რონდელის ბლოგი

თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში

2017 / 05 / 22

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი - აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თურქეთი საქართველოსთვის მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. იგი ჩვენს უშუალო სამეზობლოში ნატოს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც ამავე დროს წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორიცაა. გარდა იმისა, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს თურქეთში, ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან უამრავი სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული პროექტიც აკავშირებს. საქართველოსთვის თურქეთი ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიცაა. ჩვენს სახმელეთო მეზობლებში მხოლოდ თურქეთს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თურქეთსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები.

შიდაპოლიტიკური სიტუაცია

თურქეთს ათათურქის შემდეგ არ ჰყოლია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მსგავსი ქარიზმატული ლიდერი, რომელიც თითქმის 15 წელია მართავს ქვეყანას. მის მიერ ინიცირებული ინსტიტუციური ცვლილებებიც უმნიშვნელოვანესია თურქეთისთვის.

ძირეულ ცვლილებებთან მიმართებაში 2017 წლის 16 აპრილი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად თურქეთის ისტორიაში რესპუბლიკის გამოცხადების (1923 წ.) შემდეგ. ამ დღეს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, არსებითი ცვლილებები შედის ქვეყნის კონსტიტუციის 18 მუხლში, რომელთა ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, ნაწილი კი 2019 წელს ამოქმედდება. თურქი ამომრჩევლების 51,4%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საპრეზიდენტო უფლებამოსილების მკვეთრ გაზრდას, მათ შორის პრემიერ-მინისტრის პოსტის გაუქმებას. ამასთან, რეფერენდუმის შედეგებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტე და არაორგანიზებულობა.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელი იყო ქვეყნის წინაშე მდგარი უსაფრთხოების პრობლემებთან და გამოწვევებთან გამკლავების მიზნით.

ბოლო პერიოდში ანკარას მართლაც უწევს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა:

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას, მხოლოდ 1 ღამეში დაიღუპა 248 და დაშავდა 2200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მართალია, ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული ხალხის დახმარებით მალევე შეძლო გადატრიალების მცდელობის ალაგმვა, მაგრამ იარების მოშუშება და საფრთხეების ბოლომდე აღმოფხვრა ადვილი არ აღმოჩნდა.   

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში მმართველი AKP-ს („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“) ყოფილ მოკავშირეს, ამჟამად აშშ-ში მცხოვრებ ისლამისტ სასულიერო ლიდერ ფეთულა გულენსა და მის მიმდევრებს ადანაშაულებს. თუმცა ეს უკანასკნელნი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფენ და საჯაროდ დაგმეს კიდეც იგი, მაგრამ თურქეთის შესაბამისმა ორგანოებმა საქმე მაინც აღძრეს და მათ ოფიციალურადაც წაუყენეს ბრალი.

2016 წლის 15 ივლისის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დღემდე მოქმედებს. პარალელურად, გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისა და FETÖ-ს (ფეთულა გულენის ტერორისტული ორგანიზაცია) წევრობის ბრალდებით თურქეთში დააპატიმრეს ათიათასობით მოქალაქე. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანა იმართება სპეციალური დეკრეტებით, რომელთაც კანონის ძალა აქვთ. აღნიშნული დეკრეტების შესაბამისად, დაიხურა FETÖ-ს კუთვნილი სხვადასხვა მედიასაშუალება (ტელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები და რადიოები), კომერციული ორგანიზაციები, მოხდა ქონების კონფისკაცია, სამსახურიდან გაათავისუფლეს ათიათასობით სახელმწიფო მოსამსახურე. მოსალოდნელია, რომ ე.წ. „წმენდები“ მომავალშიც გაგრძელდება.

შიდა პრობლემებს ამძაფრებს თურქეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში  2015 წლის ზაფხულში განახლებული შეტაკებები თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული) შორის, რასაც ასევე მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. PKK და მასთან აფილირებული TAK („ქურთისტანის თავისუფლების შევარდნები“) დროდადრო საპასუხო დარტყმებს აყენებენ თურქეთის დიდ ქალაქებს - აწყობენ აფეთქებებს, რომელთაც თურქი სამხედროების გარდა სამოქალაქო პირების სიცოცხლეც ეწირება.

თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ტერორისტულ აქტებს ახორციელებს „დაეშიც“ (იგივე ISIS), რომლის რიგებშიც სხვა ეროვნებებთან ერთად, წარმოდგენილი არიან თურქეთის მოქალაქეებიც. ძირითადად, მათი პირდაპირი სამიზნე რადიკალური მემარცხენე ორგანიზაციები, პროქურთული ძალები და ტურისტები არიან.

პარალელურად, თურქეთს უწევს გაუმკლავდეს 3,5 მილიონი ლტოლვილის (რომელთა უმეტესობა სირიელია) მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს - ანკარა უზრუნველყოფს მათ ჯანდაცვას, საცხოვრებელს, საკვებსა და განათლებას.

ამას ემატება თურქეთის ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემები: დასავლელი ინვესტორების ნაწილი ტოვებს ქვეყანას, აპრილის თვეში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 11,9%-მდე გაიზარდა ინფლაცია, 15,8%-ით მოიმატა სავაჭრო დეფიციტმა, უმუშევრობის დონე 13%-მდე გაიზარდა და თურქული ლირა დევალვაციას განიცდის.

