X

რონდელის ბლოგი

რუსული ოპოზიციის გეოპოლიტიკური ხედვა

2018 / 01 / 22

ავტორი: დავით ბატაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

 

ალექსეი ნავალნის გარშემო შეკრებილმა რუსმა ოპოზიციონერებმა მცირე ხნის წინ ერთ დოკუმენტში ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი რუსეთი. „ალექსეი ნავალნის პროგრამად“ წოდებული ეს ტექსტი  რვა თავისა და ამ თავების რვა რეზიუმისგან შედგება. პროგრამა შეადგინა ნავალნიმ და მასთან ერთად მომუშავე „ექსპერტთა საბჭომ“, რომელშიც შევიდნენ ეკონომისტები, იურისტები და ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი.

ეს სტატია ეძღვნება ნავალნის პროგრამის იმ ნაწილებს, სადაც ავტორები წარმოადგენენ რუსეთის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის შესახებ საკუთარ ხედვას.

დღეისათვის სრულიად გაურკვეველია როდესმე მიეცემა თუ არა ნავალნის ან მის გუნდს საკუთარი ხედვების პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, ამჟამად კი მათი შანსები არც ისე მაღალი ჩანს. ამასთან, მომავალში ისინი რომც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათი რეალური ქმედებები საერთაშორისო არენაზე შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს იმ შეხედულებებისგან, რასაც დღეს სთავაზობენ საზოგადოებას.

ამ ორი წუხილისგან პირველის პასუხად ვიტყვი რომ იმის მიუხედავად, რას ვფიქრობთ ნავალნისა და მისი გუნდის თუ მათი პოლიტიკური შანსების შესახებ, ფაქტია, რომ ამჟამად რუსეთში ისინი არიან ერთადერთი სერიოზული პოლიტიკური დასი, რომელიც რეალურად ისახავს მიზნად იყოს მმართველი რეჟიმის ალტერნატივა. აქედან გამომდინარე, მათი მოსაზრებები  რუსეთის სამომავლო საგარეო პოლიტიკის შესახებ, სულ მცირე, საინტერესოა. ჩემი პასუხი მეორე წუხილზე არის რომ თუკი ნავალნის გუნდი მომავალში შეცვლის თავის ახლანდელ პოზიციას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამჟამად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას თუ რა არის მათი ეს ახლანდელი პოზიცია. პირიქით, ის გვაძლევს ჩვენ ათვლის წერტილს, რომელსაც შეგვეძლება შევადაროთ ნავალნის პოლიტიკური ჯგუფის გეოპოლიტიკური მიდგომების შესაძლო სამომავლო ცვლილებები.

 

დიდი სახელმწიფოს გადარჩენა ეკონომიკური აღმავლობის მეშვეობით

ოპოზიციის წევრების შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანია რუსეთის მიმდინარე ეროვნული დასუსტება ეკონომიკური სტაგნაციის, ცუდი მმართველობისა და განვითარების ნაკლებობის შედეგად. მათი გაცხადებული მიზანია ამ დეგრადირების შეჩერება და ამით რუსეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს [великая держава], სტატუსის შენარჩუნება.

გამოქვეყნებულ პროგრამაში ისინი ამას  პირდაპირ ამბობენ: „დიდი სახელმწიფოს სტატუსი სამუდამოდ დაიკარგება, თუკი რუსეთი არ დაამტკიცებს საკუთარ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას“. პროგრამის სხვა ნაწილში ავტორები იმეორებენ ამ აზრს: „თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას შეუძლია ქვეყნისთვის დიდი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის უზრუნველყოფა“.

ნავალნის გუნდისთვის ეკონომიკური რეაბილიტაცია არის არა მხოლოდ რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების, არამედ ასევე მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის რუსეთის პოზიციების გაძლიერების საშუალება. ამჟამად, მათი აზრით, ეს პოზიციები ზიანდება პუტინის მმართველობის პირობებში არსებული სტაგნაციისა და განუვითარებლობის გამო. რუსეთის სტატუსის გაძლიერების სურვილს ოპოზიციონერები ნათლად ამჟღავნებენ: „რუსეთი უნდა იყოს ევროპისა და აზიის მოწინავე ქვეყანა. ის უნდა აფართოებდეს საკუთარ გავლენას ეკონომიკური ძლიერების და კულტურული ექსპანსიის, მათ შორის, მთელ მსოფლიოში რუსული ენის მხარდაჭერის მეშვეობით“.

 

ეკონომიკური აღმავლობა დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით

სასურველი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად რუსი ოპოზიციონერები საკუთარ პროგრამაში რუსეთის შიგნით გადასადგმელ სხვადასხვა აუცილებელ ნაბიჯზე ლაპარაკობენ, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობა, მათი აზრით, არის დასავლეთთან არსებული კონფრონტაციის შეჩერება. როგორც პროგრამის ავტორები მოხდენილად ამბობენ, „რუსეთმა უნდა დაიბრუნოს მშვიდობისმოყვარე ქვეყნის რეპუტაცია და ეს მშვიდობისმოყვარეობა უნდა ჩააყენოს ეკონომიკური განვითარების სამსახურში“.

