რონდელის ბლოგი
როგორ გამოიყურება ამერიკა-ჩინეთის პაექრობა თბილისიდან
დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
ამერიკასა და ჩინეთს შორის გლობალური პირველობისთვის მიმდინარე ბრძოლა არის ჩვენი დროის საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა. მის შედეგებს ადამიანურ ცივილიზაციაზე უდიდესი გავლენა ექნება. მართალია, ამჟამად რუსული საფრთხე ბევრად უფრო აქტუალურია აღმოსავლეთ ევროპისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ მომავალში ამერიკა-ჩინეთის პაექრობა აქაც უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
პირველობისთვის ბრძოლები საერთაშორისო პოლიტიკისთვის ჩვეული რამ არის. საფრანგეთი და ესპანეთი დასავლეთ ევროპაში ლიდერობისთვის იბრძოდნენ მე-16 და ნაწილობრივ მე-17 საუკუნეებში. ბრიტანეთი და საფრანგეთი ამავეს აკეთებდნენ ევროპაშიც და კოლონიებშიც მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ბრიტანეთმა მოიგერია რუსეთის გამოწვევა მე-19 საუკუნეში და გერმანიის გამოწვევა – მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც პირველობა აშშ-მ მოიპოვა. მან მოიგერია საბჭოთა კავშირის გამოწვევა ამერიკული ლიდერობისთვის ცივი ომის განმავლობაში. ახლა კი აშშ-სა და ჩინეთს შორის ჭიდილის დრო მოვიდა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფსონები ამგვარ პაექრობებში კიდევ უფრო მაღალი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. იმ დროიდან მსოფლიო პირველობისთვის ჭიდილის ზოგი მონაწილე ტოტალიტარული რეჟიმებია ხოლმე. გამარჯვების შემთხვევაში, ეს რეჟიმები თავის შიდა პრაქტიკას საერთაშორისოდ გაავრცელებდნენ, რადგან მიეცემოდათ ამის შესაძლებლობა და რადგან ეს მათი მმართველების ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდიდა. მე-20 საუკუნეში კომუნისტების ან ნაცისტების პოტენციური გლობალური ტრიუმფის შედეგების წარმოდგენაც შემზარავია.
ამჟამინდელი სწრაფი პროგრესი ტექნოლოგიებში, მათ შორის, ციფრულსა და გენეტიკურში მრავალ სხვათა შორის, ფსონებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ისტორიულად აჩვენეს, რომ თავიანთი მიზნებისთვის ნებისმიერ რესურსს გამოიყენებენ, მორალური შეზღუდვების გარეშე. ტექნოლოგიური განვითარება მეტ შესაძლებლობას წარმოშობს. იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება ამ შესაძლებლობების გამოყენება, ამან შეიძლება კაცობრიობას ჯერ არნახული სიკეთეები მოუტანოს, ან გაამგზავროს ის ჯოჯოხეთის ჯერ არნახულ სიღრმეებში, რომლებიც აქამდე ტექნიკურად მიუწვდომელი იყო.
ჩინეთი ახლა იმყოფება ტოტალიტარიზმთან დაბრუნების პროცესში, მაო ძედუნის შემდგომი ათწლეულების ავტორიტარიზმის შემდეგ. ეს აისახა პრაქტიკულ ქმედებებში, რომლებსაც ჩინური კომუნისტური რეჟიმი უკვე მიმართავს. მათ შორის არის ადამიანთა გაუჩინარების და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემთხვევების ზრდა, საშინელებებით სავსე უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკები სინძიანში და, ასევე, ჩინური კომუნისტური პარტიის მცდელობა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლოს მოსახლეობის ტოტალური ციფრული კონტროლი - ის, რაც მიუწვდომელი მისი ტოტალიტარული წინამორბედებისთვის.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია ახლო მომავალში შეიცვლება. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელ შენელებასთან ერთად მის მმართველ რეჟიმს გადასარჩენად მოსახლეობაზე სულ უფრო მტკიცე კონტროლი დასჭირდება. თუკი ჩინეთი გაიმარჯვებს გლობალური პირველობისთვის ამერიკასთან მიმდინარე ბრძოლაში, მისი შიდა პრაქტიკა აუცილებლად გავრცელდება მის ფარგლებს გარეთაც - როგორც განგებ, ისევე თავისით, ჩინეთის დომინანტური საერთაშორისო გავლენიდან გამომდინარე.
