X

რონდელის ბლოგი

ოკუპირებული აფხაზეთი: იერიში სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე

2022 / 09 / 28

მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევ ძალად  ჩამოყალიბდა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ბოლო სამი ათეული წელია აქტიურად არის ჩართული როგორც აფხაზეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროცესში. ამ მხრივ ვითარება უცვლელი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომაც,  თუმცა 2021 წლის ნოემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საფრთხის წინაშე დადგა - სწორედ ამ პერიოდიდან გაძლიერდა ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომლის საბოლოო მიზანიც ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის სრული კონტროლია.

კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ აფხაზეთს, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, მაგრამ დასავლური ორგანიზაციები და ფონდები, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის ჩართულობით, აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა სახის პროექტებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აფხაზეთში არსებობდა შიში, რომ ოფიციალურ თბილისს შეეძლო დე ფაქტო რესპუბლიკაში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა და, შესაბამისად, დასავლურ ფონდებზე წვდომა ნებისმიერ დროს შეეჩერებინა, თუმცა საფრთხე სხვა მხრიდან - რუსეთიდან - მოვიდა.

2020 წლის 12 ნოემბერს „აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა“ დამტკიცდა. პროგრამის 37-ე ღონისძიების თანახმად, აფხაზური „კანონმდებლობა“ რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისა და „უცხოეთის აგენტების“ საქმიანობას დაარეგულირებს.

„უცხოეთის აგენტის“ სტატუსს რუსეთში 2012 წლიდან ანიჭებენ იმ ორგანიზაციებსა და კერძო პირებს, რომლებიც  უცხოეთიდან იღებენ მხარდაჭერას ან უცხოეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს საკითხი აფხაზეთში აქტუალური 2021 წლის ნოემბრიდან გახდა, როდესაც დე ფაქტო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი ინალ არძინბა დაინიშნა.

რა არ მოსწონს და რას ითხოვს არძინბა?

აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ არძინბა მოსკოვის „კაცია“, რომელსაც კარგი კავშირები და მხარდაჭერა აქვს კრემლში. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის გაკონტროლება სწორედ რუსეთისგან არის ნაკარნახევი, რომელსაც სურს დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული წესები დაამკვიდროს. არძინბას კი, თავის მხრივ, უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია რუსეთის ინტერესების გატარება და, შესაბამისად, რუსულ-აფხაზურ ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირის სტატუსის მოპოვება.

არძინბას თქმით, კანონპროექტის - „არაკომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ“ შემუშავებაზე უკვე მუშაობენ. კანონპროექტის მიზანია ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდა, დე ფაქტო რესპუბლიკის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა, რაც რეალურად ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე სრული კონტროლის დამყარებას ნიშნავს.

არძინბას ბევრი კრიტიკული შენიშვნა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. მისი შეფასებით, ამ ორგანიზაციების საქმიანობა მიმართულია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისკენ და პროგრამის - „ჩართულობა აღიარების გარეშე“ (იგულისხმება ევროკავშირის სტრატეგია, რომელიც მოიაზრებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ჩართულობას ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის მხრივ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სტატუსის აღიარების გარეშე) განხორციელების ხელშეწყობისკენ. მისი აზრით, ამ ორგანიზაციების მთავარი მიზანია აფხაზური საზოგადოების რბილი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში ჰუმანიტარული დახმარების, კონფერენციების, საგანმანათლებლო ტრენინგების, ახალგაზრდებთან აქტიური მუშაობის გზით.

არძინბას მოთხოვნაა, რომ მათი საქმიანობის ძირითადი სფერო ჰუმანიტარული იყოს და არ მოიცავდეს პოლიტიკურ პროექტებს. ასევე ამ ორგანიზაციებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე პროექტები წინასწარ უნდა შეათანხმონ და პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშები, თანამშრომელთა სიები, დაფინანსების წყაროების შესახებ მონაცემები წარადგინონ. მსგავსი მოთხოვნაა, როდესაც საქმე ქართულ მხარესთან შეხვედრების მომზადებას ან ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელებასაც ეხება.

