X

რონდელის ბლოგი

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია – ცვლილებები და უწყვეტობა სამყაროს კრემლისეულ ხედვაში

2023 / 05 / 23

2023 წლის 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა. დოკუმენტი ყოვლისმომცველია და ასახავს რუსეთის პოზიციონირების ძირითად დაშვებებს, სტრატეგიულ მიზნებს, ეროვნულ ინტერესებს და რეგიონულ პრიორიტეტებს. კონცეფცია რიგი მეექვსეა და ანაცვლებს წინა, 2016 წელს შემუშავებულ ვერსიას. დოკუმენტი შეიძლება მოვიაზროთ  რუსეთის ფართო სტრატეგიული ხედვის გამოხატულებად 2016 წლის შემდგომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების და, განსაკუთრებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის ფონზე.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და დაშვებების ცვლილება ნაწილობრივ ვლინდებოდა ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, დიპლომატიურ ინიციატივებსა თუ კონკრეტულ ქმედებებში. თუმცა საგარეო პოლიტიკის კონცეფცია, სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სამხედრო დოქტრინასა (უახლესი ვერსია 2014 წ) და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან ერთად (უახლესი ვერსია 2021წ), უფრო სისტემურად და თანმიმდევრულად ასახავს ცვალებადი მსოფლიო წესრიგისა და მასში რუსეთის ადგილის თაობაზე კრემლის ხედვას. დოკუმენტის საფუძვლიანი ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ის ძირითადი დაშვებები და მიზნები, რომლებიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ: მსოფლიო წესრიგის მულტიპოლარულობაზე გადასვლის იდეა, კრემლის ჩართულობის ცვლილება სხვადასხვა რეგიონში და დასავლეთის მიმართ კონფლიქტური პოზიციის გამყარება. თუ ამ დაშვებებს მიმდინარე დიპლომატიური ინიციატივებისა და ადრინდელი დოკუმენტების კონტექსტში განვიხილავთ, შეგვიძლია გავიგოთ, რა შეიცვალა კრემლის ხედვებში.   

 

ცვალებადი მსოფლიო წესრიგი

საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დასაწყისი ეძღვნება „ძირითად ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივას“. იგი მოიცავს საერთაშორისო წესრიგის ცვლილებისა და  მომავალი განვითარების ხედვას. დოკუმენტში მკაფიოდაა ნათქვამი კაცობრიობის წინაშე მდგარ რევოლუციურ ცვლილებებზე, რაც გამოიწვევს „უფრო სამართლიან, მულტიპოლარულ მსოფლიო წესრიგს“. კონცეფციის მიხედვით, ცვლილებები არის გარდაუვალი და მას მხოლოდ დასავლური ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. ისინი შეეცდებიან ხელი შეუშალონ ძალაუფლების ახალ რეგიონულ ცენტრებზე გადანაწილებას. დოკუმენტის ამ ნაწილში წარმოდგენილია ძირითადი ხედვები: არსებული მსოფლიო წესრიგის კრიზისი, მულტიპოლარულობის გარდაუვალი აღზევება (mnogopolyarnost) და დასავლეთის აღქმული ანტაგონიზმი.

დოკუმენტის საფუძვლიანი გაცნობა საშუალებას გვაძლევს უფრო დეტალურად გავერკვეთ  ცენტრალურ თემებში. მოსალოდნელ კრიზისს აქვს მრავალი განზომილება და გაგებულია, როგორც გლობალური მმართველობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული სტრუქტურების მარცხი. იმის გამო, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამჟამინდელი ინსტიტუციური ჩარჩო, სავარაუდოდ, ვერ ახერხებს მოერგოს გლობალურ დინამიკას, დოკუმენტის მიხედვით, გაღრმავდება „ეკონომიკური გლობალიზაციის კრიზისი“. გლობალური კრიზისის დაშვება თავისთავად მოიცავს დანარჩენ ორ მთავარ თემას. ჩამოყალიბებული ძალაუფლებები, რომლებსაც დოკუმენტი დასავლეთთან აიგივებს, შეეცდებიან ხელი შეუშალონ ძალაუფლების შეცვლას, თუმცა, ამით მხოლოდ დააჩქარებენ  მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის წარმოქმნას. ამრიგად, გაძლიერდება „გლობალური ეკონომიკის ფრაგმენტაცია“ და თანამშრომლობის რეგიონალური ცენტრების შექმნა. როგორც ნაიჯელ გულდ-დეივისი აღნიშნავს, გლობალური კრიზისისა და წესრიგის ცვლილების ეს შეხედულება ასევე გულისხმობს რუსეთის მუდმივ მცდელობებს, თავი აარიდოს სანქციებს ალტერნატიული „მსოფლიო სავაჭრო და მონეტარული ფინანსური სისტემების“ შექმნის მოწოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები გარკვეულწილად 2016 წლის კონცეფციაში ასახული შეხედულებების გაგრძელებაა, ხოლო მულტიპოლარულობის იდეა კიდევ უფრო დიდი ხანია დომინირებს რუსულ დისკურსში, საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია აძლიერებს გლობალური კრიზისის ხედვას და ძალაუფლების გარდაუვალი ცვლის ცნებას დასავლეთის ქვეყნების მტრულ დამოკიდებულებებთან აკავშირებს.

