X

რონდელის ბლოგი

სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს

2017 / 10 / 06

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

 

1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რაიონებში სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო დაპირისპირება არასოდეს შეწყვეტილა. თუმცა, ბოლო წლებში მეზობლებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. 2016 წელს მომხდარ სამხედრო  დაპირისპირებას, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ომის („ოთხდღიანი ომი“) კვალიფიკაციაც კი მისცეს. ბაქოს შეფასებით, „ოთხდღიან ომში“ წარმატებამ დაადასტურა, რომ ბოლო წლებში სამხედრო სფეროში გადადგმულმა ნაბიჯებმა სასურველი შედეგი გამოიღო, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში კონფლიქტის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოს. აზერბაიჯანის საბოლოო მიზანი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის მიერ ოკუპირებული შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნებაა.

აზერბაიჯანმა სომხეთთან დაკავშირებით სამხედრო–პოლიტიკური ბალანსის თავის სასარგებლოდ შეცვლისა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებებში წარმატების მიღწევის მიზნით სწრაფი ტემპებით გაზარდა სამხედრო ხარჯები და საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და სხვადასხვა ქვეყანასთან სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა განავითარა. ბოლო წლებში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების ტემპები.

 

სამხედრო ბიუჯეტის ზრდა

1994 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მარცხის აღიარება გარდაუვალი იყო, რაც აზერბაიჯანის სამხედრო წარუმატებლობებმა და საერთაშორისო ენერგო პროექტებში აზერბაიჯანის მონაწილეობის პერსპექტივამაც დააჩქარა. ბაქომ ლოდინის პოლიტიკა აირჩია.

სომხეთზე სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად აზერბაიჯანმა ენერგოპროექტების განხორციელებისაგან მიღებული შემოსავლები სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ მიმართა. სამხედრო ხარჯების ზრდის ტენდენცია შესამჩნევი გახდა 2006 წლიდან, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით ექსპორტირებული რესურსები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა.

აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან სამხედრო ხარჯები, თავდაცვითი ხარჯების მუხლის გარდა, „სხვა ხარჯების“ ან „სპეციალური თავდაცვითი პროექტების“ მუხლშია გაწერილი, რაც განსხვავდება წლების მიხედვით. 2006 წელს, ნავთობდოლარების წყალობით, აზერბაიჯანის მიერ უსაფრთხოების სფეროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაორმაგდა, თუ 2005 წელს ბიუჯეტი 644 მლნ. აშშ დოლარი იყო, 2006 წელს – 1 მლრდ. 322 მლნ. აშშ დოლარი გახდა. 2009-2010 წლებში მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო ზრდა შეფერხდა, თუმცა 2011 წელს უსაფრთხოების სფეროს ბიუჯეტი კვლავ გაორმაგდა და 3 მლრდ. 79 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2014 წელს სამხედრო ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: „ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო ხარჯების გაზრდას“. სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2005-2015 წლებში აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 10-ჯერ გაიზარდა და 2015 წელს 4.8 მლრდ. აშშ დოლარის მიაღწია, მაშინ როცა იმავე წელს სომხეთის ხარჯები მხოლოდ 447 მლნ. აშშ დოლარი იყო.

2016-2017 წლებში აზერბაიჯანის მიერ უსაფრთხოების სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯები, ნავთობზე დაბალი ფასების გამო, შემცირდა, თუმცა სომხეთის ხარჯებთან შედარებით, მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება. 2017 წელს აზერბაიჯანის თავდაცვითი ბიუჯეტი 1.55 მლრდ. აშშ დოლარია, სომხეთის სამხედრო ხარჯები კი - 440 მლნ. აშშ დოლარი.

2006 წლიდან გაზრდილმა შემოსავლებმა აზერბაიჯანს იარაღის მსოფლიო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობაც მისცა. არსებული მონაცემებით, იარაღის იმპორტი 2006-2010 და 2011-2016 წლებში 217%-ით გაიზარდა. SIPRI-ის მონაცემებით, 2012-2016 წლებში აზერბაიჯანის იმპორტი 20-ჯერ მეტი იყო, ვიდრე სომხეთისა.