არძინბას იერიში

არძინბას პირდაპირი იერიში მიაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ქვემოთ წარმოვადგენთ ამის რამდენიმე მაგალითს:

  • 2021 წლის 29 ნოემბერს არძინბამ დაიბარა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც პირდაპირ მოსთხოვა ყველა დაგეგმილი პროექტის სავალდებულო შეთანხმება „სამინისტროსთან“.
  • განსაკუთრებით სკანდალური გამოდგა 2022 წლის 19 იანვარს არძინბას შეხვედრა აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთან. არძინბამ მიუთითა წარმომადგენელს, რომ ზოგიერთი პროექტი, რომელიც აფხაზეთში ხორციელდებოდა, მათთვის მიუღებელი იყო. კერძოდ, საუბარი იყო 2021 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევაზე, რომელიც აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ საკითხებს ეხებოდა და ქართულ მხარესთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას სწავლობდა. არძინბამ ასევე დაუშვებლად მიიჩნია COBERM-ის პროექტის განხორციელება, რომელიც ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე აფხაზებსა და ქართველებს შორის პირდაპირი დიალოგის დამყარებას ისახავს მიზნად.
  • 2022 წლის 8 აპრილს არძინბამ გაეროს სააგენტოებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ პროექტის - „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება განვითარების სფეროში ინკლუზიური მიდგომების დახმარებით“ შეჩერების შესახებ განაცხადა. აფხაზურმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების კულტურათაშორის დიალოგში ჩართვა, რის შესახებაც არ ჰქონდათ მიწოდებული საკმარისი ინფორმაცია.
  • 2022 წლის 12 სექტემბერს საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასს „სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებაში“ დასდეს ბრალი და „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს. ლუკასი აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტს ხელმძღვანელობდა, რომელიც ადგილობრივი ყურძნის ჯიშების შენარჩუნებას ითვალისწინებდა. არძინბას განსაკუთრებით არ მოეწონა, რომ პროექტი გუდაუთაში, სოფ. პრიმორსკოეში რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხორციელდებოდა. მოგვიანებით არძინბამ დაადასტურა, რომ პროექტი სხვა ადგილას უნდა განხორციელდეს.
  • 2022 წლის 22 სექტემბერს არძინბას კიდევ ერთი სამიზნე „ბერგჰოფის ფონდი“ აღმოჩნდა. არძინბამ ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს მოუწოდა, რომ არ ითანამშრომლონ გერმანულ ფონდთან. არძინბას თქმით, ფონდის ინიციატივით წლებია აფხაზურ და ქართულ ახალგაზრდებს შორის შეხვედრები და ონლაინდისკუსიები ტარდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება

არძინბას ინიციატივებს საწყის ეტაპზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მწვავე შეფასება მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლების პირველი პირებისადმი მიმართვას ასეულობით ადამიანმა მოაწერა ხელი, სადაც ისინი წუხილს გამოთქვამენ, რომ დისკუსია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის თაობაზე ახალ დონეზე ავიდა. მათი აზრით, მსგავსი კანონის მიღება ნეგატიურ შედეგს მოიტანს და დე ფაქტო რესპუბლიკის საერთაშორისო იმიჯსაც დააზიანებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ამ საკითხზე პროტესტი შედარებით მიწყნარდა და სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილებაც ნაკლებად ისმის საჯარო სივრცეში.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას არ ეთანხმება „სახალხო დამცველი“ ასიდა შაკრილიც. 2022 წლის 8 ივნისს დე ფაქტო პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ საზოგადოებას თავს ახვევენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების აუცილებლობის იდეას, რომელიც არ ასახავს აფხაზურ რეალობას. შაკრილის შეფასებით, ამ ინიციატივის მიზანია, ერთი მხრივ, აფხაზეთის გარე კავშირების შეზღუდვა, მეორე მხრივ კი - აფხაზეთის შიგნით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა.