ჩინეთის ამბიციები და გავლენის გაზრდის ძალისხმევა მთელ პლანეტას ფარავს და, შესაბამისად, იგივე ეხება ამერიკა-ჩინეთის პაექრობასაც. სხვა რეგიონებთან ერთად ეს პროცესი მოიცავს აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიას და საქართველოს.
ამჟამად რუსეთი საქართველოსთვის მთავარი და მომაკვდინებელი საფრთხეა. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ის დამანგრეველი გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელსაც რუსეთი მიიღებს უკრაინასთან ომში მარცხის შემდეგ, მას წაართმევს უნარს გააგრძელოს მეზობელთა დამონების მცდელობა. ამერიკა-ჩინეთის პაექრობა კი დანამდვილებით მრავალი წელი გაგრძელდება, შეიძლება ათწლეულებიც კი, პოტენციურად იმდენივე ხანს, რამდენ ხანსაც პეკინში იარსებებს კომუნისტური რეჟიმი.
დანარჩენი კაცობრიობის მსგავსად, ქართველებისთვის ეს ჭიდილი და მისი შედეგი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ. ისეთში, სადაც ინდივიდებს აქვთ შანსი იყვნენ თავისუფალი და სცადონ თავიანთი შინაგანი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება თუ ისეთში, სადაც ადამიანები დაყვანილი არიან მანქანის ჭანჭიკების მდგომარეობამდე, ჭიანჭველებისა ან ტერმიტების მსგავსად, რაც არის საზოგადოებრივი მწერებისთვის მშვენიერი ცხოვრების წესი, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარია საერთოდ ძუძუმწოვრებისთვის, მით უფრო კი, ადამიანებისთვის.
ცივი ომის მსგავსად, ამერიკა-ჩინეთის პაექრობა მსოფლიოს ბევრ რეგიონს მოიცავს, როგორც მის გეოგრაფიულ თეატრებს. მათგან ერთ-ერთია აღმოსავლეთი ევროპა, რომლის ნაწილიც არის სამხრეთი კავკასიაც. აქ ჩინეთს ჯერ არ უცდია რაიმე დრამატული მოქმედება თავისი გავლენის სწრაფად გასაზრდელად. პეკინი აქ რუტინულად ავრცელებს თავის დიპლომატიურ გზავნილებს და ცდილობს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან ურთიერთობები „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში მოაქციოს. ბოლო დროს მან ასევე დაიწყო რეგიონში პოლიტიკურ პარტიებთან კავშირების განვითარება, თუმცა ესეც რუტინული პრაქტიკის სახით ხორციელდება.
ჩინეთი, სავარაუდოდ, ვერ ხედავს საჭიროებას მალევე შეიტანოს ცვლილებები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობებში, რადგან ეს უკანასკნელნი ისედაც პეკინის საგარეო პოლიტიკისთვის ხელსაყრელ პოზიციებს იკავებენ. სამივე ეს ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ და სრულიად იკავებს თავს ნებისმიერი დიპლომატიური გზავნილისგან, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ჩინეთის პოზიციისგან სინძიანის ან ტაივანის მსგავს საკითხებზე. ამასთან, ეს ქვეყნები მიესალმებიან იმდენ ჩინურ ინვესტიციასა და ეკონომიკურ ჩართულობას, რამდენის გაცემისთვისაც არის მზად ჩინეთი.
