რონდელის ბლოგი

შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში?

2022 / 04 / 20

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ საჭიროა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია.

თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს ადვილად მისაღწევი მიზანი არაა. ამისთვის საჭიროა ერევანმა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ამ პროცესს სომხეთის ახლანდელი ხელისუფლება დადებითად უყურებს, მაგრამ ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამას ყარაბაღზე უარის თქმად განიხილავენ.

ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ ვერა ფაშინიანი გარდატეხის შეტანას სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში?

 

მოლაპარაკებების პროცესი  

სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების პროცესი ომის დასრულებისთანავე დაიწყო და იგი ძირითადად რუსეთის შუამავლობით  მიმდინარეობდა.

ეს პროცესი მძიმედ მიდიოდა (სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის არაერთხელ მომხდარა სერიოზული შეტაკებებიც). ამ შეხვედრებზე სხვადასხვა (მაგალითად, კომუნიკაციების გახსნის თაობაზე) შეთანხმებებსაც აღწევდნენ ხოლმე. თუმცა, შემდგომში ყოველთვის ჭირდა ამ შეთანხმებების ცხოვრებაში გატარება.  

ბოლო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის 2022 წლის 6 აპრილს გაიმართა  ბრიუსელში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა რუსეთის მონაწილეობის გარეშე შედგა. ცხადია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ჩართულ კრემლს სამხრეთ კავკასიისთვის ნაკლებად სცალია. ამიტომ ამ შემთხვევაში შუამავლობა ევროპის კავშირმა გაწია და როგორც ჩანს, ბრიუსელში შეხვედრისას მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს.

           

ევროკავშირის მიერ 6 აპრილს ორგანიზებული სამმხრივი შეხვედრა ქ.ბრიუსელში

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამმხრივ შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა „სწრაფი სვლით“ იარონ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.

ბაქოში დაბრუნებულმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა ბრიუსელში გამართული შეხვედრით და დასძინა, რომ მისთვის ნათელი გახდა, რომ „სომხეთი უარს ამბობს ტერიტორიულ პრეტენზიებზე“.

ალიევის შეხვედრა აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან           

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრიუსელში გამართული შეხვედრის მიუხედავად, რუსეთი ბოლომდე არაა პროცესისგან გამოთიშული. 19 აპრილს იგეგმება ფაშინიანის ვიზიტი რუსეთში, სადაც იგი პუტინს შეხვდება და, დიდი ალბათობით, ზემოხსენებულ საკითხზეც ისაუბრებენ.

           

ფაშინიანის გამოსვლა პარლამენტში

ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ფაშინიანმა  სწრაფად დაიწყო მოქმედება და მნიშვნელოვანი განცხადებებიც გააკეთა. კერძოდ, 13 აპრილს სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა, რომ მისი მთავრობა თანახმაა ცნოს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.

ამასთან, ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ეს ჩემი დანაშაულია, რომ 2018-2019 წლებში საზოგადოებას არ ვამცნე, რომ ჩვენი ახლო თუ შორეული მეგობრები ჩვენგან ითხოვდნენ აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და არცახის[1] სტატუსის საკითხში თამასის დაწევას. მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ არ ვუთხარი ხალხს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში“.

ფაშინიანის გამოსვლა სომხეთის პარლამენტში

ფაშინიანმა აგრეთვე აღნიშნა: „დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა ნათლად გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც არ აღიარებს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ძალზე სახიფათო არა მხოლოდ ყარაბაღისთვის, არამედ სომხეთისთვისაც.

დღეს საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ გვეუბნება, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში ჩვენი თამასა ცოტათი უნდა დავწიოთ და უზრუნველვყოთ სომხეთისა და არცახის გარშემო დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია“.

მან იქვე დასძინა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომელიც მოიცავს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და აღნიშნა, რომ ეს მისაღებია ერევნისთვის.

მართალია, ფაშინიანს ცალკე ღიად არ უთქვამს, მზადაა თუ არა მისი ადმინისტრაცია აღიაროს აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე, მაგრამ ცხადია, რომ ეს თავისთავად იგულისხმება. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „ყარაბაღელი სომხების უსაფრთხოების გარანტიები, მათი უფლებები და თავისუფლებები“.

