X

რონდელის ბლოგი

ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე

2017 / 02 / 13

ავტორი: შოთა უტიაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

2016 წლის 12 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა  კავკასიაში ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ რუსეთ-სომხეთის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. საკუთარი ქვეყნის პარლამენტს ანალოგიური თხოვნით მიმართა ვლადიმერ პუტინმაც.

შეთანხმება ითვალისწინებს ერთიანი სისტემის შექმნას, რომელიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს გაცვალონ ინფორმაცია და გამოიყენონ ერთმანეთის საშუალებები. სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, სომხეთს შეეძლება საკუთარი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მიზნით გამოიყენოს რუსული რადარები, S300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და Mig 29 ტიპის ავიაგამანადგურებლების ის სამი ესკადრილია, რომლებიც სომხეთშია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ ეხება მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცეს, რომლის დაცვა და გაკონტროლება სომხეთს მხოლოდ საკუთარი ძალებით მოუწევს.

თავის მხრივ, რუსეთს ეს და სხვა ანალოგიური შეთანხმებები, რომლებიც გააფორმა ბელარუსთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან (ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი), საშუალებას აძლევს გააფართოვოს საჰაერო თავდაცვის პერიმეტრი და საკუთარ საზღვრებიდან რაც შეიძლება შორს გადასწიოს.

განსხვავებით ყაზახეთისა და ბელარუსისაგან, სომხეთს რუსეთთან საერთო საზღვარი არ აქვს, მათ შორის  მდებარეობს საქართველო. დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის უმეტესი ნაწილის კონტროლს რუსეთი აფხაზეთში განთავსებული S300 სისტემებით ახდენს, რომელიც იქ 2010 წელს განალაგა. გიუმრიში (საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრში) განთავსებულ სისტემებთან ერთად, რუსეთს საშუალება ექნება საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი გააკონტროლოს.

2016 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას რუსეთსა და სომხეთს შორის ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ.

ერთობლივი შეიარაღებული ძალების მიზანია ხელშეკრულების ხელმომწერ რომელიმე მხარეზე თავდასხმის ერთობლივად მოგერიება, ასევე მხარეების სახმელეთო საზღვრების დაცვა. მშვიდობის დროს ერთობლივ ჯგუფს სომხეთის გენერალური შტაბის ოფიცერი  უხელმძღვანელებს, ომის დროს კი იგი, შესაძლოა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

ხელშეკრულების ტექსტი საჯარო არ გამხდარა, თუმცა, რუსი და სომეხი კომენტატორების ცნობით, მისი პირობების თანახმად სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი (სახმელეთო ჯარები, შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სამხედრო-საჰაერო ძალები) მონაწილეობას მიიღებს ამ ქვეყნის დაცვაში. ხელშეკრულება გაფორმდა ხუთი წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ ასეთივე ხელშეკრულება რუსეთს  ბელარუსთანაც აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება მთიან ყარაბაღს, ამ შემთხვევაშიც ამ ტერიტორიის დაცვა მხოლოდ სომხეთის ვალდებულებაა. რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ სომხეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა შიდა ბაზრის ფასებით განახორციელოს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში 250 სომეხი მომავალი ოფიცერი სწავლობს, იმდენივე, რამდენიც სომხეთის ორივე სამხედრო აკადემიაში.

ერთობლივი შეიარაღებული ძალები პირველად 2000 წელს შეიქმნა და მასში შედიოდნენ რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის (გიუმრი) და სომხეთის მე-5 კორპუსის ჯარისკაცები. ბაზის შეიარაღებაა: 100 T72 ტიპის ტანკი, 150 BMP2 და BTR70/80 ჯავშნიანი მანქანები, BM-21 გრადის BM-30 სმერჩის სარაკეტო სისტემები, MI24 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები.

2016 წლის სექტემბერში სომხეთის დამოუკიდებლობის 25 წლის აღსანიშნავად გამართულ პარადზე სომხეთმა პირველად გამოიყვანა ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემის ელემენტები, რითაც დაადასტურა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ეს რაკეტა რუსეთისაგან. ისკანდერი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოკლერადიუსიანი (საერთაშორისო ხელშეკრულებით, რუსეთს და ამერიკას აკრძალული აქვთ 500-5500 კმ. რადიუსის რაკეტების წარმოება) ბალისტიკური რაკეტაა. აღსანიშნავია, რომ ისკანდერის ტიპის რაკეტა, დიდი ალბათობით, მანამდეც იყო გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის არსენალში.

