X

რონდელის ბლოგი

რატომაა მნიშვნელოვანი თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?

2023 / 02 / 09

2023 წლის 14 მაისს თურქეთის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება.

რატომაა მნიშვნელოვანი ეს არჩევნები და რას შეიძლება ველოდოთ მისგან?

2023 წელს მთელ მსოფლიოში უამრავი საინტერესო სამხედრო და პოლიტიკური პროცესის მომსწრენი ვიქნებით, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები თურქეთში გაიმართება. 

წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი სრულდება და ეს არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად, გზაგასაყარად განიხილება, რადგან ამით განისაზღვრება, თუ როგორი იქნება 85-მილიონიანი ქვეყნის მომავალი არა მხოლოდ ახლო, არამედ - გრძელვადიან პერსპექტივაშიც.

ეს არჩევნები შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული აღმოჩნდეს თურქეთის რესპუბლიკის არსებობის მანძილზე. თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ არა მხოლოდ ახლანდელ კონსერვატიულ, ცენტრალიზებულ ხელისუფლებასა  და მრავალფეროვან, შედარებით დეცენტრალიზებულ ოპოზიციას შორის, არამედ ასევე გადაწყვეტენ, როგორი მმართველობის ფორმა იქნება თურქეთში. ოპოზიცია პირობას დებს, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა  საპარლამენტო მმართველობის სისტემას დაუბრუნდება, უკან დააბრუნებენ ქვეყანაში მცხოვრებ მილიონობით სირიელს და ეკონომიკურ პრობლემებსაც მოაგვარებენ  (მათ ამ მიზნით 30 იანვარს 244-გვერდიანი გეგმაც გამოაქვეყნეს).

ეს არჩევნები ასევე გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი „სამართლიანობისა და აღორძინების პარტიის“ თითქმის 22-წლიანი მმართველობა და პოლიტიკური კურსი. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში მმართველ ძალას მოგებული აქვს ამ ქვეყანაში ჩატარებული 13 არჩევნები და 3 რეფერენდუმი, მათ შორის, 2017 წლის რეფერენდუმი, რომლის ძალითაც თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე გადავიდა.

            ეს არჩევნები ემთხვევა ვითარებას, როდესაც თურქეთის ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია და ამ ფაქტორმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ეს პრობლემებია: მაღალია ინფლაცია, თურქული ლირის დევალვაცია, გაზრდილია უმუშევრობა და ა.შ. ეს პრობლემები კი ტრადიციულად უარყოფითად მოქმედებს ხელისუფლების რეიტინგზე თურქეთში. თუ გადავხედავთ ბოლო, 2019 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, დავინახავთ, რომ დიდ ქალაქებში (სტამბოლი, ანკარა, იზმირი და ა.შ.) ოპოზიციის წარმომადგენლების გამარჯვებას ძირითადად სწორედ ეკონომიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა (თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო პროქურთული ძალების მიერ ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერაც).

            მაგრამ ხელისუფლებას კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური მდგომარეობა არჩევნების შედეგებზე. ამიტომ მან სერიოზული მზადება დაიწყო რიგითი ამომრჩევლების ეკონომიკური სირთულეების შემსუბუქებისთვის. იგი ქვეყნის შიგნით და უცხოეთში ათეულობით მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ახდენს თურქული ლირის კურსის შენარჩუნების მიზნით (ამისთვის თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ბოლო ერთ წელიწადში 108 მლრდ აშშ დოლარი გახარჯა), სხვადასხვა რეგულაციით ცდილობს ფასების (ეს განსაკუთრებით საკვებისა და ბინების ფასებს ეხება) ზრდის რეგულირებას, იანვრის თვიდან საგრძნობლად გაზარდა მინიმალური ხელფასი - 5 500 ლირიდან (დაახლოებით 300 აშშ დოლარი) 8 500 ლირამდე (დაახლოებით 450 აშშ დოლარი) და ა.შ.   

ამ ზომებმა თავისი შედეგი გამოიღო და ერდოღანისა და მმართველი პარტიის რეიტინგი რამდენიმე პუნქტით გაიზარდა (მათ, ძირითადად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები წაიღეს). თუმცა, ზუსტად არავინ იცის, ამ მეთოდებით კიდევ რამდენი ხნით იქნება შესაძლებელი იმავე თურქული ლირის კურსის შენარჩუნება, რომლის დევალვაციას რიგითი ამომრჩევლების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისად აღიქვამ. აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ არჩევნებში რომელმა ძალამაც არ უნდა გაიმარჯვოს, მისი მთავარი საკითხი ქვეყნის ეკონომიკა იქნება.  