  

გადახვევა აზიისკენ და კონტროლი „ახლო საზღვარგარეთზე“

საგარეო პოლიტიკის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი თავი ეძღვნება რუსეთის პოზიციონირებას სხვადასხვა რეგიონში და მეტ შინაარსს სძენს მულტიპოლარულობის თემას. მულტიპოლარულობა გაგებულია, როგორც გლობალური ძალაუფლების დაყოფა „ძალაუფლებისა და განვითარების სუვერენულ გლობალური ცენტრებს“ შორის.

რეგიონებიდან განსაკუთრებით იკვეთება აზიის როლი. დოკუმენტში იდენტიფიცირებულია რუსეთის თანამოაზრე ქვეყნები. ისინი „იმ მიდგომების ერთგული არიან, რომლებიც პრინციპში ემთხვევა რუსეთის მიდგომებს მომავალი მსოფლიო წესრიგისადმი“. ჩინეთი და ინდოეთი გარკვევით სახელდება რუსეთის პარტნიორებად. ეს შეხედულება რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და უკვე თვალშისაცემი იყო 2021 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. დოკუმენტში საუბარია არა მხოლოდ ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრზე, არამედ რუსეთის აქტიურ როლზე ამ რეგიონული ძალების წარმოშობის მხარდაჭერაში. რუსეთის გავლენისა და შესაძლებლობების  შეზღუდულობის მიუხედავად, ცალსახად არის ნახსენები აფრიკის მხარდაჭერა და ირანის, როგორც „მსოფლიო განვითარების დამოუკიდებელი ცენტრის“, აღზევება. ეს რეგიონული პრიორიტეტები აისახა ბოლო პერიოდის მაღალი დონის შეხვედრებზეც, როგორიცაა, მაგალითად, სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ინტერესი აფრიკისადმი წლებია ყალიბდება, როგორც ეს სამუელ რამანმა აჩვენა თავის ბოლო კვლევაში, დოკუმენტი ცხადყოფს აფრიკის მზარდ მნიშვნელობას, რაც ასევე გამოიხატა ლავროვის ბოლო ვიზიტით რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში.

მართალია, საქართველო ან რეგიონის სხვა ქვეყნები დოკუმენტში ცხადად არ არის ნახსენები, მაგრამ გამორჩეული ადგილი ეთმობა „ახლო საზღვარგარეთს“. ეს ტერმინი პირველად 1993 წლის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში გამოიყენეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ, თუმცა არ გვხვდებოდა წინა ორ კონცეფციაში. მულტიპოლარული სამყაროს ზემოაღნიშნული ხედვის მიხედვით, რომელიც რეგიონული ძალაუფლების ცენტრების გაჩენას გულისხმობს, დოკუმენტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებს  რუსეთის, როგორც „მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი სუვერენული ცენტრის" პოზიციის გაძლიერების აუცილებელ კომპონენტად მოიაზრებს. რეგიონული გავლენის გაქრობის მიუხედავად, დოკუმენტში რუსეთი პრივილეგირებულ რეგიონულ ძალად არის წარმოჩენილი. ამ  როლს უპირისპირდება „უცხო სახელმწიფოებისა და მათი ალიანსების არამეგობრული ქმედებები, რომლებიც პროვოცირებას უწევენ დეზინტეგრაციის პროცესებს“. აქვე გვხვდება დამატებითი გაფრთხილება „ფერადი რევოლუციების“ შესახებ, ტერმინი, რომელსაც რუსული ინსტიტუტები 2000-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ იმ სახალხო მოძრაობებისა და სამოქალაქო პროტესტის დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან რუსეთის გავლენას და მის ავტორიტარულ სახელმწიფო მოდელს. ამრიგად, რუსეთის ხედვა მეზობელი ქვეყნების მიმართ ძირითადად განხილულია ცვალებად საერთაშორისო წესრიგში რუსეთის ადგილისა და დასავლური ქვეყნების მტრული განწყობის პრიზმაში.