 

საგარეო პოლიტიკა

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, თურქეთშიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები.

ბოლო წლებში ანკარის უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრობლემა სირიაში განვითარებული მოვლენებია. თურქეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად  სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მიიჩნევს და ყველანაირად ცდილობს, წინ აღუდგეს ასეთ პერსპექტივას. იგი ამ მიზნით არ ერიდება არც დიპლომატიურ და არც პირდაპირ სამხედრო ჩარევას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თურქეთს წლების განმავლობაში უშუალოდ ესაზღვრებოდა „დაეშის“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ჩრდილოეთ სირიაში, რაც უამრავ პრობლემას ქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. პარალელურად, ანკარა ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ YPG-ს (პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები“) მიიჩნევს PKK-ის გაგრძელებად. სწორედ თურქეთის საზღვრიდან „დაეშის“ მოსაშორებლად და YPG-ის მიერ კონტროლირებადი კანტონების გაერთიანების აღმოსაფხვრელად 2016 წლის 24 აგვისტოს ანკარამ მის მიერვე მხარდაჭერილ FSA-სთან („თავისუფალი სირიის არმია“) ერთად წამოიწყო სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“. ოპერაციის შედეგად 2 ათას კვ.კმ-ზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. იგი  7 თვეში დასრულდა და, საერთო ჯამში,  საკუთარი მისია შეასრულა.

საყურადღებო ფაქტია, რომ ანკარის მიერ 25 აპრილს ჩრდილოეთ სირიაში YPG-ის პოზიციების დაბომბვის შემდეგ, აფრინის პროვინციაში ამ უკანასკნელთა დასაცავად გამოჩნდნენ რუსული, ხოლო ქამიშლი-ქობანის ხაზზე - ამერიკელი სამხედროები. როგორც ჩანს, მოსკოვი და ვაშინგტონი უკვე ღიად ცდილობენ ანკარისთვის მოქმედების არეალის შეზღუდვას.

თურქეთ-აშშ-ის ურთიერთობაში აქტუალურია ორი მთავარი საკითხი, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავს ორმხრივი თანამშრომლობის მომავალს. ანკარა ვაშინგტონისგან კვლავ მოითხოვს პენსილვანიაში მცხოვრები ფეთულა გულენის თურქეთში ექსტრადიციას და YPG-ისთვის დახმარების შეწყვეტას. ანკარა-ვაშინგტონის ურთიერთობის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში გამორიცხული არ არის დღის წესრიგში დადგეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი ამერიკული სამხედრო ბაზის (ინჯირლიქის საჰაერო ბაზა) ფუნქციონირების საკითხი. თუმცა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თურქეთის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ანკარის ნატოში წევრობის საკითხს.  

კვლავ არსებობს განსხვავებული პოზიციები ანკარასა და მოსკოვს შორის რეგიონული უსაფრთხოების საკითხების თაობაზე, რის გამოც დროდადრო წარმოიშობა მთელი რიგი პრობლემებისა. უახლოეს ხანში ძნელი წარმოსადგენია ასეთი უთანხმოებების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ, მოსკოვი არ ჩქარობს საკუთარი ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ თურქეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის მოხსნას. ამ ეტაპისთვის თურქეთის მოქალაქეებს კვლავ ესაჭიროებათ ვიზა რუსეთში შესასვლელად. ასევე მოქმედებს შეზღუდვები თურქეთში წარმოებული სოფლის მეურნეობის გარკვეული პროდუქციის იმპორტზე.

თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ მტკივნეულ თემად რჩება ევროპასთან ურთიერთობა. ევროპული ქვეყნები და ევროპული ინსტიტუციები მკაცრად აკრიტიკებენ ანკარას ისეთ საკითხებში, როგორებიცაა - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და უმცირესობების უფლებები. აღნიშნულის გამო, ამ ეტაპზე ფაქტიურად გაყინულია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე წლების წინ დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი. ჯერჯერობით გადაუჭრელი რჩება კვიპროსის პრობლემაც. საპასუხოდ ანკარა ევროპას ტენდენციურობასა და მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხი საკუთარ აზრს არჩევნებსა და რეფერენდუმზე გამოხატავს, ეს კი დემოკრატიულობის ნიშანია. რაც შეეხება ე.წ. „წმენდებს“, ანკარა განმარტავს, რომ მათი განხორციელება აუცილებელი გახდა ქვეყნის უსაფრთხოების მოთხოვნილებიდან გამომდინარე. 

თურქეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 16 აპრილს ჩატარებულ რეფერენდუმს ევროპულ ნორმებთან შეუსაბამო უწოდა. პარალელურად, PACE-მ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე მონიტორინგი დააწესა.

საპასუხოდ, პრეზიდენტი ერდოღანი ლაპარაკობს კიდევ ერთი რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ, რომლის დროსაც თურქ ხალხს შეეკითხება, სურს თუ არა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა და უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. სავარაუდოდ, ასეთი  რეფერენდუმის ჩატარება კიდევ უფრო დააშორებს ანკარას ევროპისგან.

როგორც დავინახეთ, თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით,  უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება. 

ნებისმიერი სახის გართულება და არასტაბილურობა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამდენად, საქართველოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული თურქეთის ყოლა ახლო სამეზობლოში. 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.