X

რონდელის ბლოგი

საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს

2022 / 12 / 13

დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

რუსეთი ამჟამად გამანადგურებელ სამხედრო და გეოპოლიტიკურ მარცხს განიცდის. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მარცხის შედეგად რუსეთს აღარ ჰქონდეს უნარი ან ნება გააგრძელოს თავისი აგრესიული გეოსტრატეგია, მაგრამ ჩვენ ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით. თუკი უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთი კვლავაც იქნება აქტიურად მტრული სახელმწიფო, აშშ და ევროპული ქვეყნები მზად უნდა იყვნენ მოსკოვის შესაძლო ახალი აგრესიული ნაბიჯებისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იქნებოდა რუსეთის სამეზობლოში, უფრო მეტად კი, ბელარუსისა და საქართველოს შემთხვევაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესია არის რუსეთის უფრო ფართო სისტემატური გეოსტრატეგიული ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი. ეს სისტემატური ძალისხმევა ორი ზოგადი მიმართულებით ხორციელდება.

ერთ მიმართულებას ეკუთვნის რუსეთის მოქმედებები აშშ-ისა და მისი დემოკრატიული მოკავშირეების საერთაშორისო ლიდერობის წინააღმდეგ. ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, თანამედროვე რუსეთს აღარ აქვს უნარი იბრძოლოს საკუთარი მსოფლიო პირველობისთვის. ამიტომ მისი მიზანია ამერიკის პირველობის დასრულება. მოსკოვის დაუფარავად გამოთქმული მიზანია აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერობა ჩაანაცვლოს იმით, რასაც კრემლის ბინადრები „პოლიცენტრულ“ მსოფლიოს ეძახიან.

ეს ნიშნავს მსოფლიოს, სადაც პირველობა არ აქვს არცერთ სახელმწიფოს ან ალიანსს. ამის ნაცვლად, არსებობს რამდენიმე დიდი სახელმწიფო, თითო მათგანი გავლენის გეოგრაფიული სფეროთი, რომლებსაც ერთმანეთთან მტრობისა და თანამშრომლობის ცვალებადი ურთიერთობები აქვთ. ბოლოს ასეთი სისტემა პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში არსებულა.

რუსეთის გეოსტრატეგიული ძალისხმევის მეორე ზოგადი მიმართულება არის მოსკოვის მცდელობა აღადგინოს, რაიმე ახალი ფორმით, თავისი დაკარგული იმპერია. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი ათწლეულები რუსეთმა თავისი მეზობლების სუვერენიტეტის მოშლის მცდელობებში გაატარა.

იმპერიის აღდგენის ამ პროექტში უკრაინას ცენტრალური ადგილი უკავია. ამ ქვეყნის ზომისა და განლაგების, ასევე სხვა გეოგრაფიული, დემოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტების გამო რუსული იმპერია ვერ შედგება უკრაინისა ან მისი ტერიტორიის დიდი ნაწილის გარეშე. 2013-2021 წლებში მოსკოვის პოლიტიკური, ძირგამომთხრელი და დიპლომატიური ტიპის ქმედებები უკრაინის გეოპოლიტიკური მომავლის გასაკონტროლებლად ერთი მეორის მიყოლებით დამარცხდა. ამის შედეგად ცხადი გახდა, რომ უკრაინაში მისი მიზნების მიღწევა კრემლს მხოლოდ სამხედრო გზით თუ შეეძლო.

ამჟამად რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კრახის გზაზეა. დასავლეთის დახმარების შედეგად, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდა, რუსეთის კი პირიქით – დრამატულად დაზიანდა. მიმდინარე ომის მთელი დინამიკა აჩვენებს, რომ ახალი უკრაინული შეტევები, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ დარჩენილ ტერიტორიებს გაათავისუფლებენ, დროის ამბავია, თანაც, სავარაუდოდ, არც ისე ხანგრძლივის.

მას შემდეგ, რაც მოსკოვის სამხედრო კრახი უკრაინაში ბოლომდე მივა, საკვანძო კითხვა იქნება, რა შედეგებს გამოიწვევს ეს რუსეთის შიგნით. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ამჟამად შეუძლებელია. შეიძლება მოხდეს რეჟიმის ცვლილებაც და ხანგრძლივი შიდა არეულობაც. ასეთი სცენარები რუსეთის ახლანდელ აგრესიულ გეოსტრატეგიას ბოლოს მოუღებს – ან სამუდამოდ, ან დროებით მაინც. მაგრამ თუკი არცერთი ეს სცენარი არ განვითარდება, რუსეთის ბრძოლა დასავლეთისა და მეზობელთა სუვერენიტეტის წინააღმდეგ გაგრძელდება.

