რონდელის ბლოგი

ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის

2022 / 11 / 24

 მარიამ მაჭარაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. 

 

2022 წლის ოქტომბერში თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია (NSS), რომელიც ასახავს ლიბერალური ინტერნაციონალიზმისა და რეალპოლიტიკის ორმაგ მიდგომას. აშშ-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცივი ომის შემდგომი ეპოქა დასრულდა და საერთაშორისო სისტემაში დომინირებს ორი ტიპის მეტოქეობა. პირველი არის გეოპოლიტიკური შეჯიბრება დიდ სახელმწიფოებს შორის. არსებული საერთაშორისო წესრიგის შეცვლის შესაძლებლობითა და სურვილით, ჩინეთი მიჩნეულია გრძელვადიან საფრთხედ, ხოლო რევანშისტული რუსეთი „ქმნის მყისიერ საფრთხეს...დღეს დაუფიქრებლად უგულებელყოფს საერთაშორისო წესრიგის ძირითად კანონებს, როგორც ეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის სასტიკმა ომმა აჩვენა“. მეორე მხრივ, სტრატეგია დიდ აქცენტს აკეთებს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის დაპირისპირებაზე. სამხრეთ კავკასია არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აშშ-ის უსაფრთხოების დღის წესრიგში, თუმცა, აშშ-ის ვალდებულება რეგიონში კონფლიქტების თავიდან აცილების კუთხით კვლავ განხილულია NSS-ში. დოკუმენტი მოიცავს მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც ტოვებს სივრცეს საქართველოსთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგების გასაანალიზებლად.

უსაფრთხოების დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს მეზობლების დესტაბილიზაციისა და მათ საშინაო პოლიტიკაში ჩარევისთვის. მიუხედავად ამისა, აშშ-ის პერსპექტივიდან, რუსეთის „რბილი ძალა და დიპლომატიური გავლენა შემცირდა, ხოლო მისმა მცდელობებმა ენერგია იარაღად გამოეყენებინა, უკუშედეგი გამოიღო“. ეს მნიშვნელოვანი საკითხია მათთვის, ვისაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რადგან ცხადია, რომ აშშ რუსეთს მოკლევადიან საფრთხედ და დაღმავალ ძალად მიიჩნევს. საქართველო ერთხელ მოიხსენიება ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონტექსტში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. უკრაინის ომმა განაპირობა აშშ-ის აქტიური ჩართულობა აღმოსავლეთ ევროპაში. ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს რეგიონის დაცვას ნატოს გაფართოებით, არსებულ პარტნიორობათა გაძლიერებითა და შეკავების პოლიტიკით. უფრო მეტიც, აშშ მხარს უჭერს დიპლომატიური ძალისხმევის დაბრუნებას რეგიონული კონფლიქტის მოსაგვარებლად, რაც უშუალოდ ეხება მთიანი ყარაბაღის ომს. უკრაინაში რუსული ძალის თავმოყრის, მისი ეტაპობრივი მარცხისა და საერთაშორისო სანქციების სიმძიმის ფონზე, რუსეთის გავლენის შემცირება სამხრეთ კავკასიაში დასტურდება ევროკავშირის ჩართვით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის გარეშე; ნენსი პელოსის ვიზიტით სომხეთში, რაც დემოკრატიის შესანარჩუნებლად სტრატეგიული ღონისძიებების გამოყენების დემონსტრირებაა, და თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობით. რუსეთის ჩართულობის შემცირების ტენდენციით შექმნილ ძალის ვაკუუმს (რაც უფრო სავარაუდოა, რომ გაგრძელდება) შეავსებენ დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი მოსკოვის დასაბალანსებლად, რადგან აშშ ადასტურებს, რომ „გააგრძელებს თურქეთთან ურთიერთობას მისი სტრატეგიული, პოლიტიკური… კავშირების გასაძლიერებლად დასავლეთთან“. შესაბამისად, ეს საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირეს, აძლევს შანსს, გააძლიეროს ევროატლანტიკური მისწრაფებები; წინ წამოწიოს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები და გაზარდოს საკუთარი როლი, როგორც პლატფორმამ, რეგიონში და პარტნიორებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ასპექტი უკავშირდება აშშ-ის მეტოქეობას ჩინეთთან და ირანთან, რაც გავლენას ახდენს საქართველოზე. NSS აცხადებს, რომ ჩინეთი არის მთავარი გრძელვადიანი საფრთხე, რომელიც ჩართულია ყველა რეგიონში თავისი ეკონომიკური და დიპლომატიური ძალით და ის უნდა იყოს შეკავებული პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ ტიპის ურთიერთობებში ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან აშშ პრიორიტეტს ანიჭებს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებას, სადაც ჩინეთის გავლენის ზრდა უფრო საგულისხმოა, ვიდრე კავკასიაში. თუმცა, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები იზრდება ეკონომიკურ სექტორში, ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატი, ჩინეთის მხრიდან ზეწოლა, რომ იგი მისი გავლენის ქვეშ მოექცეს, ნაკლებად სავარაუდოა. ჩინეთის გარდა, NSS განიხილავს ირანს, როგორც პატარა და საშიშ აქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს. NSS ხაზს უსვამს: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები ირანის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების შესაჩერებლად და მათთან გასამკლავებლად“. ეს ნიშნავს, რომ საქართველო, როგორც აშშ-ის მოკავშირე და ირანთან ახლოს მდებარე ქვეყანა, ამ უკანასკნელის წინააღმდეგ შეკავების ამერიკულ სტრატეგიაში გარკვეულ როლს შეასრულებს.