ამ „მშვიდობისმოყვარეობის“ ელემენტებად პროგრამაში დასახელებულია დაძაბულობის შემცირება ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან და, ასევე, რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების კვლავ შესრულება. პროგრამა გვპირდება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებას, რის შედეგადაც მისი ავტორები ელიან „სანქციების მოხსნას, რომლებიც ხელს უშლიან ჩვენს მეწარმეებს ივაჭრონ გარე სამყაროსთან და აიღონ იაფი სესხები მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე“.

გაუგებარია, რამდენად სერიოზულია პროგრამაში ჩაწერილი ეს დებულებები, თუ გავითვალისწინებთ ალექსეი ნავალნის უარს დაასრულოს ყირიმის უკანონო რუსული ოკუპაცია იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებაში მოვა. ეს ოკუპაცია ნამდვილად არღვევს რუსეთის მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ცოტა ხნის წინ განმარტა, რომ „ყირიმთან დაკავშირებული სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ რუსეთი დაუბრუნებს უკრაინას სრულ კონტროლს [ყირიმის] ნახევარკუნძულზე“. და ამავე დროს დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ყირიმის დეოკუპაციის გარეშე რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების სრულად ნორმალიზება შეუძლებელია.

დასავლეთთან დაძაბულობის განმუხტვის კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ჩაწერილია ნავალნის პროგრამაში, არის „უარის თქმა მთელ მსოფლიოში დიქტატორული და უუნარო რეჟიმების მხარდაჭერაზე“. ტექსტში დამატებით დაზუსტებულია, რომ „ბაშარ ასადის რეჟიმის და სხვა ამგვარი რეჟიმების პოლიტიკური მხარდაჭერა არ არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“.

მას შემდეგ, რაც ეს განმუხტვა მიღწეული იქნება, ნავალნის გუნდს ჩაფიქრებული აქვს სხვა საგარეო პოლიტიკური ნაბიჯებიც რუსეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, სადაც შედის „რუსეთის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის“ გამოყენება ეკონომიკური ინტეგრაციისთვის როგორც ევროპასთან, ისე აღმოსავლეთ აზიასთან და „სრული მხარდაჭერა ჩვენი მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორების საგარეო ბაზრებზე ექსპანსიას“.

 

ურთიერთობა რუსეთის მეზობლებთან

რუსი ოპოზიციონერები პირობას დებენ, რომ შეაჩერებენ „მთელ მსოფლიოში სეპარატისტული მოძრაობების, მეამბოხეთა დაჯგუფებების და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას“. ამავე დროს, მათი პროგრამა არაფერს ამბობს ასეთი მხარდაჭერის კონკრეტული შემთხვევების შესახებ, გარდა უკრაინისა, რომლის წინააღმდეგ აგრესიის შეჩერებაზე პროგრამაში წერია. თუმცა უკრაინის შემთხვევაშიც რუსი ოპოზიციონერების პოზიცია არ არის დამაკმაყოფილებელი.

ცხადია, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ოპოზიციის წევრები გულისხმობენ მხოლოდ დონბასის ნაწილის ოკუპაციას, ხოლო ყირიმის ოკუპაციას ამ აგრესიის ნაწილად ისინი არ მიიჩნევენ. ამ თემაზე ზემოთ უკვე ნახსენები ნავალნის განცხადებების გარდა, მოცემულ პროგრამაშიც წერია, რომ რუსეთის პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით „იქნება განსაზღვრული ყირიმის ხალხთა უფლებით თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“ . ფორმალისტური ენიდან თარგმანში ეს სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ რუსული ოპოზიცია ისევე არ აპირებს ყირიმის დეოკუპაციას, როგორც პუტინის რეჟიმი.

რუსული ოპოზიციის პროგრამაში არსებული კიდევ ერთი საყურადღებო განცხადებაა მათი სურვილი, განახორციელონ „ეკონომიკური ინტეგრაცია პოსტსაბჭოთა სივრცეზე“. ამგვარი ინტეგრაციის ფორმატს პროგრამის ავტორები რატომღაც უწოდებენ „ევრაზეს“-ს [ЕвраЗЭС], რაც წარმოადგენს „ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების“ აბრევიატურას - 2000-2014 წლებში რუსეთის გავლენის ქვეშ არსებული რეგიონული ორგანიზაციისა, რომელიც 2015 წლის 1 იანვარს ჩაანაცვლა მისმა მომდევნო ევოლუციურმა ფორმამ - „ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საბოლოო მიზნად ნავალნის გუნდი ასახელებს თავისუფალი ვაჭრობის ზონას არა ევროკავშირსა და უშუალოდ რუსეთს, არამედ ევროკავშირსა და „ევრაზეს“-ს შორის. ამგვარი განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთმა ჯერ თავის გარშემო უნდა განიმტკიცოს ეკონომიკური ინტეგრაციის ზონა, რომლის წევრები იქნებიან მისი პოსტსაბჭოთა მეზობლები, და უკვე შემდეგ განავითაროს ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან - არა უბრალოდ ცალკე სახელმწიფოს, არამედ რეგიონული გავლენის სფეროს ლიდერის სტატუსით.

