რონდელის ბლოგი
ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
2022 წლის პირველ ივლისს ჩეხეთმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პოსტი ექვსი თვით დაიკავა. როგორც ყოველთვის, ეს პოზიცია ქვეყანას უპირატესობას აძლევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ეფექტიან გატარებაში, ევროკავშირის ფარგლებში გარკვეულ საკითხებსა და მათთან დაკავშირებულ დიპლომატიურ საქმიანობაში წამყვანი პოზიცია დაიკავოს. ჩეხეთი ევროკავშირის ამჟამინდელი საპრეზიდენტო ტრიოს სხვა ქვეყნებთან – საფრანგეთთან და შვედეთთან ერთად შეთანხმდა ევროკავშირის საბჭოს 18-თვიანი როტაციული პრეზიდენტობის პერიოდის რამდენიმე გრძელვადიან მიზანზე: მოქალაქეებისა და თავისუფლებების დაცვა, ევროპის ზრდისა და ინვესტიციების ახალი მოდელის ხელშეწყობა და უფრო მწვანე, სოციალურად სამართლიანი ევროპის მშენებლობა და გლობალური ევროპის ხელშეწყობა. ამასთანავე, მიზნების ერთობლივი ჩარჩო თითოეულ პრეზიდენტ ქვეყანას საკუთარი ინტერესების წინ წამოწევისა და პრიორიტეტების სხვაგვარად დალაგების შესაძლებლობასაც აძლევს. მაშინ, როდესაც წინამორბედი საფრანგეთის პრეზიდენტობის მანდატის პერიოდში უპირატესობა ევროკავშირს, აფრიკის კონტინენტსა და ბალკანეთის ქვეყნებს შორის არსებულ „სტრუქტურულ ინიციატივებს“ ენიჭებოდა, ჩეხეთის ინტერესებში, ძირითადად, ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლოს საკითხები დომინირებს. ამასთანავე, არსებულ სამოქმედო გეგმაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და უკანონო აგრესია. ჩეხეთის მთავრობამ 15 ივნისს უკვე წარმოადგინა საკუთარი ხუთპუნქტიანი პრიორიტეტების მონახაზი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო მანდატის მთავარი გამოწვევა იქნება უკრაინის ომის შემდგომი განახლება, ენერგოუსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა, ევროპის თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, ევროპის ეკონომიკის სტრატეგიული მდგრადობა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
აღმოსავლეთის სამეზობლო – პრიორიტეტად
პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი ჩეხეთს 2009 წელს ერთხელ უკვე ჰქონდა. ამჯერად ჩეხეთის მთავარი სლოგანია: „ევროპა, როგორც დავალება: გადაფასება, ხელახალი შენება და გაძლიერება“. ქვეყნის საპრეზიდენტო პრიორიტეტები ცხადყოფს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში სამოქმედო გეგმის მთავარი საკითხი უკრაინის ომი იქნება. ჩეხეთის მთავრობა უკრაინას აქტიურად უჭერს მხარს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ ქვეყნის საზღვრები გადაკვეთა. აქედან გამომდინარე, ჩეხეთს სურს ევროკავშირის ფარგლებში რუსული აგრესიის საკითხის გარშემო არსებულ დებატებში წამყვანი როლის დაიკავოს და მიზნად აქვს უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში რაც შეიძლება მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების გამოყოფაც. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა „უკრაინას სამხედრო და მატერიალურ დახმარებას გაუწევს და განაგრძობს ქვეყნის ერთიანობის აქტიურად მხარდაჭერას“. დღეისათვის ჩეხეთის ამოცანა გარკვეულწილად გამარტივებულია, რადგან ივნისში უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ახლა მთავარია უკრაინისთვის საჭირო დახმარების დროულად უზრუნველყოფა. ჩეხეთის პრეზიდენტს ქვეყნის ამჟამინდელი სტატუსი მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინისთვის დახმარების ეფექტიანად მობილიზებაში. ამავდროულად, უკრაინის მთავრობამ მიზნად უნდა დაისახოს რეფორმების დროული გატარება. ამ მხრივ პრაღას სამოქმედო გეგმის შექმნის გზით შეეძლება პროცესების გაადვილება, რადგან შესაძლებელი გახდება რიგი საკითხების იდენტიფიცირება, რომელთა მოგვარება უახლოეს მომავალში რეფორმებით იქნება შესაძლებელი.
ამავდროულად, ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის განახლება და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის მშენებლობის ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატივა 2009 წელს, სწორედ ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. მას შემდეგ ინიციატივა რჩებოდა ჩეხეთის დიპლომატიის პრიორიტეტად. პრაღა აქტიურად იყო ჩართული ბელარუსში კრიზისის მოგვარებასა და ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტში, ასევე მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებასა და პროდემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ ლუკაშენკოს რეჟიმს გაჰქცეოდნენ. მეტიც, ჩეხეთის ახლანდელი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, პრემიერ-მინისტრ პერტ ფიალას თაოსნობით, უფრო მეტადაა ორიენტირებული დემოკრატიის მხარდაჭერისკენ, ვიდრე მისი წინამორბედი ანრეი ბაბიშის პარტია ANO. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ჩეხეთმა ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიზაციას შეუწყოს ხელი. ამან შეიძლება დააჩქაროს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების გატარებაც, რაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება.