რუსეთის მანიპულირებამ გაზისა და ნავთობის მიწოდებით და მისმა ხშირმა თავდასხმებმა უკრაინის კრიტიკულ ენერგოინფრასტრუქტურაზე კვლავ დააზიანა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება. აშშ შესაძლო გამოსავალს გლობალური სატრანზიტო პროცესის დაჩქარებაში და პარტნიორებთან მუშაობით მათ გლობალურ ბაზრებთან  კავშირის გაძლიერებაში ხედავს. ეს ძალისხმევა შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსულ რესურსებზე და ხელს შეუწყობს ენერგიის დივერსიფიკაციას. ეს უკანასკნელი განმტკიცებულია აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით ენერგეტიკული იმპორტისა და სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის კუთხით. NSS გამოყოფს დიპლომატიური პლატფორმის განახლებას ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც (C5+1 ფორმატი), რომლებიც ევროპას კავკასიის გავლით უკავშირდებიან. ზემოაღნიშნული ძალისხმევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ შეაჩეროს თავისი ბოლოდროინდელი „გეოპოლიტიკური დაღმასვლა“ და გახდეს უფრო აქტიური და საჭირო სატრანზიტო სახელმწიფო დასავლეთისთვის. ეს ნიშნავს, რომ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტების მიმართ აშშ-ის ინტერესი კვლავ ძალაში რჩება.

ბაიდენის ადმინისტრაცია რჩება საქართველოს დემოკრატიზაციის იმპერატივის ერთგული და აგრძელებს მისი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების მხარდაჭერას. კონგრესმენების მხრიდან მიღებული რამდენიმე კრიტიკული წერილი და რეზოლუცია ადასტურებს, რომ აშშ კვლავ ყურადღებით აკვირდება ქვეყნის შიდა პოლიტიკას. კრიტიკამ და შეშფოთებამ, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ უკუსვლასთან, განაპირობა, რომ  სენატმა ვერ მიიღო  საქართველოს მხარდაჭერის აქტის წარმომადგენლობითი პალატის ვერსია. რაღაც კუთხით ეს შეიძლება მიუთითებდეს გარკვეული პირობითობის გაჩენაზე, კერძოდ, აშშ-ის მხრიდან დახმარების გამოყოფისთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი და ამას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „მკაცრ სიყვარულს”. უსაფრთხოების დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ დემოკრატია მთავარია უფრო მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიოსთვის. შესაბამისად, ეს არის მკაფიო გზავნილი, რომ მდგრად და დემოკრატიულ საქართველოს შეუძლია შეაჩეროს რეგიონული კონფლიქტები; იყოს მოდელი (წარმატების ისტორია აშშ-ის გრძელვადიანი განვითარების დახმარების გამო) არადემოკრატიული რეჟიმებით გარშემორტყმულ არეალში; მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ევროპასა და აღმოსავლეთს შორის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ვაჭრობის კუთხით. შეერთებული შტატებისთვის დემოკრატიული საქართველო იქნება საიმედო მოკავშირე, რომელიც ხელს შეუწყობს აშშ-ის მუშაობას უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია სხვა რეგიონებთან და ემსახურება ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებს.

დასასრულს, აშშ საგარეო პოლიტიკაში განაგრძობს აქტიურ ჩართულობას აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. საქართველოს მნიშვნელობა აშშ-ის საგარეო ურთიერთობებში, პირველ რიგში, განისაზღვრება ბაიდენის პოზიციით რუსეთის მიმართ. მიუხედავად ამისა, ცხადია, აშშ-ის პოლიტიკოსების უმეტესი დრო და ყურადღება დაეთმობა უკრაინას, ვიდრე საქართველოს. აშშ გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და თვალყურს ადევნებს ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს.

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.