ის, რომ რუსეთის მეზობლებმა შეიძლება ისურვონ ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ, მოსკოველი შუამავლების გარეშე, ნავალნის და მის გუნდს აზრად, როგორც ჩანს, არ მოსდით.

სეპარატიზმისადმი მხარდაჭერაზე და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე უარის თქმის და ყირიმის ოკუპაციის გაგრძელების კომბინირების მცდელობის გარდა ნავალნის პროგრამაში კიდევ ერთი წინააღმდეგობა შეინიშნება. ის თან მხარს უჭერს ინტეგრაციას პოსტსაბჭოთა სივრცეზე და თან მოითხოვს „სავიზო რეჟიმის შემოღებას ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან“ (რომ დავაზუსტოთ - აზერბაიჯანთან და სომხეთთან, რადგან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი რუსეთმა ჯერ კიდევ 2000 წელს შემოიღო). პროგრამაში ხაზგასმულია, რომ „შრომითი მიგრანტები უნდა შემოდიოდნენ სამუშაო ვიზებით და არა უკონტროლოდ, როგორც ამჟამად ხდება“.

საინტერესოა რამდენად შესაძლებლად მიაჩნია ნავალნის ყაზახეთის ან სომხეთის მსგავს ქვეყნებთან ინტეგრაციის გაღრმავების კომბინირება მათთანვე ახალი სავიზო ბარიერების დაწესებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიუანსი მიუთითებს ნავალნის აზროვნებაში წინააღმდეგობივ იმპულსებზე რუსეთის სამეზობლოსთან დაკავშირებით.

* * * *

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი დეკლარირებული მიზანია რუსეთის გლობალური პოზიციების გაუმჯობესება. მაშინ, როცა პუტინის ხელისუფლება ამ მიზნის განხორციელებას ცდილობს სამხედრო აგრესიის, უპრინციპო მტაცებლური დიპლომატიის და აქტიური ფარული/სადაზვერვო მოქმედებების გამოყენებით, ოპოზიციის კონცეფცია  ამ შედეგის მიღწევას მსოფლიოში რუსეთის შეფარდებითი ეკონომიკური წონის გაზრდით გულისხმობს.

მაგრამ ტრადიციული რუსული სტრატეგიული ხედვების მემკვიდრეობა მაინც იჩენს თავს ნავალნის პროგრამაში. დოკუმენტი წარმოიდგენს რუსეთს, რომელიც მკაცრად იცავს საერთაშორისო წესებს და ამავე დროს განაგრძობს ყირიმის უკანონო ოკუპაციას. ის აცხადებს ევროპასთან ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილს, მაგრამ მიანიშნებს, რომ ამავე დროს რუსეთმა თავისი მეზობლები ეკონომიკური გავლენის საკუთარ სფეროში უნდა შემოიკრიბოს.

მთლიანობაში, მეზობლებთან ურთიერთობა არ არის პროგრამაში კარგად გააზრებული. ავტორების მოლოდინი, რომ ისინი შეძლებენ უკრაინასთან ურთიერთობების მოგვარებას ყირიმის დეოკუპაციის გარეშე არარეალისტურია. ამასთანავე, დოკუმენტი არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეს რუსეთი საქართველოსა და მოლდოვაში თავისივე შექმნილი ვითარებიდან. გასაგებია, რომ ამჟამად რუსული ოპოზიციის წევრებისთვის შეიძლება პოლიტიკურად წამგებიანი იყოს ამ თემებზე ვრცლად საუბარი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბუნდოვანება, რომელსაც ისინი ავლენენ ამ საკითხების მიმართ, შესაძლოა უფრო სერიოზული სამომავლო გაუგებრობების სიმპტომი იყოს.

მეზობელთა ინტერესების, საჭიროებებისა და პოლიტიკური იდენტობის უგულებელყოფა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძალიან ხანგრძლივი ტრადიციაა. ის შენარჩუნდა სხვადასხვა რუსული მმართველი რეჟიმების პირობებში. ფუნდამენტურად ახლებური ხედვის გარეშე რუსულმა ოპოზიციამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, შეიძლება არ მოიშალოს ეს უსიამოვნო ჩვევა, რაც დაპირისპირების მორიგი ციკლის მიზეზი გახდებოდა.

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.