც სტაბილურად განვითარდა;
  • არსებობს სანქციების პირობებში ქვეყნების წარმატებული ეკონომიკური განვითარების მაგალითები. ამაში რუსეთს ჩინეთი, ინდოეთი და სხვა დიდი ქვეყნები დაეხმარებიან.

შეფასება: პროპაგანდისტული ნარატივი მეტ-ნაკლებად თანმიმდევრულია, თუმცა, წესით,  იგი, რუსეთში უკვე შექმნილი სერიოზული სირთულეების ფონზე, ნაკლებად დამაჯერებელი უნდა იყოს. რაც შეეხება საქართველოს, იგი ჯერჯერობით კვლავაც მოწყვლადია ასეთი პროპაგანდისტული ნარატივის მიმართ.

 

პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ეხება პრეზიდენტ ზელენსკის

  • ზელენსკი არ არის რეალური მმართველი, მას უბრალოდ მხოლოდ იმიჯი აქვს შექმნილი;
  • ზელენსკი ძალიან მდიდარია. მას ხალხის ბედი არ ადარდებს. მის დასაცავად ბრძოლა უაზრობაა;
  • არავინ იცის ზუსტად, ზელენსკი რეალურად სად იმყოფება. დასავლეთი უკვე მისი ევაკუაციისთვის ემზადება;
  • ზელენსკი შეიძლება თავისივე გარემოცვამ  გაწიროს; 
  • ზელენსკი კოკაინის მომხმარებელია, მას საღი გონება არ აქვს.

შეფასება: პროპაგანდისტული ნარატივი ძირითადად წინააღმდეგობრივია და შესაბამისად - ნაკლებად დამაჯერებელი. თუმცა საქართველოს მაგალითზე ვხედავთ, რომ, სულ მცირე, ერთი კონკრეტული პროპაგანდისტული ნარატივი - ზელენსკის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების თაობაზე, საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში მიზანმიმართულად საკმაოდ მყარად დამკვიდრდა.

      

პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც შეიცავს დასავლეთის მიმართ მუქარას

  • უნდა შევუწყვიტოთ ნავთობისა და გაზის მიწოდება დასავლეთს ან მოვახდინოთ მათი ექსპორტი, მხოლოდ ოქროს სანაცვლოდ;
  • იმ ქვეყანას, რომელიც ჩართული იქნება უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ არასაფრენი ზონის გამოცხადების ოპერაციაში, რუსეთის ფედერაცია სამხედრო დარტყმას მიაყენებს;
  • უნდა მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული დასავლური კომპანიების კუთვნილი  ყველა ქონების ნაციონალიზაცია;
  • შეიარაღება, რომელიც უკრაინელებისთვის არის განკუთვნილი, უნდა გავანადგუროთ უკრაინის საზღვრებზევე ან მისი პირველადი ჩატანის ადგილებში;
  • რუსეთი მზად არის ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის.

შეფასება: პროპაგანდისტული ნარატივი ძირითადად თანმიმდევრულია, თუმცა კონფლიქტის ესკალაციის ამ ეტაპზე მისი ეფექტიანობის ხარისხი უმეტესად მხოლოდ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას აქვს შენარჩუნებული. ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკაზე აქცენტის გაკეთების ფონზე, საქართველოსთან მიმართებით, ამ სახის პროპაგანდისტული ნარატივის გავლენა საკმაოდ მაღალია.

 

პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ძირითადად განკუთვნილია შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის

  • რუსეთის ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი მოღალატეა, მას თავსმოხვეული აქვს ლიბერალური შეხედულებები და ღალატობს საკუთარ სამშობლოს;
  • ოლიგარქებმა გულშიც კი არ უნდა გაივლონ ხელისუფლების წინააღმდეგ რამე, თორემ მათ მკაცრად გაუსწორდებიან; 
  • ბანკომატებთან რიგების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებით სურთ, რომ მოსახლეობაში  პანიკა დათესონ;
  • რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა არ იზრუნა იმაზე, რომ რუსეთი არ გამხდარიყო  დამოკიდებული ისეთ დასავლურ კომპანიებზე, როგორც Google, FaceBook-ი და Twitter-ია. შესაბამისად, მათ მიეცათ პლატფორმა ჩვენ წინააღმდეგ სამუშაოდ;
  • რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არ იზრუნა დასავლეთში არსებული რუსული ფინანსური აქტივების რუსეთში დაბრუნებაზე, რითაც უკიდურესად დააზარალა ქვეყანა. ამის გამო მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს;
  • რუსეთი ყველა დასავლურ ტექნოლოგიას და პროდუქტს ჩაანაცვლებს, რაშიც მას ჩინეთი და სხვა ქვეყნებიც დაეხმარებიან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მოხდება დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის გადამისამართება რუსეთის ფედერაციაში, რითაც სანქციებს გვერდს ავუვლით; 
  • დასავლეთში მიზანმიმართულად არ ვრცელდება ობიექტური ინფორმაცია რუსეთზე. ასევე მიზანმიმართულად მალავენ ინფორმაციას უკრაინელების აგრესიაზე. ამისათვის ხდება ყველა იმ ალტერნატიული საინფორმაციო წყაროს ჩახშობა, რომელიც ვითარებას ობიექტურად ასახავდა;  
  • რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსური ელიტა იბრძვის;
  • უდანაშაულო რუსებს არაჰუმანურად ექცევიან, პარაოლიმპიელებიც კი არ დაუშვეს პარაოლიმპიურ თამაშებზე, რაც გაუგონარი და გაუმართლებელია.

შეფასება: შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილმა პროპაგანდისტულმა ნარატივმა საკუთარი რესურსი, ერთი მხრივ, ამოწურა იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია მოახერხა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება რუსეთში პუტინის რეჟიმს ინტერესების შესაბამისად. ამ ეტაპზე მისი ამოცანა წარსულში შექმნილი საზოგადოებრივი აზრის შენარჩუნება და შესაძლო საპროტესტო მუხტის გაღვივების არდაშვებაა.

ამ კონტექსტში საყურადღებოა თავად პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტების წუხილი იმის თაობაზე, რომ ე.წ. გაჯეტებზე დამოკიდებულ ახალგაზრდა თაობაზე მათი პროპაგანდა სათანადო გავლენას ვერ ახდენს. შესაბამისად, რუსეთში მაინც არსებობს ახლო მომავალში საპროტესტო მუხტის გაღვივების მცირე ალბათობა, რაც, ძირითადად, ახალგაზრდების მობილიზების უნარზეა დამოკიდებული. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.