რონდელის ბლოგი
ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
2022 წელს ტაჯიკეთის საგარეო ვალმა 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რომლიდანაც 2 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი ვალის დაახლოებით 60%, ქვეყანას ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკიდან - ექსიმბანკიდან - აქვს აღებული. მიუხედავად იმისა, რომ ვალის ოდენობა ტაჯიკეთის ეკონომიკის ზომასთან შედარებით ძალიან მაღალია (ქვეყნის მშპ შეადგენს მხოლოდ 8.7 მილიარდ აშშ დოლარს), ქვეყნის მთავრობა დაჟინებით აცხადებს, რომ საგარეო ვალის გარეშე ეკონომიკის მოდერნიზებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. სწორედაც პეკინიდან მომავალი ინვესტიციების დამსახურებით დუშანბეს ცენტრში პარლამენტისა და დედაქალაქის მერიის ახალი შენობები. ამ უკანასკნელის მშენებლობის ღირებულება 120 მილიონი აშშ დოლარია. მაშინ, როდესაც ჩინეთისგან მიღებული სესხები მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტების დაფინანსების წყაროა, მათ გარკვეული ფარული პირობებიც მოჰყვება.
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიცაა ტაჯიკეთი, სესხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ასეთი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები ხშირად ვერ ახერხებენ საგარეო ვალის გასტუმრებას და არასასურველი შედეგების წინაშე დგებიან. მაგალითად, ტაჯიკეთი ვალის გადახდას საკმაოდ ნელი ტემპით ახერხებს. 2021 წელს დუშანბემ პეკინისთვის მხოლოდ და მხოლოდ 65.2 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება შეძლო. აქედან გამომდინარე, ტაჯიკეთის მთავრობა იძულებული გახდა ალტერნატიული გზებით გაესტუმრებინა ვალი, რამაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული ინტეგრაცია გარკვეულწილად დაარღვია კიდეც. ჩინეთისთვის მზარდი ვალის ვერ დაბრუნების გამო ჯერ კიდევ 2011 წელს ქვეყანას მოუწია პამირის ქედთან ახლოს მდებარე 1158 კვ. კმ.-ის სიდიდის ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემა, 2017 წელს კი ტაჯიკეთმა ჩინეთს ნება დართო მთიანი ბადახშანის პროვინციაში საიდუმლოდ გაეხსნა სამხედრო ბაზა. აღსანიშნავია, რომ ათი წლის მანძილზე ამ მხრივ თითქმის არაფერი შეცვლილა. 2019 წელს დუშანბეს TETs-2-ის ელექტროსადგურის ძვირადღირებული მშენებლობისთვის აღებული სესხის გადაუხდელობის გამო ტაჯიკეთმა პეკინს ამჯერად საკუთარი ოქროს საბადოების კონტროლის უფლება მისცა. ბევრი პოლიტიკის ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ჩინური სესხები, ერთი შეხედვით, უპირობოა, თუმცა ისინი ქვეყნებს ე.წ. ვალის ხაფანგში ამწყვდევს. ტაჯიკეთის მაგალითის გათვალისწინებით, მოსაზრება, რომ ჩინეთისგან აღებულ ვალს არ გააჩნია პოლიტიკური პირობები, მცდარი ხდება.
ვალები გავლენის მოსაპოვებლად
ჩინეთს ხშირად აკრიტიკებენ საინვესტიციო სესხების მტაცებლურად გამოყენების გამო, რაც გულისხმობს ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალე ქვეყნისთვის ალტერნატიული გზების გამონახვის მოთხოვნას. ზოგიერთი მკვლევარი ასეთ პრაქტიკას კოლონიალიზმის ახალ ვერსიას უწოდებს, რადგან ქვეყნებს, რომელთაც არ შეუძლიათ დიდძალი ვალის გასტუმრება, უწევთ გადახდის სხვა მეთოდების მოძიება, მათ შორის, ჩინეთისთვის რესურსების ან ტერიტორიაზე კონტროლის უფლების დელეგირება. როგორც ზემოთ ვახსენეთ, 2011 წელს ტაჯიკეთს, დაუდგენელი ოდენობის ვალის გადაუხდელობის სანაცვლოდ, ჩინეთისთვის სინგაპურზე უფრო დიდი ფართობის ტერიტორიის გადაცემა მოუწია.
სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო ბევრს მიაჩნია, რომ ჩინეთი საკუთარი „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში ე.წ. ვალის ხაფანგის დიპლომატიას ატარებს, განვითარებად ქვეყნებს თავისზე დამოკიდებულს ხდის და შემდეგ მათზე გეოპოლიტიკურ გავლენას ამყარებს. მიუხედავად ამისა, ჩინური ვალის ხაფანგის დიპლომატიის რეალური გავლენის არსებობა დღემდე კვლავ განხილვის საგანია. არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდძალი საგარეო ვალი ქვეყნებს ჩინეთზე დამოკიდებულს ხდის, კრიტიკა სესხის ამღები ქვეყნისკენაც უნდა მიემართოს. ამ შემთხვევაში ეს ტაჯიკეთის მთავრობაა და არა მხოლოდ სესხების გამცემი პეკინი. დუშანბე დიდად დაინტერესებულია ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით, თუმცა რთულია ტაჯიკეთის დიდი ვალის არსებობა მხოლოდ პეკინისთვის ან მისი მტაცებლური ინტერესებისთვის გადაბრალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 10 წელზე მეტია, რაც ტაჯიკეთის მთავრობა „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“ ჩართვას საკუთარი სუსტი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურისთვის სასიცოცხლოდ აღიქვამს. დიდძალი ვალი კი დუშანბეს საგარეო ვალის მიმართ უფრო დაუცველს ხდის, რაც ტაჯიკეთზე ჩინეთის გავლენას მნიშვნელოვნად ზრდის და ხელს აძლევს პეკინს ქვეყანაში უსაფრთხოების საკუთარი ინტერესები გაატაროს.
ტაჯიკეთი (დუშანბე), როგორც ჩინური სარტყელია და გზის ინიციატივის ნაწილი (წყარო: Maritime Gateway)
ცხადია, რომ ჩინეთი საკმაოდ დაინტერესებულია ტაჯიკეთზე საკუთარი ბერკეტების გაძლიერებით, რადგან ის შუა აზიაში, „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ პროექტისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს რეგიონში, მდებარეობს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთი ჩინეთის ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით კი, თურქმენული ბუნებრივი აირის იმპორტირებისთვის, უმთავრესი სატრანზიტო კორიდორის ნაწილად მოიაზრება. სწორედ ამიტომ ტაჯიკეთი „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ განსახორციელებლად გეოეკონომიკურად უმნიშვნელოვანესია. მეტიც, დუშანბე, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) წევრიცაა, ჩინეთის ტერორიზმის, სეპარატიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმთან, ე.წ. სამ ბოროტებასთან, ბრძოლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული პარტნიორია. აღსანიშნავია ტაჯიკეთის სინძიანის რეგიონთან სიახლოვეც, რომელიც მუსლიმი უიღურების უმცირესობითაა დასახლებული და რაც ჩინეთისთვის უფრო ზრდის ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ამასთან, ტაჯიკეთსა და ავღანეთს 1344 კმ. საზღვარი ყოფთ და ჩინეთიც სწორედ ამიტომაა დაინტერესებული უსაფრთხოების სფეროთი. ჩინეთის მთავრობას აშფოთებს ის, რომ მუსლიმ უიღურ სამხედროებს სწორედ ამ საზღვრის გავლით შეუძლიათ ჩინეთზე თავდასხმა.