მომავალში, თავისი გლობალური გავლენის გაზრდის ძალისხმევისას, ჩინეთმა შეიძლება ამ მხრივ თავისი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაშიც ააჩქაროს. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მარშრუტი მუდმივად ვითარდება და ამიტომ თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენს. პეკინის თვალში ის არის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ შემადგენელი ნაწილი. ამ მარშრუტის შემდგომმა განვითარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩინეთის მოტივაცია, რომ ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს.
ჯერჯერობით საქართველოს არ მოუწია ამერიკა-ჩინეთის პაექრობაში მხარე აირჩიოს. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ასე მუდმივად გაგრძელდეს. მომავალ წლებში, ამ პაექრობის მასშტაბისა და ინტენსივობის ზრდასთან ერთად, თბილისს ზოგჯერ მოუწევს ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება ან ამერიკისა და ან ჩინეთის საგარეო ამოცანებისთვის.
მართალია, ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამერიკულ მხარეს აირჩევდა, მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველოს ხელისუფლება მაგ დროს საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად იმოქმედებდა. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენ უკვე ვნახეთ უდიდესი კონტრასტი უკრაინის მიმართ ქართული საზოგადოებისა და ქართული ხელისუფლების მიდგომებს შორის. საბოლოო ჯამში, იმისთვის, თუ რა პოზიციას დაიკავებს მომავალში საქართველო ამერიკა-ჩინეთის პაექრობაში, შესაძლოა გადამწყვეტი ის იყოს, თუ როგორი ტენდენცია გაიმარჯვებს საქართველოში - დემოკრატიული თუ ავტორიტარული.
თემატური პოსტები
- ქართველმა ხალხმა აჩვენა ძალა, თუმცა ევროკავშირს მართებს სიფხიზლე!
- ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის დინამიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე
- რა სურს რუსეთს საქართველოსგან?
- გეოპოლიტიკა თურქულად და როგორია მასზე სწორი რეაქცია
- საფრთხე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძლება დაემუქროს რუსეთის მეზობლებს
- ბაიდენის დოქტრინა და მისი შესაძლო შედეგები საქართველოსთვის
- ტაჯიკეთის ძვირადღირებული ჩინური სესხი: როდესაც სუვერენიტეტი ვალუტაა
- კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებს, რაზე გვაქვს სანერვიულო?
- ომი და საქართველო
- უკრაინა ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციის გზას მალე დაადგება, საქართველო?
- ნატოს შესაძლო გაფართოება ჩრდილოეთ ევროპაში და მისი მნიშვნელობა საქართველოსა და უკრაინისთვის
- პეკინის ზამთრის პოლიტიკური ოლიმპიადა
- 2021 აფხაზეთში: ენერგოკრიზისი, ახალი „მინისტრი“ და პოლიტიკური დაპირისპირება
- რა პერსპექტივები დასახა 15 დეკემბერს გამართულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა?
- რა დგას საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების მზარდი თანამშრომლობის უკან
- გეზი ჩინეთიდან ტაივანისკენ - ახალი საგარეო პოლიტიკური ტრენდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
- ვაქცინაცია: „ყოფნა?... არ ყოფნა?...“
- შეუძლია თუ არა საქართველოს ჩინეთი რუსეთის დასაბალანსებლად გამოიყენოს?
- ბელარუსის გასვლა აღმოსავლეთ პარტნიორობიდან - რა იქნება შემდგომ?
