X

რონდელის ბლოგი

დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების თაობაზე

2022 / 09 / 19

გიორგი ბადრიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში 2009-2013 წლებში

 

 

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალება ჭეშმარიტად გლობალური მასშტაბის მოვლენაა. დედოფალმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ან ბრიტანული თანამეგობრობის ცხოვრებაში, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც. ის ტახტზე ავიდა 1952 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ სტალინი მართავდა, და თავისი მმართველობის ხანაში გაერთიანებული სამეფოს 15 პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის 14 პრეზიდენტი და რომის 7 პაპი გამოიცვალა. იმ მრავალ ელჩს შორის, რომელთაგან მისმა უდიდებულესობამ რწმუნებათა სიგელი მიიღო, ერთ-ერთი მეც ვიყავი.

ელისაბედ II-ის ისტორიული როლი მხოლოდ მისი მეფობის სამოცდაათწლიანი ხანგრძლივობით არაა განპირობებული. მიუხედავად მისი, როგორც მონარქის, რეალური ძალაუფლების შეზღუდულობისა, რომელიც ძირითადად ცერემონიული ფუნქციების შესრულებამდეა დაყვანილი, დედოფლის პირადი წვლილი გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის  საფუძვლიან გარდაქმნაში და დღევანდელი ფორმით შენარჩუნებაში წარმოუდგენლად დიდია.

როდესაც 1952 წელს მეფე ჯორჯ VI-ის მოულოდნელი გარდაცვალების შედეგად ტახტზე 26 წლის ელისაბედი ავიდა, ბრიტანეთი ჯერ კიდევ მსოფლიოს უდიდეს იმპერიას წარმოადგენდა, რომელიც თითქმის ყველა კონტინენტზე იყო გადაჭიმული. დეკოლონიზაციისა და შიდა რეფორმების შედეგად, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ის ერთ ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოდ გადაიქცა, ისე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ზომისა და ძალისთვის არაპროპორციულად დიდი გავლენა შეინარჩუნა. იმ „რბილი ძალის“ გულში, რომელმაც ბრიტანეთს საშუალება მისცა დარჩენილიყო მიზიდულობის ცენტრად ათეულობით ახლად დამოუკიდებლობამიღებული ყოფილი კოლონიისთვის, სხვა ფაქტორებთან ერთად იყო მონარქიაც, რომლის რეპუტაციაც პირადად ელისაბედ II-ის ავტორიტეტმა განსაზღვრა. მეტიც, იმპერიალიზმის ყოველგვარი რომანტიზების გარეშე უნდა ვაღიაროთ, რომ ძნელად წარმოსადგენია სხვა ყოფილი იმპერია, რომლის საფუძველზე შექმნილი თანამეგობრობა არა მხოლოდ ყოფილი კოლონიების აბსოლუტურ უმრავლესობას გააერთიანებდა ნებაყოფლობით, არამედ ისეთ ქვეყნებსაც მოიზიდავდა, რომლებიც ამ იმპერიის ნაწილი არასდროს ყოფილან. ასეთებია მოზამბიკი, რუანდა, გაბონი და ტოგო (და კამერუნი, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ბრიტანული). ასევე არის მაგალითები, როცა ქვეყნები გაურიცხავთ თანამეგობრობიდან დემოკრატიული სტანდარტების დარღვევისთვის - მაგალითად, ზიმბაბვე, რომელიც დღემდე უშედეგოდ ცდილობს უკან დაბრუნებას. ეს, ალბათ, ყველაზე მეტად რუსეთის მეზობლებს ენიშნებათ, რომელთა შენარჩუნებას საკუთარ „თანამეგობრობაში“ (სინამდვილეში კი, გავლენის ექსკლუზიურ სფეროში) ეს ყოფილი იმპერია ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს.

ელისაბედ II-ის სიცოცხლეში ისტორიული ცვლილებები, როგორც უკვე აღინიშნა, თავად გაერთიანებულ სამეფოშიც მოხდა. ქვეყანამ გადაიტანა სეპარატისტული ომი ჩრდილოეთ ირლანდიაში, რომელიც 1998 წელს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.  1999 წელს უელსმა, შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ  რეგიონული თვითმმართველობა მოიპოვეს. 2014 წელს შოტლანდიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელშიც უმრავლესობამ ხმა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას მისცა. აქ აღსანიშნავია, რომ იმ ორ მთავარ ფაქტორს შორის, რომელმაც რეფერენდუმის ბედი გადაწყვიტა, ერთი ელისაბედ II-ისადმი შოტლანდიელების პატივისცემა და სიყვარული იყო. მეორე ფაქტორი  ევროკავშირში დარჩენის სურვილით იყო განპირობებული. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ბრიტანულ მონარქიას, ისე გაერთიანებული სამეფოს ერთიანობას წინ გარკვეული გამოწვევები ექნება გადასალახი.

