X

რონდელის ბლოგი

ომი და საქართველო

2022 / 05 / 25

შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი

 

რუსეთ-უკრაინის ომი, მიუხედავად ზედაპირული მსგავსებისა, არ ჰგავს აგვისტოს ომს. თუ აგვისტოს ომში რუსეთის ამოცანები უფრო ლოკალური მასშტაბისა იყო (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის განმტკიცება, საქართველოს დასჯა, დასავლეთისათვის დემონსტრირება, რომ ამ რეგიონში კრემლი ჰეგემონად რჩება), უკრაინის ომში რუსეთმა გლობალური ამოცანები დაისახა. ამოცანები, რომელთა მიზანი მსოფლიო წესრიგის შეცვლა იყო.

დეკემბერ-იანვარში მოსკოვის მიერ ომის თავიდან აცილების სანაცვლოდ დაყენებული პირობები: ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნება 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში, რეალურად, ცივი ომის შედეგების გადახედვის მცდელობა იყო და არა - მხოლოდ უკრაინისათვის დამატებითი ტერიტორიების წართმევის ან თუნდაც უკრაინაში ხელისუფლების შეცვლისა და მარიონეტული რეჟიმის ჩამოყალიბების მცდელობა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ პუტინს არასოდეს ჰქონია რეალისტური მოლოდინი, რომ ნატო მის მოთხოვნებს შეასრულებდა, უბრალოდ,  ის მოითხოვდა მაქსიმუმს, რომ მიეღო მინიმუმი - მორჩილი უკრაინა. მაგრამ თავისთავად სამხედრო ძალით უკრაინის დამორჩილების ან გახლეჩის პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა არსებული, ლიბერალურ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შეცვლას, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ეს პუტინის ავანტიურის მთავარი მიზანი. რუსეთ-უკრაინის ომი ავტომატურად იქცეოდა რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებად, იმ შემთხვევაშიც კი, დასავლეთს საერთოდ რომ ვერ გაებედა ამ კონფლიქტში ჩარევა.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეასრულებდა თავდაპირველ ამოცანას - დაიკავებდა კიევს და დაამხობდა ზელენსკის მთავრობას? რუსეთი დაამტკიცებდა თავის სამხედრო და პოლიტიკურ უპირატესობას დასავლეთზე და განიმტკიცებდა ჰეგემონიას ყოფილ საბჭოთა მიწებზე. ძნელია წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც რუსეთმა დაამარცხა უკრაინა, ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო სამართალი, აიძულა დასავლეთი უკან დაეხია, ქვეყნის შიგნით დაამყარა სრულფასოვნად ტოტალიტარული რეჟიმი და ამის შემდეგ მხოლოდ უკრაინის დამორჩილებით დაკმაყოფილდა. უკრაინის დესუვერენიზაციას, შეუძლებელია, არ მოჰყოლოდა მოლდოვის, საქართველოს, აზერბაიჯანის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამონება.

რა სცენარს უმზადებდა რუსეთი უკრაინას?  ცხადია, რუსეთი არ დაკმაყოფილდებოდა უკრაინის ნეიტრალური, დემილიტარიზებული სტატუსით, ვივარაუდებ - არც ბელარუსის მსგავსი სტატუსით. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინა ნიშნავს ქვეყანას, სადაც არ ტარდება არჩევნები, რომელსაც არა აქვს საკუთარი სამხედრო ძალები, რომლის მოსახლეობის აქტიური ნაწილი მკვდარია, ემიგრაციაშია ან საკონცენტრაციო ბანაკშია, რომელსაც აღარ აქვს საკუთარი განათლების სისტემა, მედია, რომლის საზღვრები ჩაკეტილია და რუსეთის მიმართ ლოიალობა დგას სასტიკ რეპრესიებზე, კადიროვის თარეშზე. როგორც ერთ-ერთმა რუსმა დეპუტატმა თქვა, უკრაინის გაკონტროლებას მოსახლეობის 5 პროცენტის - „სულ რაღაც“ 2 მილიონი კაცის ლიკვიდაცია სჭირდებაო.

კიდევ გავიმეორებ, რუსეთს რომელიც შუაგულ ევროპაში ამგვარ რეპრესიებს ატარებს, ვერ ექნება დასავლეთთან ოდნავ მაინც ნორმალური ურთიერთობის იმედი. ამიტომაც რუსეთს უბრალოდ არ ექნებოდა არგუმენტი, უკრაინის დაპყრობისათვის არ მიეყოლებინა სხვა ქვეყნები, მათ შორის - საქართველოც.

