X

რონდელის ბლოგი

მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება

2022 / 06 / 28
  • ტეგები:

ეკა ჯავახიშვილი, ანალიტიკოსი

 

რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის ანექსიის გეგმა სისრულეში ჯერ ვერ მოყვანა, თუმცა ევროპას უკვე ახალი კონფლიქტის კერების გაჩაღებით ემუქრება. ამჯერად კრემლმა მიზანში ამოიღო ლიეტუვა, რომელმაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული საქონლის საკუთარი ტერიტორიის გავლით რუსეთის ექსკლავის, კალინინგრადის ოლქისკენ, გატარება აკრძალა. ეს მხოლოდ ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთი ვილნიუსს დაუპირისპირდა. უფრო ფართო კუთხით თუ შევხედავთ სიტუაციას, კრემლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან კონფრონტაციის ახალი ხაზი სწორედ ლიეტუვაზე გადის. რუსეთის მხრიდან ლიეტუვის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის მისამართით სამხედრო რიტორიკითა და ულტიმატუმის ენით საუბარი ალიანსისთვის გამოწვევაა.

საგულისხმოა, რომ ლიეტუვასთან ბოლოდროინდელი დაძაბულობის პარალელურად გაძლიერდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, ნატოს ე.წ. „აქილევსის ქუსლი“ - სუვალკის დერეფანი (Suwalki Gap)  რუსეთის მორიგი სამიზნე აღმოჩნდეს. ლიეტუვასა და პოლონეთს შორის მოქცეული დერეფნის დაუფლების შემთხვევაში, რუსეთი პირდაპირ სახმელეთო კავშირს დაამყარებს კალინინგრადთან, მოკავშირე ბელარუსის ტერიტორიის გავლით. სუვალკის მიმართულებით არსებულ საფრთხეზე ბალტიის ქვეყნებში  დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა ამჯერად ლიეტუვის მისამართით რუსეთის მუქარა საგანგაშო სიგნალად იქცა.

ლიეტუვა-რუსეთს შორის დაძაბულობის მზარდი ტენდენცია

რუსეთსა და ლიეტუვას შორის ღია დაპირისპირება კალინინგრადის მიმართულებით რუსული ტვირთების ტრანზიტის შეჩერებას მოჰყვა. რუსული ექსკლავი კალინინგრადი, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ლიეტუვასა და პოლონეთს შორის მდებარეობს, რომელსაც რუსეთი ლიეტუვის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზითა და მილსადენებით ამარაგებს. 18 ივნისიდან, ლიეტუვამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, საკუთარი ტერიტორიის გავლით, კალინინგრადის რეგიონში და უკუმიმართულებით, რუსული სარკინიგზო ტვირთების ტრანზიტი აკრძალა. აკრძალვა შეეხო მხოლოდ იმ კატეგორიის ტვირთის გატარებას, რომელიც ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული, მათ შორისაა ქვანახშირი, ფერადი მეტალები, სამშენებლო მასალა და ახალი ტექნოლოგიები. აღნიშნული საქონელი რუსეთსა და კალინინგრადს შორის გადაზიდული ტვირთების დაახლოებით 50%-ს შეადგენს. 10 აგვისტოს შემდეგ შეზღუდვები შეიძლება ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებასაც შეეხოს. რაც შეეხება მგზავრთა სარკინიგზო გადაყვანას, პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კალინინგრადის ოლქში ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ქვეყანას არანაირი ცალმხრივი შეზღუდვა არ დაუწესებია, რამდენადაც ეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-4 პაკეტის ნაწილია. ლიეტუვის განმარტებით, რუსეთის პრეტენზიები კალინინგრადის სარკინიგზო ბლოკადის შესახებ სიცრუეა, რადგან რუსეთს კალინინგრადში საქონლის გადაზიდვა საზღვაო და საჰაერო გზით კვლავ შეუძლია. ლიეტუვის პოზიცია ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმაც დაადასტურა, რომლის თქმით, ლიეტუვა მხოლოდ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს.

20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიეტუვისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ გააუქმოს კალინინგრადის ოლქში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა.  კრემლმა ლიეტუვის ეს ნაბიჯი „უკანონოდ“, „უპრეცედენტოდ“, „ღია მტრულ აქტად“ შეაფასა და დაიმუქრა, რომ თუ ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით არ აღდგება, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს „სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“.

21 ივნისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა ასევე განაცხადა, რომ კალინინგრადის ბლოკადაზე რუსეთის პასუხი სერიოზული იქნება და მას ლიეტუვის მოსახლეობა იგრძნობს. პატრუშევმა ლიეტუვის მიერ რუსული საქონლის დიდი ჯგუფის ტრანზიტის შეჩერება დასავლეთის უპრეცედენტო პოლიტიკურ, საინფორმაციო და ეკონომიკურ ზეწოლას დაუკავშირა და იქვე დასძინა, რომ ნატო აძლიერებს სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან, რაც რეგიონში სიტუაციას ძაბავს. მისი თქმით, რუსეთის საზღვრების დაცვა უნდა გაძლიერდეს ახალი საფრთხეების, მათ შორის ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესაძლო შესვლის გათვალისწინებით.

საინტერესოა, რომ რუსეთ-ლიეტუვის ბოლოდროინდელი დაძაბულობა წინ უძღოდა ნატოს მადრიდის სამიტს (28-30 ივნისი). მიუხედავად იმისა, რომ ნატოში ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ ალიანსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საკუთარ ძალებს ბალტიის ქვეყნებსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ რუსეთისგან მომდინარე აგრესიის შესაჩერებლად.