აღსანიშნავია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ისკანდერის ტიპის რაკეტებისა და თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ეს კომბინაცია პირველად კალინინგრადის ოლქში გამოჩნდა და ნატოს დიდი შეშფოთება გამოიწვია. ნატომ მიიჩნია, რომ რუსეთის მიზანი იყო  ნატოსათვის შეექმნა ე.წ. „შეუღწეველი ზონა“ (A2AD Anti Access Area Denial სამხედრო ტაქტიკაა, რომლის მიზანია, მტერს არ მისცეს საშუალება გადაადგილდეს მოცემულ არეალში (Anti Access) ან  შეუზღუდოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე მოქმედების თავისუფლება (Area Denial)). კალინინგრადის ირგვლივ შექმნილმა რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო (ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა S300-ს და მისი მოდერნიზებულ  ვერსიას S400-ს  შეუძლია აღმოაჩინოს და გაანადგურეს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი ან რაკეტა 150-400კმ.  (მოდიფიკაციის მიხედვით) რადიუსში) და გემსაწინააღმდეგო რაკეტებმა და ისკანდერის ტიპის რაკეტებმა შექმნეს ზონა, რომელშიც რისკის გარეშე ვერ შევიდოდა ნატოს ვერც ერთი საზღვაო თუ საჰაერო ხომალდი. შესაბამისად, გაძნელდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის დახმარება რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. ეს კი, „რენდ კორპორეიშენის“ შეფასებით, ნიშნავს, რომ რუსეთს სულ 36-დან 60 საათამდე დასჭირდება ლიტვის ან ესტონეთის ოკუპაციისათვის. იმისათვის, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალოს, ნატო რეგულარულად ზრდის უშუალოდ ბალტიის ქვეყნებში განლაგებული სამხედრო ძალების რაოდენობას.

მოწინააღმდეგისთვის ტერიტორიის შეზღუდვის ტაქტიკამ კარგად იმუშავა სირიაშიც. რუსეთმა იქაც განათავსა S400 სისტემები. მართალია, დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები არ გამოუყენებია, მაგრამ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ცნობილი ინციდენტის შემდეგ თურქეთი ვეღარ ბედავდა სირიაში საკუთარი ბომბდამშენების გამოყენებას. ცნობილია ისიც, რომ რუსეთმა სირიაში აქტიურად გამოიყენა როგორც ისკანდერის, ისე სხვა ტიპის რაკეტები.

შემდეგი ადგილი, სადაც რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და რაკეტების განლაგებას გეგმავს, ყირიმის ნახევარკუნძულია.

თუ დავაკვირდებით ისკანდერის რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების გეოგრაფიას, ვნახავთ, რომ რუსეთი ამას  ისეთ ადგილებში აკეთებს, სადაც ყველაზე უფრო მეტად მოელის ნატოსთან ან მის პარტნიორებთან კონფრონტაციის ესკალაციას. ლოგიკა მარტივია - იარაღისა და საშუალებების ეს კომბინაცია ძალიან გაურთულებს მოცემულ არეალში ნატოს საჰაერო და საზღვაო ძალების გადასროლას და გამოყენებას, არადა ნატოსა და ამერიკის სამხედრო უპირატესობა თითქმის მთლიანად ამ ორ კომპონენტს ემყარება.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, რუსეთს კარგად უნდა ახსოვდეს აგვისტოს ომის დროს რა როლი შეასრულა თბილისის აეროპორტში დამჯდარმა ამერიკული სამხედრო-საჰაერო ფლოტის თვითმფრინავებმა. კრემლის მიზანი, როგორც ჩანს, სწორედ ამ „შეცდომის“ გამოსწორება და ომის შემთხვევაში ნატოს გემებისა და თვითმფრინავებისათვის საქართველოს ჩაკეტვაა.

თეორიულად ნატოს რუსეთის „შეზღუდული შეღწევის ზონის“ ტაქტიკის წინააღმდეგ  შეუძლია ორიდან ერთი კონტრზომა გამოიყენოს: შექმნას ახალი რაკეტები, რომლებიც დაძლევს რუსულ ანტისაჰაერო-ანტისარაკეტო საშუალებებს, ან დაასწროს რუსეთს და იმ ტერიტორიაზე, რომლის ჩაკეტვასაც რუსეთი აპირებს, განათავსოს სახმელეთო-სამხედრო ბაზა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეზღუდული შეღწევის ზონის განეიტრალება ნატოს მხირდან ფსონების მნიშვნელოვნად აწევას მოითხოვს.

რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში დამატებითი სარაკეტო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადმოსროლა, როგორც ჩანს, სწორედ ნატოსათვის ჩაკეტილი თუ შეზღუდული ზონის შექმნას ისახავს მიზნად და არა - თურქეთზე ან აზერბაიჯანზე ზეწოლას.

რუსეთმა იცის, რომ ნატოს ქვეყნებში ისედაც არ არის ერთსულოვნება საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მთავარ არგუმენტად სკეპტიკოსებს სწორედ საქართველოს სამხედრო  დაცვის განსაკუთრებული სირთულე მოჰყავთ. რუსეთი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ ადგილზე ახალი სამხედრო სტატუს-კვოს შექმნით საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს გახდის.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.