დასავლეთი, პირველ რიგში კი, შეერთებული შტატები ადვილად მიხვდა ამ არცთუ კარგად შენიღბულ ჩანაფიქრს, ამიტომაც მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღმოუჩინა უკრაინას. 40 მილიარდმა და ლენდ ლიზმა ყველას აჩვენა, რომ დასავლეთი არ დაუშვებს უკრაინის სამხედრო დამარცხებას. თუმცა, რეალურად, ეს თავიდანვე ნათელი იყო მას მერე, რაც უკრაინამ დაამტკიცა, რომ საკუთარი თავისუფლებისათვის იბრძოლებდა.

უკრაინის გამარჯვების ფორმულა ცხადზე ცხადია: ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, დასავლური სამხედრო დახმარება და მზარდი ეკონომიკური სანქციები რუსეთისათვის. ამავდროულად, რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პრევენციის მიზნით, დასავლეთის მიერ შემონახული/გაცხადებული კიდევ უფრო სასტიკი ეკონომიკური და სამხედრო ზომები.

როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, რა თქმა უნდა, არავინ იცის, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ რუსეთის მიზანი, მიეღწია უკრაინის სახელმწიფოებრიობის გაუქმების ანდა მისი მთელი აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილის ანექსიისათვის, უკვე შეუძლებლად გამოიყურება. ახლა, როგორც ჩანს, რუსეთი იბრძვის იმისათვის, რომ დაიკავოს დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი და გაყინოს კონფლიქტი რამდენიმე წლით, რათა ამასობაში მოემზადოს ახალი სამხედრო აგრესიისათვის. თუმცა, ესეც მიუღწეველ ამოცანად ჩანს, მით უმეტეს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები კატეგორიულად ამბობენ, რომ არ დათანხმდებიან მინსკ-3-ს.

 

რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ?

პირველ რიგში, სრულიად აშკარაა, რომ სანამ უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რუსეთის მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. ახლა რომ არ არსებობს, ეს ყველასათვის ცხადია, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა გაიყვანა როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული, ისე მის სიახლოვეს ბაზირებული ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთების უდიდესი ნაწილი. მაგრამ ეს საფრთხე არ არსებობდა არც თავიდან, ომის დაწყებისას, არც უფრო ადრე. ჩვენ არ გვინახავს (რაც მთავარია, არ უნახავს არც ამერიკულ, არც ბრიტანულ, არც რომელიმე სხვა სამხედრო დაზვერვას) საქართველოს მიმართულებით შეიარაღებული ძალების გადმოსროლის რაიმე მცდელობაც კი. რუსეთის პრინციპი მარტივია - „გათიშე და იბატონე“ - ჯერ უკრაინა, მერე საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე მსჯელობაც კი აზრს მოკლებულია. არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, ამის რესურსი ჩვენ არ გაგვაჩნია.

ერთი რამ უნდა ითქვას სრულიად ცალსახად: სანამ უკრაინა იბრძვის, რუსეთს არა აქვს საქართველოში შემოჭრის რესურსი. რაც უფრო იცლება სისხლისაგან რუსული არმია უკრაინაში, მით უფრო იკლებს საქართველოს დაპყრობის ალბათობა.

ამავე დროს, თუ რუსეთმა უკრაინაში დამაჯერებლად გაიმარჯვა (რაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია), საქართველო განწირულია. ასეთ შემთხვევაში, არც ქართულ არმიას და არც დასავლეთს არ ექნება რუსეთის შეჩერების შანსი.

ანუ, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე.

 

რით შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას?

