X

რონდელის ბლოგი

აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და „ქანქარას კანონი“

2017 / 03 / 07

ავტორი: არჩილ გეგეშიძე, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

სპეციალისტთა დაკვირვებით,  „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ უკვე მეორედ ხდება, როდესაც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ირგვლივ მასშტაბური დებატები მიმდინარეობს.  ამგვარი დებატების პირველი ციკლი დაიწყო ბუში-უფროსის დროს და ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოსთვის დასრულდა. იმ პერიოდში დებატების მთავარ საგანს აშშ-ის გლობალური ამბიციების მასშტაბი და ხარისხი წარმოადგენდა, ანუ, სხვა სიტყვებით, კამათი მიმდინარეობდა იმის თაობაზე, თუ უპირობო ჰეგემონიის ვითარებაში რამდენად უნდა ჩარეულიყო ამერიკა სხვა ქვეყნებისა და რეგიონების „დამშვიდებასა თუ გაკეთილშობილებაში“. აღსანიშნავია, რომ იმხანად განხილვები და დისკუსიები საგარეოპოლიტიკური ელიტის შიგნით მიმდინარეობდა: ერთნი მოითხოვდნენ მსოფლიოს სტაბილიზაციას და კონფლიქტების შესაძლებლობების შემცირებას, ხოლო მეორენი მხარს უჭერდნენ დემოკრატიის გავრცელებასა და ხალხების დახსნას ტირანიისა და სამოქალაქო დაპირისპირებისგან.

დღეს მიმდინარე დებატების საგანია - შეინარჩუნოს თუ არა აშშ-მ „ცივი ომის“ შემდგომი მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს როლი და, აქედან გამომდინარე,  უნდა ჩაერიოს თუ არა საერთოდ სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში საკუთარ საზღვრებს მიღმა. აღსანიშნავია, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, დღევანდელი დებატები მიმდინარეობს როგორც ელიტებს, ისე არაელიტებს შორის, სადაც ერთმანეთს „ინტერნაციონალისტები“ და „იზოლაციონისტები“ უპირისპირდებიან.

მიმდინარე დებატები სათავეს ჯერ კიდევ პირველი დებატებიდან იღებს. „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის უპირობო პირველობის 25 წლის მანძილზე აშშ-ში არსებობდა ორი ალტერნატიული თვალთახედვა: პირველის მიმდევრები, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფები, აშშ-სგან იმგვარ ქმედებებს მოითხოვდნენ, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ ქმედების არჩევანის შესაძლებლობით. აშშ-ს შეეძლო და ამიტომ უნდა ემოქმედა არა იმდენად საკუთარი ეროვნული ინტერესებისა თუ უსაფრთხოების დაცვის მიზნით (ამის საჭიროება საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაქრა), არამედ „სხვათა კეთილდღეობის“ სურვილით, თანაც შერჩევით, საკუთარი შეხედულებისამებრ. მას ამის ფუფუნება ჰქონდა. მეორე თვალთახედვა არსებობდა პოლიტიკური სპექტრის ცენტრისტულ სეგმენტში და ნაკლებად ამბიციურ და უფრო მოკრძალებულ მიზნებზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას უჭერდა მხარს. კერძოდ, მიიჩნეოდა, რომ აშშ-ს უნდა ეზრუნა უცხო ქვეყნების მთავრობების საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე და არ უნდა ჩარეულიყო ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში.

დებატების ეს ციკლი საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა და ხანგრძლივიც აღმოჩნდა. იგი ჯერ კიდევ „ბერლინის კედლის“ დანგრევამდე დაიწყო, როდესაც 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე მომხდარი ძალადობის გამო პოლიტიკური სპექტრის ბევრი სუბიექტი პრეზიდენტ ბუშ-უფროსს ჩინეთის კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებდა. თავად პრეზიდენტი არ იზიარებდა ამ მიდგომას და მიიჩნევდა, რომ მსოფლიოში მზარდი რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე აუცილებელი იყო ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობა. შესაბამისად, მისი გარიყვა არ შეიძლებოდა. კიდევ უფრო მძაფრი ხასიათი ჰქონდა დებატებს 1990-1991 წლების სპარსეთის ყურის ომის დროს, რომელიც ქუვეითიდან ერაყის არმიის განდევნასთან დაკავშირებულ სცენარებს შეეხებოდა. პრეზიდენტი ბუში-უფროსი ყაბულს იყო ოკუპაციური ჯარი განდევნილიყო და ამით შემოფარგლულიყო რეგიონში ერაყისგან მომდინარე საფრთხის შემცირება. სხვები მოითხოვდნენ, რომ კოალიციური ჯარები ბაღდადამდე მიჰყოლოდნენ ოკუპანტებს და დაემხოთ სადამ ჰუსეინის რეჟიმი.

