X

რონდელის ბლოგი

რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია

2017 / 06 / 15

ავტორი: დავით ბატაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

არსებობს ერთგვარი მსგავსება 1917 და 1991 წლების შემდგომ ისტორიულ პერიოდებს შორის: რუსეთის აშენებული იმპერია იმსხვრევა. ამ იმპერიის ბირთვი მაშინვე იწყებს მცდელობას დაიბრუნოს  დაკარგული ქვეყნები. მართალია, მოცემულ ორ პერიოდში კონკრეტული პოლიტიკური ფორმულები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა - ამ ქვეყნების ნამდვილი დამოუკიდებლობის არდაშვება. ახლადგანთავისუფლებული სახელმწიფოები წინააღმდეგობას უწევენ მათ სუვერენიტეტზე რუსეთის თავდასხმას, თუმცა ხელს უშლით როგორც მათი ახალშობილი სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, ისე მუდმივი შიდა დაპირისპირება. ზოგ შემთხვევაში ამ ქვეყნებს სურთ და შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა, თუმცა ზედმეტად ხშირად ეს ასე არ არის. ფსონები ძალიან მაღალია. შესაძლო მარცხის შედეგები ახლად აღდგენილი სახელმწიფოებისთვის უმძიმესია.

რუსეთმა მოიგო ეს ბრძოლა 1918-1921 წლებში, ხოლო ეპილოგის სახით 1940 წელს ბალტიის სამი ქვეყნის ოკუპაცია დაამატა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მხოლოდ ფინეთი დარჩა სრულად თავისუფალი, თუმცა -  დაკარგული ტერიტორიებით. ის, რის წინაშეც რუსეთის მეზობლები ახლა დგანან,  არის ამ ბრძოლის „მეორე რაუნდი“. თუმცა, მსგავსებათა მიუხედავად, ამ ორ „რაუნდს“ შორის არის საკვანძო განსხვავებებიც. საფრთხე, რომელშიც არიან აღდგენილი სახელმწიფოები, ნამდვილად სერიოზულია, მაგრამ ეს განსხვავებები მათ აძლევს რეალისტურ შანსს ამჯერად მაინც შეინარჩუნონ თავისუფლება.

   ბალტიის სამი ქვეყნის ოკუპაცია, 1940

 

დროის სხვაობა

ერთი აშკარა სხვაობა ისაა, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა ძალიან სწრაფად შეძლო კონტროლის აღდგენა დაკარგული ტერიტორიების უმეტესობაზე - ამისთვის მას მხოლოდ ოთხი წელი დასჭირდა. ცხადია,1991 წლის შემდეგ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რისი ძირითადი მიზეზიც არის განსხვავება 1917 და 1991 წლების შემდგომ პერიოდებში რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში. მას შემდეგ რაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება მოიპოვეს, მათ მალევე დააწესეს ძლიერი ტოტალიტარული რეჟიმი. განსხვავებული აზრი იდევნებოდა, ხოლო რესურსები ხმარდებოდა სტრატეგიულ საჭიროებებს - დაუნდობლად და სისხლიანად, თუმცა ეფექტიანად. ამის გარდა, ბოლშევიკების იდეოლოგია ეხმარებოდა მათ ჰყოლოდათ დიდი მეხუთე კოლონები იმ ქვეყნებში, რომელთა ოკუპაციასაც გეგმავდნენ. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ბოლშევიკებს, რომ ხელახლა შედარებით სწრაფად დაეპყროთ რუსეთის იმპერიის ყოფილი კოლონიები. 

1991 წლის შემდგომ ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. რუსეთში არ იყო (და არც ახლა არის) რაიმე ძლიერი იდეოლოგია. ამასთანავე, ის დაუძლურებული იყო ხელოვნური საბჭოთა სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მსხვრევის შედეგად. მოსკოვმა ახალ სახელმწიფოებს ისეთი ზიანი მიაყენა, როგორიც შეძლო - თუ ჩეჩნეთს არ ჩავთვლით,  ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ალბათ საქართველოა - თუმცა  1990-იან წლებში რუსეთს არ შეეძლო მათი სუვერენიტეტის სრული განადგურება.

 

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის დამკვიდრება

ბრძოლის ორ „რაუნდს“ შორის ამ პირველი განსხვავებიდან წარმოიშვა მეორე: ამჯერად აღდგენილ ქვეყნებს ჰქონდათ დრო სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის. მართალია, ამ პროცესში რუსეთი მათ მუდმივად ხელს უშლიდა და აზიანებდა, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე ისინი არსებობდნენ და ვითარდებოდნენ. შედეგად, ეროვნულ სუვერენიტეტზე მიბმული იდენტობა ამ ქვეყნების მოსახლეობაში ამჯერად დამკვიდრდა იმდენად ძლიერად, როგორც ვერ მოესწრო 1918-1921 წლებში. იმპერიისგან განცალკევებულად დაიბადა და გაიზარდა მთელი ახალი თაობა.