ქართველ ხალხს სასაყვედურო არაფერი აქვს. ამ სტატიის დაწერის დროისათვის  ჩვენი 12 თანამემამულეა დაღუპული  უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ფრონტის ხაზზე გმირულად იბრძვის კიდევ უამრავი ქართველი. საქართველოს ქალაქების ქუჩებში ერთი გავლაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ ჩვენი ხალხის სრულ სოლიდარობაში უკრაინელების მიმართ. საქართველომ შეიფარა და ღირსეულად უმასპინძლა ათასობით უკრაინელ დევნილს. საერთაშორისო ორგანიზაციებში კენჭისყრაზე საქართველო მუდმივად დგას უკრაინის გვერდით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მიიჩნევა, რომ საქართველო ორჭოფობს და ორაზროვან პოზიციას იკავებს იქ, სადაც ყველა მოელოდა ჩვენი ქვეყნის მტკიცე პოზიციას. მიზეზი საქართველოს მთავრობის განცხადებებია, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის 25 თებერვლის განცხადება, სადაც მან ეჭვქვეშ დააყენა რუსეთისათვის სანქციების დაწესების, უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გადაცემისა და, ზოგადად, უკრაინის მიერ იარაღით ხელში თავისუფლებისათვის ბრძოლის მიზანშეწონილობა. გარდა ამისა, საქართველო დემონსტრაციულად არ მიუერთდა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს და არ გადასცა უკრაინას სიმბოლური სამხედრო დახმარებაც კი. ამან ბუნებრივად წარმოშვა ეჭვები იმის თაობაზე, რომ მმართველი რეჟიმი, შესაძლოა, რუსეთმა გამოიყენოს  სანქციებისათვის გვერდის ასავლელად.

არანაკლებ ან შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მეორე გარემოება. ომის დაწყებიდან მალევე აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ უკრაინას დაეხმარებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწვავით და ამავე დროს დაიწყო სამხედრო მანევრები ყარაბაღში. უცნობია, რამე დამატებითი ტერიტორია დაიკავა თუ არა აზერბაიჯანმა, მაგრამ რუსეთმა სრულიად ცალსახა მესიჯი მიიღო: აზერბაიჯანი არ იქნება იოლი ლუკმა რუსეთისათვის და წინააღმდეგობას გაუწევს მისი დამორჩილების მცდელობას.

მოლდოვამ, რომელსაც ჯარი პრაქტიკულად არა ჰყავს, იმავე მესიჯის გასაგზავნად დიპლომატიური გზა აირჩია: მკვეთრად გაააქტიურა ურთიერთობები დასავლეთთან.

რა გზას ირჩევს საქართველო? ჩვენ არ მოგვიხდენია იმის დემონსტრირება, რომ შემოჭრის შემთხვევაში საკუთარ თავს დავიცავთ იარაღით ხელში. არადა, შეგვეძლო იარაღის შესყიდვით ამის ცხადად დემონსტრირება. და არავისთვისაა საიდუმლო, რომ გავაუარესეთ ურთიერთობები დასავლეთთან, ანუ უარი ვთქვით ჩვენი სიმტკიცის დემონსტრირების როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ საშუალებებზე.

და რა მივიღეთ შედეგად? - რეფერენდუმი ცხინვალში.

რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, რა შეიძლება მოჰყვეს ან თუ მოჰყვება რამე ამ რეფერენდუმს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ 2017 წელს რუსეთმა დაბლოკა ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება, ახლა კი, ცხადია, მისი თანხმობით ტარდება.

ასევე მიუღებელია უკრაინის თემის გამოყენება საზოგადოების პოლარიზების მიზნით. შეიძლება ვინმეს ეს პოლიტიკური ქულების დაწერის გზა ეგონოს, მაგრამ როდესაც ეს ხდება ამ ურთულეს ვითარებაში, ამხელა საფრთხეების ფონზე, ამგვარი პოლარიზაცია სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

რა უნდა გავაკეთოთ ახლა?

პირველ რიგში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს აღვირახსნილი ანტიუკრაინული რიტორიკა მმართველი რეჟიმისა და მისი მედიასაშუალებების მხრიდან. ასევე უნდა შეწყდეს ანტიდასავლური რიტორიკა

საქართველოს მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა უკრაინას.

არ უნდა ვთქვათ უარი დასავლური იარაღის შეძენაზე. ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

უნდა გაიფანტოს ყველა ეჭვი სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოს გამოყენების შესახებ.

მთავრობამ უნდა მოხსნას ყველა ის დაბრკოლება, რომელიც ართულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, მით უმეტეს, რომ არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი დაბრკოლება რეჟიმმა მიზანმიმართულად შექმნა. უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აღმოჩნდეს გამარჯვებულ დასავლურ ბანაკში, სამწუხაროდ, მინიმალურზე მინიმალური იქნება.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.