X

რონდელის ბლოგი

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა

2018 / 01 / 04

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი 

 

შესავალი

ბოლო წლებში რუსეთის აგრესიულმა მოქმედებებმა ჯერ უკრაინასა და შემდგომ სირიაში ნათლად დაგვანახა, რომ ეს ქვეყანა საკმაოდ ეფექტიანად იყენებს საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ შესაძლებლობებს. პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა რუსეთის სპეცსამსახურების აქტიურობა, რომლებიც დასახული ამოცანების შესრულებას პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ. ამაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც აშშ-ში დაწყებული გამოძიება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ.  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა - ამავე ტიპის საფრთხეზე იყო საუბარი ნიდერლანდებში, საფრანგეთსა თუ გერმანიაში მიმდინარე საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ცალკე საკითხია რუსული პროპაგანდა, რომელშიც რუსულ სპეცსამსახურებთან და მედიასაშუალებებთან ერთად ჩართულია არაერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რუსი თუ უცხოელი ექსპერტი. უნდა ითქვას ისიც, რომ რუსული პროპაგანდა საკმაოდ შედეგიანია, რადგან რუსეთი ტრადიციული ღირებულებების დამცველის იმიჯს იმკვიდრებს, რაც მისი პოპულარობის ზრდას უწყობს ხელს.

რუსეთის ყველა ზემოხსენებული მოქმედება ერთ მთავარ მიზანს - მსოფლიო ასპარეზზე გლობალური მოთამაშის რანგში დაბრუნებას -  ემსახურება. ამ მიზნის მიღწევა სამეზობლოში საკუთარი ექსკლუზიური გავლენის აღდგენის გარეშე მოსკოვს არ წარმოუდგენია. სწორედ ეს უნდა მივიჩნიოთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების სათავედ საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის არჩევანი აქვს გაკეთებული.

მაშინ, როდესაც რუსეთი ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალზე აქტიურად მოქმედებს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, ბუნებრივია, საქართველო უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს თავს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, თუ რა კონკრეტული საფრთხეები არსებობს რუსეთის მხრიდან და რამდენად ეფექტიანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ამ საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება.

 

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთის უმთავრეს მიზანს მსოფლიო ასპარეზზე გლობალური მოთამაშის რანგში დაბრუნება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კი, საკუთარი სამეზობლო, რომელიც, რუსეთს საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების ზონად მიაჩნია, კვლავ უნდა მოექცეს მისი უპირობო გავლენის ქვეშ.

რუსეთის ასეთი მიდგომა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ატარებენ მისი მეზობელი ქვეყნები. ამდენად, მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული პოლიტიკის პირობებშიც, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ძლიერია, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, მაქსიმუმ შესაძლოა მხოლოდ რუსეთის მოქმედების ტაქტიკა შეიცვალოს, ხოლო რუსეთის სტრატეგიული მიზანი უცვლელი რჩება.

შესაბამისად, ყველა ქმედება, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ახორციელებს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მისი სტრატეგიული მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს.

 

 

რუსეთის ძირითადი ამოცანები

უფრო მეტი სიცხადისთვის უმჯობესია, რომ რუსეთის ქმედებები დავუკავშიროთ მის ძირითად ამოცანებს, რომელთა მიღწევას რუსეთი, საქართველოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიმართულებით ცდილობს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია დავაკონკრეტოთ, თუ რას ნიშნავს  საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკის მიმართულებები.

თეორიულად, რუსეთის პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს ხუთ ძირითად მიმართულებას, ესენია:

  • ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულება;
  • საგარეო პოლიტიკის მიმართულება;
  • შიდა პოლიტიკის მიმართულება;
  • ეკონომიკური მიმართულება;
  • სამხედრო მიმართულება.

თითოეულ ამ მიმართულებაზე, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, რუსეთს კონკრეტული ამოცანები აქვს გადასაჭრელი. ამ ამოცანების ზუსტად იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია, თუმცა მათზე მეტ-ნაკლებად მართებული წარმოდგენის შექმნა მაინც შესაძლებელია, თუ გავაანალიზებთ ბოლო პერიოდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დინამიკას, უახლოეს ისტორიულ გამოცდილებასა და  ჩვენს რეგიონში და მის მიღმა რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ამოცანები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

  • ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულება

რუსეთის ამოცანაა შეაგუოს საერთაშორისო საზოგადოება იმ აზრს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღარასოდეს დაუბრუნდება საქართველოს; თან - შექმნას ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან მთლიანად შერწყმის ყველა პირობა, რაც გულისხმობს მათ ანექსიას.

  • საგარეო პოლიტიკის მიმართულება

რუსეთის ამოცანაა დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ თითქოს საქართველოს მოსახლეობა კი არ ემხრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არამედ ეს არის ცალკეული პოლიტიკოსებისაგან საზოგადოებისთვის თავსმოხვეული პოლიტიკა. ამავე დროს რუსეთი უნდა შეეცადოს და ეტაპობრივად მიაღწიოს საქართველოს ხელისუფლებისაგან საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებას.  

