რონდელის ბლოგი

Brexit-ის მოლაპარაკება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის განახლდა: რა გავლენას მოახდენს იგი საქართველოზე?

2017 / 07 / 20

ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

 

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილებამ ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპის პოლიტიკური კონფიგურაცია. 2017 წლის 17 ივლისს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის დელეგაციებს შორის განახლდა მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გამოსვლის პირობების განსაზღვრის თაობაზე.

როგორც მხარეების მიერ გამოთქმული პოზიციებიდან ჩანს, მოლაპარაკებები იქნება რთული და ხანგრძლივი. მხარეებს მოუწევთ ძალზე მტკივნეული საკითხების შეთანხმება; როგორც აცხადებენ, მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს 2019 წლის მარტისთვის. შესაბამისად, 2019 წლის გაზაფხულზე ევროპაში ჩამოყალიბდება ახალი რეალობა. როგორი იქნება იგი, ჩვენ არ ვიცით. ზოგადად თავს შეიძლება,მივცეთ შემდეგი შეფასების უფლება: ან ამ პროცესიდან ორივე მხარე უფრო ძლიერი გამოვა, ან ორივე მხარე შესუსტდება. პრაქტიკულად წარმოუდგენელია ვითარება, როდესაც მოლაპარაკების წარმატება მხოლოდ ერთ მხარეს ხვდება წილად მეორის ხარჯზე. უფრო დასაშვებია, რომ მოლაპარაკებები საერთოდ ვერანაირი შედეგით ვერ დასრულდეს. ეს განვითარების ყველაზე ნაკლებსავარაუდო ვარიანტია და ყველაზე უარესი, როგორც მოლაპარაკების მხარეთათვის, ისე საქართველოსთვის. ამასთან ფრიად შემაშფოთებელია, რომ მოლაპარაკების მოლოდინში განწყობა „არა ხელშეკრულებას უკეთესია, ვიდრე ცუდი ხელშეკრულება“ (No deal is better than bad deal)  მომლაპარაკებელთა ორივე გუნდმა გამოხატა.

შედეგი დამოკიდებული იქნება მომლაპარაკებელთა გუნდების უნარსა და მზადყოფნაზე მიაღწიონ კომპრომისს. უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ევროკავშირის დელეგაციის წინაშე უფრო რთული ამოცანა დგას, ვინაიდან მოლაპარაკების შედეგს ისმენს და შესაბამის მანდატს იძლევა 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სრული კონსენსუსის საგანია.

საქართველოს ამ პროცესზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვართ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, შესაბამისად, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის გაძლიერებით წარმატებული კომპრომისების ხარჯზე. ევროკავშირის უნარი დაძლიოს ეს უმწვავესი (პირველი, და იმედია უკანასკნელი სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის დატოვება) გამოწვევა ჩვენთვის ეგზისტენციალურ მნიშვნელობას წარმოადგენს, გამომდინარე საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტიდან, რაც ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა. 

საქართველოსთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის მყარი პოზიციები, რადგან იგი არის ჩვენი ერთგული პოლიტიკური მხარდამჭერი საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის გაეროში, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი; დიდი ბრიტანეთი ასევე არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორი.

საქართველო-დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობა (2012-2017 წწ., მლნ. აშშ დოლარი)

 

2012

2013

2014

2015

2016

2017 / 6 თვე

ექსპორტი

20.9

29.7

24.7

21.5

15.2

3.9

იმპორტი

115.3

90.8

94.8

91.4

143.6

36.3

ბრუნვა

136.2

120.5

119.5

111.9

158.8

40.2

 

დიდი ბრიტანეთი აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორს. 2017 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით იგი მესამე ადგილზე იყო აზერბაიჯანის (97 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთის (82 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ.

 

 

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთთან ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს სრული ინტეგრაციის შენარჩუნება ევროკავშირის ბაზარზე ისეთი ფორმით, რომლებიც უზრუნველყოფდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შეუფერხებელ ფუნქციონირებას დიდი ბრიტანეთის ბაზარზე მის მიერ ევროკავშირიდან ფორმალური გამოსვლის შემდეგაც.

ეს შესაძლებელია, მაგრამ გარანტირებული არ არის. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა გასცემს მანდატს დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებაზე მოგვიანებით, მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრისათვის. ეს იქნება, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება და რა შედეგით დამთავრდება მანამდე მოლაპარაკება რიგ სხვა საკითხებზე. მაგ., ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები გაერთიანებულ სამეფოში,  რეჟიმი ირლანდიისა (ევროკავშირის წევრი) და ჩრდილოეთ ირლანდიის (დიდი ბრიტანეთი) საზღვარზე, შეთანხმება დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვის თაობაზე და ა.შ.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის შეფასებით დიდმა ბრიტანეთმა უნდა გადაიხადოს 60 მილიარდ ევრომდე (70 მილიარდი აშშ დოლარი). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016 წელს დიდი ბრიტანეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა შეადგინა 2,629,188 მლნ. აშშ დოლარი. შესაბამისად, გადასახდელად დასახელებული თანხა წარმოადგენს ქვეყნის 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.67 %-ს. გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელი მდგომარეობით დიდი ბრიტანეთი ამ ვალს, ყოველ შემთხვევაში, ამ მოცულობით, არ აღიარებს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამ საკითხის შეთანხმება მხარეებისგან დიდ რესურსს მოითხოვს. არადა დიდწილად ამ საკითხზეა დამოკიდებული ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე  ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ შეთანხმებული მანდატის დაშვება. როგორც აღვნიშნეთ, ეს ფინანსური ხასიათის საკითხია და, მით უმეტეს, საჭიროებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სრულ კონსენსუსს.   

იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული აღნიშნული მოლაპარაკების შედეგზე და თავიდან ავიცილოთ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებული ყოველგვარი გაურკვევლობა, საჭიროა მოქმედება. საქართველოს ინტერესებზე უშუალოდ ახდენს გავლენას ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა Brexit-ის გაფორმების მოლოდინში.

სამართლებრივი ვაკუუმის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, თუ აქამდე არ დაწყებულა, კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე საერთოდ ორმხრივ სახელშეკრულებო - სამართლებრივ ბაზის თაობაზე.

ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსავალი შეიძლება იყოს ორივე მხარის მიერ ევროკავშირი-საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების (Association Agreementbetween the European Union and the European Atomic Energy Community and their Member States, of the one part, and Georgia, of the other part) მიმართ სამართალმემკვიდრეობის აღიარება. 1978 წლის ხელშეკრულებების მიმართ სახელმწიფოთა სამართალმემკვიდრეობის შესახებ ვენის კონვენცია (Vienna Convention on succession of states in respect of Treaties, Vienna, 23 August 1978) მოიცავს ამისათვის საჭირო ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმს. ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთი და საქართველო არ არიან ამ კონვენციის მონაწილეები, არ იქნება დაბრკოლება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხოლო შეთანხმების გაფორმება შეიძლება ძალიან მარტივად მოხერხდეს - დიპლომატიური ნოტების გაცვლით.

თემატური პოსტები

© 2022 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.