სუვერენიტეტი ვალის გასასტუმრებლად
უკვე 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა მუდამ ცდილობდა საკუთარი ეკონომიკის სტაბილიზებას. დღეისათვის ტაჯიკეთი კვლავ აზიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება. ქვეყნის სიღატაკე ძირითადად 1992 წელთანაა დაკავშირებული, როდესაც ხუთწლიანი სამოქალაქო ომი დაიწყო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიკვდილი და მილიონზე მეტის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. ასეთი არასტაბილური ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული ტაჯიკეთით. 2017 წლიდან ჩინეთი გახდა ქვეყანაში ინვესტიციის უპირველესი წყარო. თუმცა ამ მოვლენამ ქვეყნის სუვერენიტეტს საკმაოდ დიდი საფრთხეც შეუქმნა.
გასული ათწლეულის განმავლობაში ტაჯიკეთი იძულებული იყო საკუთარი სუვერენიტეტი ნაწილ-ნაწილ დაეთმო ჩინეთისთვის. საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ეს პროცესი მომავალში. ტაჯიკეთის მიერ დაბრუნებული ვალის ოდენობის გათვალისწინებით, ჩინეთი ნამდვილად შეძლებდა ქვეყნის სუვერენიტეტის თანდათანობით ხელში ჩაგდებას. ამით ის შეძლებს სასაზღვრო უსაფრთხოების გაკონტროლებას, ტაჯიკეთში მცხოვრებ უიღურებზე დროდადრო თავდასხმების ორგანიზებასა და საბადოების ათვისების მეტ უფლებასაც მოიპოვებს. 2021 წელს დუშანბემ ჩინეთისთვის მხოლოდ და მხოლოდ 65.2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოახერხა, რაც მთლიანი ვალის 4%-ის ტოლია. ჩინეთი კი ამავდროულად ტაჯიკეთის მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორის პოზიციას უფრო ამყარებს და სულ მალე შესაძლოა ქვეყნის ერთადერთი პარტნიორიც გახდეს. ეს კი შეიძლება ცუდად აისახოს ტაჯიკეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ ერთიანობაზე. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს ტაჯიკეთის გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა ის ვალის გასასტუმრებლად ჩინეთისთვის მეტი ბერკეტების გადაცემას.
ტაჯიკური მედიის „შენი ტაჯიკეთის“ მიხედვით, მაშინ, როდესაც 2011 წელს ტაჯიკეთის ტერიტორია 143,1 ათასი კმ. კვ-ს შეადგენდა, 2021 წლისთვის რესპუბლიკის ტერიტორია 141,4 კმ. კვ. იყო. 2011 წელს ტაჯიკეთის მთავრობამ კი მხოლოდ 1100 კმ. კვ. გადასცა ჩინეთს. როგორც ჩანს, 2017 წელს მოხდა ტერიტორიის კვლავ გადაცემა, თუმცა ამჯერად - გახმაურების გარეშე. როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტატისტიკის სააგენტო გვამცნობს, ქვეყნის ფართობი ისევ შემცირებულია, რადგან გააჩუქეს 600 კვ. კმ. საბოლოო ჯამში, 30 წლის მანძილზე ტაჯიკეთმა 1,700 კმ. კვ. ფართობის ტერიტორია დათმო. გაურკვეველია, თუ რომელ ქვეყანას გადაეცა, თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სწორედ ჩინეთი უნდა იყოს. ტერიტორიის გაჩუქება კი, დიდი ალბათობით, კვლავ დიდძალმა გადაუხდელმა სესხმა გამოიწვია.