- Pacta Sunt Servanda: ხელშეკრულებები უნდა შესრულდეს
- ასოცირებული ტრიო და მისი მომავალი
- არქტიკის გამდნარი ყინული და მზარდი საფრთხეები
- რას უნდა ველოდოთ ნატოს სამიტისგან
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში
- აშშ, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი, 2021 წლის გამოწვევები და საქართველო
- საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სიახლეები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
- ვაქცინის დიპლომატია - ახალი შესაძლებლობა გლობალური ავტორიტარული გავლენისთვის
- შეთანხმება „დრაკონთან“ – ჩინეთ-ევროკავშირის საინვესტიციო ხელშეკრულების რისკები
- ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს განაცხადი
- ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოღვიძება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ახალი პერსპექტივები საქართველოსთვის
- COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის შემცირება
- ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია: საფრთხეები და გამოწვევები საქართველოსთვის
- საქართველოს ევროპული გზა პანდემიური დეგლობალიზაციის პირობებში
- ქართულ-ამერიკული პარტნიორობის პრაგმატიზმი და იდეალიზმი
- საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თაობის ისტორიული პასუხისმგებლობა
- პანდემიური პროპაგანდის ტრიო, როგორ იღებს მიზანში დასავლეთს ჩინეთი, რუსეთი და ირანი
- კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები თურქეთში და მისი ასახვა საქართველოზე
- „არჩევნები“ აფხაზეთში: ახალი „პრეზიდენტის“ რევანში და გამოწვევები
- სამომხმარებლო კრიზისი ცხინვალის რეგიონში: ახალი საფიქრალი
- ჩვენი და 1921 წლის ქართველების საერთო ბრძოლის შესახებ
- ქართული თავდაცვა - პოლიტიკური პარადოქსი და უსისტემობის მოჯადოებული წრე
- რატომ უნდა გვაღელვებდეს ქართული „ტროლ-სკანდალი“? ვრცელი განმარტება
- რას მოუტანს საქართველოს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი?
- „რუსული კულტურის ცენტრის“ შესახებ
- საით მიდის ეკონომიკური პოლიტიკა?
- რა ვიცით რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ?
- რა კავშირია ნატოსა და აფხაზეთის დაბრუნებას შორის?
- საქართველოს საკითხი არ განიხილება დიდი შვიდეულის სამიტზე - ვისი ბრალია?
- ვლადიმერ პუტინის ძირითადი გზავნილები Financial Times-თვის მიცემული ინტერვიუდან
- დუგინი მოგვევლინა საქართველოს გულშემატკივრად - რას უნდა ვუმადლოდეთ ამ ფაქტს?
- ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები - რას ნიშნავს საქართველოსთვის?
- როგორ შევაჩეროთ რუსეთი
- რატომაა მნიშვნელოვანი 2019 წლის 31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები
- მუშაობს თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებში?
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- საქართველოს ვაჭრობა ელექტროენერგიით: ბიტკოინის გავლენა
- საქართველოს საგარეო ვაჭრობა: როგორ გავამყაროთ დადებითი ტენდენციები
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- საქართველოს ადგილი „დასავლეთთან დაახლოების ინდექსი 2018-ში“
- რატომ არ გაამართლა ჩვენი მოლოდინი შარლევუაში (კანადა) დიდი შვიდეულის სამიტის შედეგებმა?
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- რატომ არ გაახსენდათ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველო ტორონტოში 2018 წლის 23 აპრილის შეხვედრის დროს?
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- პუტინის წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებები: მითი და რეალობა
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპეკქივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი მეორე)
- დარჩეს ჟენევა ისე, როგორც არის
- ელექტროენერგიით ვაჭრობა: 2016 წლის წარმატებები, 2017 წლის რეალობა და შემდგომი პერსპექტივები - Bitcoin-ის გავლენა (ნაწილი პირველი)
- რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა
- რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა
- ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები
- რა ელით გალელებს?
- ხელის შეშლა და ყურადღების გაფანტვა: დასავლეთთან ურთიერთობის რუსული მეთოდოლოგია
- ილ-76 ტიპის ტროას ცხენი, ანუ რატომ სურს რუსეთს ჩვენი ხანძრების ჩაქრობა?
- რუსი დიპლომატები საქართველოში - ვინ არიან ისინი, რამდენი არიან და რას საქმიანობენ?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- პოსტსაბჭოთა ქვეყნები - ბრძოლა ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის
- საქართველოს დღევანდელი საგარეო პოლიტიკა - რამდენად ეფექტურად უმკლავდება იგი არსებულ გამოწვევებს?
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე