რონდელის ბლოგი

საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში

2017 / 07 / 25

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

 

ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მჭიდრო და ქვეყნების ყველაზე წარმატებული გაერთიანებაა. მისი წევრობა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია და დარჩენილი ორი ათეული ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ჯერ არ გამხდარან ევროკავშირის  წევრები, თითქმის ნახევარს აქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მას. ეს ქვეყნებია:

  • დასავლეთ ბალკანეთის ასოცირებული სახელმწიფოები (მონტენეგრო, სერბეთი, მაკედონია, ალბანეთი, კოსოვო)
  • აღმოსავლეთ ევროპის ასოცირებული ქვეყნები  (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ქვეყნების მოტივაცია, რომლებიც ევროკავშირში ამ ეტაპზე გაწევრიანებას არ ეძიებენ. ესენია:  

  • ქვეყნები, რომელთა კეთილდღეობაც ევროკავშირის საშუალო დონეს აღემატება (ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია);
  • ჯუჯა სახელმწიფოები, რომელთა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაც ტექნიკურადაა შეუძლებელი, მათი მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობის გამო (ვატიკანი, მონაკო, ანდორა, სან-მარინო). 
  • ქვეყნები, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პრაქტიკულად დაკარგული აქვთ საგარეო ასპარეზზე მოქმედების სუვერენული ნება (სომხეთი, ბელარუსი);
  • ქვეყნები, რომელთა მთავრობებსაც აშინებთ ევროკავშირის წევრობისთვის დადგენილი კრიტერიუმები (აზერბაიჯანი).

დღეს ევროპულმა ინტეგრაციამ პრაქტიკულად მოიცვა მთელი სუბკონტინენტი. თავად ევროკავშირი ბირთვია ამ პროცესისა, მაგრამ ამ ბირთვის გარშემო მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატით, სხვადასხავა ხარისხით, თითქმის ყველა დანარჩენი ევროპული სახელმწიფო უახლოვდება და ინტეგრირდება ევროპულ სტრუქტურებთან.

რა სახის ფორმატებია ესენი?

  • ევროპის ეკონომიკური არეალი (EEA), რომელიც ევროკავშირის შიდა ბაზრის ერთგვარი გაფართოებაა. მისი წევრები (არა ევროკავშირის) - ნორვეგია, ლიხტენშტაინი და ისლანდია - სარგებლობენ სრულად ევროკავშირის ოთხივე თავისუფლებით და ინტეგრირებული არიან ევროკავშირის უმეტეს პოლიტიკაში. ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ შვეიცარიაც (თუმცა არ არის ფორმატის/შეთანხმების მონაწილე), რომელსაც უამრავი ორმხრივი შეთანხმებებით ანალოგიური ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან. ეს ოთხივე ქვეყანა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრია. არ არის გამორიცხული, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ სწორედ ამ გაერთიანებას შეუერთდეს.
  • საბაჟო კავშირი, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა გაერთიანებულია თურქეთი და სამი ჯუჯა სახელმწიფო - მონაკო, სან-მარინო და ანდორა.    
  • სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესი, რომელიც ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის შეიმუშავა. ეს ევროკავშირის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ბალკანეთის ყველა სახელმწიფოსთან (ხორვატია, სერბეთი, ბოსნია, მონტენეგრო, მაკედონია, ალბანეთი, კოსოვო) თანდათანობით გაფორმდა ასოცირებისა და სტაბილიზაციის შეთანხმება, რომელმაც დააარსა თავისუფალი სავაჭრო სივრცე ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის და მათ ევროპული პერსპექტივა გაუხსნა პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.  ხორვატია 2013 წლიდან უკვე ევროკავშირის წევრია, ხოლო მონტენეგრო ახლოა გაწევრიანებასთან. 
  • აღმოსავლეთ პარტნიორობა. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობისა და დაახლოების შესაძლებლობებს უხსნის აღმოსავლეთ ევროპის (ყოფილი საბჭოთა კავშირის) ექვს სახელმწიფოს (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი). ამ ფორმატის მრავალმხრივი განზომილება ექვსივე ქვეყანასა და ევროკავშირს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთ ფორმებს იყენებს, როგორიცაა თემატური პლატფორმები, საფლაგმანო ინიციატივები და პანელები.  ამ ფორმატის ორმხრივი განზომილების ძირითადი ელემენტი კი ასოცირების შესახებ შეთანხმებაა, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ სამმა ქვეყანამ მოაწერა ხელი.  აღსანიშნავია, რომ დანარჩენი სამი ქვეყანაც, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერიათ, მაინც აღრმავებენ ევროკავშირთან ურთიერთობებს და მასთან ახალ შეთანხმებებს აფორმებენ.

ზემოთ მოყვანილი ცხადყოფს, რომ ევროპული ინტეგრაცია გარკვეული კონცენტრირებული წრეების სახით ვითარდება და გარე (პერიფერიულ) წრეში ალბათ სწორედ საქართველო და სხვა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა ხვდება, რადგანაც მათ ევროკავშირში გაწევრიანების რსპექტივა ჯერ არ აქვთ. რუსეთის გარდა ყველა ევროპული სახელმწიფო ან მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირის სტრუქტურებთან, ან უახლოვდება მას საკანონმდებლო, ინსტიტუციური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ქსელების, ადამიანური კონტაქტების, ერთიან პოლიტიკაში მონაწილეობის და ა.შ. საშუალებით. მხოლოდ ერთი სახელმწიფო - რუსეთი - არ ავლენს არანაირ სურვილს, რომ დაუახლოვდეს ევროპის კავშირს. იგი ცდილობს თავის გარშემო შექმნას ევროპული ინტეგრაციის პროცესის საპირწონე გრავიტაცია და ამას ნაწილობრივ ახერხებს სხვადასხვა რბილი და ხისტი მეთოდების, მათ შორის, ძალის გამოყენებითა და ძალის გამოყენების მუქარის საშუალებით. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ევროკავშირის მიზიდულობა ბევრად აღემატება რუსეთისას და ევროპული ინტეგრაციის პროცესი წინ მიიწევს.

 

ევროპალამენტის 96-მა წევრმა მიმართა ევროკავშირის ლიდერებს მხარი დაუჭირონ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. 20 მაისი, 2015

 

აშკარაა, რომ ევროკავშირის გაფართოება, რომელიც ამ ეტაპზე ძალზე სუსტად მიმდინარეობს, ევროპული ინტეგრაციის ძირითად ელემენტს წარმოადგენს. გაფართოების გარეშე ევროკავშირი ვერ მოახერხებს მთლიანად სუბკონტინენტის (რუსეთის გარდა) საკუთარი ფასეულობების სისტემაში მოქცევას და ევროკავშირის სამართლებრივ-ინსტიტუციური სისტემების სრულად გავრცელებას. ასევე ძნელად შესანარჩუნებელი იქნება სრული სტაბილურობა და ევროპის ან ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება, მით უმეტეს, ეუთოს როლის ასეთი დაკნინების პირობებში.  მომავალში თავად ევროკავშირის წევრობის მაძიებელ ქვეყნებს  სულ უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდებათ, რომ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ამ ამბიციის ხელშეწყობა და განვითარება ამ ქვეყნების სწრაფად და ეფექტურად რეფორმირების წინაპირობას წარმოადგენს. ასევე აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან სათანადო გამოხმაურება, ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყნების რუსეთის მზარდი აგრესიული რედენტიზმისაგან დასაცავად, რომელიც ყოფილი საბჭოთა სივრცის „დაბრუნებას“ ითხოვს და არ ცნობს რიგი ქვეყნების სუვერენულ უფლებას საკუთარი მომავალი იმ ალიანსებსა და სტრუქტურებს დაუკავშირონ, რომლებთანაც ყოფნა ურჩევნიათ.   

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის შესახებ შეთანხმება (TEU) ითვალისწინებს (49 მუხლი) წევრობის განაცხადის უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანება დღევანდელი პირობებით ძალზე რთულია და დიდ დროს მოითხოვს.  კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი ან ასპირანტი ქვეყნები შესაძლოა მზად იყვნენ იტვირთონ ევროკავშირის გარკვეული ვალდებულებები ან სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა გარკვეულ პოლიტიკაში (მაგ., თავდაცვა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა ან სხვა), მაგრამ, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ისინი ვალდებული არიან სამართლებრივი და ინსტიტუციური თვალსაზრისით მზად იყვნენ ევროკავშირის ნორმების დასანერგად.   მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრები ვალდებული არიან სრულად მიიღონ მონაწილეობა ყველა პოლიტიკაში და გადაწყვეტილებაში (მცირედი გამონაკლისით) და, რიგ შემთხვევაში, ისინი ამას სრულფასოვნად ვერ ახერხებენ.  ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნების ევროკავშირის ბირთვის გარშემო სულ უფრო მჭიდრო შემოერთება მდგრადი ტენდენციაა. ამავე დროს სულ უფრო რთულდება გაწევრიანების პირობები და არსებულ წევრებსაც კი უჭირთ კავშირში დარჩენა და დაკისრებული მოვალეობების სრულად შესრულება. ამ პირობებში იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ როცა მზად იქნებიან, შეუერთდნენ ევროკავშირის პოლიტიკის გარკვეულ ნაწილს და იტვირთონ ვალდებულებები მხოლოდ მათთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს, მიიღონ ევროკავშირის წევრის სტატუსი. ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობის სრული რეფორმირება. დღეისათვის არსებობს რამდენიმე მოდელი, რომელთა დანერგვაც სამომავლოდ შესაძლებელია:

  • მრავალსიჩქარიანი ევროპა - სხვადასხვა ქვეყანას ექნება უფლება, რომ ინტეგრაციის განსხვავებული სიჩქარე აირჩიოს. პირველ რიგში, ყველაზე მჭიდრო ინტეგრაციის არეალში მოექცევიან ევროზონაში გაერთიანებული ქვეყნები, მეორეში - ისინი, ვინც ევროზონაში არ არიან, მაგრამ ევროკავშირის სრული წევრები არიან და მესამე - ისინი, ვინც არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ სხვადასხვა ერთობლივ პოლიტიკაში სრულად ჩაერთონ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებით.
  •  კონცენტრირებული წრეები - ნაწილობრივ ასახულია ევროკავშირის ბოლო შეთანხმებებში, რის შედეგადაც  ზოგიერთი ქვეყანა მონაწილეობს ფართო თანამშრომლობის ფორმატში, თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში უფრო ღრმა ურთიერთობებს ახორციელებს. ლისაბონის შეთანხმება (2009) უშვებს ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობას მინიმუმ ცხრა წევრი ქვეყნისთვის, თუ ისინი მოისურვებენ. იმავე შეთანხმების 42(6) მუხლში ნათქვამია თავდაცვის სფეროში სტრუქტურული თანამშრომლობის შესახებ, როდესაც ქვეყნების ნაწილს (რვა ქვეყანას) შეუძლია კვალიფიციური უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილებები აღნიშნულ სფეროში და იმოქმედოს დანარჩენი ქვეყნების მონაწილეობის გარეშე. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ევროკავშირში ყველა ქვეყანა არ მონაწილეობს არც ევროზონაში და არც შენგენის სივრცის შეთანხმებაში, რაც დიფერენცირებული ინტეგრაციის (იხ. ქვემოთ) ნიშნებს შეიცავს. მომავალში, შესაძლოა, „მცირე წრეში“ სწორედ ასეთი ქვეყნები გაერთიანდნენ, რომლებიც სრულად მონაწილეობენ ევროკავშირის ყველა პოლტიკაში. მეორე, უფრო ფართო წრის ქვეყნები მეტ სუვერენიტეტს დაიტოვებენ, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე მონეტარული ან მიგრაციული პოლიტიკის დარგში. პერიფერიულ წრეში დარჩენილი ან ახლად შემოსული ქვეყნები კი, შესაძლოა, მხოლოდ ერთიანი ბაზრის მონაწილეებად დარჩნენ.
  • ორივე ზემოაღწერილ მიდგომას თეორიულად ჯერ კიდევ აკლია დამუშავება და ამიტომ მათი მრავალი მოდიფიკაცია არსებობს. ამას აკადემიურ წრეებში ასევე ცვლადი გეომეტრიის ევროპის, ან დიფერენცირებული ინტეგრაციის სახელბითაც მოიხსენიებენ.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შესაძლოა მომავალში სულ სხვა გზით მოხდეს,  დღევანდელი გაფრთოების პროცესისაგან განსხვავებულად. კერძოდ, ფუნქციური ინტეგრაცია, რომელიც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების გზით ხორციელდება, შესაძლოა განვითარდეს ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკაში თანდათანობით სრული ინტეგრირებითა და შემდგომ რბილად გადაიზარდოს ინსტიტუციურ ინტეგრაციაში, რომელიც ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ დაუშვან იმ პოლიტიკის საკითხების კენჭისყრაზე, რომლებშიც სრულად იქნება ინტეგრირებული. 

თემატური პოსტები

© 2023 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.