 

დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობების მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური რესურსების დიდი ნაწილი  უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული, კონფლიქტი დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები. სამაგიეროდ, ევროპის შესახებ განხილვები ძირითადად ეძღვნება დასავლეთის ქვეყნებისა და აშშ-ის აღქმულ მტრულ და ანტირუსულ პოლიტიკას. დოკუმენტი ადასტურებს პუტინის შეხედულებებს დასავლეთის ქვეყნების ცალსახა მტრულ დამოკიდებულებაზე და უკრაინაში ომს უფრო დიდი სისტემური კონფლიქტის ჭრილში განიხილავს. ეს არის მნიშვნელოვანი გადახვევა 2016 წლის დოკუმენტიდან, რომელიც უფრო მეტ ადგილს ტოვებდა ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის.

მიუხედავად აგრესიული რიტორიკისა, ევროპისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვან ნიუანსებს შეიცავს. დოკუმენტში რუსეთის მიზნად ცალსახად არის მოხსენიებული „ევროპული სახელმწიფოების არამეგობრული ქმედებების შეწყვეტისთვის პირობების შექმნა“, რაც გამოიწვევს „თანაცხოვრების ახალ მოდელს“. შესაძლოა ძნელი იყოს ამ განცხადებების დაჯერება რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე, მაგრამ ეს გამოკვეთილი მიზანი ეხმიანება რუსეთის მიერ 2021 წლის დეკემბერში წამოყენებულ მოთხოვნებს ნატოს საზღვრების უკან დახევისა და ამ გზით რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის შესახებ.

ევროპის კონტინენტზე ურთიერთობების დარეგულირების მთავარ დაბრკოლებად დოკუმენტი ასახელებს „აშშ-ის და მათი ცალკეული მოკავშირეების სტრატეგიულ კურსს ევროპის რეგიონში გამყოფი ხაზების გავლებისა და გაღრმავებისკენ“. ამ პრეტენზიის ფაქტობრივ მართებულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი ცდილობს გამყოფი ხაზის გავლებას დასავლეთის ბანაკში, იხსენიებს რა აშშ-ის „კოლექტიური დასავლეთის აგრესიული ანტირუსული პოლიტიკის მთავარ ინსპირატორად, ორგანიზატორად და განმახორციელებლად“. ეს ფორმულირება ამყარებს რუსეთის ანტაგონისტურ პოზიციას აშშ-ის მიმართ, რაც კვლავ შესამჩნევი ცვლილებაა 2016 წლის ნაკლებად მძიმე ჩანაწერთან შედარებით. თუმცა, კონცეფცია ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მუდმივ ინტერესს, შეინარჩუნოს სტრატეგიული პარიტეტი აშშ-სთან, რითაც თეორიულად ღიად რჩება „ახალი სტრატეგიის ხელშეკრულებაში“ დაბრუნების შესაძლებლობა. „ახალი სტრატეგიის“ ხელშეკრულებიდან რუსული მხარე თებერვალში  გამოვიდა.

დასავლეთის ქვეყნების და, განსაკუთრებით, აშშ-ის მტრულ ძალად იდენტიფიცირებით დოკუმენტი ასახავს რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების დაძაბულ მდგომარეობას და რუსეთის ანტაგონისტურ პოზიციებს. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს,  კონცეფცია ცხადყოფს, რომ ასეთი დათბობა მხოლოდ ევროპის კონტინენტზე ათწლეულების წინ ჩამოყალიბებული წესრიგის  გადახედვასთან ერთად იქნება შესაძლებელი, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

 

დასკვნა

საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია გადმოგვცემს რუსეთის ხედვებს და იდეებს თანამედროვე მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით. ძირითადი ურთიერთდაკავშირებული საკითხები მოიცავს მულტიპოლარულობის აღზევების იდეას, აქცენტებს აზიის რეგიონზე, ჰეგემონური ამბიციების გავრცელებას სამეზობლოში და დასავლეთის მტრად აღქმას. მიუხედავად ძირითადი ელემენტების უწყვეტობისა, ახალ კონცეფციაში, წინა დოკუმენტებთან შედარებით, შესამჩნევი ცვლილებებია. ეს ეხება განსაკუთრებით გაცხადებულ მიზანს, რომ მუშობა წარიმართოს გლობალური ძალაუფლების ცენტრების შესაცვლელად და დასავლური ქვეყნები გამოცხადდნენ მტრულად განწყობილად, რითაც ნელ-ნელა იხურება დასავლეთ-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის ფანჯარა და ძლიერდება რუსეთის ანტაგონისტური პოზიციები. მიუხედავად იმისა, რომ კონცეფციის განხორციელება და მიზანშეწონილობა, რუსეთის შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით, გაურკვეველია, დოკუმენტი მოიცავს მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც მომავალ წლებში საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის დისკურსისა და ქმედებების მთავარი წარმმართველი იქნება.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.