რას ამბობენ სხვები?

არძინბასგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ ნაკლებად კრიტიკული არიან დე ფაქტო რეჟიმის სხვა ლიდერები. ისინი საჯაროდ არ აკრიტიკებენ მათ საქმიანობას და მათთან ურთიერთობაში გარე სამყაროსთან ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობებს ხედავენ. მაგ., 2022 წლის 13 აპრილს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ანქვაბმა გაეროს განვითარების პროგრამის დელეგაციას უმასპინძლა. ანქვაბმა სტუმრებს პანდემიასთან ბრძოლაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილა.

რას ამბობენ რუსეთში?

მოსკოვი, როგორც წესი, საჯარო სივრცეში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკას ერიდება. ამ მხრივ ყველაზე აქტიურები აფხაზეთში რუსეთის „ელჩები“ არიან, რომლებიც პერიოდულად კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. უცნაურად ბევრი კრიტიკა გაისმა 25 მაისს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტში რუსულ-აფხაზურ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრას არძინბაც ესწრებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა აფხაზურ მხარეს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობის მიღების ნელი ტემპებისთვის უსაყვედურა.

ძირითადი დასკვნები

  • რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა მათზე სრული კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად, რაც კრემლის დაკვეთით ხორციელდება და ოკუპირებულ რეგიონში რუსული მოდელის დანერგვის სურვილით არის განპირობებული. რუსეთის მხრიდან ასეთი აქტიურობა იმითაც არის გამოწვეული, რომ აფხაზეთსა და სხვა ოკუპირებულ რეგიონებში დასავლური ორგანიზაციების საქმიანობა რუსეთის ინტერესების საფრთხედაც აღიქმება.
  • ინალ არძინბა მთელ ამ პროცესში წამყვანი ფიგურაა. იგი „მინისტრად“ დანიშვნისთანავე ეტაპობრივად ცდილობს დასავლეთის მიერ დაფინანსებული პროექტების შეჩერებას. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე სრული კონტროლის დამყარების შემთხვევაში, გაიზრდება მისი გავლენა, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკაში, ასევე რუსეთთან ურთიერთობაში. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება იმის დემონსტრირება იქნება, რომ მან მოკლე დროში მოახერხა ისეთი რამის გაკეთება, რაც დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წევრებმა ვერ შეძლეს.
  • მიმდინარე პროცესში არძინბას აქტიურობა, მაშინ, როდესაც დე ფაქტო რეჟიმის სხვა წარმომადგენლები ამ საკითხზე მეტი ზომიერებით გამოირჩევიან, მიუთითებს, რომ ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტაში განსხვავებული აზრი აქვთ, თუმცა ამის ღიად გამოხატვა, რუსეთის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს, ამიტომაც ისინი დუმილს ამჯობინებენ.
  • „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი შეზღუდვის პირობებში მოუწევთ საქმიანობის გაგრძელება, ისიც - მხოლოდ აპოლიტიკურ და ნეიტრალურ საკითხებზე. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ადგილობრივ, მეტ-ნაკლებად კარგად განვითარებულ სამოქალაქო ორგანიზაციებზე და ასევე ნეგატიურად აისახება ქართულ მხარესთან ორმხრივი დიალოგის/ურთიერთობის პერსპექტივაზე.

რა შემთხვევაში შეიძლება ეს ასე არ მოხდეს?

საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ მზარდი იერიში და ამ საკითხზე დე ფაქტო რესპუბლიკის შიგნით შედარებით პასიური წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შეიძლება ეს პროცესი შეაჩეროს/შეანელოს, უკრაინაში რუსეთის ისეთი მარცხია, რომლის დროსაც კრემლისთვის ეს საკითხი აზრსა და აქტუალობას დაკარგავს. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.