X

რონდელის ბლოგი

„უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტისა და ქვეყნისთვის მისი კატასტროფული შედეგების შესახებ

2023 / 02 / 15

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

 

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა, რბილად რომ ვთქვათ, ევროსკეპტიკოსმა პოლიტიკურმა გუნდმა შეიმუშავა და პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მსგავსად „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას და რიგი შეზღუდვების დაწესებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთა დაფინანსების წყაროსაც უცხო სახელმწიფო, ასოციაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია წარმოადგენს (ასეთი კი ამ ორგანიზაციების 90%-ია).

მართალია, კანონპროექტი ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მისი ძირითადი დებულებები შემდეგ მიდგომებს მოიცავს: უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება ყველა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა“; ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა“;  მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის, გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი „უცხოური ძალაა“. თავად ამ უცნაურ და ცოტა დამაბნეველ ტერმინში – უცხო ძალა – იგულისხმება სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები; უცხო ქვეყნის მოქალაქეები; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში; ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ორგანიზაციების ცალკე, „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იქნება.  მათ ასევე დაეკისრებათ ადმინისტრაციული სასჯელი შესაბამის ბაზაში დარეგისტრირებისთვის თავის არიდებისთვის. ისინი დაექვემდებარებიან სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მონიტორინგის განსაკუთრებულ რეჟიმს.  

            აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიური სახის კანონი რუსეთმა 2012 წელს მიიღო, რაც საკუთარ რეზოლუციებში გააკრიტიკა და დისკრიმინაციულად შერაცხა ევროპის პარლამენტმა, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. ამის გარდა, რუსეთის ფედერაციის 61 არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი სარჩელით მიმართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სასამართლოს, რომელმაც 2022 წლის 14 ივნისს გამოტანილ გადაწყვეტილებაში რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა ამ კანონის შედეგად ევროპის საბჭოს რამდენიმე კონვენციის, ასევე გაეროს ეგიდით მიღებული კონვენციის დარღვევაში. მტკიცების ნაწილში სასამართლომ მოიშველია ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები, როგორიცაა ვენეციის კომისია, ევროპის საბჭოს ადამიანთა უფლებების კომისარი, გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. ყველა ეს ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონის ძირითადი მუხლები, რომლებიც ეხება თავად „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნებას, ასეთი ორგანიზაციების ცალკე რეგისტრაციას, სპეციალური მონიტორინგის ზომებს და ინსპექტირების განსაკუთრებულ რეჟიმს, დაფინანსების წესს და სხვ. არის დისკრიმინაციული და უსამართლო, არ შეიძლება იყოს გამართლებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების არგუმენტებით. ამ გადაწყვეტილებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოითხოვა აღნიშნული კანონის გაუქმება და 61 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მათი იმიჯის დაზიანების გამო შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება, რომელიც, ჯამში, მილიონ ევროს აღემატება.

            2017 წელს უნგრეთის მთავრობამ, რომელიც ბოლო ხანებში ევროსკეპტიკურ კურსს ატარებს, ასევე მიიღო ანალოგიური კანონი, რაზეც უკვე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ იმსჯელა. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებამ უნგრეთის მთავრობას კანონის დისკრიმინაციული ხასიათის თაობაზე მიუთითა და მისი გაუქმება მოსთხოვა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის და წარმოადგენს საბოლოო ინსტანციას, რომლის გასაჩივრებაც შეუძლებელია.

უნგრეთის გარდა, ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ გააჩნია ზოგადად ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა. გამონაკლისია ტერორიზმისა და საერთაშორისო დანაშაულის დაფინანსების პრევენციის მიზნით დაწესებული კონტროლის მექანიზმები, რომლებიც არსებობს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და არაფერი საერთო არ აქვს საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან.

მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ასოცირების შესახებ (2014) პრეამბულაში ადგენს შემდეგს: „...სურთ რა, წვლილი შეიტანონ საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში, საერთო ინტერესთა სფეროების ფართო სპექტრში მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გზით, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კარგი მმართველობა... და აღნიშნავენ რა ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოში შესაბამისი რეფორმების განხორციელებას...“ ანუ ამ ჩანაწერით საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თანხმდება, რომ ევროკავშირთან ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს (როგორც ეს ყველა სხვა სახის თანამშრომლობის შემთხვევაში ხდება) ევროკავშირის დაფინანსების დაშვებას აქაური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებში. ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, ნებისმიერი იურისტი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონს განიხილავს, როგორც ასოცირების შეთანხმების სულისკვეთების და თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების დაზიანების მცდელობას.

აუცილებელია, რომ ეს გარემოებები გაითვალისწინოს საქართველოს პარლამენტმა და არ დაუშვას ასეთი კანონის კენჭისყრაზე გატანაც კი (რაც უკვე დიდი სირცხვილი იქნება მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის). თუ ეს მაინც მოხდა, რა თქმა უნდა, მას დაიწუნებს ვენეციის კომისია, გააკრიტიკებს ევროპარლამენტი, ევროკომისია ჩაგვითვლის დემოკრატიის უკუსვლად და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გადაინაცვლებს შესაბამისი ჩანაწერის სახით ევროკომისიის ახალ რეკომენდაციაში საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რომელსაც ამ წლის სექტემბერში გამოაქვეყნებენ. შესაბამისად ვერც ამ სტატუსს ვიხილავთ შემოდგომაზე და არ ვიცით კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად ბრძოლა და ძალისხმევა.

იმედია, ამ თემას აქტიურად და  პროფესიულად გააშუქებენ ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციები და იურისტები და არც მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება დატოვებს სათანადო ყურადღების გარეშე.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.