ასეთ შემთხვევაში, ძალიან დასუსტებული რუსეთიც დასავლური ქვეყნებისა და მათი დემოკრატიული სისტემების წინააღმდეგ ძირგამომთხრელ ქმედებებს გააგრძელებდა. ის ასევე კვლავ იმოქმედებდა დასავლური ინტერესების წინააღმდეგ სხვადასხვა გეოგრაფიულ თეატრზე, აფრიკის, კარიბის ზღვის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთი ბალკანეთის ჩათვლით. მაგრამ ყველაზე სახიფათო არეალი ისევ რუსეთის სამეზობლო იქნებოდა. ბელარუსს და საქართველოს ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი საფრთხე დაემუქრებოდა.

მართალია, რუსეთის მცდელობა აღადგინოს იმპერია ვერ იქნება საბოლოოდ წარმატებული უკრაინის დაპყრობის გარეშე, მოსკოვმა შეიძლება გათვალოს, თუნდაც შეცდომით, რომ მას შეუძლია მომდევნო რამდენიმე წელი მოემზადოს, შემდეგ კი ისევ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია სცადოს. ამასობაში კი ყურადღებას ის უფრო სუსტ სამიზნეებს დაუთმობდა.

ამგვარი სამიზნე დამარცხებული რუსეთისთვის არც ისე ბევრი იქნებოდა. ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ნატოს წევრობა დაიცავს. მოლდოვა რუსეთისთვის ისევ გეოგრაფიულად მიუწვდომელი დარჩება. აზერბაიჯანი თურქეთის ოფიციალური მოკავშირეა. ყაზახეთი დაცულია მის მიმართ ჩინეთის ინტერესით, რომლის უგულებელყოფას მოსკოვი ვერ გაბედავს.

ბელარუსი და საქართველო კი, მათი ახლანდელი მდგომარეობის გამო, რუსეთის წინაშე ძალიან მოწყვლადი იქნებოდნენ. ბელარუსი ლუკაშენკომ საერთაშორისო იზოლაციისთვის გაწირა, ხოლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედების თავისუფლება მისცა. საქართველოში კრიტიკული და სწრაფი დემოკრატიული უკუსვლაა, მისი მმართველი რეჟიმი კი დაკავებულია ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკით და თან უარს ამბობს რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს.

გარედან დაუცველი და შიგნიდან დამპალი ბელარუსი და საქართველო ადვილად შეიძლება მოხვდნენ მოსკოვის ხელში, თუკი უკრაინასთან ომის დასრულების შემდეგ რუსეთს რაიმე სერიოზული გეოსტრატეგიული ძალისხმევა კვლავაც შეეძლება. სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთს ამის უნარი აღარ ჰქონდეს, მაგრამ ეს ჯერ ზუსტად ცნობილი არაა, ხოლო პოტენციური რისკი იმდენად სერიოზულია, რომ მისი იგნორირება არ შეიძლება.

რუსეთის მიერ ამ ორი ქვეყნიდან რომელიმეს ბოლომდე გაკონტროლება დასავლეთის ინტერესებს სერიოზულად დააზიანებდა. მოსკოვის იმპერიაში ბელარუსის სრული ინტეგრაცია გააუარესებდა ნატოს ჩრდილო-აღმოსავლეთი ფლანგისა და უკრაინის სტრატეგიულ მდგომარეობას. საქართველოზე კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემდა აღიდგინოს თავისი შერყეული პოზიცია სომხეთში, სადაც ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება ცდილობს მისი სრული დომინირებიდან გამოსვლის დაწყებას. ერთდროულად საქართველოსა და სომხეთზე რუსეთის სტრატეგიული კონტროლი ჩაკეტავდა ყველა შესაძლო კომუნიკაციას, ერთი მხრივ, აზერბაიჯანსა და, მეორე მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. ის ასევე მოსკოვს გადაულოცავდა კონტროლს ყაზახეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალ გზებზე, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფანზე გამავალ ყველა კომუნიკაციაზე.

დღეისთვის მოსკოვის მზადყოფნა, გადადგას დრამატული ნაბიჯები სამხედრო და ძირგამომთხრელი მეთოდების გამოყენებით, ყველასათვის ცხადი უნდა იყოს. მართალია, უკრაინაში მოახლოებულმა მარცხმა კრემლის ამჟამინდელი რეჟიმი შეიძლება დაასრულოს, ამერიკელები და ევროპელები ასევე მზად უნდა იყვნენ საპირისპირო ვარიანტისთვისაც, როდესაც განცდილი სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური კატასტროფის მიუხედავად, რუსეთი შეინარჩუნებს უნარსა და ნებას გააგრძელოს თავისი აგრესიული გეოსტრატეგია.

ბელარუსი ამ ეტაპზე შეიძლება უკვე დაკარგული აღმოჩნდეს, მაგრამ საქართველოში კვლავ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია და პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე ჩახშობილი. დასავლეთს ჯერ კიდევ აქვს დრო შეიმუშაოს სტრატეგია, რომ არ დაუშვას საქართველო მოსკოვის ხელში ჩავარდეს, მაგრამ ეს დრო შეიძლება ძალიან შეზღუდული იყოს.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.