დილემა ენერგოუსაფრთხოებასა და სანქციებს შორის
ჩეხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 2021 წელს გაუარესდა, როდესაც ორი ქვეყანა ერთმანეთს დიპლომატიურად დაუპირისპირდა ჩეხეთში სამხედრო საწყობის აფეთქებაში რუსი ჯაშუშების მონაწილეობის გამო. უფრო პროევროპული მთავრობით ჩეხეთმა შესაძლოა კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრ სანქციებს დაუჭიროს მხარი. 15 ივნისს ჩეხეთის პარლამენტში გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირთან მიმართვაში ყურადღება გაამახვილა რუსულ ენერგიაზე სრული ემბარგოს დაწესების საჭიროებაზე. ამ განცხადებას სრული მხარდაჭერა განუცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრაღისთვის მაინც რთული იქნება ამ გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის საბჭოში სრულ თანხმობას მიაღწიოს. წევრი ქვეყნების განსხვავებულმა ეროვნულმა და უსაფრთხოების ინტერესებმა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლოა შეუძლებელიც გახადოს.
მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყანას, როგორიცაა გერმანია, არ გამოუჩენია დიდი სურვილი დახმარებოდა უკრაინას, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ევროპული ერთობაც გამოწვევების წინაშე დგას. განხილვის მთავარი საგანი რუსული გაზის იმპორტია. ენერგომომარაგებისა და საყოფაცხოვრებო მზარდ ფასებს მწვავედ აღიქვამენ ევროპელი მომხმარებლები და დამატებითმა სანქციებმა ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატს შესაძლოა არახელსაყრელი ვითარება შეუქმნას. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ერთხმად შეთანხმდებიან მოსკოვის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოლიტიკის შემუშავებაზე, მათი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოქალაქეებისთვის არაპოპულარულად აღიქმება. აქედან გამომდინარე, მათ მოუწევთ რუსული ენერგიის ალტერნატიული ენერგიით ჩანაცვლება და მომავალი ზამთრისთვის ენერგომიწოდების ამგვარად უზრუნველყოფა. 2022 წლის მეორე ნახევრისთვის შესაძლოა ამ პრობლემებმა ხელი შეუშალოს ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატის პრიორიტეტებს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, აღსანიშნავია, რომ ენერგოუსაფრთხოების პრობლემებმა ევროკავშირის არასამხედრო საკითხებში სტრატეგიული ავტონომიის გაძლიერებას ხელი შეუწყოს. ჩეხეთმა ევროკავშირისთვის შესაძლოა შეძლოს გაზის მარაგის უზრუნველყოფა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივი შესყიდვების ხელშეწყობით, როგორც ეს მოხდა კოვიდ-ვაქცინების შემთხვევაში. ეს შესაძლოა მოხერხდეს აზერბაიჯანთან თანამშრომლობითაც. ბაქომ სულ ახლახან გამოთქვა სურვილი საკუთარი ენერგორესურსების ევროპაში ექსპორტირებაზე. ჩეხეთს, რომელსაც დიდი ინტერესი აქვს აღმოსავლეთ სამეზობლოში, შეუძლია ერთი მხრივ ევროკავშირსა და მეორე მხრივ სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რის შედეგადაც განვითარდება თავისუფალი და მდგრადი ტრანზიტი. აზერბაიჯანისა და შუა აზიის ენერგორესურსების სიდიდის გათვალისწინებით, ევროკავშირს შეეძლება საკუთარი ენერგომომარაგების დივერსიფიცირება და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება, რომელიც როგორც ვერსალის სამიტზე გაცხადდა, ევროკავშირის პრიორიტეტია, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე. ამასთანავე, მაშინ როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტებში იწყებენ ფიქრს უკრაინის ომისშემდგომ დახმარებაზე, პრაღას შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს ტრანსატლანტიკური რეკონსტრუქციის გეგმის კოორდინირებაში, რაც მოიცავს ქვეყნებს შორის როლების, პასუხისმგებლობებისა და ფინანსების პრაგმატულად გადანაწილებას. უკრაინის აღმშენებლობის ერთიანი სამოქმედო ინიციატივა პოლიტიკური სიგნალი იქნება, რაც მიანიშნებს, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ერთიანობაზე, დასავლური დემოკრატიული სამყაროს მიერ უკრაინისა და სხვა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების სრულუფლებიანი წევრობის აღიარებაზე.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?