ორივე შემთხვევაში ბუში-უფროსის „ფრთხილმა“ პოლიტიკამ გაიმარჯვა, თუმცა დებატები ამით არ ამოწურულა. პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციას მიაჩნდა, რომ მხოლოდ სტაბილურობის მიღწევა არ იყო საკმარისი და საგარეო პოლიტიკის გატარებისას პრინციპებითაც უნდა ეხელმძღვანელა. როგორც მალე გაირკვა, ეს არც ისე იოლი იყო. ამის დასტურია კლინტონის ადმინისტრაციის შეზღუდული და არათანმიმდევრული რეაქციები იუგოსლავიის, სომალის, ჰაიტისა და რუანდის კონფლიქტებზე.

შემდეგი წყალგამყოფი 2001 წლის სექტემბრის ცნობილი ტერაქტი იყო. პრეზიდენტ ბუშ-უმცროსს არ სურდა ჯავრი მხოლოდ თალიბანის რეჟიმზე ეყარა და მალე მიზანში სადამ ჰუსეინის რეჟიმიც ამოიღო. გარდა იმისა, რომ რეჟიმის დამხობით, მისი აზრით, აღმოიფხვრებოდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის საფრთხე, ასევე გზა გაეხსნებოდა ერაყში დემოკრატიის დამკვიდრებას, რისთვისაც დანარჩენი ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის ირანი, იძულებული იქნებოდა ადრე თუ გვიან მიებაძა. შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა: ავღანეთი და ერაყი, სადაც აშშ-ის ინვესტიციები და ჩართულობა ყველაზე ექსტენსიური იყო, უნიათო რეჟიმებსა და ძალაუფლების მოყვარულ ოპონენტებს შორის დაუსრულებელი სამოქალაქო დაპირისპირების ასპარეზად იქცა. არც „არაბულმა გაზაფხულმა“ გაამართლა.  ყველაზე წარმატებული ბინ-ლადენის განადგურების ოპერაცია აღმოჩნდა, რამაც, თავად ფაქტის უდავო მნიშვნელობის მიუხედავად, საერთო ტენდენცია მაინც ვერ შეცვალა. ნათელი გახდა, რომ ახლო აღმოსავლეთის „გაკეთილშობილების“ პროექტი ჩავარდა. ამან, სხვა ფაქტორებთან ერთად, აშშ-ს რეპუტაციაც დააზარალა. ასე დასრულდა საგარეო პოლიტიკის შესახებ დებატების პირველი ციკლი.

„ინტერვენციით დაღლამ“ არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოებაც მოიცვა. გარე სამყაროს შეცვლის და „გაკეთილშობილების“ პოლიტიკა ფუფუნებად მიჩნიეს. ერთია, როცა რესურსს ხარჯავ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესებისთვის და მეორეა, როდესაც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავ. ამერიკელებს აღარ სურდათ ამგვარი უყაირათობა, განსაკუთრებით - 2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, როდესაც ეკონომიკა ჯერ კიდევ „ხანგრძლივი გამოფხიზლების“ სტადიაშია, ხოლო ბევრი სამუშაო ადგილი ისევ დაკარგულია და უთანასწორობაც ღრმავდება. სწორედ საგარეო პოლიტიკითა და ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებათა ამ წყებამ განაპირობა იზოლაციონისტური განწყობების გაღვივება.