თურქული ლირის კურსი ბოლო 2 წლის განმავლობაში

                                

ამ არჩევნებზე პოლიტიკური ძალები შემდეგნაირად ჯგუფდებიან:

  1. „სახალხო ალიანსის“ სახელით ცნობილი მმართველი კოალიცია, რომელშიც ერდოღანის კონსერვატიული „სამართლიანობისა და აღორძინების“ გარდა,  ულტრამემარჯვენე „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაც“ შედის. ისინი ამ მომენტისთვის ქვეყნის 600-კაციან პარლამენტში 335 მანდატს ფლობენ;
  2.  „ეროვნული ალიანსის“ (ზოგჯერ მას, მასში შემავალი პარტიების რაოდენობის მიხედვით, „ექვსიან მაგიდასაც“ უწოდებენ ხოლმე) სახელით ცნობილი საკმაოდ ჭრელი ოპოზიციური გაერთიანება, რომელშიც 6 სხვადასხვა ორიენტაციის (მემარცხენე-ცენტრისტები, ქემალისტები, მემარჯვენე-ცენტრისტები და კონსერვატორები) პარტია შედის. ისინი ამ მომენტისთვის თურქეთის პარლამენტში 174 მანდატს ფლობენ;
  3. მემარცხენე ორიენტაციის პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტია“, რომლის ლიდერი სელაჰათინ დემირთაში 2016 წლის შემდეგ საპყრობილეშია, სადაც სასჯელს იხდის ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდის წარმოების ბრალდებით. სეპარატისტული საქმიანობის წარმოების ბრალდებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თავად ამ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგაც. „ხალხთა დემოკრატიული პარტია“ თურქეთის პარლამენტში 56 მანდატს ფლობს.

 

ამ მომენტისთვის ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ ყველაზე პოპულარული კვლავ მმართველი პარტიაა და, დიდი ალბათობით, ყველაზე მეტ ხმასაც სწორედ ის აიღებს. თუმცა, ცხადია, რომ ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად შეძლებს მისი პარტნიორი „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 7%-იანი ბარიერის გადალახვას (გამოკითხვებით, დღეს ეს პარტია ამ ზღვარზეა) და თუ შეძლებს, რამდენ დეპუტატს შეიყვანს იქ.

თურქეთში არსებული რთული შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ, მაგალითად, ხმების 42%-ის მიღების შემთხვევაში, პარლამენტში უმრავლესობა ჩამოყალიბდეს. თუმცა, ამისთვის  საჭიროა იმ გუბერნიებში გამარჯვება, სადაც მოსახლეობა შედარებით ცოტაა. ასეთი ადგილები კი ძირითადად კონსერვატიული განწყობების პროვინციებია, სადაც ტრადიციულად მმართველი პარტიაა ძლიერი.  

საპრეზიდენტო არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატი. რა თქმა უნდა, ახლანდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანია. ხოლო ოპოზიციას ჯერჯერობით არ დაუსახელებია საკუთარი ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი (დიდი ალბათობით, 14 თებერვლის დაასახელებს).

შესაძლო კანდიდატებს შორის სახელდებოდა სტამბოლის ქარიზმატული მერი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის „სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან“ ექრემ იმამოღლუ, რომელმაც 2019 წელს შეძლო ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში როგორც კონსერვატიული, ისე მემარცხენე და ქურთული წარმოშობის მოქალაქეების დიდი ნაწილის ხმების მობილიზება და დაამარცხა სახელისუფლებო კანდიდატი.

თუმცა, მას შემდეგ, რაც იმამოღლუს წინააღმდეგ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთისა და პოლიტიკური საქმიანობის გადაწყვეტილება გამოიტანა, ოპოზიცია საგონებელში ჩავარდა. ამიტომ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის საკითხზე ოპოზიციაში ახლაც მიმდინარეობს აქტიური შიდა დებატები და კონსულტაციები. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამ მომენტისთვის ერდოღანს კიდევ 8-10% ესაჭიროება იმისთვის, რომ პირველივე ტურში შეძლოს გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 კვირის ინტერვალით მეორე ტური დაინიშნება და გადამწყვეტი იქნება, თუ ვის დაუჭერს მხარს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიული პარტია“, რომელიც დისტანცირებულია მმართველი პარტიიდან. მაგრამ მისი ხმები არც ოპოზიციურ კანდიდატს აქვს გარანტირებული. თუ კანდიდატი მემარცხენე ორიენტაციის იქნება, მათი ხმების მიღების შანსი იზრდება. მაგრამ თუ ოპოზიციის საერთო კანდიდატი მემარჯვენე ნაციონალისტი იქნება, მაშინ ამ ხმების მობილიზება გაჭირდება.

არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ დაპირისპირებული ძალებიდან ერთმა საპრეზიდენტო, ხოლო მეორემ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოსალოდნელია მძაფრი დაპირისპირების დაწყებაც კი. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მმართველობის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ეს სახელისუფლებო შტოებს შორის დაძაბულობის პირველი პრეცედენტი იქნება და არავინ იცის, როგორ შეიძლება დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები ამ არჩევნების ძირითადი თემა არაა და ამომრჩევლების უმეტესობის მიერ არჩევანის გაკეთებისას იგი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

მაგრამ თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური წონიდან გამომდინარე, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო განზომილებაც აქვს. ოპოზიცია პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მთავარი მიზანი ევროკავშირში სრულყოფილი წევრობა იქნება (თურქეთს ამ ეტაპზე აქვს  წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესი პოლიტიკური მიზეზებით არის შეჩერებული). პრეზიდენტი ერდოღანი კი უფრო დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარებას ემხრობა, რასაც ვხედავდით კიდეც მთელი ამ ხნის განმავლობაში.

თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ისევე, როგორც ამ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ასევე იქ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომლის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი უკვე მრავალი წელია თურქეთის რესპუბლიკაა (2022 წლის მონაცემებით, ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა კვლავ გაიზარდა და 2,8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა).

ყველა ზემოხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ დაძაბული, მაგრამ ამავე დროს საინტერესო პროცესი იქნება.       

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.