 

სამხედრო მრეწველობის განვითარება

სამხედრო პროდუქციის იმპორტის პარალელურად, აზერბაიჯანმა საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაც დაიწყო, რაზეც პასუხისმგებელი 2005 წელს შექმნილი თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრო გახდა. 2017 წლის ივნისში ქ. შირვანში საბრძოლო მასალების საწარმოს გახსნაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში უკვე 30-მდე სამხედრო საწარმო ფუნქციონირებს და 1200-ზე მეტი დასახელების სამხედრო პროდუქტი იწარმოება. საკუთარი მიღწევის პოპულარიზაციისთვის აზერბაიჯანი პერიოდულად სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენებსაც აწყობს.

სამხედრო მრეწველობის განვითარებისა და თანამედროვე შეიარაღების შემოტანისათვის აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ისრაელის კომპანიებთან, რომელთანაც თანამშრომლობამ სკანდალური სახეც კი მიიღო, როდესაც 2017 წლის აგვისტოში ებრაულ კომპანიას „Aeronautics Defence Systems“ ბრალი დასდეს, რომ 7 ივლისს, ბაქოში, უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ეტაპზე, კომპანიას სომხურ სამხედრო პოზიციაზე ე.წ. „თვითმკვლელი დრონით“ დარტყმის განხორციელება სთხოვეს. აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებს თავადაც აწარმოებს, რომლებსაც აქტიურად იყენებს სომხეთთან დაპირისპირებაში. ამ მხრივ, 2016 წლის აპრილის „ოთდღიანი ომი“ გამორჩეული შემთხვევა იყო.

ისრაელის გარდა, აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს ბელარუსთან, უკრაინასთან და თურქეთთან. ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა რუსეთთან თანამშრომლობა, რაც სომხეთისათვის ეჭვებისა და შეშფოთების საგანი გახდა.

 

რუსეთთან თანამშრომლობის განვითარება

აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დამარცხებისა და კონფლიქტის „გაყინვის“ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთის პროსომხური პოზიცია მიიჩნევა. ამიტომაც, წლების შემდეგ, ბაქოსთვის აშკარა გახდა, რომ სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის აზერბაიჯანის სასარგებლოდ შესაცვლელად გადამწყვეტი ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება იქნებოდა. მოთმინებისა და „ხიზილალას“ დიპლომატიის საშუალებით აზერბაიჯანმა გარკვეული პერიოდის შემდეგ რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში მომხრეები გაიჩინა. მაგ., სამხედრო თანამშრომლობის თემატიკაზე ბაქოს ხშირად სტუმრობს რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი, რომელიც აზერბაიჯანში იარაღის გაყიდვას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ლობირებს. 2017 წლის 8 სექტემბერს ბაქოში რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც იმყოფებოდა, რომელთანაც ილჰამ ალიევმა სამხედრო-ტექნიკური თანამშროლობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილა.

 

ბაქოს პოლიტიკამ თავისი შედეგი გამოიღო და რუსეთი თავისი მოკავშირის, სომხეთის, ინტერესების საწინააღმდეგოდ აზერბაიჯანს საკუთარი იარაღით ამარაგებს. 2010 წლიდან აზერბაიჯანმა მხოლოდ რუსეთიდან 4 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა შეიძინა. SIPRI-ის ინფორმაციით, 2011-2015 წლებში აზერბაიჯანზე მოდიოდა რუსეთის შეიარაღების ექსპორტის 5%, წინა წლებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.7% იყო. 2017 წელს, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, რუსეთმა აზერბაიჯანს საბრძოლო მასალა და სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა მიაწოდა (მათ შორის, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, ვერტმფრენები, ყუმბარმტყორცნები და სხვ.).

აზერბაიჯანის მიმართ რუსეთის მხრიდან გაჩენილი სიმპათიები განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდა სომხეთში 2016 წლის „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ. „ოთხდღიანი ომის“ შედეგად აზერბაიჯანულმა მხარემ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით გარკვეული ტერიტორიები დაიკავა, რომელსაც 1994 წლიდან სომხური მხარე აკონტროლებდა. სომხეთში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ 2016 წლის აპრილში რუსეთმა სომხეთს უღალატა და აზერბაიჯანის პირისპირ მარტო დატოვა. ერევნის აზრით, რუსეთის მიერ აზერბაიჯანის იარაღით მომარაგება სომხეთ-რუსეთის სტრატეგიული თანამშრომლობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ოთხდღიანმა ომმა“ სომხეთს სხვა პარტნიორებისა თუ მოკავშირეების მიმართაც გაუჩინა გარკვეული უნდობლობა. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოკავშირეებმა, ბელარუსმა და ყაზახეთმა, „ოთხდღიანი ომის“ მიმართ თავისი პოზიციით აჩვენეს, რომ აზერბაიჯანი უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიდრე სომხეთი.

სომხეთში მიაჩნიათ, რომ „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ რუსეთის მიმართ გაჩენილი ეჭვების მიუხედავად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სომხეთის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა მხოლოდ რუსეთთან დაახლოების გზით არის შესაძლებელი. ამიტომაც, სომხეთ-რუსეთის ისედაც მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. მაგ., 2016 წელს მხარეები კავკასიაში ერთობლივი საჰაერო თავდაცვითი სივრცის შექმნასა და რუსეთისა და სომხეთის სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ. ამავე დროს სომხეთმა რუსეთისგან ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერიც“ მიიღო.

 

ძირითადი დასკვნები

  • 2006 წლიდან აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯების განუხრელი ზრდის ტემპები და ადგილობრივი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ განხორციელებული ენერგოპროექტებიდან მიღებულმა შემოსავალმა უზრუნველყო.
  • აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯების განუხრელი ზრდა სომხეთთან მიმართებაში სამხედრო და ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთის მიერ ოკუპირებული რაიონების დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.
  • სამხედრო სფეროში აზერბაიჯან-რუსეთის თანამშრომლობის განვითარების მიზანია სომხეთ-აზერბაიჯანის შესაძლო დაპირისპირებაში რუსეთის მხრიდან მინიმუმ  ნეიტრალური პოზიციის უზრუნველყოფა.
  • სამხედრო ხარჯების მხრივ უპირატესობის მოპოვებამ და სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა თანამშრომლობამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, სომხეთთან მცირემასშტაბიან ომში აზერბაიჯანის წარმატება განაპირობა. 2016 წლის 2-5 აპრილს „ოთხდღიან“ ომში აზერბაიჯანმა ორი გორაკი დაიბრუნა, რასაც უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა აზერბაიჯანისთვის. სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ეს პირველი სერიოზული მარცხი იყო, რამაც სომხური არმიის უძლეველობის მითი შეარყია.
  • რუსეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელმა თანამშრომლობამ და „ოთხდღიან ომში“ რუსეთის საეჭვო პოზიციამ ერევანში რუსეთის მიმართ უნდობლობის გაღვივებას შეუწყო ხელი, მაგრამ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სომხეთს საგარეო პოლიტიკაში მანევრირებისათვის შეზღუდული რესურსი აქვს. სომხეთი იძულებული გახდა საკუთარი უსაფრთხოების ხარისხის გასაზრდელად კვლავ რუსეთისთვის მიემართა და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაეღრმავებინა.
  • რუსეთის აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სომხეთთან სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების ფონზე მიმდინარეობას. კონფლიქტის ორივე მხარესთან კავშირების გამყარება კი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში მოსკოვს დასავლეთთან შედარებით უდავო უპირატესობას ანიჭებს, რაც სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე მოსკოვის გავლენის შენარჩუნებას და გაზრდას უზრუნველყოფს.
  • აზერბაიჯანის მხრიდან გაზრდილი სამხედრო რიტორიკისა და „ოთხდღიან ომში“ წარმატების მიუხედავად, უახლოეს პერიოდში „ოთხდღიანი ომის“ მსგავსი მასშტაბური დაპირისპირების განახლების ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს რეგიონში მიმდინარე ენერგოპროექტები. ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ უკვე არსებული ნავთობსადენებისა და გაზსადენის ფუნქციონირებას, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს სამხრეთის გაზის დერეფნის მომავალს, რომელმაც საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის პირდაპირ ევროპაში ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.