 

რეაქციები ფაშინიანის გამოსვლაზე

ფაშინიანის გამოსვლას პარლამენტში არ ესწრებოდა ოპოზიცია (სადაც ბევრია რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი პოლიტიკოსები), თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იშხან საღათელიანმა, რომელიც ოპოზიციური „სომხეთის ალიანსის“ (ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის მიერ 2021 წელს შექმნილ ამ 2-სუბიექტიან ალიანსში შედის სომხეთის აღორძინების პარტია და  დაშნაკთა პარტია) წარმომადგენელია, განაცხადა:

„ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ დავკარგავთ არცახს [მთიანი ყარაბაღი], რადგან, თუ ამ გზით წავალთ, არცახი სომხებისგან დაიცლება. ეს კი ჩვენთვის  სრულიად მიუღებელია“.

საღათელიანმა იქვე დასძინა, რომ ერთადერთი გზა, თავიდან აიცილონ ასეთი სცენარი, ეს არის სომხეთის ხელისუფლების შეცვლა. თუმცა, მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია ამის გაკეთებას იმ ფონზე, როცა ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ ფაშინიანმა 2021 წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა (მიიღო ხმების 53,9%, ანუ მას სომხურ საზოგადოებაში ძლიერი მხარდაჭერა აქვს).

ერთადერთი, რაც ამ მომენტისთვის არის ცნობილი, ისაა, რომ ოპოზიცია უახლოეს ხანში გეგმავს საპროტესტო აქციების ჩატარებას, დაახლოებით ისეთს, როგორიც 5 აპრილს გამართა „სომხეთის ალიანსმა“ მეორე ოპოზიციურ ბლოკ „პატივ უნემთან“ ერთად.

ფაშინიანის წინააღმდეგ გამოვიდნენ ყარაბაღის თვითგამოცხადებული ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ე.წ. „ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრ“ დავით ბაბალიანის განცხადებით, „ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს არცახის ჩართვა აზერბაიჯანში, გამოიწვევს სისხლისღვრას და ნგრევას. ჩვენი წითელი ხაზი არის ის, რომ ჩვენ არ ვიქნებით აზერბაიჯანის ნაწილი“.

თვითგამოცხადებული „ყარაბაღის პრეზიდენტმა“ არაიკ ჰარუტუნიანმაც განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხები უარს არ იტყვიან თვითგამორკვევის უფლებაზე.

მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც მოუწევთ როგორც ფაშინიანის მომხრეებს, ისე მის მოწინააღმდეგეებს აზერბაიჯანის ფაქტორი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ორჯერ დააფიქსირა აზერბაიჯანული მხრიდან პოზიციების გადაწევის ფაქტი ყარაბაღის სიღრმეში. ბოლო ასეთი შემთხვევა 16 აპრილს მოხდა. რუსეთი ორივეჯერ უძლური აღმოჩნდა შეეცვალა სიტუაცია. ცხადია, ეს ვითარება აშფოთებს სომხურ მხარეს და მას ზეწოლად მიიჩნევს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს არ აქვს წარმატება უკრაინასთან მიმდინარე ომში.   

 

დასკვნა

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცდილობს გარდატეხის შეტანას აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებში. იგი თვლის, რომ ახლა, როდესაც დასრულდა ყარაბაღის მეორე ომი, გაჩნდა შანსი, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას ორმხრივ ურთიერთობებში (აღსანიშნავია, რომ სომხეთმა ამგვარი დაახლოების პროცესი პარალელურად თურქეთთანაც დაიწყო);
  • ამ პროცესს აჩქარებს რუსეთის წარუმატებელი ომი უკრაინაში, რომელსაც უკვე მოჰყვა რუსეთის პოზიციების შესუსტება გლობალური მასშტაბით. კიდევ უფრო გაურკვეველია, როგორი იქნება რუსეთის მომავალი. სომხეთის ხელისუფლება სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე ცდილობს მოილაპარაკოს აზერბაიჯანთან შედარებით უკეთეს პირობებზე (სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო);
  • სომხეთის ოპოზიცია და ყარაბაღის თვითგამოცხადებული ხელისუფლება ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესს. თუმცა, ნათელია, რომ ამ ეტაპზე მათი რესურსები შეზღუდულია და ფაშინიანიც უფრო მყარად გრძნობს თავს;
  • ამჟამად შეზღუდულია რუსეთის შესაძლებლობები ნეგატიური გავლენა მოახდინოს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე. უკრაინასთან ომში ჩართულ კრემლს ამისთვის არც დრო და არც საკმარისი სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი გააჩნია;

საქართველოს ინტერესებშია გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება რეგიონში (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის გააქტიურების ფაქტი ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარების მიმართულებით), რაც შესაძლებლობას იძლევა უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარება (მათ შორის, ერთობლივი პროექტები და ინვესტიციები) ჰქონდეს მთელ სამხრეთ კავკასიას.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.