კონტრარგუმენტის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბალტიის ქვეყნებსაც ჰქონდათ დრო 1918-1940 წლებში, თუმცა ამან ისინი ვერ გადაარჩინა. თუმცაღა, ამან გადაარჩინა ფინეთი. ასევე, ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია მოხდა სრულიად განსაკუთრებულ დროს, როდესაც საერთაშორისო სისტემა იწვოდა მეორე მსოფლიო ომის ცეცხლში, და ზუსტად იმ დღეებში, როდესაც 1940 წლის ივნისში საფრანგეთი ეცემოდა. დაბოლოს, სრულად ჩამოყალიბებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის მქონე ქვეყნების დაპყრობა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული საქმეა, რასაც მოწმობს ბალტიის სამივე ქვეყანაში წლების მანძილზე არსებული ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობები.

 

იმპერიის გამოფიტვა

მესამე განსხვავება მდგომარეობს თანამედროვე რუსეთის ფუნდამენტური ეროვნული რესურსის გამოფიტვაში. პირველ მსოფლიო ომამდე რუსეთი სწრაფად ვითარდებოდა და მას უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა. 1980 წლებიდან მოყოლებული, ჩინეთის მსგავსად, მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთი ახდენდა მისი უზარმაზარი დემოგრაფიული რესურსის გადამუშავებას ინდუსტრიულ ძალაში. პირველი მსოფლიო ომის და შემდეგ რუსეთის სამოქალაქო ომის მიუხედავად, რუსეთს კვლავაც ჰქონდა ეს მასიური ფუნდამენტური ეროვნული რესურსი. ის შეირყა მხოლოდ ერთმანეთს მიყოლებული 1930-იანი წლების სოციალური გენოციდის ტალღების, მეორე მსოფლიო ომის და შემდგომ ათწლეულებში მახინჯი სოციალურ-ეკონომიკური ინჟინერიის შედეგად.

ბოლშევიკებმა გაანიავეს რუსეთის სიმდიდრე, უპირველეს ყოვლისა, მისი ადამიანური კაპიტალი, მაგრამ მათ ბევრი რამ ჰქონდათ გასანიავებელი. შესაბამისად, მათ ჰქონდათ ბევრი დრო 1918 წელს გათავისუფლებულ ქვეყნებზე თავდასხმისთვის. 1918-1921 წლებში დაცემულ სახელმწიფოებს იმ დროს რომც მოეხერხებინათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მოგვიანებით ეს ძნელი იქნებოდა. ამაზე მიანიშნებს მეორე მსოფლიო ომის დროს ბალტიის სამი ქვეყნის ოკუპაცია, პოლონეთის ვასალიზაცია და გააფთრებული შეტევა ფინეთზე.

ამჯერად დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. ის ღრმად შერყეულია დემოგრაფიულად, სოციალურად და პოლიტიკურად, თანაც ტენდენცია არის უარესისკენ და არა პირიქით. კომუნისტებისგან განსხვავებით, პუტინის ან მისი მემკვიდრეების რეჟიმს არა აქვს ათწლეულები. სტალინის სსრკ 1939 წელს იყო ადრეულ ბოლშევიკებზე ბევრად უფრო ძლიერი, მაგრამ დღევანდელი რუსეთი 20 წლის შემდეგ უფრო ძლიერი ვერ იქნება. ამჯერად სუვერენიტეტისთვის მებრძოლი მისი მეზობლების წინაშეა არა თითქმის შეუჩერებელი მანქანა, არამედ გიგანტი თიხის ფეხებით. ეს გიგანტი კვლავაც ძალიან სახიფათოა, თუმცა ძირი გამოთხრილი აქვს.

 

სხვაგვარი დასავლეთი

დასავლეთი არის მეოთხე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც ამჯერად განსხვავებულია. პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელიწადს და შემდგომ პერიოდში გამარჯვებული ქვეყნებისთვის პრიორიტეტული იყო გერმანიის საკითხი. რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმი ზოგადად მიუღებლად და სახიფათოდ იყო მიჩნეული, მაგრამ არ არსებობდა მასთან ქმედითი სახით დაპირისპირებისთვის საკმარისი პოლიტიკური ნება. ბოლშევიკების წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი იყო სუსტი და არასაკმარისი. მაშინაც კი, როდესაც 1920 წელს წითელი რუსეთის არმიები მიუახლოვდნენ ვარშავას - ევროპის ცენტრს - პოლონელებს მოუწიათ შეტევის საკუთარი ძალებით მოგერიება. ანტანტას სამხედრო ძალებს არ აღმოუჩენიათ მათთვის დახმარება რუსეთის ხელახალი ექსპანსიის შეჩერებისას. ამის გარდა, იმ დროს არ არსებობდა რაიმე მუდმივი სტრუქტურები, რომლებიც პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყნებს ერთიან ალიანსში დატოვებდა.

ამჟამად დასავლეთი სხვაგვარია. მართალია, მას აქვს მძიმე პრობლემები, ხოლო მის ზოგ წარმომადგენელს არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება რუსეთის ექსპანსიონიზმთან დასაპირისპირებლად, მაგრამ  ის ბევრად უფრო ერთიანია, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, მის ერთიანობას აქვს ძლიერი ინსტიტუციური ფორმები ნატოსა და ევროკავშირის სახით.