  • შიდა პოლიტიკის მიმართულება

რუსეთის ამოცანაა გააძლიეროს საქართველოში ანტიდასავლური განწყობები, რისთვისაც რუსული პროპაგანდა აქტიურად იყენებს საერთო რელიგიურ და კულტურულ ფასეულობებს.   ამავე დროს, რუსეთმა უნდა მოახერხოს საქართველოში მმართველობის სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების მოშლა, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ტიპის პრობლემების გაღვივებას ქვეყნის შიგნით, რათა შეასუსტოს შიდაპოლიტიკური სტაბილურობა.  

  • ეკონომიკური მიმართულება

რუსეთის ამოცანაა მაქსიმალურად გაზარდოს რუსულ ბაზარზე საქართველოს დამოკიდებულება და გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში (ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ენერგეტიკა) რუსული კომპანიების ჩართულობა. ამავე დროს, რუსეთმა უნდა მოახერხოს მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ე.წ. ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის პროექტში საქართველოს ჩართვა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით სატრანზიტო მოძრაობის აღდგენას მოიცავს.

  • სამხედრო განზომილება

რუსეთის ამოცანაა შეიქმნას ძლიერი სამხედრო პლაცდარმი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩვენი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონებში, რაც მისთვის ფართო რეგიონული განზომილებით სამხედრო უპირატესობისა და საქართველოში ნატოს ქვეყნების ჯარების განლაგების ერთგვარი პრევენციაა. ამავე დროს, რუსეთი შეეცდება, რომ ჩვენს რეგიონში შექმნილი მყარი სამხედრო პოზიციები, ძალის გამოყენების მუქარით, საქართველოზე ზეწოლის მიზნით გამოიყენოს.

ზემოხსენებული ანალიზი, რა თქმა უნდა, სრულად ვერ წარმოაჩენს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ბევრად უფრო ფართო სპექტრს, მაგრამ მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებულ წარმოდგენას ქმნის საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკაზე, ამოცანებსა და ქმედებებზე. შესაბამისად, იგი ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა რისკებს შეიცავს ყოველივე ეს საქართველოსთვის.

 

საქართველოს უსაფრთხოების სისტემა

ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოება კომპლექსური ცნებაა და იგი უამრავ კომპონენტს მოიცავს. როდესაც საუბარია უსაფრთხოების სისტემაზე, საზოგადოება ამ სისტემის კომპონენტებად ზოგჯერ მხოლოდ სპეცსამსახურებს ან ე.წ. ძალოვან ბლოკს მიიჩნევს, თავდაცვის უწყებასთან ერთად. რეალობაში უსაფრთხოების სისტემა მრავალი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. იგივე ზემოთ ნახსენებ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს თუ ავიღებთ, მათ განეიტრალებაში სხვაზე ნაკლები როლი არ აქვთ ისეთი უწყებებს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს საგარეო საქმეთა და მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროები.

უსაფრთხოების კუთხით არსებულ კონკრეტულ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია სხვადასხვა უწყების კოორდინირებული  საქმიანობა. ამასთან, მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ რეაგირების, არამედ პრევენციის რეჟიმში მოქმედებდეს მის წინაშე არსებულ საფრთხეებზე. ასეთი მოქმედება კი უნდა ეფუძნებოდეს ამ საფრთხეების სიღრმისეულ ანალიზს და უსაფრთხოების პოლიტიკის, როგორც მინიმუმ, მოკლე და საშუალოვადიან დაგეგმვას.

ყოველივე ზემოხსენებული შეუძლებელია სხვადასხვა უწყების მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე. შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემის ეფექტიან მუშაობაში საკვანძო როლი აქვს მაკოორდინირებელ უწყებას, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფუნქციები აკისრია. ეს ფუნქციები, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიცავდეს საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების შეფასებას,  უწყებათაშორის კოორდინაციას, როგორც საექსპერტო, ისე უწყებათა პირველი პირების დონეზე და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას, რომელიც კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას მოიცავს.  

 

დასკვნა

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ბევრად უფრო ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოებისთვისაა ძალზე პრობლემატური. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პრობლემა მხოლოდ რუსეთით არ შემოიფარგლება, რადგან საქართველო რეგიონული არასტაბილურობით დაწყებული ტერორიზმით დასრულებული სხვადასხვა ტიპისა და პოტენციური ზიანის მქონე საფრთხეთა ფართო სპექტრის წინაშე დგას.    

ფაქტია, რომ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს საჭიროება უგულებელყოფილია. საუბარია იმაზე, რომ უქმდება დღეს მოქმედი ორივე საკოორდინაციო ორგანო - პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო და პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. ზოგადად, ამ გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობისა და ამ უწყებების ეფექტიანობის შეფასება ცალკე კვლევის თემაა. ამასთან, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული საქართველოში უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაციასთან და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვასთან დაკავშირებით, კერძოდ კი, რომელ უწყებას დაეკისრება ეს ფუნქციები.

მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება ცალსახად, რომ საქართველო საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ამ გამოწვევებთან გამკლავებისთვის კი, როგორც უწყებათაშორისი კოორდინაცია, ისე უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა აუცილებელი პირობაა.  

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.