ისედაც შედარებით „ფრთხილი“ ობამას ადმინისტრაცია შექმნილმა ვითარებამ უფრო დააკომპლექსა: ვერც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებამ და ვერც უკრაინის მიმართ რუსეთის ავაზაკობამ შეაფუცხუნა იმდენად, რომ გაბედული პასუხი გაეცა და საკადრისი მიეზღო ძალადობრივი რეჟიმებისთვის. „პასიურ კურსს“ ოპონირებას მხოლოდ კონსერვატიული წრეები უწევდნენ, განსაკუთრებით კონგრესში, სადაც მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია ყველაზე თვალნათლივ იყო წარმოჩენილი. ამგვარ პასიურობას გლობალური რეზონანსიც ჰქონდა - მოწინააღმდეგეები ხალისობდნენ, მოკავშირეები შფოთავდნენ. 

ამერიკულ საზოგადოებაში არსებული ხსენებული განწყობები კარგად იგრძნეს ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატებმა დ. ტრამპმა და ბ. სანდერსმა და კარგადაც გამოიყენეს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ დებატების აქცენტმა თავად რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შიგნით გადაინაცვლა. პარტიების ელიტები ინერციით აშშ-ის მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნება/განმტკიცებას უჭერდნენ მხარს, ქვედა ეშელონები - ინტროვერტული შეხედულებისა იყვნენ. ეს დისკუსია სულ უფრო მძაფრ ხასიათს იძენდა საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. შესაბამისად, შეხედულებებიც სულ უფრო პოლარიზებული ხდებოდა. განსაკუთრებით ეს რესპუბლიკურ პარტიაში შეინიშნებოდა.

ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად მისმა შეხედულებებმაც გაიმარჯვეს. ძირითადი პრინციპები, რითაც ახალი პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობებში ხელმძღვანელობას აპირებს, აშშ-ის კიდევ უფრო „პასიურობას“ გულისხმობს. „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ - ნაციონალისტური პარადიგმაა და „გლობალიზაციით დაჩაგრული საზოგადოების ფართო ფენების“ კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით საგარეო დახმარების პროგრამების შეკვეცითა და „ფუჭ ალიანსებში“ მონაწილეობის შეზღუდვით რესურსების დაზოგვას გულისხმობს. ერთადერთი, სადაც რესურსების დაზოგვა არ ივარაუდება, საერთაშორისო ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაა.

პრეზიდენტ ტრამპის ცალკეული გამონათქვამები თუ ბრძანებულებები პირდაპირ მიანიშნებს აშშ-ის იზოლაციონიზმის მიმართ მის სიმპათიებზე. საზოგადოებასა და ელიტაში პოლიტიკური გემოვნების არნახული პოლარიზაციის პირობებში ტრამპისეულ „იზოლაციონიზმს“ ტრადიციული „ინტერნაციონალიზმი“ უპირისპირდება. ვარაუდობენ, რომ ეს დებატები დროთა განმავლობაში სულ უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს და, „ქანქარას კანონის“ თანახმად, შედეგსაც გამოიღებს. „ინტერნაციონალისტების“ მთავარი არგუმენტი ისაა, რომ განსხვავებით საბაზრო ეკონომიკისგან, გეოპოლიტიკაში არ არსებობს „უხილავი ხელი“, რომელიც მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებდა. ბოლო 75 წლის განმავლობაში აშშ-ის „ხილული ხელის“ დამსახურებაა გლობალური სტაბილურობა. ახლაც, მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მომუშავე ფაქტორების მზარდი სიძლიერისა და რიცხოვნობის ფონზე, სულ უფრო ცხადი ხდება აშშ-ის, როგორც ქმედითი და სანდო სახელმწიფოს, საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლობალური ანარქიის ალბათობა გაიზრდება.

ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპის გამოუცდელობიდან და ხასიათის თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შეხედულებები უფრო ინტუიციური და ზოგჯერ ინსტინქტურიც კია, ვიდრე ღრმად გააზრებული დოქტრინის ნაწილები. ამიტომ იმედი აქვთ, რომ „შეკავების და გაწონასწორების“ მექანიზმები როგორც აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, თავისას იზამს და აშშ დაიბრუნებს იმ ადგილსა და როლს თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც  დროის მოთხოვნის ადეკვატური იქნება.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.