დუშანბე ჩინურ ინვესტიციებზე ძლიერაა დამოკიდებული და „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ მისთვის ეკონომიკურად სასიცოცხლო წყაროა. ტაჯიკეთის სესხებზე გრძელვადიან პერიოდში დამოკიდებულება და ვალის ისევ ტერიტორიის გადაცემით გასტუმრება არც უახლოეს მომავალში იქნება მოულოდნელი. ტაჯიკეთის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ჩინური ვალის ხაფანგის დიპლომატია ნამდვილად არსებობს, რაც „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ უკან ჩინეთის პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ ბევრ კითხვას ბადებს. სრულიად შესაძლებელია, რომ შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად არცთუ ისე სტაბილურები არიან და ჩინური ინიციატივების მიმართ დადებითად არიან განწყობილი, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტაჯიკეთი ნამდვილად არ არის ერთადერთი მაგალითი. ასეთ ქვეყნებს შორისაა მონტენეგროც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებში მოწინავე ქვეყანაა, მსგავს ფინანსურ პრობლემას წააწყდა და მხოლოდ ევროკავშირისგან 1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების მიღების შემდეგ შეძლო ამ პრობლემის გადალახვა. საინტერესოა, ტაჯიკეთის მსგავს რეალობაში რა იქნებოდა მონტენეგროსთვის ვალის დაბრუნების ალტერნატიული გზა.
თემატური პოსტები
- უნგრეთის არალიბერალური ზეგავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე: შემაშფოთებელი ტენდენცია
- ნატოს სამიტი ვილნიუსში: შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
- რუსეთ-საქართველოს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოსალოდნელი პოლიტიკური შედეგები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- თურქეთის ეკონომიკა არჩევნების შემდეგ
- ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი და საქართველო
- საუდის არაბეთის ბოლო გადაწყვეტილება და მისი გავლენა ენერგობაზარზე
- თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგები
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაგლოევის ერთი წელი
- იგებს თუ არა უკრაინა ომს და რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს?
- რუსეთის დიპლომატიური იერიში აფრიკაში
- რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
- ევროპის ენერგოუსაფრთხოება – რა ეტაპზეა სტრატეგიული ამოცანა?
- რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
- ლუკაშენკოს ბრძოლა ბელარუსულ იდენტობასთან
- რატომ არის მნიშვნელოვანი ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის?
- რას ნიშნავს ჩინეთის ინიციატივა ირან-საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ?
- რეალურია თუ არა ამერიკის უკრაინის ომით დაღლა?
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- ვის რა პრობლემები შეექმნება ე.წ. „აგენტების კანონპროექტის“ დამტკიცების შემთხვევაში?
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები
- ქართული ვერსია: https://gfsis.org.ge/ge/blog/view/1547
- ჰიბრიდული ომი რუსული წესებით და უკრაინის რეზისტენტობა
- მოლდოვის გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე
- როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
- ცვლის თუ არა ისრაელის ახალი მთავრობა ამ ქვეყნის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- რისთვის ემზადება ბელარუსი
- ბელარუსის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების წინაპირობა?
- „მიტაცებული ემოციები“ - რუსული პროპაგანდა
- სანქციების მერვე პაკეტი - პასუხი რუსულ ანექსიასა და უკანონო რეფერენდუმებზე
- რა ელის იტალიის საგარეო პოლიტიკას ჯორჯია მელონის გამარჯვების შემდეგ?
- ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: მიმოხილვა და შეფასებები
- ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე
- ომი უკრაინაში და რუსეთის შემცირებული როლი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესში
- ჩეხეთის საპრეზიდენტო მანდატი ევროკავშირში: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეორიენტირება
- რა ფასი შეიძლება ჰქონდეს „პუტინის სახის შენარჩუნებას“ ევროპული ურთიერთობებისთვის?
- ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის კორიდორი და მისი უდიდესი მნიშვნელობა
- მზარდი დაძაბულობა რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის: კრემლი ნატოს წევრებს ემუქრება
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- უნგრულ-პოლონური კოალიციის რღვევა - შესაძლებლობა ევროკავშირისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- დასავლეთი vs რუსეთი: ისევ გადატვირთვა?!
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში - ჩიხი გამოსავლის გარეშე
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- Could Belarus Become a Prelude to the Great Polish-Swedish War 400 Years Ago?
- ვლ. პუტინის ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენცია - საყურადღებო გარემოებები და გზავნილები
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?