შეუძლებელია არ გავაზიარო მის უდიდებულესობასთან ურთიერთობის ჩემი პირადი შთაბეჭდილებებიც. გაერთიანებულ სამეფოში უცხო ქვეყნის ნებისმიერი ელჩის მოღვაწეობა სახელმწიფოს მეთაურისთვის - მონარქისთვის რწმუნების სიგელის გადაცემით იწყება. როდესაც 2009 წლის 3 ივნისს მე მასთან შეხვედრის პატივი მერგო, ამ ფუნქციას დედოფალი ელისაბედი უკვე 57 წლის განმავლობაში რუტინულად ასრულებდა და დიდი და პატარა ქვეყნების, ალბათ, ასობით ელჩთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა. ამის გარდა, ცერემონიის ყველა დეტალი მკაცრად არის გაწერილი პროტოკოლით და იმპროვიზაციის განსაკუთრებულ სივრცეს არ ტოვებს. ამის მიუხედავად, დედოფალმა შეხვედრისას სრული უშუალობის და სითბოს შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც ჩემი ქვეყნისადმი, ჩემი  მოკრძალებული პიროვნებისა და ჩემი ოჯახის მიმართ გულწრფელი ინტერესი ემატებოდა. საქმე ისაა, რომ კარგად ვიცი, როგორ ტარდება მსგავსი ცერემონიები მრავალ, მათ შორის, საკმაოდ პატარა ქვეყნებში, სადაც ელჩებს ხშირად ერთგვარი კონვეიერის ნაწილად აგრძნობინებენ თავს (მაგალითად, ზოგჯერ სახელმწიფოს მეთაური ერთდროულად რამდენიმე ელჩისგან იღებს რწმუნების სიგელს). გარდა პროტოკოლის თავისებურებისა, როდესაც დედოფალი ყოველ ელჩს ინდივიდუალურად ხვდებოდა, ჩემი კოლეგებისგან ვიცი, რომ ის ყოველ ჯერზე ავლენდა თითოეული ქვეყნის შესახებ კარგ ცოდნას. მასთან რეგულარული შეხვედრები მთელი ჩემი ელჩობის პერიოდში გაგრძელდა, რაც მოიცავდა ყოველწლიურ დიპლომატიურ წვეულებებს, სადაც ის ყოველ ელჩს კვლავ სათითაოდ ესაუბრებოდა. 2011 წელს კი ამას დაემატა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა „ერთი ერთზე“ მის უდიდებულესობასთან ბუკინგემის სასახლეში და თარჯიმნობის პატივი მე მხვდა წილად.

შესაბამისად, შემიძლია გაზვიადების გარეშე ვთქვა, რომ ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, რომლის დროსაც პროფესიული თუ პირადი შეხება მქონია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებთან, არ შევხვედრივარ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელიც უფრო დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ეკიდებოდა თავისი მოვალეობების შესრულებას, ვიდრე დედოფალი ელისაბედ II.

დღეს მსოფლიო  თვალყურს ადევნებს დედოფალ ელისაბედ II-ის გამო ბრიტანეთში მიმდინარე სამგლოვიარო მოვლენებს. იმის მიუხედავად, თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს მონარქიის მიმართ, ძნელია არ დავინახოთ ის სიყვარული, რომელიც ბრიტანეთის ხალხმა გამოხატა მათი მონარქის მიმართ. ამის მიზეზი ერთდროულად ამ საზოგადოების ტრადიციების ერთგულებაცაა და თავად ელისაბედ II-ის განსაკუთრებული პიროვნული ღვაწლიც, რომელიც, როგორც ზემოთ უკვე მივანიშნე, თავისი მასშტაბით შორს სცდება იმ საკონსტიტუციო უფლებამოსილებებს, რომლითაც აღჭურვილია ბრიტანეთის საკონსტიტუციო მონარქია.

ორიოდ სიტყვით, ალბათ, თავად მონარქიული სისტემის მომავალზეც უნდა ითქვას. 21-ე საუკუნეში არაა გასაკვირი, რომ მონარქია ისტორიის გადმონაშთად მიიჩნეოდეს. ის სულ რამდენიმე ქვეყანაშია შემორჩენილი და აქედან ევროპის შემთხვევაში საუბარია წმინდა სიმბოლურ, ცერემონიულ როლზე, რომელსაც ეს ინსტიტუტი ინარჩუნებს. ამავდროულად, ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა ბევრი თვალსაზრისით უნიკალურია, რადგან ის საუკუნეების განმავლობაში ევოლუციური პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა და მის ორგანულ ნაწილად რჩება მონარქია. მისი ფუნქცია და ფორმა ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე ბუნებრივად ერგება ახალ რეალობას და მასში სრულიად პრაქტიკულ როლს ასრულებს (მაგალითად, სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით). მაგრამ უეჭველია, რომ მონარქიისადმი მილიონობით ბრიტანელის მხარდაჭერაში უდიდესი წვლილი სწორედ დედოფალ ელისაბედ II-ის მიმართ მათი პატივისცემის და სიყვარულის შედეგია, რომელიც მან ერის სამოცდაათწლიანი ერთგული მსახურებით მოიპოვა.

 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.