ბუნებრივია, ეს საკითხი ზედმეტად აშფოთებს კრემლს და ცდილობს, მორიგი გამოწვევის წინაშე დააყენოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. რუსეთმა, ლიეტუვის გამოყენებით, ნატოსთან კონფრონტაციის ახალ სტრატეგიას მიმართა და ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებით დაემუქრა. მაისის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ევგენი ფედოროვმა რუსეთის სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი „ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების“ დადგენილების გაუქმების შესახებ იმ მოტივით, რომ ის არაკონსტიტუციური ორგანოს მიერ იყო მიღებული, სსრკ კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. ფედოროვის  განცხადებით, რუსეთს შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, რაც აიძულებს ნატოს გამორიცხოს ეს ქვეყნები ალიანსიდან. როგორც მან განმარტა, რუსეთის მიერ ბალტიის  ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება სამართლებრივ საფუძველს შექმნის, რაც ალიანსს აიძულებს 1997 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს. ეს ინიციიატივა ლიეტუვას საკმაოდ ძაბავს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის კი მსგავსი გადაწყვეტილება, შესაძლოა, მორიგ თავსატეხად იქცეს. 

გარდა ამისა, მედიაში გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ რუსეთს შეუძლია ტერიტორიული პრეტენზიებიც კი წაუყენოს ლიეტუვას. საუბარი ეხება კლაიპედის პორტს (გერმანიაში ცნობილი მემელის სახელით), რომელიც თავდაპირველად გერმანიას ეკუთვნოდა, მოგვიანებით - ლიეტუვას, ხოლო 1945 წლის პოტსდამის კონფერენციის საფუძველზე ის საბჭოთა კავშირს გადაეცა. გარკვეული დროის შემდეგ იოსებ სტალინმა კლაიპედა ლიეტუვას დაუბრუნა. ამჟამად კლაიპედის პორტის ფლობაზე საუბარი მიმართულია ვილნიუსის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის, იმიჯის დაზიანებისკენ, რადგან ალიანსის წევრ ქვეყნებს ტერიტორიული დავები, როგორც წესი, ალიანსში მიწვევამდე უნდა ჰქონდეთ მოგვარებული.

სუვალკის  დერეფანი - ნატოსაქილევსის ქუსლი

რუსეთის მუქარას ლიეტუვა მშვიდად შეხვდა. ღია სამხედრო აგრესიას ვილნიუსი ამ ეტაპზე ნაკლებად ელის, რადგან ლიეტუვა ნატოს წევრი სახელმწიფოა, მასზე თავდასხმა კი ალიანსის წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს, რაც ორმხრივი თავდაცვის ვალდებულებას ნიშნავს. თუმცა, იმ ჰიპოთეზური სცენარის მიხედვით, თუ უკრაინაში პუტინის რეჟიმი გარკვეულ წარმატებას მიაღწევს, შესაძლოა, რუსეთი ვაბანკზე წავიდეს და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით ნატოს პროვოცირება გაბედოს. ბოლო წლების განმავლობაში ევროპელი დიპლომატები და სამხედრო ექსპერტები  მუდმივად მიუთითებენ საფრთხეზე, რომ რუსეთთან კრიზისის შემთხვევაში, მოსკოვი ბალტიის ქვეყნების ნატოს დანარჩენი ნაწილისგან ჩამოშორებას სუვალკის დერეფნის ხელში ჩაგდების გზით შეეცდება. სუვალკის დერეფანი, რომლის სიგრძე 100 კილომეტრია, ლიეტუვასა და პოლონეთს  შორის, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს და უაღრესად მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ არეალს წარმოადგენს. მისი საშუალებით, ბელარუსი და კალინინგრადის ოლქი სახმელეთო გზით უკავშირდებიან ერთმანეთს. დასავლეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია სუვალკის დერეფანში ერთდროულად აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან შეაღწიოს (კალინინგრადი და ბელარუსი) და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ბარიერად აღიმართოს. ბუნებრივია, ეს ნაბიჯი გამოიწვევს დაპირისპირებას მოსკოვსა და ნატოს წევრებს შორის, რამაც, შესაძლოა, მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების ზღვარზეც კი  მიიყვანოს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთმა კალინინგრადში შექმნა ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა, განათავსა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, ბალტიის ფლოტი და ათიათასობით ჯარისკაცი. 2017 და 2021 წლებში, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების დროს, არმიის დანაყოფებმა სუვალკის დერეფანზე კონტროლის მოპოვების სიმულაციური თამაშებიც კი ჩაატარეს. არსებული საფრთხის გათვალისწინებით, ნატოს წევრი სახელმწიფოები სამხედრო კონტინგენტს ზრდიან ბალტიის ქვეყნებში და მასშტაბურ სამხედრო წვრთნებსაც ატარებენ, მათ შორის, სუვალკის დერეფანში.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში განცდილი კოლოსალური სამხედრო დანაკარგების გამო ამ ეტაპზე რუსეთის ნატოსთან დაპირისპირების ალბათობა საკმაოდ დაბალია, სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამგვარი სცენარისთვის მზადყოფნა უნდა გაძლიერდეს, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით, ასევე ლოკალურ სამხედრო ძალებსა და ალიანსის დანარჩენ წევრებს შორის უკეთესი ინტეგრაციის უზრუნველყოფით. ფაქტია, რომ უკრაინის ომის შედეგები დიდწილად განსაზღვრავს რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს ამ რეგიონისკენ. როგორც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი ვარაუდობს, „თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ბალტიის ქვეყნები იქნებიან“.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.