დღეს ევროპას ობიექტურად არა აქვს აგრესიულ რუსეთზე უფრო დიდი გეოპოლიტიკური პრობლემა. მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით მოახერხა ბოლოს და ბოლოს დასავლეთის ამაში დარწმუნება. ის აზრი, რომ აუცილებელია მოსკოვის იმპერიულ ამბიციებთან დაპირისპირება, დასავლეთში აღარ მიიჩნევა ალარმისტულად და გადანაცვლებულია მეინსტრიმში.

დასავლეთის ქმედებები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და მის საფრთხეში მყოფი მეზობლების დასახმარებლად ამ უკანასკნელთათვის ხშირად არასაკმარისად გამოიყურება და, ალბათ, სამართლიანადაც. მაგრამ ეს ქმედებები არსებობს და წარმოადგენს თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის მხარდაჭერა ძლიერდება რუსეთის ყოველ ახალ აგრესიულ ნაბიჯთან ერთად. ამის შედეგად საგარეო აგრესია დღევანდელი მოსკოვისთვის არის უფრო რთული და სარისკო, ვიდრე იყო 1918-1921 წლების საბჭოთა რუსეთისთვის.

 

ორთქლის მექანიკა

დაბოლოს, არსებობს სხვაობა კრემლის ახლანდელი და ერთი საუკუნის წინანდელი  რეჟიმების მოსალოდნელ სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. ბოლშევიკები წარმოადგენდნენ კლასიკურ ტოტალიტარულ რეჟიმს - სისტემას, რომელიც ცდილობს მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების არა მხოლოდ ქმედებების, არამედ ფიქრების კონტროლსაც. ის ასევე მეტწილად ეფექტიანია იმ პირთა დაუნდობელ განადგურებაში, რომელთა გონების მონელებას ვერ ახერხებს. ამ თვისებების გამო, ეს სისტემა საკმაოდ გამძლეა და მისი ჩამოგდება  მხოლოდ შიდა წინააღმდეგობით უაღრესად რთულია. როგორც წესი, ტოტალიტარული რეჟიმი ან საგარეო სამხედრო მარცხის შედეგად ნადგურდება, ანდა დიდი ხნის მანძილზე დეგრადირებს მანამდე ვიდრე დაეცემა ან ტრანსფორმირდება. ამიტომ, ბოლშევიკური რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, იმის მოლოდინი, რომ ის სწრაფადვე დაეცემოდა, ნაკლებად რეალისტური იყო.

პუტინის რეჟიმი არ არის ტოტალიტარული. მაგრამ ამავე დროს ის არც დემოკრატიულია. ამ უკანასკნელი ტიპის რეჟიმებს ასევე ახასიათებთ გამძლეობა, რადგან როდესაც ადამიანებს სძულთ საკუთარი ხელისუფლება, დემოკრატიის პირობებში მათ აქვთ არჩევნების გზით მისი შეცვლის იმედი. ამის გამო ისინი არ გრძნობენ აჯანყების საჭიროებას, რის შედეგადაც სახელმწიფო პოლიტიკურ სტაბილურობას ინარჩუნებს.

რუსეთი დღეს ავტორიტარულია, ნამდვილი არჩევნები იქ აღარ ტარდება. შედეგად, იქ არ არსებობს ის მექანიზმი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყნებს სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება. რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის მისი წარმატება - გეოსტრატეგიული გამარჯვებები და მოსახლეობის ეკონომიკური სარგებელი. როგორც კი ეს წარმატება ირყევა, იწყება სახალხო უკმაყოფილების ორთქლის დაგროვება. ხოლო ამ ორთქლის გამოშვების მექანიზმი - დემოკრატიული არჩევნები - რუსეთში არ არსებობს. ისტორია, მათ შორის ბოლო წლების, გვთავაზობს მრავალ მაგალითს იმისა, თუ როგორ სრულდება ამგვარი პროცესი.

****

ჩვენ, რუსეთის მეზობლები, რომლებსაც მისი ექსპანსიონიზმი გვემუქრება, უდავოდ სერიოზულ საფრთხეში ვართ. ამის უგულებელყოფა ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების მხრიდან მძიმე შეცდომა იქნებოდა. თუმცა ჩვენი შანსი გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში ამჯერად რეალისტურია. ჩვენ არ გვაქვს გავლენა რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რომლებმაც მომავალში შეიძლება ბოლო მოუღონ რუსეთის შეტევას მეზობლების სუვერენიტეტზე, მაგრამ ჩვენ ვაკონტროლებთ საკუთარ უნარს მანამდე მას წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ ქვეყნებს ევალებათ რუსეთის მეხუთე კოლონების შეკავება, საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდა და პროდუქტიული პარტნიორობის გაძლიერება, როგორც ერთმანეთთან, ისე დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში გვაქვს შანსი, რომ ამჯერად მაინც შევძლოთ ჩვენი თავისუფლების დაცვა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ სრულიად მიღწევადია.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.